ქალი და კაცი

დასკვნები უნდა გამოიტანო

№22

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 13.06, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ჩვენ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და ზღაპრებით ფონს ვერ გავალთ, ამიტომ სანამ თავს უღელში გაყოფდეთ, ანუ მყარი კავშირით დაუკავშირდებით ვინმეს, ერთი მარცხი აუცილებლად უნდა იწვნიოთ. შესაბამისად, ერთი სერიოზული განშორება გადატანილი გექნებათ.

განშორება ყოველთვის მტკივნეულია და უსიამოვნო, მაგრამ ეს სულაც არ არის საბაბი, მთელ სამყაროს წყევლიდეთ და აძაგებდეთ, მიგაჩნდეთ, რომ ერთ დროს საყვარელ ადამიანთან გატარებული წლები დროის სანაგვეზეა გადაგდებული. ამას აჯობებს, თქვენი პირველი ურთიერთობიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

განშორება არ ნიშნავს, რომ თქვენი ურთიერთობა შეცდომა იყო. საშინელებაა, ასე ფიქრობდეთ. ისწავლეთ ყველაფერში დადებითის დანახვა. ურთიერთობები ყოველთვის არ არის გამართლებული, თუმცა ამის გაცნობიერება მარტივი არ არის. ზოგჯერ ჩვენი პარტნიორები ჩვენზე დადებითად არ მოქმედებენ ან ვისაც ვხდებით, თავადაც კი არ მოგვწონს. ასეთი ურთიერთობები სასწრაფოდ უნდა დასრულდეს.

თუკი ადამიანს თქვენთან საუბარი უნდა, ამას მოახერხებს, მაგრამ თუკი ვინმე ერთი კვირა ვერ გამონახავს დროს თქვენთან სასაუბროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას თამაშობს. ხოლო ადამიანი, ვისაც თამაში უყვარს სათქვენო არ არის.

თუკი ადამიანი წვრილმანებში იტყუება, ის, სავარაუდოდ, სხვა დროსაც, სერიოზულ საკითხზეც მოიტყუება, მით უმეტეს, ურთიერთობაში არ იქნება სანდო.

ეს დაუწერელი კანონია. თუკი თქვენს რჩეულ ადამიანს ტყუილებზე ხშირად გამოიჭერთ, მისი ნდობა არც ღირს, ანუ დასაკარგი ყოფილა და ნუ ინერვიულებთ.

ცხოვრებაში ერთადერთი

ყველა ქალის ოცნებაა, მეუღლისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთადერთი იყოს. თუმცა, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებითა და იმედგაცრუებებით. ამიტომ ქალებს ოცნებები ხშირად ემსხვრევათ. მამაკაცის ღალატის მიზეზი მრავალგვარია: უბრალო გატაცება, მოწყენილობა, ახალი შეგრძნებებისკენ სწრაფვა, რაღაც ისეთის ძიება, რის დეფიციტსაც ცოლთან განიცდის... ღალატის მსხვერპლს კი, ანუ ცოლს, თავად უწევს გამოსავლის პოვნა.

ასეთი თავზარდამცემი ამბის გაგების შემდეგ ქალებს ტკივილი, მრისხანება, ზიზღი და შურისძიების სურვილი იპყრობთ, შემდეგ ამ შეგრძნებებს სიცარიელე და დიდი სევდა ცვლის. ასეთ დროს იყავით ახლოს მეგობრებთან. იტირეთ, გაუზიარეთ მათ თქვენი ტკივილი, მოიოხეთ გული. მაგრამ ნუ მოაწყობთ სკანდალებს და მით უმეტეს, ნუ გააგდებთ ქმარს სახლიდან. რადიკალური გადაწყვეტილებები იმ დროისათვის უნდა გადადოთ, როდესაც მოვლენების მშვიდად განსჯას შეძლებთ. თუ მზად ხართ აპატიოთ, ეს ნაბიჯი აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრაზი და ეჭვიანობა დიდი ხნის განმავლობაში გაგაწამებთ. თუ მტკიცედ გადაწყვეტთ დაშორებას და დარწმუნებული ხართ, რომ ვერ აპატიებთ, აღარ ღირს მისი ბოდიშების და ათასი დაპირების მოსმენა. თუ თავად ვერ ხვდებით და არ შეგწევთ ძალა, სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ და სწორი დასკვნები გააკეთოთ, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ პრობლემის აღმოფხვრას. თუ აღმოჩნდება, რომ მამაკაცი უბრალოდ გაერთო, შეუქმენით მას სტაბილური და მშვიდი ოჯახური გარემო. დარწმუნებული იყავით, ის არასოდეს გაგცვლით ქალში, რომელთანაც მხოლოდ საწოლში ერთობოდა. თუმცა ღალატის „გადახარშვა“ ამ შემთხვევაშიც კი ძნელია.

გახსოვდეთ, შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია, ნუ აიკვიატებთ, რომ უბედური ხართ. მაქსიმალურად იზრუნეთ საკუთარ თავზე: შეიცვალეთ თმის ფერი, ვარცხნილობა, იშოპინგეთ, გაერთეთ. ეს საკუთარ თავში რწმენას დაგიბრუნებთ და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგეხმარებათ.

ბოლომდე გულწრფელნი და ჭეშმარიტნი

რატომ უჭირთ ქალებს, იყვნენ ერთმანეთის მიმართ ბოლომდე გულწრფელნი და ჭეშმარიტი მეგობრები.

დავიწყოთ იმით, რაც ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სილამაზე, ზოგ შემთხვევაში, ის არის კონკურენციის წარმოშობის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი. ყველა ქალს უნდა, რომ იყოს ლამაზი და მაქსიმალურად სასურველი. არცთუ იშვიათად წარმოიშობა ის გარდამავალი მომენტი, როდესაც თითოეული მათგანი ცდილობს, გაუწიოს კონკურენცია სხვებს, ამისთვის მზადება ერთგვარ საბრძოლო ველსაც კი ემსგავსება. მამაკაცებს ეს არ ადარდებთ, ისინი სულაც არ ცდილობენ, ჩაიცვან მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღება მიიქციონ, მით უმეტეს გამოირჩეოდნენ თავისი ნამდვილი მეგობრებისგან, ქალებს – პირიქით.

მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ბევრად უფრო ემოციურები არიან, როდესაც ერთი ძალიან ლამაზია და წარმატებული, ხოლო მეორე – მეტ-ნაკლებად, ამ ორს შორის ერთგვარი კონკურენციაც კი წარმოიშობა. ერთს მეორის წარმატება კი არ უხარია, პირიქით. ის თავს ცხოვრებისგან დაჩაგრულად გრძნობს და საკუთარ თავს უსვამს კითხვას: მე რატომ არ ვარ ასეთი?! მამაკაცების შემთხვევაში ესეც სხვაგვარადაა. ისინი უფრო მეტად ჰუმანურები და პოზიტიურები არიან, მაქსიმალურად იზიარებენ ერთმანეთის წარმატებას და ხელს უწყობენ მათ.

ნამდვილი ქალისათვის პირადი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანია. არის შემთხვევები, როცა მეგობრებიდან ერთს მეორეს ბედნიერება შურს, ან ძალიან მოსწონს მისი პარტნიორი. თუმცა ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით ბედნიერია, აუცილებლად გაიხარებს სხვისი ცხოვრებითაც – მით უმეტეს, იმ ადამიანის ბედნიერებით, რომელსაც ნამდვილ მეგობრად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, მათ ვისაც სხვების გშურთ, ეცადეთ, იყოთ ბედნიერები თქვენს პირად ცხოვრებაში, ნუ დაკარგავთ დროს სხვების თვალთვალში.

დაიმახსოვრეთ, ყველა ადამიანი ინდივიდუალური და თავისებურად უნიკალურია, მთავარია, ეცადოს და ნამდვილად შეძლებს ამის წარმოჩენას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი