ქალი და კაცი

მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი

№24

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 27.06, 2021 წელი

ქალისა და მამაკაცის
სიყვარული
დაკოპირებულია

„ყველა კაცი ერთნაირია”, „მათ არ შეუძლიათ ერთგულება, ყველაზე ღირსეულ ქალებსაც კი ღალატობენ”, „არ გააჩნიათ გრძნობები, არ აინტერესებთ რომანტიკა და პირადულ ურთიერთობებში არ გამოხატავენ ემოციებს, იმიტომ რომ ეს ემოციები საერთოდ არ გააჩნიათ” – აი ბრალდებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის მათი მისამართით, მაგრამ არის კი ეს სიმართლე? ყველა შედეგი, რომელიც სახეზე გვაქვს, რაღაც მიზეზით არის განპირობებული, შეუძლებელია, ეს მიზეზ-შედეგობრივი ბადე რამე ძალამ დაარღვიოს. ვიდრე განაჩენს გამოვუტანდეთ და იარლიყების მიწებებას დავიწყებდეთ, უნდა ვნახოთ, სადაა პრობლემის ფესვები.

ის ფაქტი, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ გრძნობები, სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ეს გრძნობები საერთოდ არ გააჩნიათ. სინამდვილეში მაღალი მგრძნობელობა აქვთ და არც სიღრმე აკლიათ. ხშირად ისინი საკუთარი გრძნობის გამოსახატად ირიბ ფორმებს იყენებენ. გაითვალისწინეთ, ამის გაშიფრვა თავადაც უჭირთ.

დაკვირვებული თვალისთვის ნამდვილად არსებობს გზა, რომ დავინახოთ, რას გრძნობს და რას განიცდის მამაკაცი. პირობითად, მას მამაკაცის გრძნობების საიდუმლო კოდი ვუწოდოთ. როგორ გავტეხოთ ეს კოდი? აქ მოცემულია 5 გასაღები, თუ როგორ გავუგოთ მამაკაცებს.

გარემოს გავლენა

ბიჭები გაცილებით სოციალური არსებები არიან, მათთვის ავტორიტეტი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ საკუთარი პიროვნების იდენტიფიცირებას, სწორედ, სხვისი აღქმიდან ცდილობენ.

წარმოიდგინეთ სურათი – მათ ბავშვობიდან ესმით, რომ ბიჭები არ ტირიან, რომ ზედმეტი მგრძნობელობა არამამაკაცურია, რომ შიშის გამოხატვა კაცისგან (რაც ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივი შეგრძნებაა) სამარცხვინოა და ასე შემდეგ. ამ სტერეოტიპული მიდგომების გამო ისინი პატარაობიდანვე ეჩვევიან ნამდვილი ემოციების დაფარვას, რადგან ამით მათ ავტორიტეტს საფრთხე ემუქრება.

ვერ ფლობენ საკუთარ ემოციებს

ეს პუნქტი ბუნებრივი გაგრძელებაა წინა პუნქტის. იმის გამო, რომ ისინი საკუთარ თავში ახშობენ ბევრ შეგრძნებასა და ემოციას, მათ სუსტად აქვთ განვითარებული უნარი, გაუმკლავდნენ მათ და სწორად მართონ ისინი. საკუთარი ემოციების გამოსახატავად, ვერ პოულობენ საჭირო სიტყვებსა და ფორმებს. ამიტომ ხშირია შემთხვევა, როცა მათი არასწორად ესმით. პირად ურთიერთობებში ვერ არიან მოქნილები, ვერ ლავირებენ, შესაბამისად, არ შეუძლიათ იყვნენ თანმიმდევრულნი.

მამაკაცები მხოლოდ იქ გამოხატავენ თავიანთ თავს სრულად, სადაც ამისთვის უსაფრთხო პირობები არსებობს და დარწმუნებული იქნებიან, მათ გრძნობებს შესაბამისად აღიქვამენ. ნახეთ, როგორ იქცევიან ისინი სპორტულ ღონისძიებებზე – მოედნებზე სულაც არ არის უჩვეულო უზარმაზარი ტემპერამენტისა და სითბოს გამოვლენა ერთმანეთის მიმართ. ეხუტებიან ერთმანეთს, ულოცავენ წარმატებას, ამხნევებენ. ფეხბურთის თუ კალათბურთის დროს სრულიად მისაღებია ემოციების გამოხატვა ყველაზე დიდი მაჩოსთვისაც კი. სხვაგან შეუძლებელია ნახო, როგორ თავისუფლად ავლენს სითბოს ამდენი მამაკაცი. ისინი სხვა გარემოში, სავარაუდოდ, არასოდეს იქნებიან ასე გახსნილი.

ვერ ერკვევიან საკუთარ გრძნობებში

ჩახშობილი ემოციების სწორად იდენტიფიცირება ყველა ჩვენგანს უჭირს, მიუხედავად სქესისა. მათ იმდენი რამ დაფარეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რომ ამ ყველაფრისგან გამორკვევა სულაც არაა მარტივი. ასე ვთქვათ, დაბლაგვებულია უნარი, სწორად აღიქვას, რას გრძნობს.

განვითარების ხაზი ასეთია – გაუცნობიერებელი შიში გადაიზრდება მუდმივ კომპლექსში და აგრესიად ან სხვა ნეგატიურ ფორმად გამოვლინდება. ამის გამო ხშირად მათი გრძნობები ფიზიკურ ტკივილშიც კი ვლინდება – თავის ან ზურგის ტკივილში და ასე შემდეგ.

შესაძლოა, თქვენც იცნობდეთ ისეთ მამაკაცს, რომელიც სწორედ, არასამუშაო დღეებში უჩივის თავის ტკივილს. როცა ის სამსახურშია და საქმეშია ჩართული, ყურადღება გადატანილი აქვს მასზე, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავთან მარტო რჩება, ეს ყველაფერი ამოდის ზედაპირზე და ფიზიკურ სიმპტომებში უვლინდება. მძაფრი ემოციები მათი მოუმზადებელი ემოციური სისტემისთვის შესაძლოა, დიდი დარტყმა გახდეს, მით უფრო, თუ ისინი ვერ ერკვევიან მათ წარმომავლობასა და შინაარსში.

ემოციების გარდაქმნა

ხშირია შემთხვევა, როცა წმინდა ქალური ემოციები, როგორიცაა სევდა და დაუცველობის შეგრძნება, გადააქვთ სიამაყესა და აგრესიაში, რადგან მიჩვეულნი არიან, რომ სოციუმისთვის ეს გაცილებით ბუნებრივია. როცა იგი უჩვეულო აგრესიას გამოხატავს თქვენ მიმართ შესაძლოა, სულაც არ არის გულგრილი და ამ დრომდე ვერ იპოვა ფორმა, ეს სწორად გამოხატოს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქალები, ერთი მხრივ, ემოციების ფრქვევას სთხოვენ და მეორე მხრივ, ამ ემოციების გულწრფელად გამოვლენით შესაძლოა, თავად დარჩნენ თავზარდაცემულნი, რადგან ქალებს სურთ, რაღაც კონკრეტული შეგრძნებების დანახვა, მაგრამ აშინებთ სხვა ემოციები. მაგალითად, ქალი შეიძლება, შოკირებული დარჩეს თუ მამაკაცმა, რომელიც მისი აზრით, დასაყრდენი უნდა იყოს, გამოხატა შიში. ეს კი უკვე ტრადიციული აღქმიდან გადახრაა.

მამაკაცური კომპლექსები

როგორც უკვე ვთქვით, ყველა კაცისთვის თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორ აღიქვამენ სხვები, რა შთაბეჭდილებას ახდენს მათზე. წარუმატებელობა მათ ანადგურებს იმაზე მეტად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგიძლიათ.

მათთვის თვითრეალიზაცია ყველაზე მტკივნეული თემაა. ის საკუთარი წარმატებით ადგილს მოიპოვებს საზოგადოების მამაკაცურ ნაწილში და ხდება კონკურენტუნარიანი საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლისას.

ამიტომ თუ ის გაღიზიანებულია, ესაა წინასწარი თავდაცვა და მიგვანიშნებს, რომ ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და აქვს წარმოუდგენელი შიში, რომ თქვენ მას პატივს აღარ სცემთ. ეს გამანადგურებელია მათთვის. ამ შიშის გამო ერიდებიან გონიერ ქალებსაც, მათზე ხომ შთაბეჭდილების მოხდენა არც ისე მარტივია, შესაბამისად, პატივისცემის მოპოვებაც.

ბევრი კაცი, უბრალოდ, გარბის საყვარელი ადამიანისაგან, როცა მას შესაბამისი პირობები არ გააჩნია. მამაკაცები საკმაოდ მგრძნობიარე ნატურები არიან, უბრალოდ, ისინი ვერ ფლობენ ამ გრძნობებს საკმარისად კარგად. მოუმწიფებლობა ამ სფეროში დიდწილად საზოგადოების დამსახურებაც არის, ასევე ქალების მოლოდინის, რომელიც ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება – მათ მამაკაცებისაგან მხოლოდ იმ ემოციების გამოვლინება სჭირდებათ, რაც მათ სურთ. ბავშვობიდან დაპროგრამებულებს მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ეს კანონი – მათ არ აქვთ უფლება, საკუთარი ადამიანური სისუსტეები გამოავლინონ და ამას გულში იმარხავენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი