კრიმინალური ისტორიები

რა ბრწყინვალე ოპერაცია ჩაუტარა „კაგებემ“ „კაგებეს“

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 02.05

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

გადაბირება

33 წლის ბორის კალოევი კანადაში საბჭოთა კავშირის საელჩოს კულტურის ატაშეს მოადგილე იყო და იქ მეუღლესთან, ტატიანა ვლასოვასთან ერთად ჩავიდა. კალოევი სამ უცხოურ ენას ფლობდა. ძალიან მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანი იყო. 30 წლის ვლასოვა – კი სიმდიდრის მოყვარული, ლამაზი ქალი. მას ძალიან უყვარდა ძვირფასი სამკაულები და ყველაფერს აკეთებდა მათ შესაძენად. რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი იყო და კანადაში არსებულ რუსულ სკოლაში მუშაობდა. ცოლ-ქმრის მთელი ხელფასი ძვირფასი სამკაულების შეძენაში იხარჯებოდა. ქალს ყოველთვიურად ეზრდებოდა მადა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მან მეუღლე აიძულა, ძვირფასი სამკაულები მისთვის საბიუჯეტო თანხებით შეეძინა. მეტიც, კალოევმა ცოლის სამკაულების გამო სპეკულაციას მიჰყო ხელი. მას საბჭოთა კავშირიდან დიპლომატიური ბარგით, რომელიც არ მოწმდებოდა, კანადაში დიდი რაოდენობით ხიზილალა და სხვა მოთხოვნადი საქონელი მიჰქონდა, იაფად ყიდდა და საკმაოდ კარგ ფულს შოულობდა. ეს პროცედურა ერთი წელიწადი გაგრძელდა. „ცეერუს“, რომელიც კანადაში დიდი უფლებებით სარგებლობდა, სრული კომპრომატი ჰქონდა ბორის კალოევსა და ტატიანა ვლასოვაზე. ცოლ-ქმარს, ისევე, როგორც საელჩოს სხვა თანამშრომლებს, ყურადღებით „ხვოსტავდნენ“. ერთ დღესაც ბორის კალოევს ტორონტოს ერთ პატარა კაფეში „ცეერუს“ თანამშრომელი, ოსკარ ვაისმანი დაეკონტაქტა. მის წინააღმდეგ შეგროვებული კომპრომატები გააცნო და უთხრა:

– მისტერ კალოევ, ერთი წლის განმავლობაში თქვენ კანადაში შეტანილი საქონლის გაყიდვით 120 ათასი დოლარი იშოვეთ და თქვენს მეუღლეს 90 ათასი დოლარის ძვირფასეულობა უყიდეთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ყველაფერი ფირზე გვაქვს დაფიქსირებული. საკმარისია, ეს მასალა „ლუბიანკაზე“ მოხვდეს, რომ დახვრეტა არ აგცდებათ. თქვენს ძვირფასეულობის მოყვარე მეუღლეს კი – თხუთმეტწლიანი ციმბირული პატიმრობა. პარალელურად კი, თქვენი ქვეყნის მთავრობას რომ თავი მოვჭრათ, ამ მასალებს მსოფლიოს ყველა ტელევიზიას გადავცემთ. ამიტომ, აირჩიეთ – ან მეორე ვარიანტი და სიკვდილი, ან ჩვენთან თანამშრომლობა.

– კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო? – მძიმედ იკითხა კალოევმა.

– ბევრი არაფერი. თქვენ თქვენი ძმა უნდა დაარწმუნოთ ჩვენთან ითანამშრომლოს. მოსკოვში ერთ კვირაში შვებულებით ბრუნდებით და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, – თქვა ვაისმანმა. კალოევს მოსკოველი „ცეერუს“ მეკავშირეის, ალენ ბრამსის კოორდინატები დაუტოვა და წავიდა.

ცრუ სამიზნეები

ბორის კალოევის უფროსი ძმა, კოსტა კალოევი გენერალ-მაიორი იყო და საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა. კოსტა საბჭოთა ბირთვული რაკეტების გასაშვებ შახტებს კურირებდა და „ცეერუს“ ამიტომ უნდოდა მისი გადაბირება. ბორისი ერთი კვირის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი „ცეერუს“ მეკავშირეს, ალენ ბრამსს დაუკავშირდა და უთხრა:

– ჩემი ძმა დავარწმუნე, რომ თქვენ დაგელაპარაკოთ და მან ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გულისთვის გააკეთა. მე არ ვიცი, რა გსურთ მისგან, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ მისი თანამშრომლობაზე დათანხმება თითქმის შეუძლებელია და ბევრს ნუ მოსთხოვთ.

ბრამსმა ბორის კალოევს ერთი კვირის შემდეგ მის გენერალ ძმასთან გადასაცემად შეხვედრის დრო, კოორდინატები და პაროლი აუწყა და წავიდა. ერთი კვირის შემდეგ გენერალ კოსტა კალოევს ვაშინგტონიდან სპეციალურად ჩამოფრენილი შტატიანი, ძალიან გამოცდილი თანამშრომელი, არნოლდ სანტოსი შეხვდა. გენერალს მან დიდი გასამრჯელოსა და მისი უმცროსი ძმის გადარჩენის ფასად საბჭოთა კავშირის ბირთვული რაკეტების გასაშვები შახტების ადგილმდებარეობების რუკის გადაცემა მოსთხოვა. ორსაათიანი საუბრის შემდეგ უფროსი კალოევი სანტოსის წინადადებას დათანხმდა. ერთი კვირის შემდეგ კი მეორედ შეხვდა მას. მოთხოვნილი რუკა გადასცა და მალევე წავიდა. იმავე საღამოს მოსკოვში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალ-მაიორმა კოსტა კალოევმა თავის კაბინეტში თავი მოიკლა. სამი დღის შემდეგ კი გენერალი კალოევი სამხედრო პატივით დაკრძალეს... „ცეერუ“ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებიდან დარწმუნდა, რომ თვითმკვლელი გენერლის მიერ გადაცემული რუკა ნამდვილი იყო და ამერიკელებმა თავიანთი რაკეტები ამ სამიზნეებისკენ მიმართეს...

სინამდვილეში კოსტა კალოევის თვითმკვლელობა და დასაფლავება ბლეფი იყო. მეტიც, არც კალოევები იყვნენ ძმები, თან არც ერთი იყო გენერალი და არც მეორე – დიპლომატი. ბორისი, სინამდვილეში საბჭოთა მზვერავი გურამ ბაქრაძე იყო, კოსტა კი – საბჭოთა კონტრმზვერავი სიმონ წერეთელი. ტატიანა ვლასოვა კი საგარეო დაბერვის კაპიტანი – ლიანა გოცირიძე. მთელი ეს კომბინაცია საბჭოთა „კაგებეს“ მიერ ჩატარებული ბრწყინვალე ოპერაცია იყო და 20 წლის განმავლობაში ამერიკული ბირთვული ქობინების უმრავლესობა ცრუ სამიზნეებისკენ იყო მიმართული...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი