ქალი და კაცი

რადგან მე ის მიყვარს

№1

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 17.01, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ფილოსოფიური კამათი თემაზე – „რა არის სიყვარული“, უაზრობაა, რადგან ამაზე ყველას საკუთარი პასუხი ექნება. ცნობილმა ფსიქოლოგმა, ერიხ ფრომმა მარტივი ფორმულა ჩამოაყალიბა: მე მჭირდება ადამიანი, რადგან მე ის მიყვარს.

დიახ, ადამიანებს ერთმანეთი სჭირდებათ, რადგან უყვართ და ამ ურთიერთკავშირში ეს წარმმართველი გრძნობაა. თუმცა, რეალობა სხვაა – როდესაც თქვენ ადამიანი გიყვართ, რადგან თქვენ ის გჭირდებათ, ეს სიყვარული კი არა დამოკიდებულებაა.

გრძნობები ადამიანის საქციელსა და ისეთ მცირე დეტალებში გამოიხატება, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით ვერც შეამჩნიოთ.
აი, მახასიათებელი ნიშნები იმისა, რომ თქვენ ნამდვილი სიყვარული იპოვეთ:
🔴 „პეპლები მუცელში“ – ეს ფრაზა ალბათ, ბანალურად და შესაძლოა, მოგონილადაც კი ჩათვალოთ, მაგრამ ფსიქოლოგების მიერ დამტკიცებული ფაქტია, რომ ნამდვილად არსებობს. თქვენ ყველა ადამიანის მიმართ არ განიცდით იმ საოცარ ეიფორიას, რასაც მუცელში პეპლების ფრენა ჰქვია. ეიფორიის იმპულსები მუცლიდან ტვინსა და გულს გადაეცემა. ამ დროს სხეულში ნერვიულობის მსგავსი გრძნობა გეუფლებათ, უნებურად იძაბებით, როცა მას ხედავთ და მისი წამიერი შეხების შეგრძნებაც კი დიდხანს გაგყვებათ;
🔴 ჩახუტება – თუ მისი ჩახუტებისას გრძნობთ, რომ შეგიძლიათ, ასე მთელი ცხოვრება გაატაროთ, ეს მშვენიერი ნიშანია იმისა, რომ თქვენ გვერდით ნამდვილი სიყვარულია.
🔴 მასთან სიახლოვე გინდათ – მაშინაც კი, როდესაც სამსახურის საქმით ხართ დაკავებული, იცით, რომ თქვენი რჩეული თქვენგან შორსაა, მაგრამ თქვენი გული „სიახლოვეს“ ითხოვს. ფსიქოლოგების აზრით, ახლოს ყოფნის სურვილი იმის ძლიერი ინდიკატორია, რომ თქვენ ის გიყვართ;
🔴 მოტივაცია – შესაძლოა, არ შეგეძლოთ გრძნობების ღიად გამოხატვა, მაგრამ ეს აუცილებლად გამოვლინდება საქციელში. ხდებით ბევრად მოტივირებული, გინდათ, ყველაფერი უფრო კარგად გააკეთოთ, იმიტომ, რომ საყვარელი მამაკაცის თვალში ბევრად სასურველი წარმოჩნდეთ;
🔴 ხასიათის ცვლილებები – ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ შეყვარებულ ადამიანს თვალები ყოველთვის უბრწყინავს. როცა ის თქვენ გვერდითაა, თითქოს ენერგიას ასხივებთ, ხდებით ბევრად მხიარული, ბევრს იღიმით, მისი წასვლის შემდეგ კი ღიმილი კვლავ რჩება თქვენს სახეზე – ეს სიყვარულია;
🔴 ადრენალინი – თქვენ საყვარელი ადამიანის ნახვის დაუოკებელი სურვილი გაქვთ, ყველაფერს აკეთებთ, რომ დრო ერთად გაატაროთ. ცდილობთ, თავგადასავლები დაგეგმოთ და ისიამოვნოთ;
🔴 ლტოლვა – ჯანსაღი ურთიერთობისთვის ლტოლვა ისეთივე აუცილებელი ნაწილია, როგორც საუბარი, სეირნობა, მოსმენა და სხვა. ხშირად ლტოლვას „ქიმიასაც“ უწოდებენ. თუ თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი სექსუალურად გიზიდავთ და გაქვთ ის ნაპერწკალი, რასაც ვნება ჰქვია, თქვენ ნამდვილად ჯანსაღი ურთიერთობა გელოდებათ.

როგორ დავიბრუნოთ იგი

თუ თქვენ ის ისევ გიყვართ, შეგიძლიათ, ურთიერთობების აღდგენა და მისი დაბრუნება სცადოთ.
დასაწყისისთვის, შეეცადეთ, გაიხსენოთ ის, თუ რა იყო უკმაყოფილების მიზეზი თანაცხოვრების ბოლო თვეების განმავლობაში. შეგიძლიათ, შეიცვალოთ? გაქვთ იმედი, რომ იგივე აღარ გამეორდება? გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება, საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა დაგჭირდეთ. მთავარია, დაწყნარდეთ, ანუ, დაელოდეთ, რომ ემოცია გაქრეს და საღმა აზრმა გაიმარჯვოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება.
🔴 შეცვლა არ ნიშნავს დაუყოვნებლივ გაქცევას ყველაზე მოდურ სილამაზის სალონში ან მეგა შოპინგის გაკეთებას. უმჯობესია, ფიტნეს-კლუბში ან პრაქტიკული ფსიქოლოგიის წრეზე წახვიდეთ. ახლა თქვენი ამოცანაა, გახსოვდეთ, რას ნიშნავს, იცხოვროთ საკუთარი თავისთვის და ისიამოვნოთ. დაიმახსოვრეთ – ერთხელ ცხოვრობთ. ამიტომ უნდა იცხოვროთ არა თქვენი ქმრის მოთხოვნილებებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის. ნურასოდეს დაგავიწყდებათ, რომ ქალი ხართ – ძლიერი და ლამაზი. ქმარი აუცილებლად შეამჩნევს, რომ თქვენ მის გარეშეც კარგად ცხოვრობთ და დაბრუნებასაც მოინდომებს. საკუთარი თავი თუ აქამდე არ გიყვარდათ, ახლა მაინც შეიყვარეთ;
🔴 თუ მსახიობური შესაძლებლობები არ გაქვთ, არ მოაწყოთ შემთხვევითი შეხვედრები. უკეთესია, უბრალოდ დაურეკოთ. როგორც ჩვეულებრივ მეგობარს და უთხრათ: „გამარჯობა, როგორ ხარ?“ მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება;
🔴 თუ თქვენს სასარგებლოდ რაიმე შეიცვალა, არ მოდუნდეთ და უფრო აქტიურად განაგრძეთ თქვენი მიზნისკენ სვლა;
🔴 იმ შემთხვევაში, თუ ქმარი გადაწყვეტს დაბრუნებას, არ არის საჭირო მაშინვე გადაუშალოთ მკლავები და გულში ჩაიხუტოთ. აჩვენეთ, რომ მის გარეშეც შეძლებთ კარგად ცხოვრებას. ამასთან, აგრძნობინეთ, თქვენმა ქმარმაც იმუშაოს ურთიერთობის გაჯანსაღებზე, პირველ რიგში კი – საკუთარ თავზე. და თუ დარწმუნდებით, რომ ურთიერთობის აღდგენა არ ღირს... სხვათა შორის, შესაძლებელია, დროთა განმავლობაში აღმოაჩინოთ, რომ უცხო ენების ან ტანგოს შესწავლა ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე პერანგების რეცხვა და დაუთოვება ან ფიქრი იმაზე, რა მოუმზადოთ ქმარს ვახშმად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი