ქალი და კაცი

როდესაც საქმე სიყვარულს ეხება

№28

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 24.07, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ვაღიაროთ, რომ ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ტვინის ემოციური ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ლოგიკა, როდესაც ჩვენ ემოციურად მიჯაჭვულები ვართ კონკრეტულ სიტუაციას და გადაწყვეტილებას ყოველთვის სწორედ ჩვენი ემოციების სასარგებლოდ ვიღებთ. ეს ცხოვრების ყველა ასპექტზე ვრცელდება: ვწუწუნებთ წონაზე, მაგრამ მაინც ვჭამთ ნამცხვრის კიდევ ერთ ნაჭერს. ვამბობთ, რომ არ გვაქვს ამ ფეხსაცმლის ყიდვის ფუფუნება, მაგრამ მაინც ვიზომავთ და საფულედან საკრედიტო ბარათს ვიღებთ...

ეს დამოკიდებულება არსად ისე აშკარა არ არის, როგორც პირად ურთიერთობებში წლების განმავლობაში აგრძელებთ იმ ურთიერთობაში ყოფნას, სადაც ბედნიერი არ ხართ. ინტუიცია გეუბნებათ, რომ გაიქცეთ, მაგრამ თქვენ მაინც რჩებით. იმიტომ, რომ თქვენ ემოციები გმართავთ! არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მწარეა თქვენი რეალობა, მაინც იპოვით ყველა საბაბს, დასაბუთებას და გამართლებას, თუ რატომ უნდა დარჩეთ.

შეგინიშნავთ, რამდენად ადვილია სხვებისთვის სასიყვარულო რჩევის მიცემა? მაგრამ როდესაც საქმე თქვენს ურთიერთობას ეხება, არ აკეთებთ იმას, რასაც სხვას ურჩევთ. თქვენთვის ადვილია იმის დანახვა, რომ ის ბიჭი თქვენს მეგობარს ისე არ ექცევა, როგორც იმსახურებს და პრობლემას არ წარმოადგენს დაინახოთ, რა არის ცუდი ამ ურთიერთობაში.

თუ არ ისწავლით ლოგიკურად აზროვნებას და არ მიიღებთ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა არის სწორი და საუკეთესო თქვენთვის, ამ ემოციურ ატრაქციონში თავბრუ აუცილებლად დაგეხვევათ.

გსურთ, გაიგოთ, რომელია საუკეთესო არჩევანი თქვენთვის? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარიც იმავე სიტუაციაშია. დაფიქრდით, რას ურჩევდით მას და მერე ამ რჩევას მიჰყევით.

უთქვენოდ რომ ვერ ძლებდეს

ყველა ქალმა როდი იცის, როგორ მოხიბლოს მამაკაცი. თუმცა, ამის სურვილი ყველას აქვს. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას.

* ვინც რა უნდა გითხრათ, ფაქტი ერთია, ყველა მამაკაცი, უპირველესად, იმას უყურებს, როგორ გამოიყურებით, სამუდამოდ დაივიწყეთ სიტყვა „ასეც გამოდგება“. ქალი მუდამ შეუდარებლად უნდა გამოიყურებოდეს, იმის მიუხედავად ბევრი ადამიანი უცქერს მას თუ მხოლოდ ერთი მამაკაცი;

* არ დაივიწყო, რომ გარშემო ბევრი მომხიბლავი ქალია. თუ გინდათ, რომ მამაკაცმა სწორედ თქვენზე შეაჩეროს არჩევანი, აუცილებელია, მათგან ცოტათი მაინც გამოირჩეოდეთ;

* ყურადღება მიაქციეთ თქვენი სიარულის მანერას. შეიძლება, გგონიათ, რომ კარგად დადიხართ, მაგრამ მაღალი ქუსლები სულ სხვა ელფერს შეგძენთ და მამაკაცების ყურადღებასაც მიიპყრობს;

* მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალის სახე ღიმილითაა განათებული. ასეთ ადამიანებთან სასიამოვნოა საუბარი და ხშირად მზესაც ადარებენ. ისინი გარშემო მყოფებს სითბოს ჩუქნიან;

* არასდროს მისცეთ თქვენს თავს უფლება, მამაკაცთან გაჩეჩილი თმებით წარსდგეთ. გაქვთ თუ არა ამის განწყობა, ნუ ჩაიცვამთ გაწელილ სვიტერს და გაცვეთილ შარვალს. პატივი ეცით თქვენს თავსაც და გარშემო მყოფებსაც, არავის მოეწონება ჩამოძონძილი ადამიანის ცქერა;

* მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალი ადვილად დასაყოლიებელი არაა. ისინი თავს მონადირეებად თვლიან. მაგრამ ნუ იქნებით მკაცრი და დააკვირდით, როგორ ცდილობს ის თქვენი გულის მოგებას;

* ქალი, რომელმაც ყველაფერი იცის და ამის დემონსტრირებას ახდენს, კაცისთვის არასდროს მოიაზრება ცხოვრების თანამგზავრად. ისინი პატივს სცემენ ასეთ ქალს, მაგრამ მათი შეყვარება არ სურთ. კაცები ვერ ეგუებიან იმას, რომ ქალმა შეიძლება, მათზე მეტი იცოდეს;

* უკარება ქალი მიმზიდველია, თუმცა არა ყოველთვის. თუ ეს ზედმეტად გამოხატეთ, კაცმა შეიძლება, სულაც მიგატოვოთ. ნუ გაუშვებთ მას. შეეცადეთ იყოთ ალერსიანი. მამაკაცს სჭირდება ისეთი ქალი, რომელიც მოუსმენს და გაუგებს და არა მშვენიერი ყინულის დედოფალი;

* ნუ გაიქცევით პირველივე შემხვედრთან. თუ ხვდებით, რომ თქვენდამი ნაკლებ ყურადღებიანია, თამამად მიატოვეთ. ქალი, რომელიც თავის თავს აფასებს, ყოველთვის ნახავს შესაფერის მამაკაცს.

ისინი გონების ჩურჩულს უსმენენ

ყოველთვის ასეა, ინტუიცია წინ გიბიძგებთ, უკეთეს გზას გიჩვენებთ. სამყარო გამუდმებით გველაპარაკება ნიშნებით, მოწოდებებით, იდეებითა და შთაგონებით. აბა, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ შეგრძნებებს. დაუკავშირდით ინტუიციას და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ვგრძნობ? გამომივა ეს საქმე? ეს ადამიანი გულწრფელია? ეს შესაძლებლობა ნამდვილად ჩემთვისაა?.. საუბარია გრძნობაზე, რომელიც უკავშირდება იმას, რისი გაკეთებაც გსურთ ცხოვრებაში. დააკვირდით, როგორ ვეწინააღმდეგებით ამ შინაგან ხმას. ამასთან, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს გრძნობებს. ხშირად, ისინი სხვა მიმართულებით გიბიძგებენ. თქვენი ინტუიცია კი მუდმივად აქტიურია, გეუბნებათ, რა უნდა გააკეთოთ და რა გზა არ უნდა აირჩიოთ. მოუსმინეთ მას! სხვა შემთხვევაში, თქვენ მუდმივად კონფლიქტის ენერგიაში იქნებით და იმავე სიტუაციებს მოიზიდავთ. აირჩიეთ საკუთარ თავთან მშვიდობიანი ცხოვრება და სწორედ ასეთივე გახდება თქვენი ყოველდღიურობაც.

რჩევა, რომელიც ძალიან გამოგადგებათ: ყოველ დილით დაწერეთ რამდენიმე ფრაზა, რათა თქვენი გონებიდან დაგროვილი „ნაგავი“ – ნეგატივი გამოიტანოთ. შეგიძლიათ, იგივე გააკეთოთ ძილის წინ. როგორც კი გონებას გაასუფთავებთ, იდეები გამრავლდება. ეს პროცესი ინტუიციასთან დაკავშირების საუკეთესო გზაა!

ყურადღება მიაქციეთ თქვენს სხეულში არსებულ გრძნობებს. ჩვენ ვიყენებთ სხეულ-ტვინს, როგორც თარჯიმანს სამყაროს მოსასმენად. ყურადღებით მოუსმინეთ, რას გეუბნებათ თქვენი სხეული, მან ყველაზე უკეთ იცის, რა გჭირდებათ.

იმისათვის, რომ გახდეთ უფრო ინტუიციური, სცადეთ ეს მარტივი სავარჯიშო:

ჩამოწერეთ სამი რამ, რის გაკეთებასაც თქვენი გონება გკარნახობთ. ეს შეიძლება, იყოს როგორც მნიშვნელოვანი, ასევე, უმნიშვნელო რამ. იფიქრეთ იმ პირველი ნაბიჯის შესახებ, რომლის გადადგმაც შეგიძლიათ. დააკვირდით თქვენ ირგვლივ მიმდინარე პროცესებს – ამიერიდან მთელი სამყარო დაგეხმარებათ, რათა ეს სამი სურვილი თქვენს რეალობად იქცეს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი