ქალი და კაცი

რატომ უნდათ კაცებს ცოლებიც და საყვარლებიც და რატომ არ უნდა მოითმინოს ეს ქალმა

№4

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 04.02, 2021 წელი

ნიღბით და უნიღბოდ
დაკოპირებულია

 არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც თავადაც ვერ გაუგიათ, ცხოვრებისგან ან საყვარელი ქალისგან რა უნდათ. პრობლემებს, ძირითადად, სხვებში ეძებენ და ყოველთვის სხვებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ცხოვრება ვერ ააწყვეს. ნებისმიერი ქალის გვერდით შეიძლება, აღმოჩნდეს  კაცი, რომელიც მას გაურკვეველ ვითარებაში ამყოფებს. ბოლოს ისინი ერთმანეთს მაინც გაშორდებიან, მაგრამ ამას „შეეწირება“ დრო, სიმშვიდე, ბავშვების  კარგად ყოფნა და შესაძლოა, ჯანმრთელობაც. 

ეკა (45 წლის): ოჯახი 20 წლისამ შევქმენი, რამდენიმე წლის შემდეგ კი გავშორდით. მიზეზი მეუღლის ღალატი იყო. მართალია, ოჯახის დანგრევას არ ფიქრობდა, თუმცა, ვერც საყვარელს თმობდა. თავსაც იტყუებდა და მეც ტყუილში მაცხოვრებდა. სიმართლე ახლობლისგან შევიტყვე, მანამდე ეჭვიც არ გამჩენია. ის ქალი, ვისთანაც მღალატობდა, მისი თანამშრომელი იყო. ქმარი მიმტკიცებდა, მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებსო. მინდოდა, დამეჯერებინა, მაგრამ ეჭვებმა ლამის მომცელა. ვერ გამოვიჩინე გონიერება, თავი ვერ შევიკავე და სიტუაციის გასარკვევად იმ ქალს შევხვდი. მან, რა თქმა უნდა, არ დამიდასტურა, სიმართლე დამალა, მაგრამ აქედან დაიწყო ჩემი ოჯახის ნგრევა. ქმარმა არ მაპატია, როგორ თუ მასთან მიხვედი, თავზე გადამიარეო და ჩვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ოჯახის დანგრევა მძიმედ გადავიტანე. დიდი დრო დამჭირდა, ჩემს თავს რომ დავბრუნებოდი.
– ინანეთ იმ ქალს რომ შეხვდით?
– დიახ, დამრჩა განცდა, რომ ჭკვიანურად ვერ მოვიქეცი და რაღაც არასწორად გავაკეთე. ძალიან ძნელია, ორი ბავშვით მარტო დარჩე. მართალია, მშობლები მეხმარებოდნენ, მაგრამ მარტოობას ვერაფრით ვივსებდი. ჩემმა ყოფილმა ქმარმა ცოლი შეირთო, სხვათა შორის, ის ქალი არა, სხვა. როგორც ხდება ხოლმე, ჩვენკენ ნაკლებად იხედებოდა.
– დროთა განმავლობაში თქვენს ცხოვრებაშიც შემოვიდა სიახლე.
– გავიცანი მამაკაცი, რომელმაც ყურადღება მომაქცია, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ მეუღლესთან ურთიერთობა დალაგებული არ ჰქონდა. მეტწილად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ერთმანეთს გავუგეთ, პირად ამბებს ვუყვებოდით და ვანუგეშებდით. ერთმანეთს ვავსებდით. მეგობრობა გაღრმავდა და სხვა გრძნობაში გადაიზარდა.
– ანუ, სიყვარულში?
– შეგნებულად არ ვთქვი სიყვარულში-მეთქი. ვინაიდან რაც მას დაემართა, არ შეიძლება, სიყვარული ეწოდოს. თავიდან ერთგულად მედგა გვერდში, რამდენიმე წელი კარგად ვიყავით, მერე დაიწყო არევა, უაზროდ მიხირდებოდა, ნერვებს მიჭამდა, მეც მანგრევდა და თავსაც ინგრევდა.
– როგორ ფიქრობთ, მიზეზი რა იყო, პირველი ოჯახის დანგრევა ხომ არა?
– მისი ოჯახის დანგრევა არ მიფიქრია, ამ ცოდვაში ფეხს როგორ ჩავდგამდი! პირიქით, ცოლზე თუ დაიჩივლებდა, ვცდილობდი, ქალის პოზიცია ამეხსნა მისთვის, რომ ბრაზი განელებოდა – ყველაფერში ცოლი როდი იყო დამნაშავე. ეტყობა, ამით უფრო აეწეწა ფიქრები. ცოლთან რომ დაალაგებდა ურთიერთობას, მერე მე მაბრაზებდა, საშინლად იქცეოდა.
– თქვენ რატომ ითმენდით მის ახირებებს?
– ჩვენი მეგობრობის პატივისცემით ვიტანდი, თუმცა სულ მჭირდებოდა ახსნა, რაში ტყუოდა და როგორ უნდა მოქცეულიყო. თუ გამაბრაზებდა, მერე ბოდიშებს მიხდიდა, შერიგებას მთხოვდა და მეც ვპატიობდი.
– თავის საქციელს როგორ ხსნიდა?
– ამბობდა, ერთად რომ ვცხოვრობდეთ, აღარ აგიხირდებოდიო. თუმცა ცოლობა არ შემოუთავაზებია. ამბობდა, ბედნიერი ვიქნებოდი, თავიდანვე რომ შეგხვედროდიო, მაგრამ ისიც მითხრა, სხვის ნაცოლარს ცოლად არასდროს მოვიყვანო. გამოდის, ჩემი ცოლად შერთვა არც უფიქრია. არც ის უნდოდა, ჩემი ბავშვების გამო თავისი შვილებისთვის მოეკლო რამე, თუმცა ვინ სთხოვდა?! პირიქით, სულ ვეუბნებოდი, ზედმეტი არ დახარჯო, შენს შვილებს მოახმარე-მეთქი.
ქორწინება რომ შემოეთავაზებინა, დათანხმდებოდით?
– ალბათ, დავთანხმდებოდი, დაუკანონებელ ურთიერთობას მაინც სჯობს – მორალურად უფრო სუფთა ხარ. ამბობდა, ბუნებით ერთგული ვარო. ფაქტია, მეუღლის მიმართ ერთგული არ იყო, თუმცა ჩემი ცოლად შერთვაც არ უნდოდა, რაკი განათხოვარი ვიყავი და შვილებიც მყავდა. არც თავს მანებებდა. ამან მეც ჩიხში მომამწყვდია და ჩვენი ურთიერთობაც.
– ასეთი ურთიერთობა, როგორც წესი, ადრე თუ გვიან, მარცხით მთავრდება.
– ასეა. ჩვენი ურთიერთობაც დასრულდა. შეიძლებოდა, კიდევ გაგრძელებულიყო, მაგრამ ზღვარს გადავიდა. ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა, ჩემს პირად სივრცეში უხეშად იჭრებოდა. ცდილობდა, დავემცირებინე, როგორც ქალი. ძველ ამბებს მიხსენებდა, რომლებთანაც შეხება არც ჰქონდა. მეუბნებოდა, ღირსი ხარ, ქმარი რომ გაგშორდა, უტვინოდ მოექეცი, მის საყვარელს საქმის გარჩევა რომ დაუწყეო. შენი ქმარი მაგარი კაცი ყოფილა, შენ რომ გიძლებდა. ან კიდევ, რა ცოლად შესართავი იყავიო. წინ დამახვედრა ყველაფერი, რის შესახებაც ჩვენი მეგობრობის განმავლობაში გულწრფელად ვუამბე და გავანდე. ჩვენი ურთიერთობა გაუსაძლისი გახდა და წერტილი დავუსვი. რთულად მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ გადავლახე. თავიდან ვერ აცნობიერებდა, რომ ურთიერთობა დამთავრდა და იმ დროში გადავარდა, როცა ერთმანეთთან კარგად ვიყავით. უკვირდა, რა დაგიშავე, რომ უარმყოფო. ღალატად მითვლიდა. ძნელად გააცნობიერა რეალობა. ჩვენი გზები გაიყარა. ის ისევ ცოლ-შვილთან დარჩა. ბევრი რამ გადაფასდა ჩემშიც. წლების განმავლობაში ერთმანეთთან შეხება აღარ გვქონია. ბავშვები გავზარდე, ბევრს ვშრომობდი, წელებზე ფეხს ვიდგამდი. გვერდზე არ გამიხედავს. 45 წლის რომ შევსრულდი, მეგობრებმა პატივი მცეს და იუბილე რესტორანში გადამიხადეს. იქ გავიცანი ქვრივი მამაკაცი. სხვა სუფრასთან იჯდა, ჩემს მეგობარს იცნობდა. მამაკაცური პატივისცემა და ყურადღება გამოავლინა, ამით დამამახსოვრა თავი. რამდენიმე ხნის შემდეგ შემთხვევით მოვხვდით ერთად. მას შემდეგ დავმეგობრდით. იმდენი სითბო მაგრძნობინა, ქორწინებაზე დამითანხმა. არადა არ ვფიქრობდი, არ ვაპირებდი. ჩემი ქალიშვილი გათხოვდა, ბიჭმა ცალკე, დამოუკიდებლად ისურვა ცხოვრება და ჩემი გათხოვებით ამის საშუალება მიეცა. ყველა ჩემიანი შეგნებულად შეხვდა ჩემს გათხოვებას: მშობლები, შვილები, ნათესავ-მეგობრები, მძახლები, ჩემი ყოფილი მეუღლეც კი. თავიდან ჩემს ვაჟს ჰქონდა უკმაყოფილების განცდა. მერე მამამისი ჩაერია და ჩემკენ მოაბრუნა. ყოფილ ქმართან ცივილური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მეუღლეებთან ერთად შევხვდით და შევრიგდით, ძველი წყენა დავივიწყეთ. ახლა ვფიქრობ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ამაზე ჭკვიანური არაფერი გამიკეთებია. ქალს ნამდვილად სჭირდება გვერდით ადამიანი, მეორე ნახევარი, მეგობარი. მიკვირს იმ ქალების, ასაკში რომ ეყრებიან ქმრებს, თუნდაც, ღალატის გამო. თავის დროზე ასე რომ მეაზროვნა, სხვაგვარად მოვიქცეოდი, ოჯახს შევინარჩუნებდი და ცხოვრებას არ ავირევდი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი