ქალი და კაცი

არ გაექცეთ ოცნებებს

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 30.05, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ყველას გვაქვს ოცნებები, მიზნები, მისწრაფებები, თუმცა გვეშინია შეცდომების, ჩავარდნების, ჭორების და თამამი გადაწყვეტილებების მიღების, შესაძლოა, უბრალოდ, არ გაგვაჩნია რწმენა და ნებისყოფა. ოცნებები კი მოდიან და მიდიან… ერთადერთი კი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, მათი განხორციელებაა.

თქვენი ოცნება ერთგვარი პასუხისმგებლობაა საკუთარი თავის წინაშე, მათი განხორციელებაც თქვენზეა დამოკიდებული.

იფიქრეთ თქვენს სურვილებზე, აკეთეთ ის, რაც გიყვართ, რეალურია და ეცადეთ, იცხოვროთ თქვენი ოცნებების ფეხდაფეხ.

არ გაექცეთ ოცნებებს. ამას აუცილებლად ინანებთ ცხოვრების რაღაც ეტაპზე. გახსოვდეთ, რომ ყველა სირთულეს აქვს გადაწყვეტისა და გადაჭრის გზა.

იყავით გულწრფელი საკუთარი თავის წინაშე, გადადგით პირველი ნაბიჯი და თქვენ ნახავთ, რომ გაჩერება აღარ მოგინდებათ. მალე იპოვით გზებს იმისათვის, რომ ფრთები შეასხათ ოცნებებს.

აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაცნობიერებულად ან უნებლიეთ შეგიშლიან ხელს. შეეშვით სხვისი აზრების გათვალისწინებას. თუ თქვენი ოცნება განიჭებთ სიამოვნებას, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობს სხვა.

აედევნეთ თქვენს ოცნებებს და იცხოვრეთ ბედნიერად, დროა, შეიცვალოთ!

ვიყოთ გულახდილები

არც ისე ხშირად შეხვდებით ორმხრივ სიყვარულს – ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. და რა უნდა გააკეთოთ, თუ სიყვარული არ გეწვიათ, ან გეწვიათ და ისიც ცალმხრივად? ოჯახი ხომ უნდა შექმნათ?

შესაძლოა, გაგიგონიათ ფრაზა, „უნდა გათხოვდე არა მასზე, ვინც გიყვარს, არამედ მასზე, ვისაც უყვარხარ”. ამ რჩევის მომხრეთა აზრით, ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე ბედნიერია: ცოლი – იმით, რომ მამაკაცს თავის ნებაზე „ატრიალებს”, ქმარი კი იმით, რომ მისი თაყვანისცემის ობიექტი მის გვერდითაა.

ერთი შეხედვით, დამაინტრიგებლად ჟღერს, მაგრამ აბა, დაფიქრდით, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ასეთ ქორწინებას.

ბევრი ქალი თხოვდება უსიყვარულოდ, ანგარებით, საკუთარი თავის „მსხვერპლშეწირვით” ან, უბრალოდ, იმისთვის, რომ მარტო არ დარჩეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთს უყვარს, მეორე კი უფლებას აძლევს, უყვარდეს; ერთი კოცნის, მეორე ლოყას უშვერს...

ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რომ ქალებს ყოველთვის გვსიამოვნებს მამაკაცის არსებობა, რომელსაც ვუყვარვართ, რომლისთვისაც ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი ვართ, რომელიც მზადაა ჩვენთვის ყველაფერი გააკეთოს. ეს საკუთარი თავის რწმენას გვმატებს, თვითშეფასებას გვიზრდის და განწყობას გვიმაღლებს. მნიშვნელობა არა აქვს „ის” დაბალი იქნება, მაღალი, მსუქანი, გამხდარი, მელოტი თუ დიდცხვირა – მთავარია, რომ არსებობს და მზადაა, ნებისმიერი ჩვენი გამოხდომა აიტანოს. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დიდი რისკის წინაშე დგახართ. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ის, რაც ამ მამაკაცში ქორწინებამდე მოგწონდათ, გარკვეული დროის შემდეგ გაგაღიზიანებთ. ასეთ ოჯახებში გარდაუვალია ხშირი კამათი, დაპირისპირებები და უკმაყოფილობები. ადრე თუ გვიან ერთმანეთისგან დაღლილები გამოსავლის ძებნას დაიწყებენ.

უარეს შემთხვევაში ოჯახური დაპირისპირებები შეიძლება, ურთიერთსიძულვილში გადაიზარდოს. ასე ცხოვრება კი სულაც არაა ადვილი. აქედან ერთადერთი გამოსავალი გაყრაა.

ოჯახში, სადაც სიყვარული ცალმხრივია, კითხვა – „ვუღალატო, თუ არა” უფრო მარტივად წყდება. ქალს, რომელიც ისეთი მამაკაცის გვერდით ცხოვრობს, რომელიც არ უყვარს, არ არის გამორიცხული, უცბად სხვა შეუყვარდეს და მრავალი წლის განმავლობაში ორმაგი ცხოვრება ჰქონდეს.

ქმარმა კი, ცოლისაგან ალერსისა და სიყვარულის მოლოდინში დაღლილმა, შეიძლება „გვერდზე” იპოვოს შვება.

ასე რომ, სანამ ცხოვრებას ისეთ მამაკაცს დაუკავშირებდეთ, რომელიც არ გიყვართ, ჯობს, კარგად დაფიქრდეთ და ყველაფერი აწონ-დაწონოთ, მაშინაც კი, თუ ასაკი დაცდის საშუალებას არ იძლევა და გარშემო ყველა გარწმუნებთ, რომ ეს თქვენი ბოლო შანსია.

სურვილების შესახებ

გაიგეთ უფრო მეტი ქალების სურვილების შესახებ, გაითვალისწინეთ ისინი და თქვენს პარტნიორს უფრო მეტად შეუყვარდებით. ბედნიერება ხომ წვრილმანებშია. აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ აამოთ ცოლს.

* წაიყვანეთ ბავშვები მთელი დღით, ასე თქვენ დაეხმარებით ცოლს, რომ მან საკუთარ თავსაც დაუთმოს დრო და განიტვირთოს კიდეც;

* აალაგეთ საწოლი;

* ჩაჰკიდეთ ხელი ქუჩაში, ასევე საზოგადოებაში ყოფნისას;

* დაგეგმეთ მთელი პაემანი დამოუკიდებლად – შეარჩიეთ რესტორანი, დაჯავშნე ადგილი. მას ეს ძალიან მოეწონება;

* უყიდეთ მას დაბადების დღის ან ვალენტინობის საჩუქარი ისე, რომ მას არ ჰკითხოთ, რა სურს;

* მიართვით ყვავილები ან საყვარელი ტკბილეული სრულიად ჩვეულებრივ დღეს;

* მოეხმარეთ სუფრის ალაგებაში და დარეცხეთ ჭურჭელი სადილის შემდეგ მან ხომ ძალიან დიდი დრო დახარჯა გემრიელი კერძის მომზადებაში;

* შეხედეთ მას და უთხარით, რომ ის მშვენიერია;

* მიეცით ნება, რომ ჩართოს ფილმი, როგორიც არ უნდა იყოს ის და წუწუნის გარეშე უყურეთ მასთან ერთად;

* დილით მოუმზადეთ ყავა;

* ხშირად უთხარით, რომ გიყვართ;

* არ შებოჭოთ, მიეცით თავისუფლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი