ქალი და კაცი

როცა ერთმანეთს ჯერ არ იცნობთ

№35

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 11.09, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

რა უნდა ქნა, როცა სიყვარული საღ აზრს ახშობს? გთავაზობთ იმ დესტრუქციულ ნიშნებს, რომლებიც ახალგაზრდა წყვილისთვის მომავალში საფრთხეს წარმოადგენს. რაღაცის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

🔶 ერთმანეთისთვის დრო არ გაქვთ

სამსახურის საქმეებით, დიპლომის წერით ან თავისუფალ დროს მეგობრებთან ყოფნის აუცილებლობით თავი არ გაიმართლოთ. თუ თავიდანვე ყველაფერი რაღაც არ მიდის – შეხვედრები გადაგაქვთ და გამართლებას ეძებთ, რომ ერთმანეთს არ შეხვდეთ – ფაქტია, ეს ურთიერთობა არ გჭირდებათ. შეიძლება ჯერ მზად არ ხართ და უბრალოდ, შინაგან შიშებს ებრძვით ან ის თქვენი ადამიანი არ არის. როცა თქვენს ადამიანს იპოვით, უბრალო ცხოვრებისეული მიზეზი კი არა ბუნებრივი კატასტროფებიც კი ვერ შეგაჩერებთ. მაგრამ, აქვს კი ურთიერთობას მომავალი, როცა ერთმანეთისთვის არ გცალიათ?

🔶წერტილის დასმის გეშინიათ

რა გაერთიანებთ – სიყვარული, ჰობი, მარტოობა? რაღაც სერიოზული თუ ბავშვური გართობა? ნორმალურ ურთიერთობაში პარტნიორებს საკუთარი სტატუსის განხილვა, ლოდინი, მიჯაჭვულობა და ერთობლივი პერსპექტივები არ აშინებთ. უნდა გაარკვიოთ, თქვენ ან თქვენს პარტნიორს რისი ეშინია, ვინ ხართ ერთმანეთისთვის ან რა იქნება ხვალ...

🔶 თქვენი ნამდვილი სახის გამოჩენის გეშინიათ

სერიოზული ურთიერთობა გულწრფელობას მოითხოვს. ერთმანეთს თითქოს იცნობთ, მაგრამ ყოველ ნათქვამ სიტყვას აკვირდებით, საათობით ფიქრობთ, რა პასუხი გასცეთ სოციალურ ქსელში. საყვარელი ადამიანის ქცევის შესახებ მეგობრებს რჩევებს ეკითხებით? ესე იგი, აქ რაღაც რიგზე არაა. რატომ გეშინიათ, იყოთ ნამდვილი? გახსოვდეთ, რაც უფრო მალე გააცნობთ ადამიანს თქვენს ნამდვილ სახეს, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, არჩევანში შეცდომა არ დაუშვათ.

🔶მხარდაჭერას ვერ გრძნობთ

როცა ადამიანი მოგვწონს, ყველაფრისთვის მზად ვართ, რომ მისი ნდობა მოვიპოვოთ, მისი ღიმილი დავინახოთ. თუ მართლა უყვარხართ ყოველთვის მოგისმენთ, შეეცდება გააკეთოს ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებშია.

🔶საკუთარი საქციელის გრცხვენიათ

თუ ნამდვილი სახის ჩვენება, რეალური საზრუნავის გაზიარება გიჭირთ, მომავალში რისი იმედი გაქვთ? გაარკვიეთ, მიზეზი თქვენშია თუ თქვენს პარტნიორში და სიტუაცია შეცვალეთ. მოსიყვარულე ადამიანებს ერთმანეთის არ უნდა ერიდებოდეთ.

🔶ერთმანეთის მიზნებსა და პრიორიტეტებზე არ საუბრობთ

უკვე კარგა ხანია, ერთმანეთს ხვდებით, მაგრამ საყვარელი ადამიანის შესახებ თითქმის არაფერი იცით? რა არის მისთვის პრიორიტეტი? იქნებ თქვენ ოჯახის შექმნაზე ფიქრობთ, ის კი – მხოლოდ გართობაზე? ან ცხოვრების მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა გაქვთ: ერთს ყოველთვის ყველაფრის დაგეგმვა ურჩევნია, მეორეს კი – დღევანდელი დღით ცხოვრება. ერთმანეთის ღირებულებების უცოდინრობამ შეიძლება, ურთიერთობას წერტილი დაუსვას.

🔶 ერთად ხართ, მაგრამ თავს მარტო გრძნობთ

სალაპარაკო არაფერი გაქვთ, თუ თქვენ გვერდით მეგობრები არ არიან. სამყაროს მიმართ სხვადასხვა ხედვა, სხვადასხვა მიზნები გაქვთ, ერთმანეთი რომ არ დახოცოთ, ცდილობთ, თავისუფალი დრო ჰობით შეავსოთ. არ იცით, როგორ ეკონტაქტოთ ან სად დახარჯოთ ენერგია. ეს მნიშვნელოვანი მიზეზია, დაფიქრდეთ, სწორი პარტნიორი აირჩიეთ თუ არა.

ცოლი – უფრო მნიშვნელოვანი

ბავშვები ძალიან გვიყვარს და ისინი ცოლ-ქმრის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მაგრამ, ასევე, არსებობს „ჩვენ“, რაც ყველა წყვილისთვის მნიშვნელოვანია. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ურთიერთობა ჰარმონიული და ჯანსაღი დარჩეს. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი გვახსოვდეს:

🔶 ჯანსაღი ქორწინება ოჯახის ქვაკუთხედია

უნდა იცოდეთ, რომ ოჯახის ქვაკუთხედი მხოლოდ თქვენი შვილები არაა. ისინი საძირკვლის ნაწილია. მაგრამ მთელი კონსტრუქცია მათ არ უჭირავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ თქვენ და თქვენი პარტნიორი. ბავშვები თქვენ გიყურებენ, მაგალითს იღებენ და მიმართულებას თქვენი გამოცდილებით ირჩევენ.

🔶ბავშვების გაჩენამდე იყავით „თქვენ“ – თქვენი წყვილი

ოჯახი ბავშვებით არ იწყება. ჯერ თქვენ ერთმანეთი გიყვარდებათ, ერთად სეირნობთ, დილამდე საუბრობთ და ბოლოს ერთად ცხოვრების გადაწყვეტილებას იღებთ. ბავშვებს ოჯახში სინათლე და სიხარული შემოაქვთ, თუმცა ამან თქვენი კავშირი კი არ უნდა შეასუსტოს, პირიქით, უნდა განამტკიცოს.

🔶მას შემდეგ, რაც ბავშვები გაიზრდებიან, მარტო ორნი დარჩებით

სამუდამო არაფერია. ბავშვები გაიზრდებიან და ბუდიდან გაფრინდებიან. დაე, მათ დამოუკიდებლად იცხოვრონ. თქვენი ურთიერთობა კი ისეთივე ძლიერი უნდა იყოს, როგორც დასაწყისში. ასეთი მომავლის უზრუნველსაყოფად კი ახლა უნდა იმუშაოთ.

🔶 ბავშვებს კარგი მაგალითი უნდა უჩვენოთ

ბავშვები გვიყურებენ და ჩვენგან მაგალითს იღებენ. სწორედ ჩვენგან სწავლობენ, როგორ ააშენონ და შეინარჩუნონ ურთიერთობა. ხშირად აღზრდა უფროსებს სჭირდებათ და არა ბავშვებს. პარტნიორთან ჯანსაღი ურთიერთობა პრიორიტეტი უნდა იყოს – ბავშვები ხომ ჩვენი შემხედვარე სწავლობენ.

თქვენ უნდა იზრუნოთ ბავშვებზე, მაგრამ უპირველესად ეცადეთ, მეუღლესთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. როცა ბავშვები ხედავენ, რომ მამას დედა უყვარს და დედა მამას პატივს სცემს, ისინი ხვდებიან, რომ მშობლებს შვილებიც ძალიან უყვართ, მათთვის ძვირფასი და ღირებულნი არიან. ასე უფრო თავდაჯერებულნიც ხდებიან.

ჩვენ გიჟური გრაფიკით ვცხოვრობთ – საქმე, საქმე და საქმე. კიდევ ბავშვები – მათ დიდ ყურადღებას ვუთმობთ. თვეში ერთხელ მაინც დაგეგმეთ პაემანი საკუთარ მეუღლესთან. მხოლოდ თქვენ ორნი და არავინ სხვა... იმიტომ, რომ პირველად იყო „ჩვენ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი