რომანი და დეტექტივი

პაზლი

№13

ავტორი: არდაშელ თაქთირიძე 13:21 05.04

პაზლი
დაკოპირებულია

დასასრული, დასაწყისი „თბილისელები“ #12

შუადღით მობილურმა დაურეკა, მეეზოვე იყო, გამოჩნდაო, მოახსენა. მაშინვე ნუცუბიძეზე გავარდა. მეეზოვე ნახა, გაკვირვებული იყო. „შენ რომ აღმიწერე, ეგეთი კაცი ერთი საათის წინ სადარბაზოში შევიდა, დარეკვას ვაპირებდი, მაგრამ მალევე გამოვიდა, ჩემთან მოვიდა და ხელისგულზე პაზლები მაჩვენა, ასეთები ხომ არ გინახავსო? – მკითხა. ვუპასუხე, რომ ვგვიდი, რამდენიმე შემხვდა-მეთქი. სად ნახეო? მიმართულება რომ ვუჩვენე, იქით წავიდა ძებნა-ძებნით. ამასობაში დაგირეკე და შენც მოხვედი.

მეეზოვის მითითებული მიმართულებით წავიდა, მაგრამ კოტე ვერ იპოვა.

განყოფილებაში რომ მივიდა, ამბავი დახვდა – კოტე მარიკას ბინაში მივარდნია და ახრჩობდა, ძლივს გააგდებინეს ხელიდანო. ჯგუფი გასულა, მაგრამ ვერ მიუსწრეს, გაიქცა. მარიკას ბინაში მივიდა. გოგონას ყელის არეში ჩალურჯებები ემჩნეოდა. შეშინებული იყო. ისტერიულად ყვიროდა: ჩემი დის ბინიდან გამოვიქეცი, მაგრამ მომაგნო. მომკლავს, თქვენ ვერ მიშველითო... ბავშვის გამოკითხვა ისევ ვერ მოახერხა, მუნჯური ლაპარაკი ამან არ იცოდა, დაწერით იმან არაფერი დაწერა, უკონტაქტო იყო, ეტყობა, ყრუ-მუნჯთან ერთად – აუტისტიც.

ისევ მეეზოვეს სთხოვა დახმარება. მეორე დილით დაურეკა, მივიდა.

– იგივე ტიპი იყო, ისევ პაზლებს ეძებდაო, – მოახსენა მეეზოვემ. მეეზოვის მითითებული მიმართულებით წავიდა, მაგრამ კოტე ისევ ვერ იპოვა.

მეორე დღეს პოლიციაში შეატყობინეს – კოტე თუმანიშვილი და ნუნუკას ბიჭი დიტო, საავადმყოფოში დააწვინესო. საავადმყოფოში მივიდა, ბავშვი რეანიმაციაში იწვა, კოტე – პალატაში. იქ უთხრეს, რომ ვიღაც ქალს სასწრაფო დახმარება გამოუძახებია, ბავშვი ყოფილა უგონოდ. სასწრაფო დახმარების მანქანაში რომ აწვენდნენ, კაცი მისულა და ექიმისთვის უკითხავს ავადმყოფის მდგომარეობა. რომ გაიგო, ბავშვი მოწამლული იყო, ამოუღია საკანცელარიო დანა და ვენები გადაუჭრია. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ისიც ბავშვთან ერთად საავადმყოფოში გადაუყვანია.

კოტეს დასაკითხად პალატაში შევიდა, მაგრამ იქ არ დახვდა, გაპარულა. მაგრამ ამით არ დამთავრებულა. ბავშვი გონზე რომ მოვიდა და რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, ისიც გაქრა.

***

– აბა, იმ დროისთვის რა ინფორმაციაც მქონდა, ყველაფერი გითხარით. რას ფიქრობთ ამ ამბის შესახებ?

– კოტეა მკვლელი, წყალი არ გაუვა! სხვას ვის შეიძლება, ხელს აძლევდეს ნუნუკას მკვლელობა?

– არდაშელ, რას ფიქრობ?

– ამ მოცემულობით კოტეა მკვლელი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კოტეს შემთხვევა ხელისგულზე დევს, ასე ადვილად არ იქნება საქმე. შეიძლება, შვედი იყოს, მაგრამ რაში დასჭირდა მკვლელობა, ამას ვერ ვხვდები.

– თქვენ დაგავიწყდათ მთავარი მოტივი – შური. მარიკამ შვედს თავი მოაწონა და ასე ვთქვათ, თითქმის მახეში ჰყავდა გაბმული, მაგრამ დაუშვა შეცდომა და უცხოელი დას გააცნო. სულაც არ ელოდა, რომ შვედს მისი უღიმღამო, შვილიანი და მოეწონებოდა. თავიდან ნასიამოვნები იყო, რადგან შვედის გამო ნუნუკამ კოტე გააგდო, მაგრამ მაინც ვერ წარმოედგინა, რომ ასე სერიოზულად იყო საქმე, მაგრამ ნუნუკამ ნიშნობის ბეჭედი რომ აჩვენა, გადაირია. გოგონა ბუხრის ასანთებად რომ დაიხარა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიძრო და უკნიდან რამდენჯერმე ჩასცხო კეფაში. ერთი ნაჩხვლეტი სასიკვდილო აღმოჩნდა. ნუნუკამ გონება დაკარგა და პირქვე დაემხო. არ ვიცი, მარიკას უნდოდა თუ არა დის სიკვდილი, მაგრამ ფაქტია, რომ მოკლა. ეს პატარა ბიჭმა დაინახა, მაგრამ დეიდამ გააფრთხილა, რომ მის ხელში იყო და თუ ვინმეს ეტყოდა, მასაც დედამისის გზას გაუყენებდა.

– კი, მაგრამ პაზლები რა შუაში იყო?

– იცოდა, რომ ძია კოტე არ მიატოვებდა და პაზლებით პატარა ბიჭი მიანიშნებდა, სად გადაჰყავდა დეიდამისს. ერთმანეთის რამხელა ნდობა და სიყვარული ჰქონიათ ყრუ-მუნჯ ბიჭს და ამ უხიაგ კაცს?! რამდენიმე დღეში გვამის ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა: ქალს ტრავმა თავის არეში ფრანგული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ქუსლით ჰქონდა მიყენებული. მარიკას ბინაში კარგად გადამალული ის ფეხსაცმელი ვიპოვეთ. ისე იყო დარწმუნებული, რომ გადაგდებაც არ უცდია. მარიკა რომ ავიყვანეთ, მერე გამოჩნდა კოტე. ბავშვთან ერთად მოვიდა განყოფილებაში.

***

კოტე თუმანიშვილი თბილისელი კაცი იყო, სვანეთის უბანში დაიბადა, ლამის ქუჩაზე. მშობლები ადრე დაეხოცა, მამა – ჭლექით და დედა – სიმსივნით. მისი მოვლა-პატრონობა ბებიამ იკისრა, მისი სიკვდილის შემდეგ კი – ბიცოლამ. გავიდა კოტე უბანში, დღედაღამ ბირჟაზე იდგა. მისი ძმაკაცები ზოგი უკვე იხდიდა სასჯელს, ზოგი ემზადებოდა. კოტესაც ეგ ბედი ეწეოდა, რომ არა კლასელის მამა, ირაკლი ბიძია. ერთხელ, მათთან სტუმრობის დროს, კლასელმა მამამისი რომ გააცნო, კაცი კაბინეტში იჯდა და გაფუჭებულ რადიომიმღებს არემონტებდა. პლატებს შორის მავთულები მთლად დაწყვეტილი იყო. ვერ გააკეთა და გაბრაზებულმა მოისროლა. კოტეს უცებ, რატომღაც მოუნდა, თვითონაც ეცადა ბედი. სთხოვა და უარი არ უთქვამთ. ელექტრონიკის არაფერი გაეგებოდა, ფერების მიხედვით აერთებდა მავთულებს და ჰოი, საოცრებავ, რადიომიმღები ამუშავდა. ძია ირაკლი გადაირია, დიდი ელექტრიკოსის სახელი დაუგდო. მოჰქონდათ და მოჰქონდათ მასთან გაფუჭებული რადიომიმღებები, მაგნიტოფონები, ტელევიზორები, ტელეფონები. ირაკლი ძია რომ არ გაეწბილებინა, თავიდან შეისწავლა ფიზიკა, მათემატიკა, გამოიწერა ჟურნალები: „ელექტრონიკა“, „მეცნიერება და ტექნიკა“, „რადიოლუბიტელი“. ისე კარგად შეისწავლა, რომ უმაღლესში ელექტრონიკის განხრით ჩააბარა და კარგი სპეციალისტიც დადგა. ცხოვრება თითქოს ააწყო, მაგრამ გოგოებში არ უმართლებდა, თავისი უხიაგი ხასიათის გამო ცოლი ვერ მოიყვანა.

თარჯიმანთა ბიუროში იყო მისული, რაღაც დანადგარის ტექნიკური პასპორტის ინგლისურიდან გადმოსათარგმნად. იქ შეხვდა ნუნუკას, მასში დაინახა ქალი, რომელიც ახლოს იყო მის სულთან. მორიდებული, დაფიქრებული, ნასწავლი, მარტოობისთვის განწირული. აღარ მოეშვა, კუდში სდია და დაითანხმა. საცხოვრებლად მასთან გადავიდა. მის შვილთან, ყრუ-მუნჯ დიტოსთან მალე გამონახა საერთო ენა, შვილივით შეუყვარდა. მუნჯური ლაპარაკი ისწავლა და ის და დიტო საათობით ლაპარაკობდნენ თავიანთ ენაზე. მხოლოდ მარიკას ვერ შეეწყო. არ უყვარდა ასეთი ქალები: კეკლუცები, ჭრელაჭრულები, მდგომარეობის გამო ყველაფერზე წამსვლელები. თავიდან იტანდა, მაგრამ მარიკამ ოჯახში საეჭვო რეპუტაციის კაცების მოყვანა რომ დაიწყო, ხმა ამოიღო და სტუმრები გაუყარა.

ნუნუკამ შვედი რომ გაიცნო და მას სახლიდან წასვლა მოსთხოვა, კოტემ იჩხუბა, იხმაურა, მაგრამ მალე მოეგო გონს, რომ საყვარელი ქალის არჩევანს წინ ვერ აღუდგებოდა, ჩაალაგა ბარგი-ბარხანა და თავის სახლში გადაბარგდა.

ორი დღის წინ მობილურმა დაურეკა, მარიკა იყო – „ნუნუკა ცუდადაა და შენი ნახვა უნდაო“. გაუკვირდა მარიკას ზარი, მაგრამ მაინც წავიდა. ბინის კარი ღია დახვდა. შეაღო და შევიდა. იქ ნუნუკა ნახა ბუხართან ჩაყუდებული. ჯერ ეგონა, ცუდად გახდა, მაგრამ თავი რომ წამოუწია და სისხლის გუბე დაინახა, მიხვდა, რომ უკვე მკვდარი იყო. ვის შეიძლებოდა, ეს გაეკეთებინა? ნათელი იყო, მარიკას აწყობდა, რომ მას დაბრალებოდა, მაგრამ ვინ მოკლა ნუნუკა? დამ? რატომ, რა მოტივით? ბავშვს უნდა სცოდნოდა ყველაფერი.

სადარბაზოდან გამოვარდა, ქვევით დაეშვა, კანდელაკის ქუჩისკენ. შემდეგ მოტრიალდა, ზემოდან შემოურბინა კორპუსს და მეზობელი კორპუსის ავტოფარეხებს შორის ჩაიმალა. აქედან კარგად ჩანდა დიტოს საძილე ოთახის ფანჯრები. რომ დაბნელდა, ფანჯარაში შუქი აინთო და ბავშვი გამოჩნდა. მუნჯურად დაიწყო ხელებით მოყოლა. რა თქმა უნდა, ის კოტეს ვერ ხედავდა, მაგრამ უკიდურესობაში ჩავარდნილ ბავშვს ჰქონდა იმისი რწმენა, რომ ძია კოტე მის მონაყოლს გაიგებდა და უშველიდა. ნათელი იყო, ბავშვმა ყველაფერი დაინახა და ამიტომ სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა. მეორე დღეს კოტემ გადაწყვიტა, მარიკასთან მისულიყო და საქმე გაერჩია, მაგრამ ბინა დაკეტილი დახვდა. კართან თვალში მოხვდა ძირს დაგდებული პაზლი, ცოტა მოშორებით მეორე, ლიფტთან მესამე. ლიფტით დაეშვა. პირველ სართულზე ისევ პაზლი. სადარბაზოს კართანაც ეგდო ერთი. ეზოში გამოვიდა, იწრიალა, მაგრამ ვერ იპოვა. ამ დროს დაინახა მეეზოვე. მას ჰკითხა. გაკვირვებულმა მეეზოვემ აჩვენა ადგილები, სადაც პაზლები ნახა. გზა იმ მიმართულებით გააგრძელა. აგერ, ერთი, კიდევ, ყოველ 20-30 მეტრში თითო პაზლი ეგდო. კვალმა კორპუსთან მიიყვანა. ლიფტთან პაზლები შეწყდა. ესე იგი, ლიფტით ავიდნენ. ფეხით გააგრძელა გზა. ყოველ სართულზე ამოწმებდა, სადმე ხომ არ ეგდო პაზლი. აგერ, მეხუთე სართულზე, ლიფტის წინ და შემდეგი, ბინის კართან ეგდო. ზარი დარეკა, მარიკა გამოვიდა, ხელში საკანცელარიო დანა ეჭირა, სახესთან აუქნია. კოტემ მოასწრო, დანა წაართვა, ინსტინქტურად ჯიბეში ჩაიდო და ქალს ყელში დაეძგერა. ქალმა კივილი მორთო. ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ. კოტემ ქალს ხელი შეუშვა და კიბეზე დაეშვა.

მეორე დღეს ისევ იმ კორპუსთან მივიდა. მიხვდა, რომ იმ ბინაში არ გაჩერდებოდნენ და ბავშვი სხვაგან ეყოლებოდა გადაყვანილი. ამიტომ პირდაპირ მიაჭრა უკვე ნაცნობ მეეზოვესთან და პაზლების შესახებ გამოჰკითხა. ამ დილით, მეეზოვეს მართლაც უნახავს რამდენიმე პაზლი. ისევ გაჰყვა კვალს. ხუთასიოდე მეტრი რომ გაიარა, დაინახა კორპუსთან სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა. სანიტრები ავადმყოფს მოარბენინებდნენ საკაცით. ავადმყოფს დახედა – დიტო, უგონოდ, გაფითრებული.

მეზობელს გაუგია კვნესა და სასწრაფო დახმარება გამოუძახებია. კარი გარედან ყოფილა დაკეტილი. მეზობლის აივნიდან გადავიდნენ. ბინაში არავინ იყო ავადმყოფის გარდა. სთხოვა კოტემ ექიმებს, რომ ისიც წაეყვანათ, რომ ბავშვი უკიდურესი საფრთხის წინაშე იყო, რომ დეიდას უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ისე არეულად ლაპარაკობდა, რომ გიჟად ჩათვალეს და გაყოლაზე უარი უთხრეს. მაშინ, კოტემ ჯიბიდან ამოიღო მარიკასთვის წართმეული საკანცელარიო დანა და ვენებზე გადაისვა. ექიმები იძულებული გახდნენ, კოტეც იმ სასწრაფოთი გადაეყვანათ.

საავადმყოფოს პალატიდან კოტემ შეძლო გაპარვა და კიბეების ქვეშ სათავსოში დამალვა. მეორე დღეს, ბავშვი რომ მომჯობინდა და რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, მოჰკიდა დიტოს ხელი და ორივე საავადმყოფოდან გაიპარა. ტელევიზიით რომ აჩვენეს და პრესაშიც დაიწერა ტყუპი დების შესახებ, მაშინ გამოვიდნენ სამალავიდან და პოლიციაში თავის ფეხით მივიდნენ.

***

– მერე, როგორ დამთავრდა ეს ამბავი?

– სასამართლოზე მარიკა მართლაც რომ ფარშევანგივით იყო მორთული. არაფერს ნანობდა. ღირსი იყო, საქმრო „დამაწერაო“ – გაიძახოდა. თორმეტი წელი მიუსაჯეს, მერე რა ქნა, არ ვიცი, არ დავინტერესებულვარ.

– კოტეს რა ბედი ეწია?

– კოტემ დიტო იშვილა. ახლაც ერთად არიან და ცხოვრობენ ბედნიერად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი