ქალი და კაცი

აუცილებლად გაეცანით

№14

ავტორი: ნინო კანდელაკი 23:00 18.04, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

უმნიშვნელოვანესია, ურთიერთობა პარტნიორის პიროვნული თავისებურებების მიხედვით ააგოთ.

* თუ ქალი მუშაობს, ეს მისი დამსახურებაა. მის პროფესიონალიზმსა და მიზანდასახულობაზე მეტყველებს. მაგრამ თუ მამაკაცი მუშაობს – ეს მისი მოვალეობაა;

* როცა მამაკაცი არ მუშაობს, იგი უმაქნისია. არ შეიძლება, ენდოთ და ცხოვრება დაუკავშიროთ. ხოლო, თუ ქალი არ მუშაობს, სულაც არ ნიშნავს, რომ უმაქნისია, რადგან ის სახლში საქმიანობს და ამაში გასამრჯელოს არ ითხოვს;

* ქალი შვებულებას იღებს იმისათვის, რომ ბავშვს მოუაროს, ეს ლოგიკურია, იგი ხომ დედაა. თუ მამაკაცი შვებულებას იმიტომ იღებს, რომ ბავშვს მოუაროს, ეს სულაც არ არის დამამცირებელი. პირიქით, ნორმალურია და ძალიანაც საამაყო.

* თუ ქალი განსაკუთრებულად უვლის თავს, იგი ნამდვილი ქალია, ხოლო თუ მამაკაცი განსაკუთრებულად უვლის თავს, მიიჩნევენ, რომ გადახრები აქვს. რეალურად ასე არ არის. თავის მოვლის სურვილი სრულიად ბუნებრივია ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც;

* თუ მამაკაცს არ მოსწონს კონკრეტული ქალი, ეს მისი პირადი აზრია, ხოლო თუ ქალს არ მოსწონს კონკრეტული ქალი, ეს ქალური ბოღმაა;

* როდესაც მამაკაცი ალკოჰოლს სვამს, მას აქვს განტვირთვის უფლება. როდესაც ქალი სვამს ალკოჰოლს, მას ლოთად მიიჩნევენ. თუმცა, გააჩნია, რამდენს სვამს, სად და ვისთან ერთად.

ერთი სიტყვით, მოუსმინეთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება.

ესე იგი, უყვარს

თუ გგონიათ, რომ ეჭვიანობა ნორმალური, სიყვარულის თანმდევი მოვლენაა და მას ურთიერთობაში მრავალფეროვნება შემოაქვს, ცდებით. ეჭვიანობა ნებისმიერ სიტუაციაში იწვევს გაღიზიანებას, ძაბავს ურთიერთობას და შედეგად წყვილები ერთმანეთს შორდებიან.

ეჭვიანობს, ესე იგი, უყვარს! – სამწუხაროდ ეს ასე არ არის. დიახ, ეჭვიანობა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი თქვენთვის ძვირფასია და მისი დაკარგვა არ გსურთ, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს სიყვარულს. როგორც წესი, ეჭვიანობით ნიღბავენ საკუთარ ემოციურ, ეგოისტურ დამოკიდებულებას. რაც ყოველთვის არ არის სიყვარული.

ეჭვიანობით შესაძლებელია ყურადღების მიპყრობა, თავის დაფასება, მაგრამ არა ურთიერთობის შენარჩუნება. ჭეშმარიტი მიჯაჭვულობის განცდა ჩნდება ისეთ ურთიერთობაში, სადაც ერთმანეთის ინტერესებს სცემენ პატივს, არ იზღუდება მეორე ადამიანის თავისუფლება. სიყვარული და უნდობლობა შეუთავსებელი ცნებებია.

სანამ ეჭვს ყველაფერს დაანგრევინებთ და გაანადგურებინებთ ნდობას, რომულზეც ურთიერთობა უნდა იდგეს, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და იპოვეთ ეჭვიანობის მიზეზები. უპასუხეთ რამდენიმე შეკითხვას, იყავით გულახდილი.

წარსული გამოცდილება – თქვენი წინა შეყვარებული გატყუებდათ. რის გამოც მისი გაკონტროლება გიწევდათ. ახლა კი არაკომფორტულად გრძნობთ თავს.

პესიმისტი ხართ – მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი კარგი როდესმე მთავრდება და სწორედ ამისი გეშინიათ;

საკუთარ თავში დაურწმუნებლობა – თქვენ გგონიათ, რომ არ იმსახურებთ ასეთ ბედნიერებას. მისი დაკარგვის გეშინიათ.

ეჭვიანობას უნდა ებრძოლოთ:

* თუ მას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ურეკავთ და ეკითხებით, სად არის, რას აკეთებს. სთხოვეთ, რომ მანაც იმავე სიხშირით დაგირეკოთ. ერთი კვირის შემდეგ, ან უფრო ადრეც, თქვენ იგრძნობთ, რას განიცდის თქვენი პარტნიორი და შეიძლება, შეწყვიტოთ ამის კეთება;

* სთხოვეთ უფრო მეტი მოგიყვეთ თავისი საქმიანობისა და სურვილების შესახებ, რათა ინფორმაციულმა ვაკუუმმა დაურწმუნებლობის გრძნობა არ გაგიჩინოთ;

* შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მისი მეგობრების წრეში, რათა არ იგრძნოთ, თითქოს მისი ცხოვრება ორ ნაწილადაა გაყოფილი – თქვენთან ერთად და თქვენ გარეშე;

* თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს. ჰკითხეთ, რაც გაინტერესებთ, მაგრამ არ მოუწყოთ დაკითხვა;

* თუ ეჭვიანობასთან გამკლავება არ შეგიძლიათ, მაშინ შემოატრიალეთ ის თქვენს სასარგებლოდ. სკანდალის მოწყობის მაგივრად, დაიმშვიდეთ თავი და გააღვიძეთ თქვენი თავმოყვარეობა – მან ხომ თქვენ აგირჩიათ და თქვენ გვერდით სძინავს.

აკეთეთ საკუთარი თავისთვის

ზოგჯერ ნამდვილად არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა ჩვენი ცხოვრება პოზიტივით დავტვირთოთ. ჩვენი რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. მით უფრო, თუკი მათ თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცევთ:

* გაიღვიძეთ იმ აზრით, რომ ახალი დღე რაიმე ახლის საწყისია. ნუ გაიფუჭებთ ხასიათს გუშინდელი წარუმატებლობის გამო;

* დაიხსომეთ, რაც უფრო კარგად იგრძნობთ დილიდანვე თავს, მით უფრო უკეთ წაგივათ საქმეები დღის განმავლობაში;

* წაივარჯიშეთ, თუნდაც, 10 წუთით;

* თუ კონკრეტული საქმის შესრულება 1 წუთზე მეტ დროს არ გართმევთ, არ გადადოთ ის, იმოქმედეთ მყისიერად;

* შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ჩვეულება ნიშნავს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე საქმე, რასაც დროდადრო აკეთებთ;

* ტანსაცმელი მუდამ წესრიგში იქონიეთ (გარეთაც ყოველთვის მოწესრიგებული გამოდით. რა იცით, შემთხვევით სად აღმოჩნდებით);

* იყავით კეთილგანწყობილი მათ მიმართაც კი, ვინც თქვენდამი ასეთი დამოკიდებულება არ აქვს. ასე მათი ნეგატივი არ გადაგედებათ;

* მოარიდეთ თვალი კომპიუტერის მონიტორს ყოველ 20 წუთში.

* თუ გადაიღალეთ, დასვენებამდე დალიეთ ფინჯანი ყავა ან ჩაი. კოფეინი მიღებიდან 20 წუთში იწყებს მოქმედებას და ცოტა ხანში თავს კარგად იგრძნობთ.

* ნუ დააყოვნებთ შეტყობინებაზე პასუხს. დაგიგროვდებათ და მეტ დროს წაგართმევთ;

* არასოდეს უპასუხოთ საქმიან წერილებს საღამოს 7 საათის შემდეგ – ეს ძალიან სასარგებლო რჩევაა;

* იყავით ყურადღებიანი სხვების მიმართ. საუბრის დროს სრულად ჩაწვდით ყოველი წინადადების არსს;

* თუ ადრე ადგომა გიჭირთ, დადეთ მაღვიძარა მაგიდაზე ან სადმე ისეთ ადგილას, რომ მისი გამორთვა მხოლოდ საწოლიდან ადგომის შემდეგ შეძლოთ;

* მისწერეთ მეგობარს, რომელთანაც დიდი ხანია, ურთიერთობა არ გქონიათ და უთხარით, რომ მოგენატრათ.

* შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ თქვენი სხეულის დანიშნულება სამყაროს შეცნობა, სხვებთან ურთიერთობა, ემოციების შეგრძნება გახლავთ. ნუ ჩაიციკლებით იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ სხვები თქვენს გარეგნობას;

* წაიკითხეთ საინტერესო წიგნის ერთი თავი. 1 თვეში წიგნს სრულად დაასრულებთ;

* როცა რაღაცაზე ან ვიღაცაზე გაბრაზებული ხართ, დაალაგეთ სახლი;

* იმხიარულეთ ბავშვივით. არაფერი მოგიყვანთ ხასიათზე გულწრფელ სიცილზე უკეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი