ქალი და კაცი

ქორწინება გაყრით დასრულდება

№33

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 28.08, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

და ცხოვრობდნენ დიდხანს, ბედნიერად. ან იქნებ ამბავი ასე არ გაგრძელდება და ისინი დაშორდებიან? როგორ უნდა მიხვდე, რომ წყვილს მომავალი არ აქვს და ქორწინება გაყრით დასრულდება? იქნებ არსებობს რამე ნიშანი? როგორც გაირკვა, თურმე, არსებობს.

მაგალითად:

✔️თუ მომავალი ცოლი ქორწილამდე ყოყმანობს და ნერვიულობს, განქორწინების შანსი ორმაგდება. რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, მამაკაცის შემთხვევაში ეს ქორწინების მომავალზე გავლენას თითქმის არ ახდენს;

✔️ადრეულ ასაკში ქორწინება ოჯახის სიმტკიცის გარანტიას ნამდვილად არ იძლევა. თუმცა ახალი კვლევების მიხედვით, 32 წლის ასაკის შემდეგ, თუ წყვილი დაქორწინებას აჭიანურებს, საბოლოოდ განქორწინების შანსი ყოველწლიურად 5 პროცენტით იზრდება. ამ ფაქტს შეჩვეულ დამოუკიდებლობასა და პირადი სივრცის მოთხოვნილებას უკავშირებენ;

✔️თუ თქვენი მშობლები გაეყარნენ, იმის შანსი, რომ თქვენც იმავე ბედს გაიზიარებთ, 40 პროცენტამდე იზრდება. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თუ მათ მეორედ იქორწინეს, თქვენს შემთხვევაში განქორწინების შანსი 91 პროცენტს მიაღწევს;

✔️იმ მშობლების განქორწინების შანსი, რომელთა შვილსაც ყურადღების დეფიციტი აქვს, 32 პროცენტს შეადგენს;

✔️ უფულობა და მატერიალური პრობლემები სტრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. როდესაც წყვილს ვალები აქვს და კიდევ მეტის სესხება უწევს, ეს მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება, ურთიერთობა ფუჭდება და ერთობლივ ბედნიერ ცხოვრებას დიდი საფრთხე ექმნება. ამასთან, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე უფრო ხელგაშლილი მხარჯველია, ვიდრე მეორე, განქორწინების შანსი 45 პროცენტს აღწევს. ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება, როდესაც მხოლოდ ერთ-ერთი პარტნიორი მუშაობს ან საგრძნობლად მაღალი ხელფასი აქვს, მეორე კი ხელგაშლილი მხარჯველია. გადასახადებისა და დასაფარი ხარჯების გამო ჩხუბი გარდაუვალია;

✔️ფსიქოლოგებმა წყვილების ბავშვობის ფოტოები და ქორწინებაში მათი ურთიერთობები შეისწავლეს. იმ ადამიანთა შემთხვევაში, რომლებიც ბავშვობის სურათებში წარბშეჭმუხნულნი არიან, განქორწინების შანსი 5-ჯერ მაღალია, ვიდრე იმ ადამიანთა შემთხვევაში, რომლებიც ბავშვობის ფოტოებზე იღიმებიან;

✔️იმ წყვილთა შემთხვევაში, როდესაც მხოლოდ ერთ-ერთია მწეველი, განქორწინების შანსი 75-დან 91 პროცენტამდე მერყეობს, ვიდრე იმ წყვილების შემთხვევაში, როდესაც ორივე მწეველია. პრობლემა განსხვავებული ღირებულებები და ცხოვრების სტილია;

✔️იმ წყვილთა შემთხვევაში, სადაც ცოლ-ქმარი თანაბარი რაოდენობის თანხას გამოიმუშავებდა, განქორწინების შანსი მეტია, ვიდრე იმ წყვილთა შემთხვევაში, სადაც ქალების ხელფასი ქმრის ხელფასზე გაცილებით ნაკლები იყო. ხოლო როდესაც ქალის შემოსავალი ოჯახური ბიუჯეტის 60 პროცენტს შეადგენდა განქორწინების შანსი ორმაგდებოდა, იმ წყვილებთან შედარებით, სადაც ცოლი საერთოდ არ მუშაობდა;

✔️ სამწუხაროდ, როდესაც ქალი ასაკით გაცილებით უფროსია, ვიდრე მისი მეუღლე, ქორწინების წარუმატებლად დასრულების შესაძლებლობა 53 პროცენტს შეადგენს. ამის მიზეზი ხდება ღირებულებებში სხვაობა და ურთიერთობაში ძალაუფლების დისბალანსი;

✔️ განქორწინების უმთავრესი მიზეზები ერთმანეთის მიმართ პარტნიორების დამოკიდებულებებში იმალება. პირდაპირ მომაკვდინებელია, როდესაც ერთი მიიჩნევს, რომ პარტნიორზე ბევრად მეტია. ეს არის მუდმივად აგრესიისა და ზიზღის გამომხატველი მზერით ყურება, ასევე, ყვირილი. თუ პარტნიორი ამას გამუდმებით აკეთებს, დიდი შანსია, თქვენი თანაცხოვრება განქორწინებით დასრულდეს.

მომხიბვლელობის გარანტი

სილამაზე არ მოდის ტუჩსაცხიდან, არც თვალის ჩრდილებიდან და არც ტუშიდან. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც გაცილებით დიდ გავლენას ახდენს ქალის მომხიბვლელობაზე, ვიდრე მაკიაჟი. მათ გარეშე ქალი ძალიან მოსაწყენია. რეალურად ქალებისათვის ძალიან რთულია, დააღწიონ თავი ყოველდღიურ მოვალეობებს და გააკეთონ ის, რაც გულით სურთ. არადა, ესაა ის, რაც მათ შინაგან სხივს აძლევს. ქალი, რომელიც იყენებს ცხოვრების მიერ ბოძებულ შესაძლებლობებს და არა მხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობებში, ხშირად არის აღტაცების საგანი. რატომ? იმიტომ რომ ვნება არის გადამდები. ძალიან მომხიბვლელი და შთამბეჭდავია ადამიანი, რომელიც საკუთარ ოცნებებსა და მისწრაფებებს მისდევს.

არსებობს ერთი პოპულარული მითი – თუ ქალი ლამაზია, ის ჭკვიანი არ არის. ამ სტერეოტიპს მეორე მიმართულებაც აქვს – ჭკვიანი ქალი უშნოა. აი, ასეთი გაწერილი სცენარია. ის ავიწყდებათ, რომ ყველაფერი დახვეწილი და გემოვნებიანი სწორედ ინტელექტით იქმნება, ამიტომ ხარისხიანი ყოველდღიურობისთვის კარგი გონებრივი მონაცემები გადამწყვეტია. ამდენად ინტელექტი ადამიანის სექსუალურობას კი არ ამცირებს, ზრდის. გონებრივი მუშაობა არა მხოლოდ მიმზიდველი, არამედ მნიშვნელოვანია არსებობისათვის.

არ არის აუცილებელი, რომ ქალი მუდამ მხიარული იყოს, მაგრამ თუ მას არ შეუძლია, საკმარისად მოდუნდეს, იღიღინოს საყვარელი მელოდია შხაპის მიღების დროს, მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილებები, ჩაიდინოს პატარა სიგიჟეები, მოაწყოს ყოველდღიური რუტინიდან გაქცევები, იგი ვერასოდეს ვერავის აიყოლიებს. სიხარული გადამდებია, იგი საოცრად იზიდავს ადამიანებს.

ქალს მომხიბვლელობას ანიჭებს სიჯიუტე, იგი მიმზიდველია, როცა არ ნებდება ცხოვრების გამოწვევებს, კარიერას, პირად ურთიერთობას. ასეთი სიჯიუტე ძალიან შთამაგონებელია. სამყაროს უყვარს მებრძოლები. ეს არ არის ფემინისტური გამოსვლა. აქ საუბარია რწმენაზე, რომ ცხოვრება ვერასოდეს დაამარცხებს, ვიდრე ამ მარცხს თავად არ აღიარებს.

გახსოვდეთ, თავდაჯერებულ ქალს თვითრწმენისათვის არ სჭირდება გარშემო მყოფთა დასტური და მოწონება.

თავდაჯერებულობა არაა სურვილი, შეგვამჩნიონ და გვაღიარონ. როდესაც ქალი საკუთარ თავში დარწმუნებულია, ეს ისედაც კარგად იგრძნობა.

ყველაზე მიმზიდველი თვისება ქალის სასიცოცხლო ენერგიაა. როდესაც ქალი მისდევს საკუთარ ვნებებსა და მისწრაფებებს, როდესაც ამჟღავნებს თანაგრძნობას, როდესაც ეძებს თავგადასავლებს, უარს აცხადებს დანებებაზე და სჯერა საკუთარი თავის, მისი ენერგია ისეთი სიმძაფრით გამოსხივდება, რომ იპყრობს ყველას და ყველაფერს თავის ირგვლივ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი