ნანუკა გულუა: ერთი კვირის განმავლობაში აკვიატებული მქონდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, ავარიის ხმებიც კი ჩამესმოდა
ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 13.05
ნანუკა გულუამ, საზოგადოების სიყვარული სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ პირველივე გამოჩენისას დაიმსახურა და მისი გმირის, დოჩის, ფრაზებს, ბევრი დღესაც ხშირად იმეორებს. მას წარმატების მისაღწევად, იღბლიანობის გარდა, ბევრი შრომა და მოთმინება დასჭირდა. დღეს ის უბედნიერესი ქალია, რადგან ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, უსაყვარლესი ორი შვილი, აქვს საკუთარი ბიზნესი, ტელევიზიაში სამსახური და რაც მთავარია, ხალხის უანგარო სიყვარული და სითბო.
– ნანუკა, რამდენად ადვილად მოდის შენს ცხოვრებაში წარმატება, თუ ამისთვის ძალიან დიდი შრომა ან აუცილებლად საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრა გჭირდება?
– არის სიტუაცია, როცა საერთოდ თითს არ ვანძრევ და ისე მოდის ყველაფერი, რაზეც ვოცნებობ. არის სიტუაციები, როცა უბრალო რაღაცის მისაღწევადაც ძალიან დიდი შრომა მიწევს. ცალსახად, რომ მარტივად მივდივარ მიზნამდე ან რაღაც მიზნის მისაღწევად, უდიდესი შრომა მიწევს, ასე არ არის. ხან მარტივადაა და ხან – რთულად. ზოგადად, უსაზღვროდ იღბლიანი ადამიანი ვარ და ამაში ყოველ წუთსა და წამს, ყოველდღე ვრწმუნდები. და ყველა იმ პატარა მინიშნებებით, რასაც სამყარო გვაძლევს, ვხვდები, რომ ბედნიერი ვარ. დიდი მოვლენები ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ იღბლიანობაზე მიუთითებს, ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ.
– ახლახან ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ავარიაში მოყევი, თუმცა ღმერთის წყალობით, უვნებელი გადარჩი. ამ ფაქტის წინ თუ გქონდა წინასწარი შეგრძნება და რისი ბრალი იყო ავარია?
– ზოგადად, კარში თითიც რომ მომყვეს, ისეთი ადამიანი ვარ, ვიწყებ ფიქრს, ნეტავ, რა დავაშავე და რა გავაკეთე ან გავიფიქრე ცუდად და არასწორად, რომ ასეთი რაღაც დამემართა-მეთქი. ჩემს ცხოვრებაში ყველა ცუდ მოვლენას რაღაც ახსნა აქვს. ზოდიაქოთი მორიელი ვარ და იცით, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან განვითარებული აქვთ წინათგრძნობის შეგრძნება. ავარიამდე ერთი კვირის განმავლობაში აკვიატებული მქონდა აზრი და ვიცოდი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, ავარიის ხმებიც კი ჩამესმოდა. მოკლედ, ეს შეგრძნება ახლოს იყო. ვფიქრობდი, ნეტავ ავარიაში ხომ არ უნდა მოვყვე-მეთქი. თორმეტი წელია, საჭესთან ვზივარ, სისწრაფეს გავუთამამდი, თუმცა, მაინც ფრთხილი ვარ. ეს აკვიატებული შიში კი ზუსტად ვიცი, რატომაც დამეწყო. მოკლედ, ჩემი შვილი, ნინა, აღარ ჯდება ბავშვის სამგზავრო უსაფრთხო სავარძელში და სულ მქონდა შიში, ბავშვი ასე დაუცველად რომ დამყავს, რამე არ მოხდეს-მეთქი. მერე მივეჩვიე და ამ შიშმაც გადამიარა. სწორედ ამას რომ მივეჩვე, მოხდა ავარია, ანუ მიმანიშნა ღმერთმა, რომ შენ ახლა მარტო ხარ, ხომ ხედავ, მოულოდნელად რა დაგემართა და დაფიქრდი, ახლა შენ გვერდით ბავშვი რომ მჯდარიყო, რა იქნებოდა, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით იარე, შენ, შტერო ქალოო. ნამდვილად ასე იყო ეს ამბავი (იცინის). ახლა კი ვიცინი, მაგრამ სასწაულად გადავრჩი. სიზმარი ვნახე: მამა მოვიდა ჩემთან, არადა, მამა მაშინ მესიზმრება, როცა რაიმეზე ღელავს, ნერვიულობს და მაფრთხილებს. სხვათა შორის, ორივე საკეისრო რომ გავიკეთე, მაშინაც მოდიოდა სიზმრად. ანუ, როცა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რაღაც ხდება, მამა იმქვეყნად ფორიაქობს და სიზმრად მოდის. მოკლედ, ავარიის დღეს, დილით რომ გავიღვიძე, დედას მოვუყევი სიზმარი, როგორ მოვიდა მამა და ვუთხარი კიდეც, ცუდად მენიშნა-მეთქი. მერე ყავა დავისხი და ჭიქა შუაზე გაიბზარა. იმ დღეს სასწაული მინიშნებები მქონდა, ვხვდებოდი, რაღაც ვერ იქნებოდა კარგად. მოკლედ, მოხდა ასე: მივდიოდი დასაშვები სიჩქარით, ცალმხრივ გზაზე, ჩემ წინ დიდი მანქანა მიდიოდა, რომელიც უცებ გადაიწია სავალი ნაწილიდან, ხედვის ზონა არ მქონდა წინ და შუა გზაზე ჩემ წინ გაჩერებულ მანქანას შევეჯახე, ისე, რომ ვერც მუხრუჭი მოვასწარი, ვერც რამის გააზრება. ამიტომ, ყველა მძღოლს, გამოცდილს თუ გამოუცდელს მინდა, ვთხოვო, იარეთ დიდი დისტანციის დაცვით, წინ რა საფრთხეა, არასოდეს, არავინ იცის. მით უფრო, ხედვითი ზონა როცა არ არის. ჩემს მეუღლეს ვეუბნებოდი: ჩემ მაგივრად შუმახერი რომ ყოფილიყო საჭესთან, ისიც ვერ მოასწრებდა დამუხრუჭებას, ისეთი სიტუაცია შეიქმნა-მეთქი. წარმოიდგინეთ, სრულიად დაფშვნილი მანქანიდან, უნაკაწროდ გადმოვედი, საღ-სალამათი, აბსოლუტურად არანაირი დაზიანება არ მქონდა. არადა, იმ მანქანიდან, ასეთი დაუზიანებელი გადმოსვლა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თუ ამაში ღმერთის ხელი არ ერია.
– ამ ამბის მერე საჭესთან დაჯდომა გაგიჭირდა?
– ავარიამ ფიზიკური დაზიანება არა, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტი დამიტოვა. ისეთი შეჯახება იყო და ისეთ მდგომარეობაში ვნახე ნაავარიები მანქანა, რომ ჯერჯერობით საჭესთან ვერ ვჯდები.
– რაც დედა გახდი, უფრო მეტად ფრთხილი ხარ, ხასიათები და მიზნები თუ შეგეცვალა?
– რაც დედა გავხდი, ყველანაირი ხასიათი, მიზანი, მისწრაფება და შეგრძნება ამოყირავდა. რა თქმა უნდა, უფრო ფრთხილიც ვარ, ეს ჩემი ემოცირურობაც მთლიანად შვილებისკენ მაქვს მიმართული. თავზარდამცემი სიყვარულის შეგრძნება მაქვს, რომელსაც ახლავს მუდმივი შიში... მოკლედ, სულ შფოთვებსა და შიშებში ვარ და სულ იმის ფიქრში, რამე არ შემეშალოს, სწორად დავუთმო დრო ბავშვებს, სწორი მიმართულება მივცე, მოვუფრთხილდე და არ ჰქონდეთ ნაკაწრი ჩემს შვილებს, რომ არ გადავდგე და გადავიდე ჭკუიდან.
– ესე იგი, გიჟი დედა ხარ, ასეა?
– კი, ზუსტად ასეა. დილით ვეუბნებოდი ჩემს ქმარს: რომ ამბობდნენ, გიჟი დედა, ახლა ვხვდები, თურმე, რას ნიშნავდა-მეთქი (იცინის). 38 წლის ასაკში გავაჩინე ნინა და იკუნა – 40 წლის ასაკში. რომ ვამბობ, ალბათ, ასაკში რომ გავაჩინე შვილები, იმიტომ ვარ გიჟი დედა-მეთქი, მეგობრები მეუბნებიან: ასაკი არაფერ შუაშია, შენი ხასიათიდან გამომდინარე ხარ ეგეთიო. მაინც მგონია, ასაკში უფრო სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს. ის შეგრძნება, ცოტა ვარდისფერ ფერებში რომ ხედავ სამყაროს, პეპლებით რომაა ცხოვრება სავსე და ყველაფერს მსუბუქად უყურებ, ალბათ, შვილის აღზრდის საკითხებსაც მსუბუქად უდგები და არა ასე დამღლელად და სიღრმისეულად, როგორც მე. მაგრამ, მე ძალიან ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ ჩემს შვილებზე ეს ჩემი ემოციურობა და გადაზედმეტებული ზრუნვა არ გადავიდეს და მათი დამოუკიდებლობა და ნება არ შევზღუდო.
– მახსოვს, ამბობდი, მინდა, ბევრი შვილის დედა ვიყოო. იმედია, ახლაც ამ აზრზე ხარ.
– ბევრი მეუბნება, გაგიმართლა, გოგოც გყავს და ბიჭიცო. გეტყვით, რომ სამი და ვართ და სუპერ გამართლებაა ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის ჩემი დები. კარგ შვილს სქესი არ აქვს. რატომღაც, ზუსტად ვიცოდი, რომ ორი გოგო მეყოლებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მუცელში მეორეც გოგო მყავდა (იცინის). თუმცა, ჩემს უფროს გოგოს უსაყვარლესი ძმა ჰყავს. ძალიან მინდა, კიდევ ჰყავდეთ დედმამიშვილი და ამიტომ, კიდევ მომიწევს გოგოს გაჩენა (იცინის). სხვათა შორის, ჩემი შვილები არ მგვანან,
გავუჩინე ჩემს ქმარს ზუსტი ასლი და მისი იდენტური შვილები. კახას ვეუბნებოდი: კიდევ კარგი, რომ უფრო ადრე არ შევხვდით ერთმანეთს, თორემ ზუსტად ვიცი, მინიმუმ ათი შვილის მშობლები ვიქნებოდით-მეთქი (იცინის). გვიან შევხვდით ერთმანეთს, ათ შვილს ვერ მოვასწრებთ, მაგრამ თუ ღმერთი ინებებს, აუცილებლად კიდევ გვეყოლება. სანამ გავთხოვდებოდი, სულ ვაკონტროლებდი საკუთარ წონას, გარეგნობას, კილოგრამებს... სხვა საფიქრალი არ მქონდა. ახლა, ეს ჩემთვის პრიორიტეტი აღარ არის. რასაკვირველია, მაქვს მიზნად დასახული, რომ ჩავდგე ფორმაში, მივიდე იმ წონამდე და იმ სილუეტამდე, რომელზეც მე ვოცნებობდი და შევძელი წლების წინ, ისე, რომ არ დავისტრესო, არ ვიტირო, არ ვინერვიულო და ყოველ დილით არ ვიდგე სასწორზე. ნელ-ნელა, ჯანსაღი კვებითა და ჰორმონების დალაგებით მივალ იქამდე, სადამდეც უნდა მივიდე. მე უნდა ვიყო კარგ ხასიათზე, გამოვიყურებოდე ლამაზად იმ ტყავში, რომელშიც ახლა ვარ და უნდა მივიღო ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. მომატებულ კილოგრამზე შფოთისა და დარდის თავი ნამდვილად არ მაქვს, არც დეპრესიაში ჩავარდნის.
– გაქვს შენი სამკერვალო, ტელევიზიაში გადაცემის წამყვანი ხარ, ქმარი, ორი შვილი, სახლის საქმე... ამ ყველაფერში ვინ გეხმარება, დროს როგორ ანაწილებ?
– სამსახური 9-დან 7 საათამდე არ მაქვს, ვმუშაობ ტელევიზიაში, სადაც კონკრეტულ დღეებში ვარ დაკავებული. პარალელურად, მაქვს ატელიე, რასაც სჭირდება სარეკლამო აქტივობა და ამასაც ვაკეთებ. თან, უყურადღებოდ არ ვტოვებ ბავშვებს. დროს ისე ვამენეჯმენტებ, რომ ფორმაშიც ვიყო, საქმეებიც ვაკეთო და ოჯახსაც არ მოვაკლო ყურადღება. ბავშვების მოვლაში ჩემი ღვთისგან გამოგზავნილი ირა მეგონია მეხმარება, სამზარეულოს საქმეებში, რეცხვასა და დიდი ოჯახის მოწესრიგებაში – დედაჩემი. ბავშვების აღზრდა-გასეირნებაში ჩართული არიან კახას ახალგაზრდა მშობლები, ჩემი დები, რომლებსაც ნატრულის ვეძახი, ისე არიან გადაგიჟებული თავის დისშვილებზე... მოკლედ, მთელი არმიაა ჩართული ჩემი შვილების აღზრდაში. თუმცა, პრინციპებსა და ძირითად დებულებებს, როგორ უნდა გაიზარდონ ჩემი შვილები, მე ვადგენ. ჩემი უსაყვარლესი პედიატრის მითითებით, ჩემს შვილებს არ უნახავთ ჩართული ტელევიზორი, არ იციან მობილურში რა ხდება და არანაირი ფილმი და მულტფილმი არ აქვთ ნანახი, მხოლოდ წიგნები და გასართობები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან