საზოგადოება

რატომ გადაწყვიტა სტუდენტობა ლელა შუკვანმა 53 წლის ასაკში და როგორ გაიცნო ის მთელმა ფოთმა ტაქსის მძღოლობით

№14

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 10.04

ლელა შუკვანი
დაკოპირებულია

ლელა შუკვანი იმ ქალბატონების კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც არც სირთულეებს უშინდება, არც სიახლეებს გაურბის, არც გამოწვევები აშინებს და არც ასაკს მიიჩნევს დაბრკოლებად.

ლელა შუკვანი: ადრე სამკერვალო ფაბრიკაში ვმუშაობდი. ექვსი წელი ბრიგადირი ვიყავი. შარშანწინ შვებულებაში გაგვიშვეს. არ ვიცოდი, რა მეკეთებინა და „ტაქსაობა“ დავიწყე. თავიდან, უბრალოდ, ვხუმრობდი, ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი, მაგრამ პროცესში მომეწონა ამ საქმის კეთება (იცინის). ისე მომეწონა, რომ სამსახურიდანაც წამოვედი. იქ დამღლელი სამუშაო მქონდა, დაძაბული გარემო იყო, თან, დრო აღარაფრისთვის მყოფნიდა. ამიტომ გადავწყვიტე, მხოლოდ ტაქსის მძღოლად მემუშავა. ახლა თავისუფალი დროც მეტი მაქვს და შემოსავალიც. კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. ხუმრობით დაწყებული ამბავი შემოსავლის კარგ წყაროდ იქცა.

– როგორ ხვდებიან ქალს ტაქსის საჭესთან?

– თავიდან ცოტა მრცხვენოდა, არ ვიყავი შეჩვეული ამ საქმეს და მარტო ღამე ვმუშაობდი. ყველას ძალიან უკვირდა და უხაროდა, როცა საჭესთან ქალს ხედავდნენ. მუშაობა თავიდანვე ნორმალურად წავიდა, ფოთში ყველამ გამიცნო და შემიყვარა. ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობ ჩემი კლიენტებისგან. ბევრი პირადი კლიენტიც მყავს, ექსკურსიებზეც დამყავს ხალხი. მეორე ავტომობილი შევიძინე – „მინივენი“ და სადაც შემკვეთს უნდა, იქ მიმყავს.

– რა სირთულეები აქვს ამ სამსახურს?

– მე არ ვთვლი, რომ სირთულეები აქვს, ჩემთვის ასეთი არაფერია. უბრალოდ, დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. მხოლოდ ფოთში არა, დავდივარ თბილისის, ბათუმის, ბაკურიანის, ბახმაროს, სვანეთისა და ასე შემდეგ, მიმართულებით, ყველგან ჩავდივარ და ჩამოვდივარ. თურქეთშიც გადამყავს ქალები სავაჭროდ და დიდ გზაზე რომ მიდიხარ, პასუხისმგებლობაც უფრო მეტიაა.

სამი მანქანა მყავს. ერთი თბილისში მყავს გაქირავებული. ტაქსიზე რომ დავიწყე მუშაობა, მაშინ უკვე ორი მანქანა მყავდა. მანქანის გაქირავების ინტერესი ყოველთვის მქონდა. საერთოდ, მანქანები ძალიან მიყვარს, გასაყიდად ვერ ვიმეტებ. მომწონს, რომ ვიმორჩილებ, დამოუკიდებლობის განცდა სიამოვნებას მანიჭებს. როგორც ამბობენ, კარგი მძღოლი ვარ. თუ უცნობი მგზავრი შორ გზაზე მიმყავს, მით უმეტეს, მამაკაცები, შიშით სხდებიან მანქანაში, მაგრამ ცოტა ხანში იძინებენ (იცინის). დედა მეხუმრებოდა, თუ გინდა, ტაქსისტი იყო, მეორე დიპლომიც აიღე, თორემ ხალხი არ გაღიარებსო (იცინის).

– ალბათ, ფოთში ყველა გიცნობთ.

– კი, ყველა მიცნობს და რადგან მესტიიდან ვარ, ყველა „სვანკას“ მეძახის (იცინის).

– დედამ გითხრათ, რომ კიდევ ერთი დიპლომი გჭირდებოდათ ტაქსისტობისთვისო და ამასობაში, სწავლაც დაიწყეთ, არა?

– კი, ასეა (იცინის). მეგობარი სამსახურში იყო და მთხოვა, მის შვილს გავყოლოდი სასწავლებელში. იქ ვიხუმრე, ჩემი ასაკისთვისაც ხომ არ გაქვთ რამე-მეთქი და მართლა ჩამომითვალეს სპეციალობები, რომელზეც შემეძლო მესწავლა. გადავწყვიტე, „კრანის“ ოპერატორის კურსები გამევლო. გასაუბრება გავიარე. რომ მკითხეს, რატომ მაინცდამაინც ეს პროფესიაო, ვუთხარი, ძველი სპორტსმენი ვარ, ბავშვობაში ალპინიზმით ვიყავი დაკავებული და ფოთში მეტი სიმაღლე ვერ ვნახე-მეთქი (იცინის). გაეცინათ და მაშინვე მიმიღეს. საერთოდ, როცა ადამიანი თავს თავისუფლად გრძნობ, ყველაფერი კარგად მიდის.

– რამდენი წლის იყავით, კიდევ ერთხელ, სტუდენტი რომ გახდით?

– აგვისტოში გავხდი 53 წლის და ნოემბერში დავიწყე სწავლა. ამას ვერ წარმოვიდგენდი. მანამდე ვფიქრობდი, ტრაილერის მართვის მოწმობა ამეღო და მასზე მემუშავა, მაგრამ ტრაილერი ჩემთვის ნამეტანი ძნელია (იცინის).

– დედამ კი იხუმრა, კიდევ ერთი დიპლომი გჭირდებაო, მაგრამ თქვენ ეს სიტყვები რეალობად აქციეთ...

– დედამ მკითხა, მერე არ გეშინიაო?! არაფრის შიში არ მაქვს-მეთქი, ვუპასუხე და მაშინ, მიდი, შენი თავის იმედი თუ გაქვს, რაც გინდა, გააკეთეო. წინააღმდეგობები არ მაქვს და თუ ვინმე შემეწინააღმდეგება, არც ვუსმენ. მე ჩემი გზა და არჩევანი მაქვს.

– ალბათ, კურსზე უფროსი ხართ, როგორ შეგხვდნენ სხვა სტუდენტები?

– კი, უფროსი ვარ და ჯერ გაკვირვებულები მიყურებდნენ. ფიზიკურად ეს ასაკი არ მეტყობა და როცა ვთქვი, რამდენი წლისაც ვიყავით, ყველა სასიამოვნოდ გაოცდა. ყველა ყურადღებას მაქცევს, ძალიან კარგად მივიღეთ ერთმანეთი.

– ხომ ამბობენ, ასაკში სწავლა უფრო რთული ხდებაო. რას იტყვით?

– კი, ეს ასეა. ადამიანის ტვინი ასაკში უკვე სწავლას გადაჩვეულია, რადგან წლების განმავლობაში სხვა რამით არის დაკავებული. ამიტომ, გამოცდების ჩასაბარებლად ბევრი მეცადინეობა მიწევს. სასწავლებელში ყოველდღე დავდივარ შაბათ-კვირის გარდა, ამიტომ უფრო ღამე ვმუშაობ და დილის საათებში ვსწავლობ. 7 საათზე ვდგები და ვმეცადინეობ. თუ მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია. მასწავლებლებიც ხელს მიწყობენ, ყველა დიდი პატივისცემით მექცევა, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს.

– რას მოიცავს პროფესია, რომელსაც ეუფლებით?

– ამწეს ოპერირება ძალიან ბევრ და მძიმე სამუშაოს მოიცავს. ძალიან საყურადღებოა. პორტში ტვირთის გადატვირთვა გემიდან და ჩატვირთვა გემში. სხვადასხვა სახის ტვირთი არსებობს და ჯერ ყველაფერს ვსწავლობთ. ასე უცებ არავინ მოგვცემს უფლებას, რომ „ამწეკრანის“ საჭესთან დავსხდეთ. ექვსთვიანი პრაქტიკები უნდა გავიაროთ პორტში. სამუშაოს თაობაზე შემოთავაზებები არის, მშენებარე პორტში უზბეკები მთავაზობენ თანამშრომლობას. „ამწეკრანზე“ სამსახურის პრობლემა არასდროს არის. სწავლას ივნისში ვამთავრებ და მერე ვნახოთ.

– სვანეთიდან ხართ, იქიდან რატომ წამოხვედით?

– დიახ, მყავს დედა, სამი ძმა და ორი და. სვანეთიდან 26 წლის წინ წამოვედი. სამუშაოს ვეძებდი და მაშინ ფოთში იყო საქმის კეთების საშუალება. ყველაზე დიდი ფული თევზით ვაჭრობაში იყო. თბილისსა და ქუთაისში დამქონდა თევზი და ფულს ვაგროვებდი. ფოთში ხალხმა ძალიან თბილად მიმიღო, ამიტომ დავრჩი და დავრჩი. როცა სხვა გასაქანი არ იყო, თვითონაც ვთევზაობდი. 12-20 კილოგრამს ვიჭერდი და ბაზარში ვაბარებდი. რა ვქნა, ტყუილად ყოფნა არ შემიძლია, სადაც არ უნდა ვიყო, რამე საქმეს აუცილებლად გამოვნახავ. მერე რესტორანში დავიწყე მუშაობა მიმტანად. მაშინ ამერიკელები მუშაობდნენ აქ, სანაპირო დაცვის უფროსი იყო ოჯახთან ერთად. ძალიან დავმეგობრდით. რამდენჯერმე სვანეთში, ჩემს სახლშიც დავპატიჟე ოჯახით. მერე თვითონ მიმიწვიეს ამერიკაში. სამი თვით დავდიოდი იქ, მაგრამ ვერ გავძელი, ჩემს ფოთში მინდოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი