ქალი და კაცი

სიცოცხლეს უმწარებთ

№2

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 23.01, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

რაც უფრო ძლიერი ხდება მსოფლიოში ფემინისტური მოძრაობა, ქალებს მამაკაცების მიმართ უფრო მეტი პრეტენზიები უჩნდებათ. იმისთვის, რომ იდეალური მამაკაცის იმიჯს მიესადაგებოდეთ, გთავაზობთ ძლიერი სქესის წარმომადგენლების იმ თვისებებისა და ჩვევების ჩამონათვალს, რომლებიც ქალებს ძალიან აღიზიანებთ.

👉უნიტაზის თავსახურავის დახურვა ან, სულაც, წყლის ჩაშვება ავიწყდება – ქალი ოჯახურ ცხოვრებაში თითოეულ წვრილმანს დიდ ყურადღებას აქცევს, მათ შორის იმასაც, თუ როგორ იქცევა მამაკაცი საპირფარეშოში;

👉 შიშველი მამაკაცი წინდებით ქალში სიმპათიებს ნამდვილად არ იწვევს. მას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კაცს მუდმივად სადღაც ეჩქარება;

👉 მანქანის სიყვარული – ქალი ისეთი არსებაა, რომ შეუძლია, საყვარელი მამაკაცის მანქანაზეც კი იეჭვიანოს. როდესაც მამაკაცი საკუთარ მანქანას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ქალი ამ დროს მიტოვებულად გრძნობს თავს და ძალიან ღიზიანდება;

👉 ბევრს ჭამს ან ამ მხრივ პრეტენზიულია – ქალებს ნაკლებად მოსწონთ ისეთი მამაკაცები, რომლებიც ბევრს ჭამენ, მით უფრო, თუ მათ ნახელავს იწუნებენ. ასეთ შემთხვევაში ქალი იძულებულია, დააკმაყოფილოს მამაკაცის გასტრონომიული მოთხოვნები და მუდმივად სამზარეულოში იტრიალოს, თუმცა, ეს მათ გუნება- განწყობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს;

👉უკბილო ხუმრობები – ქალის გამხიარულება ძნელია. იმ ანეკდოტებზე, რომლებიც მამაკაცების საზოგადოებაში სიცილ-ხარხარს იწვევს, ქალებს არც ეღიმებათ;

👉 ჭუჭყიანი ფეხსაცმელები – ქალმა შეიძლება, ყურადღება არ მიაქციოს ძვირფას, ლამაზ ჰალსტუხს, მაგრამ ფეხსაცმელზე გართულება აქვს. მის თვალში მამაკაცის მიმართ სიმპათიები იკლებს, თუ ფეხსაცმელზე გაცვეთილ ქუსლს, გახსნილ ზონარებსა და ჭუჭყიან ზედაპირს დაინახავს;

👉 თუ წვეულებაზე სხვა ქალს ყურადღებას მიაქცევთ, ეს ტიპური მამაკაცური შეცდომაა. ნებისმიერ ქალს სურს, რომ საყვარელი მამაკაცი, მხოლოდ მისით იყოს აღფრთოვანებული. ამ წესიდან მცირედი გადახრაც კი ქალს საშინელი შურისძიებისკენ უბიძგებს.

თქვენი დრო მოვიდა

ნათესავები და მეგობრები ხშირად გეკითხებიან – როდის გათხოვდები? თქვენ კი ყოყმანობთ, არ იცით, ხართ თუ არა მზად ოჯახისთვის. არსებობს ნიშნები, რომლებიც აშკარად მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ დროა „გადაეშვათ“ ოჯახის შექმნის სამზადისში.

✔️ თქვენ ენდობით თქვენს პარტნიორს

თუ თქვენ ადვილად გეხერხებათ თქვენი ფარული ფიქრებისა და სურვილების გაზიარება პარტნიორისათვის და ისიც გიყვებათ საკუთარ გრძნობებსა და საიდუმლოებზე – ეს უკვე კარგი ნიშანია სერიოზული ურთიერთობისათვის;

✔️ერთობლივად იღებთ გადაწყვეტილებებს

არ არსებობს ურთიერთობა, სადაც დროდადრო თავს არ იჩენს კონფლიქტი. თუ თქვენ შეგიძლიათ, ერთმანეთს მოუსმინოთ ყოველგვარი შეურაცხყოფისა და დადანაშაულების გარეშე, ეს ყველაფერი ჯანმრთელი ურთიერთობების ნიშანია, რაც, თავის მხრივ, მყარი ფუნდამენტია ძლიერი ოჯახის შესაქმნელად;

✔️ ერთად აშენებთ სამომავლო გეგმებს

ხანგრძლივი და მყარი ქორწინებისთვის თქვენ და თქვენი მომავალი მეუღლე „ერთ ტალღაზე“ უნდა იმყოფებოდეთ. სხვა შემთხვევაში, მუდმივად მოგიწევთ მოერგოთ მის სურვილებსა და მოთხოვნილებებს, ანუ იცხოვროთ არა თქვენთვის, არამედ სხვისთვის;

✔️ შეგიძლიათ კომპრომისზე წასვლა

ხანდახან საჭიროა უკან დახევა და საკუთარ სურვილებსა თუ ინტერესებზე უარის თქმა. მზად ხართ ამისთვის? თქვენი პარტნიორი არის მზად? გახსოვდეთ, კომპრომისზე წასვლა ოჯახში ორმხრივი ქმედება უნდა იყოს და არა მუდმივი მსხვერპლი მხოლოდ ერთი პარტნიორისაგან;

✔️არ ცდილობთ, შეცვალოთ თქვენი პარტნიორი

თქვენ მოგწონთ ის ისეთი, როგორიცაა. არ ცდილობთ, შეცვალოთ მისი ხასიათი და ქმედებები. იგივეს ითქმის მასზეც;

✔️ვერ წარმოგიდგენიათ ცხოვრება მის გარეშე

მთავარი ნიშანი იმისა, ხართ თუ არა მზად დაქორწინებისათვის, თუკი პარტნიორი თქვენთვის ყველაზე ახლო ადამიანია ქვეყანაზე, თუკი თქვენ მოგწონთ მასთან ერთად ყოფნა, ვერ ძლებთ მის გარეშე და, რაც მთავარია, გსურთ მისი გაბედნიერება, ეჭვიც არ შეგეპაროთ – თქვენ ნამდვილად მზად ხართ ოჯახის შესაქმნელად!

მსხვერპლი თუ მონადირე

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ცოლიანი კაცის საყვარლის როლში ყოფნა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ქალებს შეუძლიათ.

პირველი არის „მსხვერპლი“

ამ ტიპის ქალები საკუთარ თავში დარწმუნებულები და დამოუკიდებლები არიან. სრულფასოვანი და საინტერესო ცხოვრებისათვის მუდმივად სჭირდებათ ადრენალინი. ისინი აბსოლუტურად გაცნობიერებულად ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრად ცოლიან მამაკაცს. ალბათობა იმისა, რომ საყვარელი მამაკაცის ცოლთან პრობლემები და კონფლიქტები ჰქონდეთ, საკმაოდ მაღალია. ზოგიერთ მამაკაცს ასეთი საყვარელი აწყობს კიდეც, რადგან ცოლის გვერდით სათანადო ემოციებს ვერ იღებს და თავგადასავლებს სხვაგან ეძებს.

მეორეა რომანტიკოსი

ეს ქალი მეოცნებე, რომანტიკული და გულწრფელია. ღრუბლებში დაფრინავს და მელოდრამების გავლენით ცხოვრობს. უცებ კი მის ცხოვრებაში ჩნდება ლამაზი, ჭკვიანი, თამამი, მაგრამ დაოჯახებული მამაკაცი. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს შანსი, გახდეს საყვარელი მამაკაცის ცოლი, თუ საქმე ჭეშმარიტ სიყვარულს ეხება.

მესამე და იშვიათი ეგზემპლარი – მზრუნველი

ასეთი ქალი ზრუნავს საყვარელ მამაკაცზე და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. მას აინტერესებს მისი სამუშაო, ინტერესები, ზრუნავს მის სიმშვიდესა და ყოველივე ამას აბსოლუტურად უანგაროდ აკეთებს. ასეთ დედიკო-საყვარლებს მეტი შანსი აქვთ, რომ ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინონ, რადგან მათი ერთგულება და უანგარო სიყვარული იმის გარანტიაა, რომ ყოველივე კონფლიქტებისა და გართულებების გარეშე მოგვარდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი