ქალი და კაცი

ეს სიყვარულია

№18

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 14.05, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ შეყვარებულ ქალს სისუსტეები ახასიათებს. შეიძლება, ჩვენს რჩეულში მართლა ვერ ვამჩნევთ უარყოფითს და ეს სიმართლეა, თუმცა, ზოგჯერ, უბრალოდ, თვალებს ვხუჭავთ. სიყვარული ხომ კომპრომისია. ამიტომ თუ აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი თქვენს თავს ხდება, შეყვარებული ხართ – ამას ბევრი დამტკიცება აღარ სჭირდება.

პატიება – პატიების უნარი ადამიანის დადებითი თვისებაა, მაგრამ არა ყოველთვის. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შეყვარებულ ქალს შეუძლია, აპატიოს მამაკაცს ყველაფერი, ღალატიც კი. ეს შეყვარებული ქალების ნომერ პირველი სისუსტეა.

როცა ქალი უფრო წარმატებულია, ვიდრე მამაკაცი – ნაცვლად იმისა, რომ მამაკაცმა ამით იამაყოს, ხშირ შემთხვევაში კონკურენცია იწყება. ქალის მეორე მთავარი სისუსტე კი ამ ბრძოლაში პოზიციის დათმობაა. ჯერ კიდევ ასეა – ქალების დიდი ნაწილი პირადი ბედნიერებისთვის კარიერულ პოზიციებს თმობს.

გადამეტებული იმედები – ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ შეყვარებული ქალი პარტნიორისგან უფრო მეტს ელის და შესაბამისად, სტატისტიკით, იმედგაცრუებული ქალების რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

რომანტიზმის სურვილი – ქალბატონების უმრავლესობა თუ არ გამოხატავს, ფიქრობს მაინც, რომ მას მეუღლემ – საყვარელმა მამაკაცმა მილიონჯერ უნდა აუხსნას სიყვარული. ფსიქოლოგების კვლევით, შეყვარებული ქალის ერთ-ერთი სისუსტეა რომანტიზმის გადაჭარბებული დოზით მიღების სურვილი, რაც, დროთა განმავლობაში, კაცისთვის მძიმე ტვირთი, ქალისთვის კი იმედგაცრუების მიზეზი ხდება.

დაბალი თვითშეფასება – ცნობილია, რომ ქალბატონების უმრავლესობა განსაკუთრებულ ყურადღებას გარეგნობას ანიჭებს და დიდ დროსაც უთმობს და თუ მათი საყვარელი მამაკაცი მუდმივად არ გამოხატავს ამით აღტაცებას, არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ. ქალბატონების მნიშვნელოვანი სისუსტე არის მცდელობა, იყვნენ სრულყოფილები. ამ მცდელობაში კი ზოგჯერ სრულიად აუტანლები ხდებიან მამაკაცებისთვის. სრულყოფილება კი მიუღწეველი რჩება.

გვჭირდება თუ არა მამაკაცის მხარდაჭერა

რა სიტუაციაში გვჭირდება ქალებს მამაკაცის მხარდაჭერა და არიან თუ არა ისინი ვალდებული გაგვაბედნიერონ?

რატომ ფიქრობს ზოგიერთი ქალი, რომ მამაკაცის გვერდით თავი სუსტად უნდა იგრძნოს? რაში გამოიხატება ჩვენი სიძლიერე ან სისუსტე. რატომ არის ეს გენდერული ნიშნით გამორჩეული? იქნებ, ეს, უბრალოდ, ადამიანური სისუსტეა, მამაკაცებიც ხომ არ არიან ყოველთვის ძლიერები. იქნებ ქალებს მოსწონთ სუსტი არსებების ამპლუაში ყოფნა?

არ არის სამართლიანი მხოლოდ ერთი მხარის სისუსტეებზე ლაპარაკი და არც ის, რომ მხოლოდ ქალებს სჭირდებათ გვერდით სანდო ადამიანი. მართალია, კაცები ამას იშვიათად გამოხატავენ, მაგრამ ფაქტია, მათაც არანაკლებ სჭირდებათ იმის განცდა, რომ ვიღაც ზრუნავს მათზე და განსაცდელის დროს ხელს არ უშვებს.

დიახ, ზოგი მიიჩნევს, რომ ურთიერთობაში კაცებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა და ხშირად კაცებიც ვეღარ უძლებენ არსებულ პრობლემებს. მათაც სჭირდებათ გამხნევება.

რეალურად იმის ატანა და მოთმენა, რაც ქალებს შეუძლიათ, საეჭვოა ბევრმა მამაკაცმა შეძლოს. მათი ცრემლები ნუ შეგიყვანთ შეცდომაში და ნუ გეგონებათ, რომ „სუსტი არსებები“ არიან! მაგრამ არიან ქალები, რომლებსაც სუსტი ქმნილებების პოზა მოსწონთ და ამას არც მალავენ, ავალდებულებენ კაცებს, რომ იყვნენ ძლიერები. საქმე ისაა, რომ ზოგადად, სხვისთვის რაიმეს დავალდებულებას აზრი არ აქვს. კაცს ან უნდა, რომ იყოს თქვენ გვერდით და შეგმატოთ ძალა, ან არ უნდა. ამისი სურვილი თუ არ აქვს, ტყუილად გაირჯებით, ის ამას არ გააკეთებს.

ამიტომ, ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს, გადაჭარბებულ ემოციურობას და გვერდით საყვარელი ადამიანის არსებობის სურვილს, ჩვენს სისუსტეს ნუ დავაბრალებთ. სუსტისა და ძლიერის განსაზღვრა კი არა, ურთიერთობაში მთავარი ერთმანეთის გვერდში დგომა, სიყვარული და დაფასებაა. როცა ეს ყველაფერი წყვილს აქვს, მაშინ აღარავის ეშინია გრძნობების გამოხატვის და არც იმის, რომ ამას ვინმე სისუსტედ ჩაუთვლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი