შოუბიზნესი

ანანო კორძაია: ჩვენი განშორება 6-7 თვე გრძელდება ხოლმე

№15

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 17.04

ანანო კორძაია
დაკოპირებულია

ულამაზესი მოდელი ანანო კორძაია საკუთარ პროფესიაშიც წარმატებულია და სოციალურ ქსელებშიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ანანო კორძაია: ბავშვობიდანვე ძალიან პრანჭია გოგო ვიყავი (იცინის). მომწონდა ლამაზად ჩაცმა და მსიამოვნებდა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა. დედაც ძალიან ესთეტია, საკუთარ თავსაც უვლის და რა თქმა უნდა, შვილზეც განსაკუთრებულად ზრუნავდა. ასე რომ, დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ ბავშვობიდანვე მიყვარს საკუთარ თავზე ზრუნვა და ისიც, რომ სამოდელო სფეროში წარმატებას მივაღწიე.

კონკურსში მონაწილეობა პირველად 15 წლის ასაკში მივიღე. ეს იყო „მის აჭარა 2019“. სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას არ ველოდი, რადგან არანაირი გამოცდილება არ მქონდა, პირველ ნაბიჯებს ვდგამდი და ასაკის გამო თავდაჯერებულობაც მაკლდა. თუმცა, აქაც და შემდეგ სხვა კონკურსებშიც, გამარჯვება მოვიპოვე. უკვე კარგი გამოცდილება დამიგროვდა და რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის, ეს ადამიანების სიყვარულია, რომელსაც დიდი დოზით ვგრძნობ.

– მოგწონს მოდელის კარიერა? თან, ამ პროფესიას „ინფლუენსერობაც“ ძალიან კარგად შეუთავსე.

– ძალიან სასიამოვნო პროფესიაა, რადგან მე ძალიან მიყვარს გადაღებები. ეს პროცესი იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, რომ შემიძლია, დილიდან საღამომდე შეუსვენებლად ვიმუშაო.

რაც შეეხება „ინფლუენსერობას“, პოპულარობა ჩემი მიზანი არ ყოფილა, ყველაფერი თავისთავად მოხდა. სოციალურ ქსელში ჩემს გამოქვეყნებულ ვიდეოებს თავიდანვე საკმაოდ ბევრი ნახვა და მოწონება ჰქონდა. ყველაფერი ასე დაიწყო და დღემდე ანალოგიურად გრძელდება. ჩემი პირველი ვიდეო კონკურსიდან იყო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, დღევანდელი გამოხმაურებები კიდევ უფრო დიდია. ამან მომცა მოტივაცია, რომ აქტიურობა გამეგრძელებინა.

– სოციალურ ქსელს მინუსიც აქვს, რამდენადაც ბევრი გაგიცნობს და შეგიყვარებს, იმდენად დიდია ნეგატივიც...

– ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი ვიდეოების ქვეშ, უფრო მეტად დადებითი კომენტარები მხვდება. თუმცა ბოროტი ადამიანებიც არსებობენ და არასასიამოვნო კომენტარებს მიწერენ. საბედნიეროდ, ასეთი ბევრი არ არის და მათ არც ვაქცევ ყურადღებას. ნეგატიურ კომენტარებს, უბრალოდ, ვბლოკავ, არ მინდა, ჩემს სივრცეში ნეგატივი ტრიალებდეს. ამაზე ემოციურად არ ვრეაგირებ, მაგრამ მგონია, რომ კარგი ადამიანი ასე არ მოიქცევა. მხოლოდ ბოროტ ადამიანებს შეუძლიათ ამ ფორმით შურის ნთხევა.

– ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, როგორი ხარ მათთან ურთიერთობაში?

– კი, მაგრამ ამჟამად ჩემი გული დაკავებულია. ჩვენ ძალიან ვუგებთ ერთმანეთს და მჯერა, რომ ერთად სიყვარულის ლამაზ ისტორიას შევქმნით. ის მეზღვაურია და როცა ერთმანეთი გავიცანით, მაშინ აქ არ იყო. ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე კარგად აეწყო. რომ ჩამოვიდა, შევხვდით და მას შემდეგ ერთად ვართ.

– შეხვედრისას უკვე გიყვარდათ ერთმანეთი?

– მე უფრო მომწონდა, თუმცა, მან მითხრა, რომ ვუყვარდი. ჩემს დაბადების დღეზე ჩამოვიდა, სიყვარულშიც იმ დღეს გამომიტყდა. ძალიან დავიბენი, იმდენად, რომ არც მახსოვს რა ვუპასუხე (იცინის). თუმცა, მეც ძალიან მალევე მივხვდი, რომ მიყვარდა, რაც მისი განსაკუთრებული ხასიათის დამსახურებაა. უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ. მე 19 წლის ვარ, ის – 29-ის, მაგრამ ზუსტად ერთნაირი დამოკიდებულებები და შეხედულებები გვაქვს. ალბათ, ამიტომ ვუგებთ ერთმანეთს ძალიან კარგად.

– მისი პროფესიიდან გამომდინარე, ალბათ, ხშირად გიწევთ განშორება...

– კი და ძალიან რთულია საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა. მით უმეტეს, რომ მე ძალიან ემოციური და მოსიყვარულე ვარ. ბუნებრივია, რომ რთულია, მაგრამ ცხოვრება გამოწვევებით არის სავსე, ზოგჯერ საჭიროა დათმობებზე წახვიდე. ჩვენი განშორებები, დაახლოებით, 6-7 თვე გრძელდება ხოლმე, თუმცა, უკვე ერთი წელია არ წასულა. შემოდგომისთვის, ალბათ, ისევ წავა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ფიქრი არ მინდა.

– არ ეჭვიანობს, ასეთი ლამაზი შეყვარებული რომ ჰყავს?

– არა, საერთოდ არ არის ეჭვიანი. ასეთი შემთხვევა არ გვქონია. მე ვფიქრობ, რომ სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობის ადგილი არ არის. არც მე ვარ ასეთი.

– როგორ ზრუნავ ვიზუალზე?

– განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. სახის კანის მოსავლელად მხოლოდ დამატენიანებელს ვიყენებ და მაკიაჟს აუცილებლად ვიშორებ ხოლმე, როგორც წესია ისე, მიცერალურით. ვიდეოებში ძალიან მიბზინავს კანი და სხვათა შორის, ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რას ვისვამ სახეზე. თხევად ჰაილაითერს ვურევ ქოქოსის კარაქს ან ბიბიკრემს და სწორედ მისი დამსახურებით მაქვს სახე ერთ ფერში და ბზინვარე. თმისთვის ზეთებს ვიყენებ, რომ ბზინვარება ჰქონდეს. კვების მხრივ, ძალიან პრეტენზიული ვარ. სახლური საჭმელი დიდად არ მიყვარს, ამიტომ ხშირად მიწევს რესტორნებში კვება. წონაში არ ვიმატებ და ნამდვილად არ ვიცი, რატომ (იცინის). ერთი პერიოდი ვვარჯიშობდი, მაგრამ დასაკლებად არა, პირიქით, რაღაც პერიოდი მინდოდა, წონაში ცოტა მომემატებინა. თუმცა, ზოგადად, მე ჩემს წონაში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ, რომ საკუთარი თავი ისეთი უნდა გვიყვარდეს, როგორებიც ვართ.

– სად სწავლობ?

– ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ახლა პირველ კურსზე ვარ. გარდა ამისა, ჩემი ბიზნესი მაქვს, ატელიე მაქვს და კაბებს ვაქირავებ. მინდა, ამ მხრივ განვვითარდე, გავაფართოო ჩემი საქმე და ბევრი განსხვავებული მოდელის კაბები შევქმნა. კაბების დიზაინს მე და დედა ვქმნით, გვყავს მკერავი, რომელიც ჩვენს იდეებს ფრთებს ასხამს და სიამაყით ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი მყავს. ამ საქმის კეთება სახლიდან დავიწყე, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ატელიე გავხსენი. საკუთარ თავზე საუბარი ცოტა უხერხული მგონია, მაგრამ ვიტყვი, რომ ბათუმში ცნობილი ატელიე მაქვს. შესაბამისად, სამომავლოდაც ამ მიმართულებით მაქვს გეგმები. მიყვარს ეს სფერო და ჩემს თავს მასში ვხედავ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი