ქალი და კაცი

მეტად „გაყიდვადი“

№3

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 31.01, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ყველა ქალი ოცნებობს იდეალურ მამაკაცზე, რომელიც რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.  

მაგალითად, ის უნდა იყოს მაღალი, სიმპათიური, ჭკვიანი, საქმიანი, იუმორის გრძნობით სავსე... მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ამ იდეალის ძიებაში ვართ, რომ ვიპოვოთ ის ან მასთან მიახლოებული პიროვნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში რჩეული სრულიად არ შეესაბამება ამ იდეალებს, პირიქით, საკმაოდ განსხვავდება მისგან.

რა ხდება ამ დროს? ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე მივდივართ, რადგან მარტო დარჩენის გვეშინია და იმას ვჯერდებით, რაც ყველაზე ხელმისაწვდომია.

ჩვენს რეალობაში, როდესაც საბაზრო ღირებულებები წინა პლანზეა წამოწეული, ადამიანთა ურთიერთობებსაც თითქოს კომერციული ფაქტორები განსაზღვრავს. თუ შენც ჭკვიანი, ლამაზი, განათლებული ხარ, შესაბამისად შენი საბაზრო ღირებულებაც მაღალია და უხეშად რომ ვთქვათ, უფრო მეტად „გაყიდვადი“ ხარ, სწორედ, ეს ზრდის თვითშეფასების კრიტერიუმს. ძნელია, რაღაც კომპრომისებზე წასვლა, როცა მიგაჩნია, რომ შენ ხარ წამყვანი ძალა ურთიერთობაში. სინამდვილეში კი პირიქითაა.

თუმცა, ისევე, როგორც ყველა სახის ურთიერთობაში მედალს მეორე მხარეც აქვს. ამბობენ, ნაკლებად წარმატებულ პარტნიორებს იმის გამო ვირჩევთ, რომ ვფიქრობთ – ამ შემთხვევაში მათი მხრიდან ღალატის ნაკლები შანსია.
შეგვიძლია კი შევცვალოთ ადამიანები ჩვენს სასიკეთოდ ან უფრო მეტად სასურველნი გავხდეთ მათთვის?
ურთიერთობაში არ ხდება ისე, რომ ორივეს თანაბრად უყვარდეს. ერთს ყოველთვის მეტად უყვარს, მეორეს – ნაკლებად, შესაბამისად ის, ვისაც მეტად უყვარს, უფრო მეტ კომპრომისზე მიდის, მეორე ადამიანის დაკარგვის შიშით. ცხოვრებაში ყოველდღე გვიწევს რაიმეს არჩევა, ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ წვრილმანებია, თუმცა ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ცხოვრების პარტნიორს ეხება. შეიძლება, ითქვას, რომ ყოველდღიურად უამრავი შანსი გვეძლევა, მაგრამ საინტერესოა რამდენად ვიყენებთ მას?

არჩევანი – დიასახლისობა

არსებობენ ქალები, რომლებიც ყოველდღე სამსახურში სიარულს სახლში ჯდომას ამჯობინებენ. მათი პროფესიული არჩევანი დიასახლისობაა. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ხანგრძლივად სახლში ჯდომა ქალის ბუნებაზე უარყოფითად აისახება.

უკვე დიდი ხანია, რაც ყვავილებით მოჩითული ხალათით შინ აღარავინ დადის, მაგრამ ზოგიერთ ქალს სახლში ჩასაცმელად მხოლოდ შელახული, მოძველებული ტანსაცმელი ემეტება. ანუ, თუ დიასხლისი ხარ, გამოდის, რომ დროის უმეტეს ნაწილს, სწორედ, ასე ჩაცმული ატარებ. რატომ დაგავიწყდათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურებით. საშინაო ტანსაცმელი არა მარტო მოხერხებული, არამედ ლამაზიც უნდა იყოს და სექსუალურიც.

საშინაო ფეხსაცმელსაც მიაქციეთ ყურადღება. დიდყურა კურდღლებისა და ფუმფულა ძაღლის ფორმის ფაჩუჩების დრო წავიდა.

როგორც წესი, დიასახლისები გაცილებით ეჭვიანები არიან, ვინაიდან სახლში ყოფნის დროს, თავში ათასგვარი სისულელე მოსდით. ამიტომ სახლში „ჩამჯდარი“ ქალების უმეტესობა ქმრის გრაფიკის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. ასეთ დროს ცნობისმოყვარეობა საღ აზრს ჯაბნის და ხელი თავისთავად გაგექცევა ქმრის პიჯაკის ჯიბისკენ. თუ ამის საშუალება გექნება, მის მობილურსაც გადაამოწმებ – ვის დაურეკა, ვინ დაურეკა, ვისი მესიჯის ზარი წრიპინებდა ცოტა ხნის წინ...

ნაზი, მეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად ადამიანის კონტროლი სულაც არ გახლავთ საუკეთესო საშუალება, რადგან ამით შენს პარტნიორს მუდმივად ტყუილის თქმას აიძულებ. რაც მეტის გაგებას მოინდომებ, მით მეტად მოაქცევ ჩიხში და მისი საპასუხო რეაქციაც მით უფრო აგრესიული იქნება.

არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ – თუ თქვენსას მაინც არ იშლით და ქმრის მობილური „ხელებს გწვავთ“, მისი პატრონი კი სააბაზანოში ღიღინებს, სანამ შიგ „შეძვრომას“ მოინდომებთ, დაფიქრდით – მზად ხართ თუ არა იმისთვის, რაც შესაძლოა, იქ დაგხვდეთ.

ეთიკის პრინციპები

თითოეული ჩვენგანი ყველაფერს აკეთებს, რათა თავი დაიმკვიდროს როგორც სოციუმში, ასევე კონკრეტული პიროვნების პირად ცხოვრებაში. მაგრამ ერთია რამდენად ვცდილობთ და მეორე – რამდენად გამოგვდის.
როდესაც გვიყვარს, ჩვენ ნაკლებად ვუყურებთ არსებულ რეალობას, მით უმეტეს, ნაკლებად ვინტერესდებით ეთიკის პრინციპებით. სურვილის ძალა ყველაზე მაღალია და ჩვენ ეს, უბრალოდ, გვინდა! „მინდას“ სურვილი გვაიძულებს, წავიდეთ ჩვენი პრინციპების წინააღმდეგ, ხელს გვიშლის აღვიქვათ ის რეალობა, რაც გვაქვს.

ურთიერთობის ხელოვნება ძალიან რთული ფენომენია. ის უფრო უნდა იგრძნო. ასევე, უნდა მიხვდე, როდის რაზე ხარ წამსვლელი შენი მიზნის მისაღწევად.

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, როცა უკვე აღარ გაინტერესებს, რაც ცოტა ხნის წინ სიგიჟემდე გინდოდა, ის მაშინვე თავისთავად გივარდება ხელშიო. არ დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ასე?

მთავარი კი ისაა, რამდენად ხდება ფასისა და ღირებულებების გადანაწილება. შენ შეიძლება, დათმო შენი პრინციპები ბოლომდე, გიყვარდეს და აკეთებდე მისთვის ყველაფერს, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა მოსდევდეს სასურველი უკუგება. „დე ფაქტო“ როლი ურთიერთობაში წამყვანია, თუ შენ არ გაღიარებენ, ძალიან გაგიჭირდება. და კიდევ – აუცილებელია ჰკითხო საკუთარ თავს, რა მაქვს და რა მინდოდა, მქონოდა? რეალობას ცოტა ვინმე თუ ხედავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი