შოუბიზნესი

რა „საიდუმლო“ აქვს ლევან წვერავას ასაკის საწინააღმდეგოდ და რატომ გადაწყვიტეს მან და ნინი კენჭიაშვილმა ქუთაისში სახლის შეძენა

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 29.04

ლეონი
დაკოპირებულია

ახლახან მომღერალი ლევან წვერავა 42 წლის გახდა. როგორც ამბობს, რაც წლები ემატება, უფრო და უფრო ენერგიულია და ცხოვრებაც მეტად საინტერესო ხდება. მისი და ნინი კენჭიაშვილის ოჯახური ცხოვრება საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

ლევან წვერავა: რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, 42 წლის გავხდი (იცინის). როგორც წესი, ხალხს, მინიმუმ, 10 წლით ნაკლები ვგონივარ ხოლმე, მეტით თუ არა.

დაბადების დღე ოჯახთან ერთად გავატარე. ისე მოხდა, რომ ამ მომენტში ჩემი უახლოესი სამეგობრო საქართველოში არ არის და ამ დღისთვის რამე განსაკუთრებული არ დამიგეგმავს. ოჯახთან ერთად მინდოდა სადმე გასვლა, მაგრამ ეს საქმეების გამო ვერ მოვახერხეთ და ეს დღე სახლში აღვნიშნეთ, ძალიან ბედნიერ გარემოში. 12 საათზე სანთელი ნოეს ჩავაქრობინე და შვილისგან ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი მოლოცვა მივიღე.

– ვისაუბროთ იმ საიდუმლოზე, რომლის წყალობითაც, ყველას ათი და მეტი წლით ნაკლები ჰგონიხარ...

– მართლა ასეა, რომ ვიტყვი ხოლმე, 42 წლის ვარ-მეთქი, ისეთი გაკვირვებულები მიყურებენ, უნდა ნახოთ (იცინის). მიზეზად, პირველ რიგში, გენეტიკას დავასახელებ. მაგალითად, ბიძაჩემი 77 წლის არის და რომ შეხედავ 57-ის გეგონება. თან, მე არ მიყვარს გადაგვარება. ჩემს თავს პატივს ვცემ, რაც ამ შემთხვევაში იმას გულისხმობს, რომ წონაში მატების უფლებას არ ვაძლევ. გენეტიკაც ხელს მიწყობს, მაგრამ ოდნავ ცვლილებასაც რომ ვამჩნევ, მაშინვე ზომებს ვიღებ. ამ მხრივ, თავს ყოველთვის ვაკონტროლებ.

ყველა ჩემს კოლეგას თავის შეხედულება აქვს, მაგრამ მე მგონია, რომ როცა სცენაზე დგახარ, ამდენი წარმატებული პროექტი გაქვს, უამრავი მსმენელი და მაყურებელი გყავს, ვალდებული ხარ, მათ წინაშე კარგად გამოიყურებოდე. მე ამით პატივი ვცემ მათაც და საკუთარ თავსაც. ამ მხრივ, მეც და ნინიც მუდმივად რეჟიმში ვართ. სხვა, განსაკუთრებულ საიდუმლოებებს არ ვფლობ. დამხმარე საშუალებებს აუგად არ მოვიხსენიებ, თუმცა მე ჯერჯერობით არაფერი გამომიყენებია.

– როგორია შენი 42 წელი?

– მგონია, რომ წლებთან ერთად, ენერგიაც მემატება. ფსიქოლოგიურად ძლიერი განწყობა მაქვს, ვგრძნობ, რომ წინ კიდევ ბევრი კარგი რამ მელოდება და ჩემში საჭირო ძალაა. თუკი აქამდე ვერ გავაკეთე რამე, ახლა უკვე შემიძლია, ისიც განვახორციელო. ძალით სავსე, შრომისუნარიანი და მოტივირებული ვარ. მოტივაცია არასდროს მაკლდა, მაგრამ დროსთან ერთად, ძალა და ენერგია მეზრდება (იცინის).

ჩემმა მუსიკალურმა ხელმძღვანელმა და ფაქტობრივად, ოჯახის წევრმა, ერეკლემ იცის ხოლმე თქმა, ლევანის დასვენება არ მინახავსო. ვიღაცისთვის სახლში წამოწოლა არის დასვენება, ჩემთვის კი ეს გამორიცხულია. მე მაშინ ვისვენებ, როდესაც ჩემს საქმეს ვაკეთებ. თამამად ვიტყვი, რომ როდესაც სტუდიაში ვმუშაობ, ვისვენებ. ძალიან მეკომფორტულება ამ ტიპის დასვენება.

– მართლა საიდან ამდენი ენერგია?

– „სეიშენის“ ბიჭებიც ყოველთვის ამ შეკითხვას მისვამენ. შეიძლება, ადამიანი სულ ანთებული იყო?! ხომ შეიძლება, ხანდახან მოწყენილიც იყოო!? მეც ადამიანი ვარ და განა არ მაქვს ასეთი მომენტები, მაგრამ ამას შენ ვერასდროს მიხვდები. მე შენ არასდროს დაგანახვებ, რომ ცუდ განწყობაზე ვარ. მგონია, რომ თუ ჩემი ცუდი განწყობა მეგობართან ან ოჯახის წევრთან მივიტანე, ძალიან დიდ უხერხულობას ვქმნი. ამიტომ ის, რაც ჩემშია, ჩემში რჩება და სხვას არ ვაგრძნობინებ. ეს თვისება კარგად გამოვიმუშავე და ვერცერთი ჩემი ნაცნობი ვერ გეტყვის, რომ მოწყენილი ვუნახივარ.

– მოწყენილი, უხასიათო და უსაქმოდ არავის უნახავხარ?

– რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეა (იცინის). ამისთვის მადლობა ღმერთს. მე მომწონს ჩემი ეს ამპლუა, მგონია, რომ ცუდი არ არის.

– საერთოდ, რამდენად გიყვარს საკუთარი დაბადების დღე?

– ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს და ყოველთვის სიხარულით ველოდები, მაგრამ ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ დღეს ყოველთვის გრანდიოზულად აღნიშნავენ, მყავს ასეთი ძმაკაცები, მაგრამ მე იმავეს სურვილი არ მაქვს. თუ მრგვალი თარიღი არ არის, ან სხვა, გამორჩეული მიზეზი, არ მიჩნდება სურვილი, ჩემი დაბადების დღე ისე აღვნიშნო, რომ ფურორი მოვახდინო. მირჩევნია, ოჯახთან, უახლოეს ადამიანებთან ერთად შევხვდე, ქალაქგარეთ გავიდე და ასე შემდეგ.

– განსაკუთრებულ საჩუქარზე რა გახსენდება?

– უფრო სტანდარტული საჩუქრებია ხოლმე, რასაც მამაკაცს ჩუქნიან: სუნამო, აქსესუარები, სამოსი, რადგან იციან, რომ კარგად ჩაცმაც ძალიან მიყვარს. რასაც მჩუქნიან, ყველაფერი მსიამოვნებს. განსაკუთრებული საჩუქარი ჩემთვის მიკროფონი იყო. მოულოდნელად გამომიგზავნა მეგობარმა ძალიან მაგარი მიკროფონის ორიგინალი და ერთ-ერთი ბოლო ვერსია.

– შენ და ნინიმ საკუთარ თავს არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთეთ – სახლი ქუთაისში.

– ნამდვილად ასეა. მე რომ ქუთაისი მიყვარს, ამაში გასაკვირი არაფერია, აქ დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ამ ქალაქის მიმართ ნინის სიყვარულიც იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მოტივაცია მომცა ეს ნაბიჯი გადამედგა. მას თბილისზე ნაკლებად არ უყვარს ქუთაისი. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ქუთაისშიც გვქონოდა ბინა.

გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებას სხვა ძალიან დიდი პლუსიც აქვს. ყველაფერი, რასაც ჩვენი მსმენელი ისმენს, ქუთაისში, ჩვენს სტუდიაში იქმნება. ეს ქალაქი ჩვენთვის თილისმასავით არის. მე რომ ეს საქმე, ერეკლესთან ერთად, ქუთაისში არ დამეწყო, ამდენს ვერ გავაკეთებდი. დედაქალაქს თავისი რიტმი აქვს, დიდია და სანამ ერთი უბნიდან მეორეში მიხვალ, შეიძლება, მთელი დღე გავიდეს. მე ამაზე თავიდანვე ვიფიქრე, როცა „ლეონის“ პროექტს ვიწყებდი.

მივხვდი, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, ჩემს ქუთაისს დავბრუნებოდი. ქუთაისში ჩემი სახლიდან სტუდიაში ველოსიპედით გადავდივარ და ამისთვის სულ ოთხი წუთი მჭირდება. აქ უფრო მეტ საქმეს ასწრებ. ყველაფერთან ერთად ძალიან თბილი და ტკბილი ქალაქია, სხვა პეწი აქვს.

მე და ჩემი „სეიშენის“ ბიჭები თბილისში 2000 წელს ჩამოვედით. დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში, ქუთაისში მხოლოდ „გავლით“ ჩავდიოდი ხოლმე. მაქსიმუმ ერთი კვირა გავჩერებულიყავით, მეტი დრო არ გვქონდა. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ სულ გზაში ყოფნა რთულია, შეიძლება ითქვას, რომ ნახევარ წელს ქუთაისში ვატარებთ, ნახევარს – თბილისში. სულ მიდი-მოდიში ვართ, რადგან ჩვენს საქმეს ასე სჭირდება.

ამის მესამე და მთავარი მიზეზია ის, რომ როცა ჩემი შვილი, ნოე გაიზრდება, მინდა თქვას, რომ ქუთაისელია. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

– მეორე საკითხია სახლის გალამაზება და რემონტი, რომელიც ვაღიაროთ, რომ მარტივი პროცესი არ არის.

– გამორიცხულია, როცა რემონტი კეთდება, ცოლმა და ქმარმა არ იკამათოს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი (იცინის). მამაკაცებს არ გვაქვს იმხელა ფანტაზია და დეტალებზე კონცენტრირების უნარი, როგორიც ქალბატონებს. ნინი იმდენ რამეს აქცევდა ყურადღებას, რომ მე ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი. გადაწყვიტა, რომ ყველაფერი დიზაინერის დახმარების გარეშე, თავისი გემოვნებით გაეკეთებინა და ვაღიარებ, ძალიან დიდ ბრძოლად დაუჯდა, თუმცა, ღირდა. დავრწმუნდი, რომ რემონტი და დიზაინი 99 პროცენტით ქალის თემაა. მეც მივყევი, სხვა რა გზა მქონდა, ბოლოს მაინც თავისი გაჰქონდა (იცინის). შედეგი ძალიან ლამაზი და კომფორტული გამოვიდა, რაც მთავარია, ძალიან გვსიამოვნებს ჩვენ მიერ შექმნილ გარემოში ყოფნა. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ნინის ყოველდღე ახალ-ახალი იდეები აქვს, სულ რაღაცის შეძენის პროცესშია და ვეკითხები ხოლმე, როდის უნდა მოვრჩეთ-მეთქი. მპასუხობს, არ ინერვიულო, ბოლოში გავდივართო და მეც არ ვნერვიულობ, პირიქით, ძალიან მიხარია და მომწონს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი