საზოგადოება

რაში უდგას გვერდით ნათია ბაკურაძეს პოლიტიკოსი მეუღლე და რის დასამტკიცებლად გამოვიდა ის საკუთარი კომფორტის ზონიდან

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 13.03

ნათია ბაკურაძე
დაკოპირებულია

„სუხიშვილების“ მოცეკვავე ნათია ბაკურაძისთვის ცეკვა ბავშვობის ოცნება იყო, რომლის ასრულებაც საკმაოდ პატარა ასაკშივე დაიწყო. თუ როგორ, ამაზე თვითონ მოგვიყვება.

ნათია ბაკურაძე: პირველი ნაბიჯების გადადგმისა და ლაპარაკის დაწყებისთანავე მითქვამს, რომ ბალერინა უნდა გავმხდარიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ ვიცოდი. ბალერინობა დედაჩემის აუხდენელი ოცნება იყო, რომლის რეალიზებაც ჩემში გადაწყვიტა და მეც ეს აზრი გონებაში ჩავიბეჭდე. შესაბამის ასაკში ჭაბუკიანის საბალეტო სკოლაში მიმიყვანეს და ყველაფერი იქიდან დაიწყო. შემდეგ ცეკვა „სუხიშვილებში“ გავაგრძელე.

– ძალიან შრომატევადი და რთული პროფესიაა. არ გიჭირდათ?

– რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირდა, რადგან მართლა ძალიან დიდ დროს და ბევრ შრომას მოითხოვდა. მე, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება სარეპეტიციო დარბაზში გავატარე და ასე გრძელდება დღემდე. საკუთარ თავზე მუშაობის მხრივ არაფერი შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ გავიზარდე და უკვე ჩამოყალიბებული მოცეკვავე ვარ, საკუთარ თავში მუდმივად ვეძებ სიახლეებს. ყოველდღიურად ვცდილობ, ილეთები დავხვეწო, იმიტომ რომ ჩემი პროფესია ამას მოითხოვს.

– სხვა პროფესიაზე არასდროს გიფიქრიათ?

– უნივერსიტეტი სამედიცინო განხრით დავამთავრე, მაგრამ ჩემი სპეციალობით არასდროს მიმუშავია. არ ვიცი, რა იქნება ცეკვის შემდეგ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამედიცინო სფეროში არ ვიმუშავებ. ესეც ჩემი ოჯახის სურვილი იყო – მამა მთავარი ექიმი გახლდათ, ისევე, როგორც ბაბუა, ორივე ქირურგები იყვნენ და უნდოდათ, მათი გზა გამეგრძელებინა. ცალ-ცალკე ორივე პროფესია იმდენად დიდ დროს მოითხოვს, რომ მათი შეთავსება წარმოუდგენელია. ორ საქმეს ერთად კარგად ვერ გააკეთებ, ან ერთი უნდა აირჩიო, ან მეორე და მე არჩევანი ცეკვის სასარგებლოდ გავაკეთე. ვფიქრობ, რომ საბედნიეროდ, რადგან ჩემს პროფესიაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

– როგორი იყო გზა ბალეტიდან ქართულ ნაციონალურ ცეკვებამდე?

– გარდატეხის პერიოდში ცეკვა საერთოდ აღარ მინდოდა. ეს ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო, მამა გარდამეცვალა... მაშინ 16 წლის ვიყავი, დეპრესია მქონდა და ყველაფერს თავი დავანებე. ბალეტის ცეკვას რომ შეწყვეტ, მერე უკან დაბრუნება ძალიან რთულია. თან ეს აღარც მოვინდომე და გადავწყვიტე, მეცეკვა... სად თუ არა „სუხიშვილებში“?!

– „სუხიშვილებში“ მოხვედრა რთული იყო?

– „სუხიშვილებში“ პირდაპირ მოვედი და ჩემი თავი ქალბატონ ინგა თევზაძეს, ილიკოსა და ნინოს დედას გავაცანი. მოვეწონე და მიმიღო. ასე რომ, ანსამბლში მოხვედრა არ გამჭირვებია. სიმართლე გითხრათ, მიღებაზე რთული „სუხიშვილებში“ თავის შენარჩუნებაა. შეიძლება, მიგიღონ, მაგრამ ძალიან მალე მოგიწიოს გუნდის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ძალიან კარგი მოცეკვავე იყო, ვიზუალი ხელს გიწყობდეს და სცენასაც უხდებოდე. ამ ყველაფერთან ერთად, კოლექტივმა უნდა მიგიღოს, თორემ სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ შიდა სამზარეულოს არ იცნობთ, რთულია ამის გაგება, მაგრამ ასეა. ანსამბლში თითქოს ყველანი ერთნაირები ვართ – ერთნაირად ვფიქრობთ, ერთნაირად ვაზროვნებთ. ფაქტობრივად, ერთად ვცხოვრობთ და თუ შენ ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ხარ, გაგიჭირდება აქ ყოფნა და თვითონ გადაწყვეტ წასვლას. თორემ, ანსამბლიდან არავინ გაგაგდებს.

– ძალიან ბევრს საუბრობენ ნინო სუხიშვილის სიმკაცრეზე, როგორია მასთან და ილიკოსთან ურთიერთობა?

– ორივე არაჩვეულებრივი ადამიანია. ძალიან სამართლიანები არიან. არცერთი არ დაგიკარგავს შრომას, რომელსაც ცეკვაში დებ. ნინოს სიმკაცრე იდეალური შედეგის მიღების სურვილს ემსახურება, რაც ამ ანსამბლს სჭირდება. ამ სიმკაცრის გარეშე შეიძლება, მოცეკვავე მოდუნდეს და მოეშვას. მოცეკვავემ სიმსუბუქე და თავისუფლება სცენაზე უნდა გამოავლინო და არა დისციპლინის დარღვევაში. უნდა მოიქცე ისე, როგორც ამ ანსამბლს შეეფერება. ღირსეული უნდა იყო, იმიტომ, რომ შენს უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას და რაც მთავარია, უნდა გახსოვდეს, რომ შენი ანსამბლის უკან საქართველოა. ამ მომენტშიც, უკვე ერთი თვეა, საზღვარგარეთ ვართ გასტროლზე, კიდევ ერთი თვე გვაქვს წინ და ეს ჩვენი ცხოვრების წესია, ამიტომ ჩვენი ანსამბლის სახელს ყოველ ნაბიჯზე ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, სიმკაცრე აუცილებელია. თუმცა, ჩვენ ეს სისხლში გვაქვს გამჯდარი და შეიძლება, ხანდახან გადაჭარბებულიც იყოს ქალბატონ ნინოს მიმართ ასეთი შეფასებები.

– გასტროლი, ალბათ, ძალიან ხშირია.

– კი, გასტროლები ძალიან ხშირად გვაქვს, წელიწადში ორჯერ არის დიდი გასტროლი, რომელიც ორ თვეს ან ორთვე-ნახევარს მოიცავს. ამის გარდა გვაქვს ორ-სამკვირიანი, ათდღიანი და შედარებით მოკლევადიანი გასტროლები. ფაქტობრივად, სულ გასტროლზე ვართ.

– რა ხდება ოჯახში ამ დროს?

– სანამ გავთხოვდებოდი, მე უკვე „სუხიშვილების“ მოცეკვავე ვიყავი, ამიტომ ჩემმა ოჯახმა ძალიან კარგად იცის ჩემი რეჟიმი, ჩვენ ასეთი ცხოვრება გვაქვს. ნორმალური ნამდვილად არ არის, მაგრამ სხვა გზა არაა. ყველას ხომ არ აქვს შანსი, რომ „სუხიშვილებში“ იცეკვოს?! მე მხვდა წილად ასეთი ცხოვრება და ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო. საბედნიეროდ, გასტროლზე ყოფნის დროს, ჩემთან ხშირად ჩამოდის ხოლმე ჩემი მეუღლე, მას ამ მომენტშიც ველოდები. ის მაქსიმალურად მიჭერს მხარს და ყველანაირად გვერდში მიდგას. საქართველოში რომ ვბრუნდები, დროს სულ შვილებთან ერთად ვატარებ. ხშირ შემთხვევაში რეპეტიციებზეც დამყვებიან, გადაღებებზეც და კონცერტებზეც. როცა გასტროლზე მივდივარ, პირველი პერიოდი პატარა მებუტება და ტელეფონზე არ მელაპარაკება, მაგრამ მე ვიცი, რომ ის ძალიან ამაყობს დედიკოთი, რომელიც „სუხიშვილების“ მოცეკვავეა.

– როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი. მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

– ჩემი მეუღლე რომ გავიცანი, მე 20 წლის ვიყავი, ის – 21-ის. ერთმანეთი მეგობრებმა გაგვაცნეს და ფაქტობრივად, იმ დღიდანვე ერთად ვართ. ხუმრობით რომ ვთქვა, მე მაშინვე მივხვდი, რომ ის „ის“ იყო და ისიც მიხვდა, რომ მე „მე“ ვიყავი (იცინის).

– მეუღლე პოლიტიკაშია, შესაბამისად, მასაც არანაკლებად რთული სამუშაო გარემო აქვს...

– დიახ, მეუღლე პრემიერ-მინისტრის პროტოკოლში მუშაობს. მასაც ძალიან ხშირად უწევს მივლინებაში ყოფნა და შესაბამისად, ხშირად ვიკვეთებით ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში. ახლა ჩეხეთში ჩამოვიდა იმისთვის, რომ კონცერტის შემდეგ ორი საათით ვენახე. ხუთი წუთითაც რომ ვნახო, ეს ჩემთვის ჟანგბადივითაა.

– როგორია ამდენი წლის შემდეგ თქვენი ურთიერთობა?

– ყველაფერი ისეა, როგორც საწყის პერიოდში. მე არ მჯერა, რომ სიყვარული ხუნდება. სიყვარული ან არის, ან - არა. ჩვენს შემთხვევაში ნამდვილად დიდი სიყვარულია და იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ გაგრძელდება.

– ცოტა ხნის წინ, სატელევიზიო პროექტ „კუნძულის“ გამარჯვებული გახდით. რა მოგიტანათ ამ სიახლემ?

– როდესაც ნოე სულაბერიძემ მასში მონაწილეობა შემომთავაზა, ძალიან გამიხარდა. იმ პერიოდში ასეთი სიახლე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. კომფორტის ზონიდან გამოვედი და ნაბიჯი სიახლისკენ გადავდგი. ახალი ადამიანები გავიცანი, დავმეგობრდით, რაც ძალიან კარგია, თუმცა, სირთულეებიც ბევრი იყო. ჩემს სულიერ მდგომარეობაში დიდი გარდატეხებიც მოხდა, ახალი ნათია გავიცანი, რომლითაც ძალიან ვამაყობ.

– გამარჯვების ამბიცია თავიდან გქონდათ?

– კი, აუცილებლად უნდა გამემარჯვა. გამარჯვების მოპოვება ჩემი ძლიერების დასამტკიცებლად მინდოდა. საერთოდ, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვცდილობ, იდეალური ვიყო. შეიძლება, არ გამომივიდეს, მაგრამ მე ძალიან ვინდომებ. ვცდილობ, ვიყო იდეალური მეგობარი, ცოლი, დედა, შვილი, მოცეკვავე და ასე შემდეგ, რადგან ასეთია ჩემი ხასიათი. აქედან გამომდინარე, პროექტშიც იგივე სურვილი მამოძრავებდა. იმას ვუშვებდი, რომ შეიძლება, ვერ მომეგო, მაგრამ საუკეთესო უნდა ვყოფილიყავი და ჩემი მაქსიმუმი უნდა გამეკეთებინა. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა უნდა დააჯეროს საკუთარი თავი, რომ ის საუკეთესოა, რომ ყველაფერს შეძლებს და ეს მართლა ასე მოხდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი