ქალი და კაცი

უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კარის გაღება

№36

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 18.09, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

პატივისცემა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიტყვა – „გთხოვთ“ და „მადლობა“; უფრო მეტია, ვიდრე მაგიდასთან კარგი მანერები და ოფიციანტებთან თავაზიანად საუბარი.

პატივისცემაა, როცა მეუღლე გწერთ, როცა იცის, რომ მოსვლა დააგვიანდება და ამისთვის თქვენ არ ინერვიულოთ. რადგან თქვენ მისი ცხოვრების ნაწილი ხართ და იმსახურებთ იმის ცოდნას, თუ რა ხდება.

პატივისცემაა, როცა კამათის დროს პარტნიორი თქვენს აზრს ითვალისწინებს, მაშინაც კი, თუ არ ეთანხმება, იმის ნაცვლად, რომ ყვირილი დაიწყოს და გითხრათ, რომ არასწორი ხართ. ეს დაპირება და კომპრომისია.

პატივისცემაა კამათში მკაცრი სიტყვების თქმისგან თავშეკავება. ეს ნიშნავს თქვენ მიმართ განსაკუთრებულ მოპყრობას, სიტუაციის მიუხედავად.

თუ არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც თავს კომფორტულად არ გაგრძნობინებთ, მაშინ მან ეს არ უნდა გაიძულოთ და ესეც პატივისცემის განმსაზღვრელია.

პატივისცემა ნიშნავს თქვენ მიმართ გულწრფელობას, მაშინაც კი როცა სიმართლე მწარეა. პატივისცემა რეალობაზე საუბარია მაშინაც კი, თუ თქვენ მოსმენილი არ მოგეწონებათ.

პატივისცემა თანასწორობაა. არ აქვს მნიშვნელობა, შარვალი გაცვიათ თუ კაბა.

პატივისცემაა მეგობრებისთვის თქვენი, როგორც მისი ცხოვრების თანამგზავრის, გაცნობა.

პატივისცემა თქვენი დაცვაა, როცა ვინმე თქვენი მისამართით უხეშ კომენტარებს ამბობს.

პატივისცემა ნებისმიერ ურთიერთობაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიყვარული.

თუ ის შეურაცხყოფას გაყენებთ, ყოველღამე გატირებთ და გღალატობთ, ესე იგი, პატივს არ გცემთ. და თუ პატივს არ გცემთ, თქვენი ღირსი არაა.

ურთიერთობაზე მუშაობა საჭიროა

გაირკვა, რომ 30 წლის შემდეგ შექმნილი ოჯახი იშვიათად იშლება. საქმე ისაა, რომ ბევრ რამეს მხოლოდ უფრო მოზრდილ ასაკში ვხვდებით. როგორ ცვლის ცხოვრებისეული გამოცდილება მამაკაცის ქცევას ურთიერთობაში, ანუ, რას აკეთებენ მამაკაცები ამ დროს. მივყვეთ თანმიმდევრობით. მაგალითად:

✔️20 წლის ბიჭი ფიქრობს, რომ თუ გოგოს გულს დაიპყრობს, ის უკვე არსად წავა. სინამდვილეში ურთიერთობის გაფუჭება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე გვგონია. 30 წლის შემდეგ მამაკაცმა უკვე იცის, რამდენად მნიშვნელოვანია, ბევრი დრო დაუთმოს საყვარელ ადამიანს, მასთან ერთად გადაწყვიტოს საყოფაცხოვრებო საკითხები და დათმობაზე წავიდეს;

✔️20 წლის ბიჭს ეჩვენება, რომ ბარი ან კლუბი საუკეთესო ადგილია გოგონას გასაცნობად, რადგან აქ სითამამისთვის 1-2 ჭიქის გადაკვრაც შეიძლება. თანამედროვე სექსოლოგები ირწმუნებიან, რომ ალკოჰოლით დაწყებული ურთიერთობა იშვიათად არის წარმატებული. უმჯობესია, თუ ცხოვრების მეგზურს გაიცნობთ იქ, სადაც ინტერესების მიხედვით იკრიბებიან ან, საერთოდაც, სამსახურში;

✔️ 20 წლის ასაკში კაცებს ეჩვენებათ, რომ ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ უნდა გიყვარდეს, მაგრამ 30 წლის ხვდება, რომ ყველას აქვს უფლება წარსულში სასიყვარულო ისტორია ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, ზრდასრული მამაკაცი წარსულს ფილოსოფიურად უდგება – რაც იყო, იყო, მნიშვნელოვანია, ახლა რა ხდება;

✔️არ არსებობს იდეალური მეორე ნახევარი და ეს შესანიშნავია! დიახ, არავინ არავისთვის არაა გაჩენილი. 30 წლის მამაკაცი ბედს თვითონ ქმნის, ამიტომ ამ ასაკში უკვე იცის, რომ იდეალური ადამიანები, უბრალოდ, არ არსებობენ და არაიდეალურ ურთიერთობებს ძვირფას ადამიანთან იწყებენ;

✔️ 20 წლის ბიჭს მიაჩნია, რომ მამაკაცი პრობლემებს თავად უნდა გაუმკლავდეს. რჩევის ან დახმარების თხოვნა მისთვის სისუსტის ნიშანია. ზრდასრულ ადამიანს ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა და პატივისცემა, ამიტომ თუ პრობლემები ექნება, მას თავის პარტნიორთან განიხილავს. 30 წლის შემდეგ მოდის ცოდნა, რომ სიყვარული მეგობრობის გარეშე შეუძლებელია, ხოლო ქორწინება იმისთვის არის, რომ ჭირსა და ლხინში ერთად იყოთ;

✔️ახალგაზრდა ბიჭებს ხშირად ჩხუბი და კონფლიქტი აშინებთ. პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, უპირატესობას დროებით გაუჩინარებას ანიჭებენ. იმედოვნებენ, რომ ასე გოგო უფრო დაწყნარდება და პრობლემაც თავისთავად მოგვარდება. სინამდვილეში ეს არ მუშაობს. უფრო პირიქით. ზრდასრულ მამაკაცს ესმის, რომ პრობლემის აღიარება უკვე შესანიშნავი დასაწყისია და დრო ყველაფერს დაალაგებს;

✔️თუ ახალგაზრდობაში მამაკაცს სახლის საქმეებზე სტერეოტიპი ჰქონდა, ზრდასრულ ასაკში მამაკაცებს სახლის საქმეებში მონაწილეობის არ რცხვენიათ და ესმით, რომ ასეთი საქმიანობა მეუღლესთან კიდევ უფრო აახლოებს;

✔️„მამაკაცმა თქვა – მამაკაცმა შეასრულა!“ – ზრდასრულმა მამაკაცმა სიტყვის ფასი იცის. ამიტომ თუ პირობას იძლევა, ცდილობს, პირობა შეასრულოს. საბოლოო ჯამში, ამაზეა დამოკიდებული, ქალი მომავალში გენდობათ თუ არა;

✔️„ჩემი ქმარი არასდროს იხდის ბოდიშს“ – ხშირად წუწუნებენ ქალები. ზრდასრული მამაკაცი საკმაოდ თამამია, რომ თავისი დანაშაული აღიაროს და ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს, ახალგაზრდა კი თავის სიმართლის დასამტკიცებლად ბოლო ხმაზე გაყვირის;

✔️ ნამდვილი გრძნობა ყოველდღიურობაში, წვრილმანებში ვლინდება. ახალგაზრდობაში გეჩვენებათ, რომ მთელი ცხოვრება ერთად ყოფნის პირობა და მთვარის შუქზე სერენადა საკმარისია, რომ სიყვარულის დემონსტრირება მოახდინოთ. ზრდასრული მამაკაცი თავის გრძნობას ქცევით გამოხატავს;

✔️ახალგაზრდობაში ეჭვიანობა რომანტიკულად გეჩვენებათ, ის ნამდვილი ვნების გამოვლენად მიიჩნევა. ზრდასრულმა ადამიანმა იცის, რომ გრძნობა მესაკუთრეობასთან კავშირში არაა და თავის პარტნიორს ენდობა,

სიყვარულს მთელი ცხოვრება ვსწავლობთ და ის ჯადოსნური აღმოჩენებით არის სავსე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი