პოლიტიკა

„ნატოს“ ღია კართან...

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 07.05

ამბები
დაკოპირებულია

ანუ მკვდარი ლომი თუ ცოცხალი ძაღლი?!

მოგეხსენებათ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო, ომიაო, მე არ ვიცი, მართებული იყო თუ არა მსგავსი გადაწყვეტილება ან რა კვალს დააჩნევს ომის მიმდინარეობას, მაგრამ დანამდვილებითაა ცნობილი, რომ უკრაინის პრეზიდენტიც შეინარჩუნებს პოსტს და უკრაინელი კანონმდებლებიც (რომლებიც, სხვათა შორის, საკმაოდ დიდ ანაზღაურებას იღებენ და არც ომობენ, იმიტომ რომ კანონშემოქმედებითად იღვწიან ქვეყნის საკეთილდღეოდ). მეორე მხრივ, უკრაინის არმიას ცოცხალი ძალა უჭირს (ბუნებრივიცაა – არავის უნდა ხორცსაკეპ მანქანაში, თან, დიდ გეოპოლიტიკურ ხორცსაკეპში). ამიტომაც, უკრაინის პრეზიდენტი კარგა ხანია, სთხოვს ევროკავშირის ქვეყნებს, დაეხმარონ, უკან დააბრუნოს ომს თავს გარიდებული უკრაინელი მამაკაცები. არც ევროკავშირის ქვეყნებმა დააყოვნეს და არც იმ ქვეყნებში უკრაინის საკონსულოებმა: ეს უკანასკნელი მომსახურებას აღარ გაუწევენ იმ უკრაინელ მამაკაცებს, რომლებსაც ასაკით გაწვევა უწევთ და ცრუ დოკუმენტებით ან სხვა უკანონო გზით დატოვეს უკრაინის საზღვრები.

პოლონეთმა და ლიეტუვამ კიევს მოახსენეს, რომ უპირობოდ დაეხმარებიან უკრაინელი მამაკაცების სამშობლოში დაბრუნებაში (იმდენად აუტანელ პირობებს შევუქმნით, საკუთარი ფეხით გამოიქცევიან ფრონტის წინა ხაზზეო). აქვე შეგახსენებთ, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, ევროკავშირის ქვეყნებში, დაახლოებით, 900 000 გაწვევისთვის ვარგისი მამაკაცია (რეალურად, ეს რიცხვი, ცხადია, გაცილებით მეტია).

რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის საქმე მეტად საშური და საპატიო საქმეა (სხვა რომ არაფერი, ძმათა სასაფლაოზე იწვები), თუმცა ალალად გეტყვით, იმდენჯერ გაწირეს, მაგალითად, 1992-1993 და 2008 წლებში ხელისუფლებებმა კონკრეტულად ჩვენი მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები პოლიტიკური თამაშებისთვის, რაც მეტად ოსტატურად იყო შეფუთული, რომ პატრიოტულ გრძნობებზე ემოქმედათ და იმდენჯერ დაიხოცა ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი, დაე, იყონ დეზერტირები, ოღონდ ცოცხლები. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, საუბედუროდ, უკრაინაში გაცილებით მძიმე სურათია (ომის მიმდინარეობისას გაყიდული ნაყოფიერი მიწები, რაც უკრაინის სახელმწიფოსთვის კატასტროფაა; უამრავი საგარეო ვალი; დანგრეული ეკონომიკა; მოსახლეობის გადინება და მსხვერპლი; რაც მთავარია, მეტად ბუნდოვანი მომავალი, თუმცა დემოკრატიული „ნატოს“ ღია კართანო), იბადება ეჭვი, რომ ისევ და ისევ აქტუალურია დილემა: მკვდარი ლომი თუ ცოცხალი ძაღლი?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი