ქალი და კაცი

მამაკაცები მათ არასოდეს ტოვებენ

№6

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 19.02, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ძვირფასო ქალბატონებო, გაითვალისწინეთ:

კაცი არ არის ცხოვრების აზრი, სამყაროს ცენტრი და ოცნების ზღვარი. დიახ, სამყარო ბევრად უფრო საინტერესოა, როდესაც ქალის ცხოვრებაში არსებობს საყვარელი მამაკაცი, თუმცა არ ღირს კისერზე ჩამოკიდება, მის გარშემო ტრიალი, მასზე დამოკიდებულება, უბრალოდ, იყავით მის გვერდით და დატკბით ამით, თუმცა თქვენს ცხოვრებაში სხვა ბევრი საინტერესო რამეც უნდა არსებობდეს.

ქალი უნდა იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი, პროფესიაში შემდგარი. ასეთი ქალის დაკარგვის მამაკაცებს ძალიან ეშინიათ, რასაც ვერ ვიტყვით ქალზე, რომელიც მამაკაცისთვის ტვირთია და მთელი ცხოვრება ზურგით უნდა ატაროს.

ქალი ოჯახური კერის მცველი უნდა იყოს. გახსოვდეთ, მამაკაცი არასოდეს წავა იმ სახლიდან, სადაც მას გემრიელად აჭმევენ და დილით ყოველთვის ახვედრებენ დაუთოებულ პერანგს.

ქალი არ არის მხოლოდ საყვარელი, მზარეული და დედა, ის აუცილებლად უნდა იყოს მეგობარი. კაცს სჭირდება ყოველდღიურობის განხილვა და რჩევების მიღება, თუნდაც წვრილმანებზე.

ჭკვიანი ქალი არ აწყობს სცენებს, არ ეჭვიანობს ავადმყოფურად, არ ანთხევს გარშემო მყოფებზე საკუთარ ცუდ განწყობას, არ მანიპულირებს სექსით. ის ყოველთვის ირჩევს მოლაპარაკების გზას. ის ცდილობს, კარგად გამოიყურებოდეს, ებრძვის საკუთარ ცუდ ჩვევებს. კარგი იმიჯი აქვს სხვა მამაკაცების თვალში.

პატარ-პატარა ეშმაკობები

კარგად ვიცით, რომ ქალს მამაკაცთან ურთიერთობისას დიდი სიფრთხილე და პატარ-პატარა ეშმაკობები სჭირდება. მამაკაცმა რომ არ მიატოვოს, ქალი კარგად უნდა დაუფიქრდეს საკუთარ ნაკლოვანებებს და ეცადოს, გამოასწოროს. და, რაც მთავარია, კაცები თავიანთი რჩეულებისგან ლოგიკურ საქციელს ელიან.

ქალმა უნდა დაარწმუნოს მამაკაცი, რომ მზადაა, სიყვარულის გამო უარი თქვას არათუ მოთხოვნებზე, ხასიათზეც კი.

რა უნდა ახსოვდეს ქალს

თუ მამაკაცმა ურთიერთობის 6 თვის თავზეც არ გთხოვათ ხელი, შესაძლოა, მისგან ამას ვერც ეღირსოთ. სავარაუდოდ, ის მამაკაცთა იმ კატეგორიას ეკუთვნის, ვისაც სიკვდილივით ეშინია თავისუფლების დაკარგვის. ნუ დანებდებით მამაკაცს პირველსავე შეხვედრაზე. გახსოვდეთ, მამაკაცები ქალების მიმართ უფრო მკაცრი მორალისტები არიან, ვიდრე საკუთარი თავის მიმართ. როცა ქალი უმალვე ნებდება კაცს, ის ფიქრობს, რომ ქალი ყველასთან ასე იქცევა.

მამაკაცები, მათი მესაკუთრული ბუნებიდან გამომდინარე, ძირითადად, ეჭვიანები არიან. არ უყვართ ქედმაღალი და მკაცრი ქალები. მათთვის სილამაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჭკუა.

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ მამაკაცის ამოცნობა სხვადასხვაგვარად შეიძლება. მაგალითად, შეიძლება, მამაკაცი ჰალსტუხით ამოვიცნოთ, რადგან ამ აქსესუარს ძლიერი სქესის წარმომადგენლები საკუთარი გემოვნებისა და წარმოდგენისამებრ ირჩევენ.

მამაკაცი, რომელიც კოპლებიან ჰალსტუხს ამჯობინებს, ძალზე ენერგიული და მიზანსწრაფულია. ამ ტიპის მამაკაცი მეგობრების სული და გულია. მას დიდი ერთგულება და ნამდვილი მეგობრობა შეუძლია.

მამაკაცი, რომელსაც უყვარს პატარაორნამენტებიანი ჰალსტუხი, მშვიდია, თუმცა აქვს იუმორის ნიჭიც. ის ყოველ ნაბიჯს გონებით განსჯის, რაც ხშირად აღიზიანებთ ქალებს, განსაკუთრებით – მეუღლეებს. ქალებს სპონტანური მოქმედება და იმპროვიზაცია უფრო მოსწონთ.

მამაკაცი, რომელსაც უყვარს დიაგონალური ხაზებით, კლასიკური ორნამენტებით გაწყობილი ჰალსტუხები, კორექტული და ერთგულია, იდეალური მეუღლე და მამა, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც კარიერაა.

მამაკაცის ხასიათის ამოცნობა ნიკაპითაც შეიძლება. წაგრძელებული და ფართონიკაპიანი მამაკაცი ქედმაღალია. ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ძნელია. ჩამოთლილი ნიკაპი ფრთხილ და მერყევ ხასიათზე მიუთითებს. გრძელნიკაპიანი ადამიანი უმეტესად ეშმაკი და ძუნწია, უყვარს დაცინვა, თუმცა აქვს იუმორის გრძნობაც. ცდილობს, ყველაფერი თავისებურად გააკეთოს. ბრტყელნიკაპიანი მამაკაცი დაუნდობელი პრაგმატიკოსია.

ღაბაბი აქვს ჭამის მოყვარულს. ის ხალისიანი და ემოციურია, მაგრამ ზოგჯერ საშიშიც, რადგან პირად გამორჩენას ყველაზე მაღლა აყენებს. წვეტიანი ნიკაპი სულსწრაფ, ეგოისტ პიროვნებას ამხელს. ასეთი მამაკაცი გულჩათხრობილი, ფიცხი და ნაკლებკომუნიკაბელურია. მომრგვალებული, ჩაჩვრეტილი ნიკაპის პატრონები ძლიერი ნებისყოფისანი არიან და სხვისი მფარველობაც უყვართ.

ადამიანის გადაკეთება შეუძლებელია, ამიტომ თუ ორ მოსიყვარულე ადამიანს, ქალსა და მამაკაცს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, ქალი უნდა შეეცადოს იმის მიხვედრას, რა აღიზიანებს, რა არ მოსწონს მამაკაცის ხასიათში.

ქალმა უარი უნდა თქვას პარტნიორის გაიდეალებაზე და რაც მთავარია, ნუ ეცდებით მის გადაკეთებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი