ქალი და კაცი

არ გირჩევთ

№8

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 07.03, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ყველა ქალს უნდა, რომ ბედნიერი იყოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებს და ურთიერთობის შესანარჩუნებლად ხშირად მამაკაცის როლსაც კი ირგებს. სამწუხაროდ, ამას უარყოფით შედეგებამდე მივყავართ, რადგან მამაკაცებს ძალიან არ მოსწონთ, როცა ქალი მის სივრცეში იჭრება.

ერთი სიტყვით, არ გირჩევთ:

მის მაგივრად გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა, მაშინაც კი, თუ თქვენს პარტნიორს მუდმივი ფინანსური პრობლემები აქვს ან სამსახურიდან დაითხოვეს. პირიქით, მიეცით საშუალება, თავად მოაგვაროს პრობლემა. მამაკაცს უნდა შეეძლოს ოჯახის შენახვა. თქვენ მხოლოდ დროებით შეგიძლიათ, დაეხმაროთ. თუ მუდმივად თქვენს იმედზე იქნება, არ ეცდება, თავად გაიუმჯობესოს ფინანსური მხარე.

მუდმივად გაანებივროთ ძვირფასი საჩუქრებით – უმჯობესია, თუ ორივე გაახარებთ ერთმანეთს სიურპრიზებითა და საჩუქრებით. ამასთან მისგან მეტი მცდელობა უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს რას გაჩუქებთ: სამზარეულოს ნაკრებს, საფულეს თუ ავტომობილს. მთავარია, ეს სიყვარულით გააკეთოს. მცდელობა – მამაკაცის გული ძვირფასი საჩუქრებით მოიგოთ, ყოველთვის კრახით დასრულდება. მისი სიყვარულის მოპოვებას სხვა გზითაც შეძლებთ.

ნუ იქნებით მისი ბალიში – გონიერი ქალი ყოველთვის მოუსმენს, გაამხნევებს, რჩევასა და ძალას მისცემს მამაკაცს. თუმცა, თუ ქალი მუდმივად მამაკაცის საყრდენი იქნება, დიდ შეცდომას დაუშვებს. ეს კაცს არასრულფასოვნების კომპლექსს გაუჩენს და სხვასთან ურთიერთობის დაწყებისკენ უბიძგებს. ასე რომ, არ ღირს – ნუ შეასრულებთ ბალიშის ფუნქციას.

ნურასოდეს დაელაპარაკებით მამაკაცს ნიშნის მოგებით. ნუ აგრძნობინებთ, რომ შეცდა. „ხომ გეუბნებოდი“ – ეს სიტყვები მისთვის ასე ჟღერს: „მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე შენ“. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენც ხშირად ცდებით. ყველა მამაკაცს უნდა, რომ ურთიერთობაში მთავარი ის იყოს.

უარი არ თქვათ პირად ცხოვრებასთან ერთად კარიერაზე – თუ თქვენ დაქორწინებული ხართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა თქვათ მეგობრებსა და სამსახურზე. მამაკაცებს იზიდავთ ქალები, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, საკუთარი საქმე აქვთ და საკუთარი თავის რეალიზაციას ახდენენ. რთულია, მაგრამ ეცადეთ, ოჯახი და კარიერა ერთმანეთს შეუთავსოთ.

შეიცვალოთ მისი გულისთვის – როდესაც მამაკაცი გთხოვს, ყველა შენი სურვილი, თვისება და მისწრაფება მისი აზრის შესაბამისად შეცვალო, ეს უკვე სერიოზული პროპლემაა. ადამიანს ისეთი უნდა უყვარდე, როგორიც ხარ. შეყვარებული მამაკაცი არ მოგთხოვთ რადიკალურ ცვლილებებს.

მთავარია, გაითვალისწინოთ

დაიხსომეთ, სიყვარული ერთმანეთის მიმართ ვალდებულება არ არის, მაგრამ ურთიერთობის პირველივე დღეებიდანვე უნდა იმუშაოთ, რომ პარტნიორის მიმართ კარგი დამოკიდებულება და სიყვარული წლების განმავლობაში შეინარჩუნოთ და ეს უნდა მოახერხოთ სხვადასხვა სირთულის, აზრთა და ინტერესების მრავალფეროვნების მიუხედავად.

ამბობენ, თანაცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი წყვილისთვის შვილის გაჩენის შემდეგ იწყება. თუმცა ნორმალური ურთიერთობის შემთხვევაში გადატანილი დაბრკოლება კიდევ უფრო გააძლიერებს ოჯახს. მთავარია, გაითვალისწინოთ მარტივი რჩევები: ნუ დაიგროვებთ წყენას. ილაპარაკეთ ყველაფერზე, მშვიდად გაარჩიეთ სიტუაცია, რომელიც გაწუხებთ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.

ოჯახური ვალდებულებები ინტიმურ ცხოვრებას მეორეხარისხოვანს ხდის – იყავით მეტად მოსიყვარულე მეუღლის მიმართ. ურთიერთობას ხშირი ჩახუტება, მოფერება, რომანტიკული ფილმების ერთობლივად ყურება გაგიუმჯობესებთ.

იყავით ყოველთვის გულახდილი და თავისუფალი, მეტი დრო დაუთმეთ ერთმანეთს, რაც პოზიტივსა და ბედნიერების განცდას მოგანიჭებთ.

გამოხატეთ გრძნობები

ტექნიკური პროგრესის, კომპიუტერის, ინტერნეტის გადამკიდე, ხშირად საერთოდ გვავიწყდება, როგორ დავამყაროთ ადამიანური ურთიერთობები რეალურად. სიყვარულის გამოხატვის უნარი თანამედროვე ცხოვრებაში დაქვეითებულია და აუცილებელია, გამოვასწოროთ, რადგან ჭეშმარიტ სიამოვნებას მხოლოდ „ცოცხალი“ ურთიერთობები გვანიჭებს.

უთხარით მათ – თქვენს საყვარელ, ახლობელ ადამიანებს, რაოდენ მნიშვნელოვანნი არიან თქვენთვის, თუნდაც არ იყოთ დარწმუნებული ვინმეს გრძნობებში. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა თავს სასურველად გრძნობ. გიყვარდეს და უყვარდე ყველაზე დიდი ფენომენია ამქვეყნად და ამიტომ, აუცილებლად ღიად უნდა გამოხატოთ. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, მთავარია არა ის, რას ამბობთ, არამედ, ის, თუ როგორ ამბობთ ამას. როდესაც საქმე უახლოეს ურთიერთობებს ეხება, გულწრფელობა სავალდებულოა.

გამოხატეთ ის, რასაც ჭეშმარიტად გრძნობთ. ურთიერთობა ორმხრივია, მასში ორივე მონაწილემ უნდა შეიტანოს წვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე მხარე დაიტანჯება. გახსოვდეთ, ვისაც უყვარხართ, ისეთი უყვარხართ, როგორიც ხართ და თუ მისთვის მართლა ძვირფასი ხართ, მაქსიმალურად ეცდება, გაგიგოთ.

ერთი ბრძენისა არ იყოს: თქვი სიმართლე, რადგანაც, ის ყველაზე მარტივად დასამახსოვრებელიაო. სიმართლის თქმა, განსაკუთრებით, როცა რამე გაწუხებთ, ათავისუფლებს თქვენს გონებას სტრესისგან. თუმცა, სიფრთიხლეც აუცილებელია. ასეთ დროს ზღვარს არ უნდა გადახვიდეთ და არ აწყენინოთ. საჭიროა აკონტროლოთ საკუთარი ქცევები.

ზოგჯერ ჭეშმარიტება განსაკუთრებით მწარეა, მაგრამ სწორედ, მასშია თქვენი კომფორტისა და შინაგანი სიმშვიდის გარანტი.

უსმინეთ – ეს ზრუნვის გამოხატვის საუკეთესო, ყველაზე ძლიერი ფორმაა, რომელსაც შეუძლია, თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება. საუბარს უნდა უსმინოთ არა მასზე პასუხის გაცემის მიზნით, არამედ, იმიტომ, რომ გაუგოთ იმ ადამიანს, ვინც რაღაცას გიზიარებთ.

ქცევები ნებისმიერ საუბარზე უფრო ძლიერად მეტყველებს. თუ ვინმე გიყვართ, შესაბამისადაც უნდა იმოქმედოთ. მას კი ექნება საშუალება, დასკვნები გამოიტანოს და მიხვდეს, რამდენად გულწრფელი ხართ ურთიერთობაში.

შეეხეთ – ეს მეტად მნიშვნელოვანია. ადამიანს უფრო დიდხანს მიჰყვება თქვენთან სიახლოვის შეგრძნება. ზოგჯერ ჩახუტებას უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე საათობით საუბარს. შეხება დაგაძლევინებთ უიმედო სიტუაციებს და მოგანიჭებთ ცხოვრების გაგრძელების ძალას და ამისთვის კი ზოგჯერ ხელჩაკიდებული სეირნობაც საკმარისია.

P.S. მხარდაჭერით უამრავი გაღიზიანება და გულისტკივილი შეგიძლიათ აირიდოთ თავიდან და აარიდოთ თქვენს საყვარელ ადამიანებსაც. გადადეთ გვერდზე ყველა საქმე და დააფასეთ ახლობელი ადამიანები, სანამ დროა და სანამ ჯერ კიდევ თქვენ გვერდით არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი