მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ დეპრესიაზე

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.04

დეპრესია
დაკოპირებულია

განწყობილების ცვალებადობა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. მოწყენილობაც ნორმალური რეაქციაა ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევის, სირთულისა თუ იმედგაცრუების საპასუხოდ. ბევრი ასეთ განცდებს დეპრესიას არქმევს, მაგრამ სინამდვილეში ასეთი ყოველდღიური, ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა დეპრესია არ არის.

აღსანიშნავია, რომ დეპრესიაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი მოწყენილობას საერთოდ არ უჩივის – მათ უსიცოცხლობა, სიცარიელე, აპათია აწუხებთ. მამაკაცები და მოზარდები კი დეპრესიის დროს სევდიანობის ნაცვლად შეიძლება ბრაზმა, აგრესიამ და მოუსვენრობამ შეიპყროს.

დეპრესია ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელებული მოწყენილობისგან განსხვავებული მდგომარეობაა, რომელიც ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის, სიამოვნების განცდის უნარს, მადას, ძილს. დეპრესიის დროს ხშირია უმწეობისა და უსარგებლობის განცდა. უფრო მეტიც – დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდესი რისკ-ფაქტორია.

ბევრს მიაჩნია, რომ დეპრესია მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია, ამიტომაც ცდილობს, დამალოს ის, არავის გაუმხილოს და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობას ადამიანი თვითონვე მოერევა. სინამდვილეში დეპრესია ქრონიკული დაავადებაა, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. ის შეიძლება, დაემართოს ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. მას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება.

დეპრესია სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვანაირად გამოვლინდება, თუმცა ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

* უმწეობისა და უიმედობის განცდა. დამახასიათებელია გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნება, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.

* ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა. ძველი გატაცებები და ხალხთან ურთიერთობა კარგავს აზრსა და ხალისს. ადამიანი ვერ ახერხებს სიამოვნების მიღებას, მას არაფერი ანიჭებს სიხარულს;

* მადისა და წონის ცვლილებები. მადის დაქვეითების ან გაძლიერების გამო დეპრესიის ფონზე შეიძლება, საგრძნობლად შეიცვალოს წონა: დაიკლოს ან მოიმატოს;

* ძილის დარღვევები. უძილობა, განსაკუთრებით – დილაადრიან გაღვიძება ან მეტისმეტი ძილიანობა, ეგრეთ წოდებული. ჰიპერსომნია;

* აზროვნების, მეტყველებისა და მოძრაობების შენელება. პიროვნება ისე ცოცხლად და აქტიურად ვეღარ აზროვნებს, როგორც ადრე. ასეთი ცვლილებები მის მეტყველებასა და მოძრაობაშიც შეინიშნება. შესაძლოა, უფრო ხმადაბლაც დაიწყოს ლაპარაკი;

* დანაშაულისა და უვარგისობის განცდა. ასეთ დროს ადამიანი განუწყვეტლივ იხსენებს საკუთარ წარუმატებლობას, გამუდმებით იდანაშაულებს თავს იმაში, რომ ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც სურდა;

* გაღიზიანებადობა და სიბრაზე. ზოგჯერ დეპრესიას თან ახლავს მოუსვენრობა, აღელვება, გაშმაგება. ამტანობა დაქვეითებულია. პაციენტი ყოველ წვრილმანზე ფეთქდება;

* ენერგიის დაკარგვა. ხშირია ქრონიკული დაღლილობა, სხეული თითქოს დამძიმებულია, უმნიშვნელო საქმიანობაც კი ძალზე დამქანცველია და დიდ დროს მოითხოვს;

* მაღალი რისკის აქტივობა. საკუთარი პრობლემების დასავიწყებლად ზოგიერთი მიმართავს ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებს, ექსტრემალურ სპორტს, გაუფრთხილებლად მართავს მანქანა;

* კონცენტრირების უნარის დაქვეითება. ყურადღების, გადაწყვეტილების მიღების, ფაქტების დამახსოვრების უნარის შესუსტება;

* აუხსნელი ტკივილები. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი ფიზიკური ჩივილები, როგორიც არის თავის, ზურგის ან მუცლის ტკივილი და სხვა, რასაც ორგანული საფუძველი არ გააჩნია;

* ფიქრები სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე. უმწეობისა და უიმედობის განცდის დროს ადამიანმა გამოსავალი შესაძლოა, მხოლოდ სიკვდილსა და თვითმკვლელობაში დაინახოს, ამიტომ თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარი სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე საუბრობს, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი