ქალი და კაცი

სხვა რაკურსით

№12

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 04.04, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თითქმის ყველა ქალს აქვს სურვილი, ჰქონდეს ურთიერთობა „ცუდ“ ბიჭთან. ასეთი ტიპის ურთიერთობისგან ისინი იღებენ ვნებას, ურთიერთობებში მეტი დრამაა, მეტი სტრესი და ყველაფერი მოულოდნელი და წინასწარ დაუგეგმავია. „ჰოლივუდის“ ფილმებში ასეთ ურთიერთობებს მუდამ პოზიტიური დასასრული აქვს, რასაც ვერ ვიტყვით რეალურ ცხოვრებაზე. რადგან დგება მომენტი, როცა ქალი იღლება ყოველდღიური კამათითა და დაუგეგმავი სიახლეებით, სჭირდება სიმშვიდე, გვერდით კი – სანდო პარტნიორი.

თუ გაინტერესებთ, ცოტა სხვა რაკურსით შეხედოთ თქვენსა და თქვენი რჩეულის ურთიერთობებს და ყველაფერი ახლებურად შეაფასოთ, ამაში ეს ინსტრუქცია დაგეხმარებათ.

* ის ცხოვრების ნებისმიერი მცირე დეტალიდან იღებს სიამოვნებას;

* მას იშვიათად აქვს ხასიათის მკვეთრი ცვლილებები;

* არ აკეთებს დაუგეგმავ და გაუთვალისწინებელ სიურპრიზებს;

* როცა მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბი იგებს, ხარობს, როგორც ბავშვი. თქვენ კი ამის თვალ-ყურის დევნება გსიამოვნებთ;

* გულახდილია თქვენ მიმართ და თქვენით არ მანიპულირებს;

* არ არის წინააღმდეგი, ხანდახან სულელური რაღაცები გააკეთოს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გაგაღიმოთ;

* ის არ გცვლით თქვენ აზარტულ თამაშებსა და დროებით გასართობ ან საეჭვო საქმიანობებზე;

* თქვენ მაგივრად არასდროს მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს – ყოველთვის გაძლევთ არჩევნის საშუალებას;

* ბოლომდე გენდობათ, ზუსტად ისე, როგორც თქვენ – მას;

* მას არ აქვს კონფლიქტური და ცუდი ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენთვის ძვირფასია;

* შეუძლია, ნებისმიერ დროს გაგაღიმოთ და გამოგისწოროთ ცუდი ხასიათი;

* ყოველთვის შეგიძლიათ, მისი იმედი გქონდეთ;

* თქვენი მეგობარია და მის გვერდით თავს მშვიდად გრძნობთ – ეს უკანასკნელი აუცილებელი პირობაა.

მამაკაცს უნდა, რომ...

მამაკაცის გულის მოგება ადვილი არ არის. მათ ყველაფერი საუკეთესო უნდათ. მით უმეტეს მაქსიმალისტები არიან, როცა საქმე ცოლს ეხება.

მამაკაცს უნდა, რომ მისი ცოლი იყოს:

* მომხიბვლელი... და მარტო გარეგნულად არა, შინაგანადაც;

* უნდა ზრუნავდეს საკუთარ გარეგნობაზე. იყოს მოწესრიგებული, მოვლილი და აკურატული, თან შეინარჩუნოს ზომიერება ნებისმიერ კომპანიაში, სადაც ქმართან ერთად აღმოჩნდება, უნდა იყოს მხიარული, მაგრამ არა ვულგარული;

* ძლიერიც უნდა იყოს და ქალურიც. რა თქმა უნდა, ნაზიც და ყურადღებიანიც. ქმართან – ალერსიანი და შვილებთან – მკაცრი;

* სასურველია, შეეძლოს ფულის შოვნა. ასევე, თანხის ჭკვიანურად და პრაქტიკულად დახარჯვა;

* ცოლი ისე უნდა იქცეოდეს, რომ კაცს მის გამო არ შერცხვეს. არ იეჭვიანოს უსაფუძვლოდ და კამათის დროს ქუჩის ქალის ლექსიკამდე არ დაეცეს;

* უნდა უყვარდეს ქმარი და პატივს სცემდეს მას. უნდა შეეძლოს კაცის მოსმენა, ემთხვეოდეს მათი ინტერესები და სასაუბროდ საერთო თემებიც უნდა ჰქონდეთ;

* ყოველთვის უნდა გამონახოს ოქროს შუალედი, თუ ქმარს რაღაც არ გამოსდის, უნდა გაამხნევოს და დააჯეროს, რომ დღეს თუ არა ხვალ ყველაფერი კარგად იქნება – ეს ძალიან სჭირდება მამაკაცს.

ჯერ კარგად გავიგოთ

ადამიანებს ხშირად გვიწევს არჩევნის გაკეთება კარგსა და ცუდს, ცუდსა და უარესს, კარგსა და უკეთესს შორის.

შეიძლება, ვიფიქროთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სიტუაციის არსია განმსაზღვრელი. მაგრამ აუცილებელია, ჯერ კარგად გავიგოთ, რა გვინდა.

ჩვენ ვართ დამნაშავენი იმაში, რომ ხშირად აღმოვჩენილვართ გაუგებრობაში. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ის, რომ არჩევნის გაკეთების შემდეგ არ ვინანოთ. ეს ძალიან ინდივიდუალურია. აუცილებელია, ყველამ საკუთარი თავის, საკუთარი ბედნიერების გასაღები იპოვოს, რომ გაიგოს, ზუსტად რა უნდა.

თუმცა რამდენიმე აუცილებელი პირობის ცოდნა სასარგებლოა:

* უპირველესად, ნუ მისცემთ ვითარებას თქვენი დაძაბვის საშუალებას, გახსოვდეთ, ყოველთვის მოიძებნება „ოქროს შუალედი“. შეეცადეთ, პრობლემას მიუდგეთ საღი გონებით, მშვიდად. შეიქმენით შინაგანი განწყობა, რომ გამოსავალი არსებობს.

* უცხოეთში პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში გავრცელებულია „პლუს-მინუს“ მეთოდი, რაც გულისხმობს არჩევნის ვარიანტების დადებითი და უარყოფითი შედეგების შეჯერებას. მაგალითად ავიღოთ პროფესიის არჩევა: როცა ზუსტად არ იცით, რა საქმე გინდათ, რომ აკეთოთ და გაქვთ რამდენიმე ვარიანტი, ჩამოწერეთ ამ ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ცალკე – ჩამოწერეთ პლუსები, ცალკე – მინუსები. ეს გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას და პრიორიტეტების განსაზღვრას. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გადაწყვეტილებით კმაყოფილი იყოთ. უნდა გსიამოვნებდეთ ის შედეგი, რომელსაც აირჩევთ. რა თქმა უნდა, ძნელია ყველა სიტუაციისთვის ამ მეთოდის მორგება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ნამდვილად დაგეხმარებათ არჩევნის განსაზღვრაში;

* არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის არის ერთი სწორი პასუხი, რომლის აღმოჩენაც თქვენ გარდა არავის შეუძლია. მთავარია, არ შეშინდეთ, მოინდომოთ და საკუთარი თავის ირწმუნოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი