ქალი და კაცი

ჩახუტების მაგია

№42

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 31.10, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ძალიან ბევრი ადამიანისთვის მარტოობა და სიყვარულის ნაკლებობა ტანჯვაა. იმის განცდა, რომ შენი არ ესმით, რთულად ასატანი და შესაგუებელია. ზოგიერთი სხვის დახმარებაში პოულობს საკუთარ დანიშნულებას, მაგრამ თუ თქვენ ასეთი არ ხართ და თქვენს ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც გიყვართ, აუცილებელია მის გვერდით იყოთ და იზრუნოთ მასზე, უნდა ეცადოთ მის დაცვას და გაბედნიერებას, რადგან ეს თქვენც გაგაბედნიერებთ.

ამ დროს უნდა იცხოვროთ გრძნობებით და არა გონებით, მართალია ეს გარკვეულ პრობლემებს შეგიქმნით, მაგრამ ღირს.

ამ სამყაროს დიდი დაავადება სჭირს – ადამიანები სიყვარულის დიდი ნაკლებობისგან იტანჯებიანო, ამბობდა პრინცესა დიანა. მას გულების პრინცესას ეძახდნენ და ეს იყო ქალი, რომლისთვისაც სიყვარულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

შეეცადეთ, საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ძალა, რომ შეგიძლიათ სწრაფად გამონახოთ საერთო ენა ადამიანებთან.

უნდა იმოქმედოთ და გიყვარდეთ – ეს არის ცხოვრება და არა უბრალოდ არსებობა.

და კიდევ, ხშირად ჩაეხუტოთ საყვარელ ადამიანს. ჩახუტებას ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია – ის სასწაულებს ახდენს.

რას გრძნობს ის

ქალები, როგორც წესი, ინტუიციას ენდობიან, მაგრამ შეუძლია კი ინტუიციას შეუცდომლად შეაფასოს გრძნობები? ინტუიცია ხომ სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ღრმად შენახული გამოცდილება. ინტუიციის პირველი სიგნალი არც ისე ძლიერია და შესაძლოა, ყოველდღიურ რუტინაში საერთოდაც არ მივაქციოთ ყურადღება. გარდა ამისა, ინტუიციას ხშირად დავუქვემდებარებთ ხოლმე ჩვენს სურვილებსა და მოლოდინებს. ზუსტად ამ შემთხვევაზე ითქმის, რომ ინტუიცია გღალატობს.

აქედან დასკვნა – პირველ რიგში, სიყვარულისა და შეყვარებულობის მდგომარეობაში ყოფნის ერთმანეთისგან გარჩევა უნდა ვისწავლოთ. შეყვარებულობის დროს პარტნიორს ვაიდეალებთ, მივაწერთ ყველა ღირსებას, გვიჩნდება შეხების სურვილი.

სიყვარული, შეყვარებულობისგან განსხვავებით, გაცილებით ხანგრძლივი და სტაბილურია, რომელიც ყალიბდება ადამიანის შეცნობის საფუძველზე, პარტნიორებს კარგად ესმით ერთმანეთის და იციან ერთმანეთის სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ნამდვილი სიყვარული სულაც არ არის ბრმა.

თუ ჩვენ მცდარი წარმოდგენა გვაქვს ადამიანზე, ბუნებრივია, იმედგაცრუებაც გველის და სიყვარულის დასრულებაც.

სიყვარული განსხვავდება ვნებისაგანაც. ის შეიძლება, იყოს სიყვარულის დამატებითი ელემენტიც და ასევე, შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად. ვნება, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს წვავს და გაიძულებთ, იმოქმედოთ დაუფიქრებლად. ის არ ექვემდებარება სოციალურ ნორმებს, ეს თავისებური ფორმის სიგიჟეა, რომელიც ადამიანის სულს მთლიანად ატყვევებს.

მაგრამ ესეც მოკლევადიანია. ადრე თუ გვიან ცეცხლი დაიწყებს ჩაქრობას, რჩება მხოლოდ ფერფლი. სექსუალურად თავსებადობა შეიძლება ბევრ ადამიანს შორის იყოს, მაგრამ ეს არაა საკმარისი სიყვარულისთვის.

შეყვარებული ადამიანი მაქსიმალურად ცდილობს, მეტი დრო გაატაროს თავისი სიყვარულის ობიექტთან. აქ საუბარია, უბრალოდ, ერთად ყოფნაზე – ყოველგვარი მიზეზების გარეშე, როცა წყვილს ერთმანეთთან საუბარი, გარკვეული თემების განხილვა ანიჭებთ სიამოვნებას.

გახსოვდეთ ისიც, რომ თუ კაცი ძალიან ადრეულ ეტაპზე სიყვარულის ახსნას ახერხებს ის ან ძალიან გაბედულია, ან ყალბი.

სიყვარულის გამოვლინების ნიშანი არის მზრუნველობა, რაც კარგად იკითხება დეტალებში და მარტივ ქმედებებში. შეყვარებული ადამიანი ძალიან ცდილობს, საყვარელ ადამიანს რაც შეიძლება უკეთ აგრძნობინოს თავი, დაინტერესებულია – როგორ არის, რა სწყინს, რა უხარია. აკვირდება, რა მოსწონს, რა უყვარს, როგორი გემოვნება აქვს, მოკლედ, აინტერესებს ნებისმიერი წვრილმანი, რომლის ცოდნაც დაეხმარება, ცხოვრება გაუხალისოს მისთვის საყვარელ ადამიანს.

შეყვარებულ ადამიანს მოსწონს ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი, რასაც აკეთებთ, როგორც გამოიყურებით, რასაც დროდადრო გეუბნებათ კიდეც. ეს უბრალო კომპლიმენტები კი არა, არამედ გრძნობის გულწრფელი გამოხატვა, აღტაცება და მოწონებაა. თუ ადამიანი მუდმივად უკმაყოფილოა თქვენი ქმედებებით ან გარეგნობით, ესე იგი, მას ან არ უყვარხართ, ან რაღაცის გამო ძალიან გაბრაზებულია. რაც უფრო კრიტიკული და მკაცრია თქვენი პარტნიორი, მით მეტია შანსი, რომ მას თქვენ უკვე აღარ უყვარხართ.

აქვე, ახლოს...

მიმოიხედეთ, იქნებ, თქვენ გვერდით ის ერთადერთი მამაკაცია, რომელთანაც მთელ სიცოცხლეს გაატარებდით. ნუ შეგეშინდებათ მითის, რომ შეყვარებული ქალი ათასგვარ სისულელეს სჩადის და ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

როცა შეყვარებულ ხართ, თვალებში სხივი ჩნდება, მუდამ იღიმით, გსურთ, სამყაროს პოზიტივი აჩუქოთ. შეყვარებულობის პერიოდში გარშემო მყოფებისთვის ნათქვამი კომპლიმენტები შესაძლოა, სიმართლე არ იყოს, მაგრამ გსურთ, რომ თქვენ გარშემო ყველა ლამაზი და ბედნიერი იყოს.

გსურთ, რაღაც შეიცვალოთ გარეგნობაში: ვარცხნილობა, წონა, ჩაცმის სტილი. გინდათ, ლამაზად გამოიყურებოდეთ დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში – თუნდაც, უახლოეს საცხობში მიდიოდეთ პურის საყიდლად. იმიტომ, რომ გამუდმებით მასზე ფიქრობთ და გგონიათ, რომ შეიძლება, ყოველ ნაბიჯზე, სახლის კუთხეში შეგხვდეთ.

მუდამ გინდათ, ურეკოთ და უმესიჯოთ – მიზეზით ან უმიზეზოდ, რათა გაიგოთ, რას აკეთებს, რას გააკეთებს?..

საყვარელი საქმიანობა, სერიალები ინტერესს კარგავს – დროის გატარება საყვარელ ადამიანთან გირჩევნიათ.

გიჩნდებათ საერთო ინტერესები – შესაძლოა, მოულოდნელად ფეხბურთის ქომაგი გახდეთ ან დაინტერესდეთ მანქანებით, თევზაობით, ნუმიზმატიკით, ფანტასტიკით. სია დაუსრულებელია.

გაითვალისწინეთ, დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე შეგეცვალოთ განწყობა – გულიანი სიცილი ტირილში გადაიზარდოს და პირიქით. არ შეგეშინდეთ. ეს ყველაფერი ნორმალურია და ძალიან ძალიან სასიამოვნო...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი