ქალი და კაცი

არაფერი ახალი

№20

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 28.05, 2023 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

არაფერია ახალი იმაში, რომ მამაკაცების უმეტესობას არ სურს, ცოლს წარმატებული სამსახურებრივი კარიერა ჰქონდეს. მაინც რისი ეშინია კაცობრიობის ძლიერ ნახევარს? მოდი, ამასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ მამაკაცურ ფობიებზე გავამახვილოთ ყურადღება. როგორ ფიქრობთ, რატომ შექმნეს მამაკაცებმა მითი ქალების უჭკუობაზე ან მუდმივად რატომ ყვებიან ანეკდოტებს ქალ მძღოლებზე? ყველაფერი მძაფრი კონკურენციით აიხსნება. ძლიერი სქესი, თითქოსდა, ყოველთვის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ქალებს მათზე დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ. მამაკაცის ყველაზე დიდი შიში დაკავშირებულია იმასთან, რომ მისი საყვარელი ქალი შეიძლება, მასზე უფრო ჭკვიანი და წარმატებული აღმოჩნდება.

როცა კაცი ხედავს, რომ ცოლი კარიერულ კიბეზე დამაჯერებლად მიიწევს წინ, იწყებს ფიქრს, რომ თვითონ მასზე სულელია და შეუმდგარი.

არც ისე იშვიათად მამაკაცი შორდება კიდეც იმ ქალბატონს, რომელშიც პოტენციურ კონკურენტს ხედავს. როგორი უნდა იყოს ქალის ტაქტიკა ამ შემთხვევაში? თუ ქალს სურს როგორც სამსახურის, ასევე საყვარელი მამაკაცის შენარჩუნება, მთელი შეგნებით უნდა შეეცადოს, სწორად ააგოს ქმართან ურთიერთობა.

👉 არასოდეს მიუთითოთ თქვენს რჩეულს, რომ მასზე ჭკვიანი და წარმატებული ხართ;

👉 არასოდეს უსაყვედუროთ იმის გამო, რომ მისი კარიერა ნაკლებად წარმატებულია, ვიდრე თქვენი;

👉ყოველთვის უნდა გაუსვათ ხაზი, რომ ცნობთ მის ინტელექტუალურ ლიდერობას;

👉როდესაც თქვენი ქმარი სამსახურთან, კოლეგებსა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაგიწყებთ საუბარს, ყურადღებითა და თანაგრძნობით მოუსმინეთ. მაშინ მამაკაცი იფიქრებს, რომ ქალთან „ეს ჩამორჩენა“ მხოლოდ დროებითი მოვლენაა და ნაკლებად დაიტანჯება.

თუ ქალი არ მუშაობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მატერიალურად მთლიანადაა დამოკიდებული მამაკაცზე. ასეთი მდგომარეობა აიძულებს, ასჯერ დაფიქრდეს, სანამ ქმარს მკვახედ და უხეშად შეეპასუხება ან რამეს დაიჟინებს. ასეთ შემთხვევაში მამაკაცის ლოგიკა ასეთია: თუ ქალს უნდა მუშაობა, ის დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის და შეიძლება, დაშორდეს კიდეც. მამაკაცი საყვარელი ქალის კარიერული წინსვლის წინააღმდეგია, იმიტომ, რომ მისი დაკარგვის ეშინია.

როგორ უნდა მოიქცეს ქალი

👉აგრძნობინეთ თქვენს რჩეულს, რომ ის იყო, არის და იქნება თქვენთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ადამიანი. კარიერა კი მხოლოდ თვითრეალიზაციის სურვილია;

👉 აუხსენით, რომ გნებავთ თავადვე, დამოუკიდებლად გამოიმუშაოთ საკუთარი ჯიბის ფული;

👉თქვენი სამსახურის დაწყების სურვილის მტკიცე არგუმენტად მოიყვანეთ ისიც, რომ გინდათ, თქვენს რჩეულს ამოუდგეთ მხარში, რათა ერთად ზიდოთ ოჯახის მძიმე უღელი. ასეთ შემთხვევაში მამაკაციც არ გაჯიუტდება და თქვენს კარიერულ წინსვლას მხარს დაუჭერს.

ნებისმიერი მამაკაცის ოცნებაა, შინ დაბრუნებულს დახვდეს მყუდრო, სუფთა, მოწესრიგებული ბინა, მოვლილი ბავშვები და სპეციალურად მისთვის მომზადებული სადილი. ქალს, რომელიც არ მუშაობს, შეიძლება, დავაკისროთ სახლთან დაკავშირებული ყველა საქმის შესრულება.

როგორ იმოქმედოს ამ დროს ქალმა?

👉თუ თქვენ ბედი დაუკავშირეთ ერთგვარი „მოძველებული შეხედულებების“ ადამიანს, მაშინ აუხსენით მას, რომ დღეისთვის საშინაო საქმეების დიდი ნაწილის შესრულება შეუძლია მანქანას, ხოლო თანამედროვე მამაკაცის მოვალეობა უნდა იყოს საკუთარი სახლი აღჭურვოს უახლესი ტექნიკით;

👉კანონიერი უფლება გაქვთ იბატონოთ არა მარტო სამზარეულოში, არამედ სამსახურშიც. მაგრამ ამის გამო ქმარი არ უნდა გადაიყვანოთ მხოლოდ „ფასთ ფუდზე“ და თუ ვერ მოასწრებთ სადილის მომზადებას, შეიძლება, შეუკვეთოთ სახლში მიტანით პიცა ან სასადილოდ რესტორანში წახვიდეთ.

ზოგიერთი მამაკაცი თავის რჩეულს მუშაობას უკრძალავს და ამას მასზე ზრუნვით ხსნის.

რა ქნას ქალმა?

👉 მადლობა მოახსენეთ თქვენს საყვარელ მამაკაცს ასეთი ზრუნვისა და შეწუხებისთვის, მაგრამ აგრძნობინეთ, რომ სათბურის მცენარე არ ხართ;

👉 დაელაპარაკეთ და აუხსენით, რომ თქვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მუშაობა, საზოგადოებაში გასვლა, დამარცხებისა და გამარჯვების განცდა;

👉უთხარით, რომ დიასახლისები უფრო ხშირად ვარდებიან დეპრესიაში ზუსტად იმის გამო, რომ მხოლოდ სახლის საქმეებზე ფიქრობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი