ქალი და კაცი

ის, რაც არ გაბედნიერებთ

№10

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 20.03, 2022 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ აუცილებლად მოახერხებთ, მოიშოროთ ურთიერთობა, რომელიც არ განიჭებთ სიხარულს, კმაყოფილებასა და ბედნიერებას. საკუთარი თავის შეყვარებით იგრძნობთ, რომ შეგიძლიათ, გათავისუფლდეთ მძიმე, ნევროზული ურთიერთობებისგან და მომავალშიც აირიდოთ ამგვარი პრობლემები.

ვიყოთ გულწრფელები. მხოლოდ ორი ვერსია გვაქვს: ვიცხოვროთ ადამიანთან, რომელიც ჩვენ პიროვნებას ანადგურებს და სანაცვლოდ მიიღოთ რეალური, მძაფრი შეგრძნებები, ან გათავისუფლდეთ მისგან, ვინც გტანჯავთ.

„ვერასოდეს დაგივიწყებ, მაგრამ შენი ნახვა აღარ მსურს“ და მსგავსი ჟანრის განშორებები. გაქცევა, ტანჯვა, დრამა, ცრემლები, დაბრუნება – „მიყვარხარ, უშენოდ ვერ ვძლებ, უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ მოიქცევი ასე, მერე ყველაფერი შეიცვლება“... ჩამოყალიბდით – თუ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, არ დაშორდეთ! შხამიანი ურთიერთობის ტიპური შემთხვევა: დაშორება შეუძლებელია, ერთად ყოფნა – კიდევ უარესი.

ბევრი ერთი პარტნიორი ჯალათისგან გარბის და მეორე ზუსტად ისეთივე ჯალათ-პარტნიორს პოულობს. ადამიანს ყველაფრის გაგება შეუძლია. გააზრებულად ყველა კარგზე ოცნებობს: ქალები – ძლიერ, გამგებ, კეთილ საკუთარ თავში დარწმუნებულ პრინცზე, კაცები – მგრძნობიარე, მოსიყვარულე, სექსუალურ დიასახლისზე, თუმცა, რეალურად სულ სხვაგვარ კავშირებს ამყარებენ, სძინავთ და ქმნიან ოჯახებს სულ სხვანაირ ადამიანებთან.

გინდათ, ბედნიერი იყოთ? მაშინ იცხოვრეთ შემდეგი პრინციპებით👇

👉აკეთებთ მხოლოდ იმას, რისი კეთებაც გსურთ;

👉 არასოდეს აკეთებთ იმას, რისი კეთებაც არ გსურთ;

👉მაშინვე ამბობთ, რა არ მოგწონთ;

👉 არ პასუხობთ, როცა არ გეკითხებიან;

👉 პასუხობთ მხოლოდ იმას, რასაც გეკითხებიან;

👉ურთიერთობის გარკვევის პროცესში, მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობთ.

გაითვალისწინეთ რჩევები და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ყოველდღიურობა და ურთიერთობებიც. ჭკვიანი ადამიანი იმას ირჩევს, ვისაც იმსახურებს, ამ სიტყვის კარგი გაგებით და თუ ეს ასე არ არის, საჭიროა მუშაობა.

სიტყვების ძალა

სიტყვას შეუძლია, გატკინოს, ავად გაგხადოს, განგკურნოს, დიდი საქმის გაკეთებისკენ გიბიძგოს ან, პირიქით, უარი გათქმევინოს ყველაფერზე.

არის სიტყვები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ სიყვარულსა და ურთიერთობას.

👉არასოდეს – როცა ამ სიტყვას ამბობთ, თქვენს პარტნიორს ამით ეუბნებით, რომ ამ სიტუაციის გამოსწორების შანსი არ არის. რომ გაიჭედეთ ამ უიმედობაში. „ან ყველაფერი, ან არაფერი“ დამოკიდებულება კომპრომისს გამორიცხავს. გამორიცხავს შეცდომების გამოსწორების მცდელობას. გამორიცხავს სწავლასა და განვითარებას, რის გარეშეც ურთიერთობა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

👉ყოველთვის – ეს სიტყვა თქვენს სიხისტეზე მეტყველებს. როცა საყვედურს ეუბნებით და იყენებთ სიტყვას „ყოველთვის“ ამით მიანიშნებთ, რომ ის სულ ცდება და მუდამ თქვენ ხართ მართალი. გამოდის, რომ საერთოდ ვერ უფასებთ ვერაფერს და ამას უკვე არაფერი ეშველება. ესეც „ან ყველაფერი, ან არაფერი“ დამოკიდებულებაა, რომლითაც შორს ვერ გაფრინდებით.

👉მაგრამ – ეს სიტყვა მანიპულაციასა და პირდაპირობის ნაკლებობას გულისხმობს. როცა ამბობთ „მაგრამს“, უარყოფთ იმ ყველაფერს, რაც მანამდე თქვით. იგი ამახინჯებს თქვენს მესიჯს და პოზიტივის მაგივრად ვიღებთ ნეგატივს. ეს სიტყვა თქვენს ურთიერთობაში თესავს უნდობლობას, ამცირებს გულწრფელობის ხარისხს და საფრთხეს უქმნის ინტიმურობას.

👉თქვენ უკეთ იცით, როგორ მიმართავთ მას, როდესაც ბრაზობთ. ეს იარლიყია, რომელსაც აკრავთ მაშინ, როცა გინდათ ისეთი რამე უთხრათ, რომ გულზე მოხვდეს. ასე მის ფსიქიკასა და თქვენს ურთიერთობას ნელ-ნელა ანადგურებთ. ხშირად გაუმეორეთ და დაიჯერებს. ბოლოს კი ზუსტად იმის შესაფერისად მოგექცევათ, რასაც უწოდებთ.

👉გავშორდეთ – თქვენ მის შეშინებას ცდილობთ, რეალურად კი ამით მთელ პასუხისმგებლობას იხსნით, მთლიანად მას აბრალებთ, რომ თქვენი ურთიერთობა არ შედგა და თანაც ეუბნებით, რომ თქვენთვის არაფერს ნიშნავს ეს ურთიერთობა, რომ ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. განშორება სერიოზული გადაწყვეტილებაა და მისი იარაღად გამოყენება არ ღირს. შანტაჟით პრობლემას ვერ მოაგვარებთ – პირიქით, უფრო დიდ პრობლემას შეიქმნით. სანამ რამეს იტყოდეთ, დაფიქრდით, ჩამოყალიბდით, რისი თქმა და როგორი კომუნიკაცია გსურთ, რას ემსახურება ის, რასაც თქვენს საყვარელ ადამიანს ეუბნებით – პრობლემის გადაჭრა გინდათ თუ, უბრალოდ, უკმაყოფილების გამოხატვა და გულის მოოხება?

ნუ დაიზარებთ საჭირო სიტყვების მოძებნას. ისწავლეთ უკეთესი კომუნიკაცია, ამაზე დგას მთელი ურთიერთობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი