საზოგადოება

როგორ ხოცავდნენ გურული ფირალები და საბჭოთა ჩეკისტები ერთმანეთს

№12

ავტორი: ეკატერინე პატარაია 19:04 29.03

გურულები
დაკოპირებულია

საშა ობოლაძის მიერ ცეცხლით დასეტყვილ გურიაში დღემდე ხმიანობს ერთი ფრთიანი ლექსი: „ატყდა სროლა კვაჭალათზე, ჩააძაღლეს ობოლაძე. გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა“.

თავად შინაარსიც ამბობს, რომ ეს ლექსი ერთ ძალიან კონკრეტულ ამბავს, ერთ ძალიან კონკრეტულ თავდასხმას და მკვლელობას ეხება, – გვიამბობს ალეკო ელისაშვილი, – ამჯერად, მოგითხრობთ იმაზე, თუ ვინ იყო ობოლაძე, რატომ ჩააძაღლეს, ვინ ჩააძაღლა და, ვინ იყო ის ძალიან მაგარი კაცი (წინასწარვე გეტყვით, რომ ეს იყო ერთი თავზე ხელაღებული გურული, გოგია ღლონტი – ა. ე.), რომელმაც ძალიან ეფექტური შურისძიება განახორციელა. მე-20 საუკუნეში საქართველოს სხვადასხვა რეჟიმის თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი, გურული იყო. გურია არის პოლიტიკურად ყველაზე ცოცხალი, მჩქეფარე, მღელვარე მხარე და ამიტომაც გამოდიოდნენ იქიდან პოლიტიკური ლიდერები, განსაკუთრებით – 1918-1921 წლებში. მენშევიკებს რომ ვუწოდებთ, სოციალ-დემოკრატები, მათი ლიდერები – ყველა ესენი გურულები იყვნენ. ბევრ მათგანს ნოე ერქვა. მაშინ, ასეთი ხუმრობაც იყო გავრცელებული – ერთი ნოე ჰყავდა დედამიწას და წარღვნა მოჰყვა და ჩვენ სამი გურული ნოე გვყავს და რა დაგვემართება, ხომ წარმოიდგინეთო. ჩვენ გვყავდა სამი გამორჩეული ქართველი: ნოე ჟორდანია – მთავრობის თავმჯდომარე, ნოე რამიშვილი – მთავრობის პირველი თავმჯდომარე და შემდეგში შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე, ძალიან კარგი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე – ნოე ხომერიკი. გვყავდა ბენია ჩხიკვიშვილი, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პოლიტიკოსი, რომელიც თბილისის გუბერნატორი, თბილისის მერი იყო. მოკლედ, გურულებში ძალიან ბევრნი იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, შევარდნაძეს რომ თავი დავანებოთ. გურიაში, მას შემდეგ, რაც ნოე ჟორდანიასა და მის მთავრობას საქართველოს დატოვება მოუწიათ, მენშევიკების მხარდამჭერი იყო თითქმის ყველა. ბოლშევიკებს ამ მიწაზედ ფეხი არ დაედგმებოდათ და მენშევიკები ანუ ქართველი სოციალ-დემოკრატებითა და ნოე ჟორდანიას მხარდამჭერებით იყო გადავსებული მთელი გურია. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს უზარმაზარი მხარდაჭერა მენშევიკებისადმი, ნოე ჟორდანიასადმი, ნოე რამიშვილისადმი გურიაში ამოეშანთა. მთელს გურიას შეასიეს ჩეკისტების რაზმები. იყო ასეთი მილიციის საგანგებო რაზმი – „ჩონი“, რომელიც აწიოკებდა ყველას და ყველაფერს. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ერთი რაჭველი კაცი, რომელიც ოზურგეთში გაიზარდა – საშა ობოლაძე. თავიდან ცოტას წაუფირალებდა ხოლმე, მერე ბოლშევიკების სამსახურში შევიდა და ჩეკისტი გახდა. იყო ძალიან დაუნდობელი, სასტიკი, სადისტი. 1922 წლიდან მოყოლებული დადიოდა გურიაში და უამრავ ადამიანს ხვრეტდა. იყო შემთხვევები, როცა 12 წლის ბავშვი მშობლების თვალწინ მოკლეს, მოკლედ, მის მიერ საშინელ წამებასა და ცემა-ტყეპას ვერ ჩამოვთვლი... ყოფილა შემთხვევა, რომ ობოლაძის ბრძანებით, ერთ დღეში დაუხვრეტიათ ოთხმოცი კაცი ოზურგეთის მაზრაში. ხალხი დაძაბული იყო. როგორია ხელისუფლებასთან დაპირისპირება?! მაგრამ გურულების ხასიათზე მინდა, გიამბოთ: ერთ-ერთ შეხვედრაზე ხალხთან საშა ობოლაძეს ასეთი რამ უთქვამს: თქვენზე, გურულებზე, ამბობდნენ, რომ მაგრები ხართ, ფირალები გყავთ, ვაჟკაცები ხართ. თურმე მაგარი ლაჩრები ყოფილხართ. ამდენ ხანს აქ ვარ, ხალხს ვაწიოკებ და ერთი ფირალიც ვერ გამოჩნდა, ვინც რამეს შემომბედავდაო. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან – ეს იყო მისი საბედისწერო შეცდომა. იქ ერთ მოხუც კაცს უთქვამს: ა, ბიძია, მაი არ უნდა გეთქვა შენ ახლა. დაღუპული ხარ შენ უკვეო... მართლაც, ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ამ არაჩვეულებრივ სოფელში (ოზურგეთის რაიონში, ლიხაურის თემში, სოფელ კვაჭალათში) აუსრულდა გურული ბერიკაცის ნათქვამი სადისტ ჩეკისტს, საშა ობოლაძეს. იქ წამოეწია მას სიკვდილი. იმ ფრაზიდან გამომდინარე, მერე მთელს გურიაში რომ გავრცელდა. ეს არაჩვეულებრივი შურისძიების აქტი ერთ-ერთ შეურაცხყოფილ გურულს, თავზე ხელაღებულ ფირალს, მებრძოლს, ერთ დროს სახალხო გვარდიელს გოგია ღლონტს ეკუთვნოდა.

გოგია ღლონტი იყო ნახევრად ფირალი, ძალიან მაგარი მსროლელი, ძალიან მაგარი ვაჟკაცი. ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ლეგენდარული და პატივსაცემი ქართველი (სამხედრო პირი გახლდათ). გურული არის, ასევე, ვალოდია გოგუაძე, 20-იან წლებში „ჯავშნოსანი მატარებლების“ მეთაური. სასწაულები აქვს მას ჩადენილი განსაკუთრებით თურქებთან და სომხებთან ბრძოლის დროს. შემდეგ ბოლშევიკებსაც ებრძოდა. მის „ჯავშნოსანი მატარებლის“ რაზმში იბრძოდა გოგია ღლონტი. მთავრობა რომ წავიდა ემიგრაციაში, გოგია ღლონტი არ წაჰყვა მას. დარჩა. ბოლშევიკები ახალი მოსულები რომ იყვნენ, ეცადნენ განსაკუთრებით ასეთი გავლენიანი და ნაომარი ხალხი, სახალხო გვარდიელები ან მანამდელი მილიციელები, თავისკენ გადმოებირებინათ, თავის სამსახურში ჩაეყენებინათ და, მართლაც, გურიაში, სწორედ იმიტომ, რომ გოგია ღლონტი იყო, მას კარგი სახელი ჰქონდა, შექმნეს – ბახმაროს დაცვის რაზმი. რა თქმა უნდა, ამ რაზმს იარაღიც მისცეს, მანდატი მისცეს, უფლება მისცეს, ვითომ ბახმარო უნდა დაეცვათ. ვითომ საბჭოთა ხელისუფლებას ექვემდებარებოდნენ, სინამდვილეში არავისაც არ ექვემდებარებოდნენ. ესენი ძალიან მაგარი ტიპები იყვნენ. ვინმე ჩეკისტები თუ შემოვიდოდნენ ან მილიციელიები, წაუტყაპუნებდნენ თავში, იარაღს წაართმევდნენ, ქეიფობდნენ, დროს ატარებდნენ და არც არაფერს იცავდნენ, არავის ქედს არ უხდიდნენ. ვითარება შეიცვალა მაშინ, როდესაც გურიაში საშა ობოლაძე შემოვიდა თავის სადამსჯელო რაზმით და ხალხის დაწიოკება დაიწყო, განსაკუთრებით გააქტიურდა მაშინ, როდესაც გოგია ღლონტამდე მივიდა ხმა იმის შესახებ, რომ ობოლაძეს უთქვამს – თურმე ასეთი ლაჩრები ყოფილან გურულები, ერთსაც ვერ გაუწევია წინააღმდეგობაო. მაშინ, რაინდულად და კაცურად შემოუთვალა გოგიამ: გაგვეცალე, წადი გურიიდან, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებთო. მაგრამ საშა ობოლაძე თავის უზარმაზარ რაზმთან ერთად მაინც დადიოდა გურიაში, თავში ჰქონდა ავარდნილი, იარაღში იყო ჩამჯდარი. ეგონა, რომ ბუზს ვერავინ აუფრენდა. ეს ამბავი 1923 წლის 10 თებერვალს მოხდა ოზურგეთის რაიონის ლიხაურის თემში, სოფელ კვაჭალათში, ზამთარშიც კი, ამწავნებულ ამ ულამაზეს სოფელში. ობოლაძე ეტლით მოდიოდა ორ თანმხლებ პირთან ერთად. იარაღში ჩამჯდარ საშა ობოლაძეს, როგორც ამბობენ, ცალ ხელში გიტარა ეჭირა, ფეხებთან ჩხავერის ღვინით სავსე დოქი ჰქონდა ჩამდგარი, წინ და უკან რუსი ჩეკისტების, დაახლოებით ასკაციანი რაზმი მოჰყვებოდა. როგორც ჩანს, გოგია ღლონტს წინასწარ ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდა და ჩასაფრება ამ სოფელში მოუწყო. მისმა თანმხლებმა, ბახმაროს დაცვის რაზმელებმა ცეცხლი გაუხსნეს წინ და უკან მიმავალ რაზმს, რუსები დაიფანტნენ. გოგია ღლონტი ეტლთან მივიდა. ობოლაძეს უთხრა: გადმოდი, გამომყევი, შენთან საქმე მაქვსო. შუა სროლაა, ვინ ვის ესვრის, ვინ ვის კლავს, კაცმა არ იცის და ეს, მივიდა და ეუბნება, გამომყევი, შენთან საქმე მაქვსო. უცებ ობოლაძემ იარაღი ამოიღო, ესროლა და გოგია ღლონტი მხარში დაჭრა. სხვა გზა არ დაუტოვა. გოგია ღლონტმა მომბი შეუგდო სამივეს, ობოლაძესა და მის ორ თანხმლებს და ასე, ნაწილ-ნაწილ სადისტურ, ზეციურ საქართველოში გაუშვა საშა ობოლაძე, სადაც ცუდი ქართველები იკრიბებიან, განსაკუთრებით ჩეკისტები. სხვათა შორის, მისი საფლავი მე ძალიან კარგად მახსოვს. დიდი ზარ-ზეიმით დაკრძალეს. ფოტოც არის შემონახული ოზურგეთში, მისი და მისი ორი მეგობრის კუბოა გადაღებული. თბილისში ალექსანდრეს ბაღში დაასვენეს და დაკრძალეს. რამდენიმე წლის წინ დაიკარგა ამ საშინელი, სადისტი ადამიანის საფლავის ქვა. იმ შეტაკებაში მაშინ რამდენიმე ათეული რუსი დაჭრეს და მოკლეს. გოგია ღლონტს ცოლად ჰყავდა, ასევე; ძალიან მაგარი, თავზე ხელაღებული ქალი – პისტი ქადეიშვილი, რომელიც იარაღს ისევე ძალიან მაგრად ხმაროდა, როგორც მისი ქმარი. მათ მოახერხეს, გაცლოდნენ გურიას. ცოლ-ქმარი თურქეთში გადავიდა, შემდეგ – საფრანგეთში. როგორც ამბობენ, საფრანგეთიდან გოგია ღლონტი თავის ნათესავებს 60-იან წლებამდე წერდა წერილებს. საინტერესო იქნებოდა ამ წერილების ნახვა. მოკლედ, გოგია ღლონტი უცხოეთში მაშინ გადავიდა, როდესაც თავისი ძალიან ვაჟკაცური ვალი შეასრულა. გურულების დაწიოკება, შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება ჩეკისტებს არ აპატია. რა თქმა უნდა, საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა ტერორი მთელს საქართველოში, განსაკუთრებით გურიაში. სწორედ ამის შემდეგ მოხდა 1924 წლის აჯანყება. მოკლედ, სისხლში ბანაობდა, განსაკუთრებით, გურია, რომელიც როგორც თავიდან ვთქვი, იყო ჟორდანიას, რამიშვილის დანარჩენი მენშევიკების მხარდამჭერი მხარე, მაგრამ ამ საქმეს ისე არ ჩაუვლია, რომ ერთ-ერთი მთავარი სადისტი, გურულების მთავარი აბუჩად ამგდები არ მოეკლათ. ზუსტად მაშინ გაჩნდა ხალხში ეს ლექსი – „სროლა ატყდა კვაჭალათზე, ჩააძაღლეს ობოლაძე, გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა“... გოგია ღლონტი იყო ის ვაჟკაცი, რომელმაც თავისი ვალი მოიხადა. ჩვენი ვალი კი ის არის, რომ გვახსოვდეს თითოეული ჩვენი გმირი წინაპარი, გვახსოვდეს მათი საქმეები და გვახსოვდეს, რომ საქართველო, უპირველეს ყოვლისა, არის მეომრების ქვეყანა!“

ალეკო ელისაშვილის გადაცემათა ციკლიდან „მეომრების ქვეყანა“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი