ქალი და კაცი

40-დან 50 წლამდე

№19

ავტორი: ნინო წულუკიძე 23:00 23.05, 2021 წელი

ქალი და კაცი
დაკოპირებულია

ცოლების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ყოველი მამაკაცის ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან „სხვა“ ქალი ჩნდება. ისიც ცნობილია, რომ განსაკუთრებით საშიში 40-დან 50 წლამდე პერიოდია. ამ დროს ყველაზე ერთგული ქმრებიც კი სასიყვარულო თავგადასავლისათვის არიან მომართული. არსებობს მამაკაცთა ისეთი ტიპები, რომლებსაც არ შეუძლიათ ახალი შთაბეჭდილებების გარეშე ცხოვრება. მათგან ერთგულებას არ უნდა მოელოდეთ.

თუ ქალი ასეთ მამაკაცს ცოლად იმ იმედით გაჰყვება, რომ ქორწინების შემდეგ გამოასწორებს, დიდ შეცდომას დაუშვებს.

არსებობს ოჯახური ცხოვრების ოქროს კანონი – მამაკაცში ვაფასებთ არა მის ღირსებებს, არამედ ნაკლოვანებებს, რომლებთანაც შეგუება შეგვიძლია.

თუ თქვენი ქმარი „საშუალო ასაკის კრიზისს“ მძაფრად განიცდის, მაგრამ მასთან ხანგრძლივი და ბედნიერი თანაცხოვრება გქონდათ, ერთი კონკრეტული ფაქტის გამო ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ამას ისე მიუდექით, როგორც მის დროებით სიგიჟეს. არ დაისახოთ მიზნად, რომ მოღალატე ქმარი დასაჯოთ. თქვენი ამოცანაა, ოჯახი შეინარჩუნოთ. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა აჩუქოთ ვიღაც ქალს ის, რაც თქვენთვის ძვირფასია.

გახსოვდეთ, თუ თქვენი ქმრის გატაცება ორდღიანი ინტრიგაა, ბრძენ სარდლად უნდა იქცეთ. ბრძოლას კი იგებენ არა ემოციურობით, არამედ გონივრული და წინდახედული გათვლით.

არ დაიწყოთ ტირილი ან ყვირილი: ეცადეთ, გაიგოთ, რა აკლდა სახლში. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ ატმოსფეროს.

ინტიმური ურთიერთობა თქვენთვის მთავარ როლს აღარ ასრულებს? ძალიან ცუდია.

მამაკაცებს, ქალებისაგან განსხვავებით, შეუძლიათ ერთდროულად ორი ქალი უყვარდეთ, მაგრამ... განსხვავებული სიყვარულით – ცოლი, როგორც ცხოვრების თანამგზავრი, მისი შვილების დედა, ოჯახის დიასახლისი... საყვარელი – ვნებიანად. მაგრამ სრულიად რეალურია ის, რომ ქმარი მალე დაიღალოს ახალგაზრდა საყვარლით, რომელიც მისგან ბევრს მოითხოვს და თავისი პრეტენზიებით გულს გაუწყალებს.

იფიქრეთ, რა შეიძლება გააკეთოთ ისეთი, რითაც ქმარს აღაფრთოვანებთ. ეჭვიანობა ძლიერი და ძალიან ეფექტური იარაღია, მაგრამ საჭიროა ზომიერების დაცვა. ჩვენს საზოგადოებაში ღალატთან დაკავშირებული ორმაგი სტანდარტი ჯერ კიდევ მოქმედებს. მამაკაცის თვალში ცოლის ღალატი ასჯერ უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე საკუთარი. ამიტომ ეჭვიანობა, როგორც ოჯახური დრამის სამკურნალო წამალი მცირე დოზებით გამოიყენეთ.

გაეპრანჭეთ ქმარს. მას, ალბათ, ჯერ კიდევ უყვარხართ. შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, ეწვიეთ სილამაზის სალონს, გონებამახვილურად გაითამაშეთ მსუბუქი ფლირტი. როცა ნაცნობები კომპლიმენტებს მოგიძღვნიან, არ შეიძლება, ქმარმა ამას ყურადღება არ მიაქციოს.

და ბოლოს, თქვენთვის ყველაზე მძიმე სიტუაციაში არ დაგავიწყდეთ ერთი უბრალო ჭეშმარიტება:

მამაკაცები ბუნებით კონსერვატორები არიან. ამიტომ ნებისმიერ დანაკარგს ან ცხოვრებისულ გლობალურ ცვლილებებს მტკივნეულად და ძნელად აღიქვამენ. თუ მაინც გადაწყვეტენ სხვა ქალთან წასვლას, მიდიან არა ცოლისგან, არამედ მძიმე, გაორებული, აუტანელი სიტუაციისგან, რომელიც სახლში სუფევდა.

მართალია, ამგვარი სიტუაციის მიზეზი მამაკაცის ღალატი იყო, მაგრამ „ამინდი სახლში“ ქალზეა დამოკიდებული.

რაც მამაკაცებს აფრთხობთ

მამაკაცი მშიშარა არსებაა და ამას ფსიქოლოგებიც ამტკიცებენ. უფრო მეტიც, მათ გამოვალინეს შვიდი მთავარი „საშინელება“, რაც მამაკაცებს აფრთხობს:

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ...

  1. პირველ ადგილზეა შიში ძლიერი, მბრძანებლური ხასიათის მქონე ქალების მიმართ.

  2. მეორეზე – მამაკაცური ძლიერების დაკარგვით გამოწვეული აკვიატება.

  3. მესამე „საშინელება“ – ხელმძღვანელი ქალია. რაც მათ თავდაჯერებულობის შეგრძნებას ართმევს, არასრულფასოვნების კომპლექსს უჩენს.

  4. მეოთხე ადგილზე, პარტნიორის მხრიდან ღალატის შიშია, რასაც კაცი ძალიან განიცდის, ოღონდ ჩუმად.

  5. გარდა ამ ყველაფრისა, მამაკაცებს მუდმივად აქვთ მძიმე დაავადებების მიმართ შიში. ძლიერი სქესის წარმომადგენლები იპოქონდრიკები არიან, არ არსებობს დაავადება, რომელსაც მამაკაცი საკუთარ თავზე არ წარმოიდგენს.

  6. კიდევ ერთი მამაკაცური შიში გამელოტებისა და ქალის თვალში მიმზიდველობის დაკარგვა აღმოჩნდა.

  7. გერმანელმა ფსიქოლოგმა უვე დენიტმა კი დაადგინა რამდენიმე დამატებითი მიზეზი, რომლებიც ასევე იწვევს შიშს ძლიერი სქესის წარმომადგენლებში: ა) კაცებს აქვთ სამსახურიდან გათავისუფლების შიში; ბ) უფრთხიან გასუქებას; გ) ეშინიათ დამარცხების; დ)ეშინიათ არამტკიცე ურთიერთობის; ე) ქმრებს არ მოსწონთ, როცა ცოლებს მათზე მაღალი ხელფასი აქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი