ქალი და კაცი

მამაკაცს მოსწონს ქალი

№29

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 31.07, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ მამაკაცებს ეშინიათ წარმატებული და ჭკვიანი ქალების, სინამდვილეში კაცებისთვის ეს თვისებები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კულინარიული უნარ-ჩვევები და სოციალური წარმომავლობა.

ქალებიც და მამაკაცებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ემოციური სტაბილურობა და სიმწიფე პოტენციური მეუღლის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი თვისებაა. ამას გარდა, მნიშვნელოვანია მოსიყვარულე ხასიათი. ცხადია, ეს არ გულისხმობს ყოველი დღის ყოველ წამს სიყვარულის ახსნას, მაგრამ ქალს, რომელსაც შეუძლია, უმიზეზოდ ხელები შემოხვიოს საყვარელ მამაკაცს და ვნებიანად აკოცოს, აუცილებლად დააფასებენ.

მამაკაცები გამოარჩევენ და ძალიან აფასებენ ქალში შემდეგ თვისებებს:

👉თანაგრძნობის უნარს – საქმე ისაა, რომ მამაკაცების უმეტესობას არ შეუძლია ემოციების ადეკვატურად გამოხატვა. ამიტომაც მას სჭირდება თანამგრძნობი ქალი, რომელთანაც თავს უფლებას მისცემს, იყოს დაუცველი და შედარებით სუსტი;

👉 მიმღებლობა – მამაკაცს სურს, იგრძნოს, რომ მას შეუძლია, იყოს „ნამდვილი მე“, მაშინაც კი, თუ ეს სულაც არ შეესაბამება სრულყოფილი მამაკაცის იმიჯს.

საინტერესოა, როგორ არჩევენ ქალები მომავალ ქმრებს? ლოგიკურია, რომ ქალებიც ზუსტად ასეთივე მამაკაცებს ეძებდენ!

არასოდეს უთხრათ ქალს...

არსებობს ფრაზები, რომლებიც ქალების უმრავლესობას საშინლად აღიზიანებს. ჭკვიანმა კაცმა ეს იცის. მაგრამ თუ არ იცით, ჩვენ დაგეხმარებით.

👉„ახლა რაღა ხდება?“

ეს გამოხატავს დისკომფორტს და აღშფოთებას იმის გამო, რომ თქვენს საყვარელ ქალს, რაღაცის გაზიარება სურს. ყოველი მცდელობა, რომ მან რაღაც გაგიზიაროთ, რაღაც მოგიყვეთ, ესაა ემოციური დაკავშირების სურვილი. ამიტომ, იმედებს ნუ გაუცრუებთ მას და უთხარით: „აბა მომიყევი, რა ხდება. გისმენ.”

👉„მგონი, გასუქდი“

ეს არის შეურაცხყოფა. თუ გსურთ მის სხეულზე ისაუბროთ, ჯერ გააცნობიერეთ, რომ მან უკვე გააჩინა შვილი. თქვენი პირველი პაემნიდან 10 წელი გავიდა და თქვენც შეიცვალეთ. ყოველი შემთხვევისთვის, სარკეშიც ჩაიხედეთ. ეს ბუნებრივი, ნორმალური და ადამიანური მომენტია, რომელიც უნდა მიიღოთ და აღიაროთ. ამის ნაცვლად კი არსებობს ორი ჯადოსნური კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საყვარელ ქალს: „რას გრძნობ?“ და „რა გჭირდება?“

👉 „სულ რაღაც რატომ გჭირდება?“

ჩვენ ყველას გვჭირდება რაღაც, განსაკუთრებით კი, რომანტიკულ ურთიერთობებში. ურთიერთობა ორმხრივი კონტრაქტია, ამიტომ მოთხოვნილებები და ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე თანხმობა კონტრაქტის მთავარი პირობაა, თანაც, ნებისმიერ სასიყვარულო ურთიერთობაში. და თუ ამისთვის მზად არ ხართ, მაშინ ურთიერთობაც არ უნდა წამოიწყოთ.

რატომ ხართ ჯერ კიდევ „მარტოხელა“

მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ურთიერთობიდან ურთიერთობაზე მარტივად გადადიან, არსებობენ ისინიც, ვინც წლების განმავლობაში საერთოდ არ ყოფილან ურთიერთობაში.

გაინტერესებთ, რატომ ხართ მარტოხელა? შეგიძლიათ გადახედოთ გავრცელებულ მიზეზებს:

ზედმეტად

პერფექციონისტი ხართ

პარტნიორის ძიების დროს, ძალიან ხშირად, ადამიანები ზედმეტად პერფექციონისტები არიან. ისინი უარყოფენ ნებისმიერს, ვისაც აქვს თუნდაც მცირე ნაკლი ან ისეთი თვისება, რაც მათი წარმოსახვით „სრულყოფილ“ მამაკაცს არ ახასიათებს. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ არავინ არის სრულყოფილი. ჩვენ იშვიათად ვპოულობთ ისეთ ადამიანს, ვინც ჩვენს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. უნდა გამოსცადოთ ურთიერთობა, რადგან ის, რაც თეორიულად მიუღებელი გეგონათ, შესაძლოა, პრაქტიკაში მისაღები იყოს.

დაბალი თვითშეფასება გაქვთ

თუ მუდმივად მარტოხელა ადამიანი ხართ, რომელიც საკუთარ ტყავში თავს კარგად არ გრძნობს, შესაბამისად, თქვენ არ ხართ მზად სულიერი დაკავშირებისთვის. თქვენ უნდა შეისწავლოთ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოაჩინოთ შინაგანი სამყარო და მიენდოთ საკუთარ გრძნობებს. თუ საკუთარ თავს არ მიიღებთ და არ შეიყვარებთ, არ დაიჯეროთ, რომ სხვა ადამიანი შეძლებს თქვენს შეყვარებას.

გეშინიათ ვალდებულებების

თუ თქვენ მრავალფეროვნება მოგწონთ, მაშინ ძალიან გეშინიათ, რომ ვერ შეძლებთ ერთგულებას და ვალდებულებების აღებას. უნდა გააცნობიეროთ, რომ ალბათ, არ არსებობს ერთი სრულყოფილი, ნამდვილი სიყვარული – თითოეულ ჩვენგანისთვის, ალბათ, რამდენიმე იდეალური პარტნიორი არსებობს. უბრალოდ, უნდა ვიპოვოთ ერთი მათგანი, გავაკეთოთ არჩევანი და ავიღოთ ვალდებულება.

ფიქრობთ, რომ საკუთარი თავის შეცვლა გჭირდებათ

დაიმახსოვრეთ, თქვენ იმსახურებთ სიყვარულს. მაგრამ არასოდეს და არავისთვის არ უნდა შეიცვალოთ. მხოლოდ უნდა განვითარდეთ, გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და მიაღწიოთ იმას, რის მიღწევაზეც ყოველთვის ოცნებობდით. ეს კი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარი თვითშეფასებისთვის უნდა გააკეთოთ.

უბრალოდ, ძალიან უინტერესო ხართ

გაქვთ ჰობი, რომელიც გიყვართ? ინტერესი, რომლის ცეცხლითაც იწვით? ვნება, რომელიც ანათებს თქვენს თვალებს? უცნაურია, მაგრამ ზემოთ მოყვანილ პუნქტებს შორის, ეს ყველაზე მარტივი გამოსასწორებელია: გადით გარეთ! ისიამოვნეთ სიცოცხლით! იცხოვრეთ, უბრალოდ, იცხოვრეთ. დაიჯერეთ საკუთარი თავის, აიმაღლეთ თვითშეფასება და დაინახავთ, რომ ყოველი დღე სიყვარულითაა სავსე. ის ერთადერთი კი სწორედ მაშინ გამოჩნდება, როდესაც თქვენი გული საკუთარი თავის სიყვარულით დაიწყებს ფეთქვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი