ქალი და კაცი

სიკეთე ურთიერთობას აზიანებს

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 10.10, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ზომიერება ყველა საქმეში აუცილებელია, მაშინაც კი, როცა საქმე სიკეთეს ეხება, არის სიტუაციები, როდესაც სიკეთის კეთება გადაჭარბებული და უადგილოა. მაგალითად:

• როცა ფიქრობთ, რომ თქვენ უკეთ იცით, მისთვის რა ჯობია.

ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუნდაც მცდარი. თავაზიანი რჩევა ან შეთავაზება ნორმალურია, მაგრამ ეცადეთ, არ გადააჭარბოთ. მიეცით ადამიანებს უფლება, რომ დამოუკიდებლად იცხოვრონ და ზოგჯერ შეცდომებიც დაუშვან.

• როცა ცდილობთ, ყველაფერი აკონტროლოთ.

გამუდმებით არკვევთ, ისაუზმა თუ არა თქვენმა პარტნიორმა, დალია თუ არა წამალი, წაიღო თუ არა ბავშვმა სკოლაში დღიური, ჩაიცვა თუ არა პალტო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამას ადამიანზე ზრუნვის გამო აკეთებთ და მაინც, მიეცით მას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და არ შეზღუდოთ მისი დამოუკიდებლობა.

• როცა ყოველთვის პოზიტიური ხართ.

ოპტიმიზმი შესანიშნავი თვისებაა, რომელიც რთული პერიოდის დაძლევაში გვეხმარება, მაგრამ ზღვარგადასული პოზიტივი გამაღიზიანებელია – განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ამ დროს პრობლემები აქვს.

• როცა ცდილობთ, ყველას ასიამოვნოთ.

მზად ხართ უკანასკნელი პერანგიც კი სხვას აჩუქოთ? თუ ასე გააგრძელებთ, ერთ მშვენიერ დღეს ძალა გამოგელევათ და მიხვდებით, რომ გარშემო მყოფები, უბრალოდ, თქვენით სარგებლობენ. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი უარის თქმა როგორც თქვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე სხვებთან ურთიერთობისთვის.

• როცა გამუდმებით სხვისი პრობლემების გადაჭრას ცდილობთ.

პარტნიორის კარგად ყოფნა რომ გსურთ, ნორმალური და ბუნებრივია, მაგრამ აუცილებელი არ არის, მისი პრობლემების მოსაგვარებლად თავქუდმოგლეჯილმა ირბინოთ. ჯერ ერთი, არავინ იცის, გამოგივათ თუ არა და რაც მთავარია, ნუ წაართმევთ ადამიანს შესაძლებლობას, რომ წარმატების სიხარული განიცადოს.

• როცა არასდროს არავისთან კამათობთ.

თუ კონფლიქტებს გამუდმებით გაურბიხართ, ეს სიკეთის კი არა, პასიურობის ნიშანია. მშვიდობიანი ატმოსფერო კარგია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ სხვადასხვა საკითხზე აზრის გამოთქმა შეიზღუდოთ.

• როცა გამუდმებით სხვებს იცავთ.

ძალიან ხშირად ასეთი ქმედების უკან იმალება სურვილი, აკონტროლოთ ყველაფერი, მათ შორის, პარტნიორის ქცევა. ადრე თუ გვიან, მას გაუჩნდება აზრი, რომ არ ენდობით. საყვარელ ადამიანს აუცილებლად უნდა მისცეთ საშუალება, რომ რისკებს თავად შეებრძოლოს.

არ გააკეთოთ მამაკაცისთვის...

მოგწონთ მამაკაცი და გინდათ მის გვერდით იყოთ? ეს ნორმალურია და თუ ამ რჩევებსაც გაითვალისწინებთ, ბედნიერებაც არ დააყოვნებს.

• არ დაეხმაროთ ფინანსურად.

რაც უნდა იწუწუნოს ფინანსურ პრობლემებზე, არ დაეხმაროთ თანხით. ეს დიდი შეცდომა იქნება. იცოდეთ, რომ ამან ბევრი ქალი დააზარალა.

• არ აჩუქოთ ძვირფასი ნივთები.

ნუ ეცდებით მამაკაცის გაოცებას ძვირფასი საჩუქრებით. უმჯობესია, აჩუქოთ სითბო, ნდობა, აღფრთოვანებული მზერა. ისე ნუ მოიქცევით, რომ თქვენი ურთიერთობიდან მუდმივად სარგებლის მიღების მოლოდინი ჰქონდეს.

• არ უსმინოთ მის წუწუნს, არ შეიცოდოთ.

მამაკაცებს უყვართ ქალებთან წუწუნი, თანაც – მხოლოდ ქმრებს არა. ქალები კი ფიქრობენ, რომ თუკი მამაკაცის პრობლემებს თანაგრძნობით მოისმენს, ამით ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს. მამაკაცებთან ეს არ მუშაობს. მამაკაცი ყოველთვის მოირბენს თქვენთან, როგორც მაშველ რგოლთან, როცა ცხოვრებისეული პრობლემები ექნება, გასართობად კი სხვაგან წავა. უბრალოდ, მიეცით დრო და თავი დაანებეთ. ის თავად გაუმკლავდება თავის პრობლემებს და საკუთარ შესაძლებლობებშიც უფრო დარწმუნდება. მამაკაცს ძალიან სჭირდება ცხოვრებისეული სირთულეები, გაკვეთილები, პრობლემები – სწორედ, ეს არის გასაღები მისი პიროვნებად და ნამდვილ მამაკაცად ჩამოყალიბებისთვის.

• არ მისცეთ რჩევები და რეკომენდაციები.

დაივიწყეთ! რომც გკითხოთ, როგორ მოვიქცეო, უნდა უთხრათ, რომ ეს მან უკეთ იცის. როცა რჩევას აძლევთ, ამით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებთ. მოდი, პასუხისმგებლობა მამაკაცს დაუტოვეთ, ეს მას უფრო სჭირდება.

თუკი თქვენ გადაწყვეტთ, რომ მისი გურუ გახდეთ და რაღაცები ასწავლოთ, იგი ნამდვილად დაგაფასებთ, ოღონდ, როგორც მასწავლებელს და შეიძლება, სამუდამოდ დაივიწყოს, რომ თქვენ ქალი ხართ. გაცილებით ეფექტური იქნება, თუკი თქვენ თავად იქნებით ბედნიერი, ხალისიანი და „მოციმციმე“.

და კიდევ – ნურასოდეს მოახდენთ მამაკაცზე ზეწოლას თქვენი ინტელექტით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი