ჰოროსკოპი და შეუცნობელი

სად და როგორ უნდა დაიბნიოს ქალმა თუ მამაკაცმა დამცავი ქინძისთავი და როდიდან შეიძინა ამ პატარა ნივთმა უძლიერესი მაგიური ძალა

№12

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 29.03

შეუცნობელი
დაკოპირებულია

ინგლისური ქინძისთავი (ეგრეთ წოდებული „ბულავკა“) რომ დამცავი თილისმაა, დღეს ეს ბავშვმაც კი იცის. მაგრამ, როგორ და სად უნდა დაიბნიოს ქალმა თუ მამაკაცმა ეს მაგიური ქინძისთავი ისე, რომ ავი თვალისგანაც დაიფაროს და ფულიც არ მოაკლდეს, ჩვენი რუბრიკიდან შეიტყობთ. ქინძისთავის დანიშნულებაზე, მის სწორად გამოყენებასა და მაგიურ ძალაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მერი წ.

- მეღიმება, როცა ისეთ განცხადებებს ვაწყდები, სადაც დაბეჯითებით ამტკიცებენ: ქინძისთავი ჯერ კიდევ წარმართების დროიდან იყო ბოროტი თვალისგან დამცავი თილისმა, რომელიც ცხოვრებაში - წარმატებას, საფულეში კი - ფულს იზიდავსო. სასაცილო ისაა, რომ ისეთი სახის ქინძისთავი, რომელსაც განცხადებებში გულისხმობენ (ინგლისური ქინძისთავი, ანუ ეგრეთ წოდებული, „ბულავკა“) მხოლოდ 1849 წელს გამოიგონეს. არადა, ის მართლაც ძლიერი დამცავი თილისმაა.

- აბა, ძველი დროში რა ნივთი ასრულებდა მსგავსს ფუნქციას?

- ძველად ყველაზე ძლიერი დამცავი ამულეტი ბეჭედი იყო. მისი გამოყენებით ტარდებოდა რიტუალები - მას ავი სულებისგან დასაცავად ტანსაცმლის ქვეშიდან, სარჩულში იკერებდნენ ხოლმე. წრე, უხსოვარი დროიდან ყველაზე ჯადოსნურ ფიგურად მიაჩნდათ და სამყაროს დაცვის სიმბოლოდ განიხილავდნენ. გარდა ამისა, ლითონი ენერგიის გამტარია, რომელსაც ნეგატივის მოზიდვა შეუძლია. შეკრული წრის შიგნით გამომწყვდეული უარყოფითი ენერგეტიკა კი სამუდამოდ იმარხება მის წყვდიადში. თუმცა ბეჭდის ეს ფუნქცია იშვიათად თუ ვინმეს ახსენდება დღეს, ქინძისთავის შესახებ კი თითქმის ყველამ პატარაობიდანვე იცის. მზრუნველი ბებიები მას ბავშვის საწოლს ამაგრებენ, ხოლო ახალგაზრდა დედები ამ ამულეტით საბავშვო ეტლს ამკობენ. მოზარდებიც ძალიან ხშირად ატარებენ ტანსაცმელზე დამაგრებულ ქინძისთავს.

- ბეჭდის შესახებ, გასაგებია, მაგრამ რატომ შეიძინა იგივე ფუნქცია ქინძისთავმა?

- უპირველესად იმიტომ, რომ ისიც ლითონისგან მზადდება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, უარყოფით ენერგეტიკას იზიდავს. მეორე მიზეზი ისაა, რომ წვეტიანია, რაც ლითონის უნარს - აითვისოს ნეგატივი, უფრო აძლიერებს... და, რა თქმა უნდა, შეკრული წრე - მსგავსი ბეჭდის რგოლისა, რომელსაც ერთ-ერთ წვერზე არსებული ზამბარა კიდევ უფრო აძლიერებს და ორმაგად კეტავს ნეგატივს. ერთადერთი პრობლემა ისაა, თუ როგორ უნდა მიიმაგროთ ის სწორად: შესაკრავით ქვევით თუ ზემოთ? იმისთვის, რომ ქინძისთავი მართლაც თქვენი დამცავი გახდეს, ვერტიკალურად უნდა მიამაგროთ ტანსაცმლის შიგნითა ნაკერს და აუცილებლად შესაკრავით ქვევით. მამაკაცის შემთხვევაში - ის ტანსაცმელზე გულის სარტყელში მაგრდება, ქალის კი - კაბის ბოლოს. მაგრამ არც ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ქინძისთავი ამუშავდეს. თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ის უნდა გააქტიურდეს, რისთვისაც მარტივი რიტუალია შესასრულებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქინძისთავი დარჩება მხოლოდ ქინძისთავად.

- რა რიტუალებია შესასრულებელი?

- დამცავ თილისმად ქინძისთავი, რომელიც იღბლისა და ფულის მოსაზიდად გამოიყენება, მხოლოდ ახალი უნდა იყოს. შესაბამისად, სამკერვალო ყუთში ჩაყრილი ქინძისთავები არ იმუშავებს და უფრო მეტიც, არც ვინმესგან ნაჩუქარი გამოდგება საამისოდ. ქინძისთავი, დამცავი თილისმის ფუნქციით, უნდა შეიძინოთ მილევადი მთვარის ფაზაში, ხოლო ფულის მოსაზიდად - მზარდი მთვარის დროს. არსებობს უამრავი სხვა დამცავი შელოცვაც, მაგრამ რომელსაც ახლა გაგაცნობთ, არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, არამედ - უნივერსალურიც. ის ერთნაირად კარგად მუშაობს როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის, შესაფერისია ასევე, ბავშვებისა და მოზრდილებისთვისაც... რადგან თავად მფარველი ანგელოზი ხდება მასში თქვენი დამცველი. მაშ ასე, სანთლის ალზე გაახურეთ ქინძისთავის წვერი და სამჯერ წარმოთქვით შემდეგი ფრაზა: „მფარველო ანგელოზო, გევედრები, ამაცილე უბედურება და დამიცავი მტრისგან, ამომაფარე შენს ზურგს და ყველგან ჩემთან ერთად იყავი.“ შემდეგ ტანსაცმელზე შესაბამის ადგილას მიიბნიეთ და საკეტიც ჩაკეტეთ. ყოველ 3 თვეში ერთხელ ქინძისთავი ახლით შეცვალეთ, მაგრამ, თუ მანამდე გამუქდა, გაიღუნა ან დაჟანგდა, სასწრაფოდ გადააგდეთ. თუ ქინძისთავი ძვირად ღირებული ლითონისგანაა დამზადებული (ვერცხლი, ოქრო), დაგროვილი ნეგატივისგან გასაწმენდად, ღამით მარილში მოათავსეთ.

- რაც შეეხება ფულს?

- ქინძისთავმა იღბალი ფულის მოსახვეჭად რომ გაგიხსნათ, ის მზარდ მთვარეზე უნდა გაააქტიუროთ და ტანსაცმლის ნაცვლად, საფულეს მიამაგროთ. უმჯობესია, ამისთვის ძალიან პატარა, დეკორატიული, ყვითელი ქინძისთავი გამოიყენოთ. გაცილებით ადვილია, ასეთი ქინძისთავი საფულეში ისე ჩაამაგროთ, რომ თვალი ვერავინ მოჰკრას. თუმცა მანამდე ის ჯერ უნდა გააქტიურდეს. მზარდი მთვარის ფაზაში, შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე, საფულიდან ყველაზე მსხვილი კუპიურა მარცხენა ხელით ამოიღეთ და ოთხივე კუთხე ქინძისთავით გაუხვრიტეთ, თან, შელოცვის სიტყვები წარმოთქვით: „გამაგრებ ქინძისთავით, რათა უკან შენი მეგობრებიანად დაგიბრუნო. ქინძისთავმა კვალი დატოვა და უკანაც დაგაბრუნებს. ჩემს სიტყვებს კი შენთან ერთად ვკეტავ“. მიზანშეწონილია, „შელოცვილი“ კუპიურა მომდევნო 3 დღის განმავლობაში დახარჯოთ, თან, თანხის გადახდისას, აუცილებლად გაიმეოროთ გულში: „რაც შეიძლება მალე დამიბრუნდი“... და მიუხედავად იმისა, რომ ქინძისთავის თილისმად გამოყენება საერთოდ არ დაწყებულა წარმართობის დროიდან, ის ნამდვილად ბევრ უბედურებას აგაცილებთ თავიდან. თუმცა, დაიჯერებთ თუ არა ამ ყოველივეს, თქვენზეა დამოკიდებული. გისურვებთ წარმატებას!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი