გულახდილი საუბრები

რთულია მიტოვებული ქალის სტატუსის ტარება, თუმცა, რაც დამემართა, ჩემი ბრალია

№3

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.01, 2021 წელი

უშვილობას ვნანობ
დაკოპირებულია

არაჩვეულებრივი ოჯახი შევქმენი. ქმარი თან მყვებოდა. შვილებისთვისაც არაჩვეულებრივი მამა იყო და ჩემთვისაც – კარგი მეუღლე. თუმცა, ცდუნებას ავყევი და ერთი ხელის მოსმით დავანგრიე ოჯახი, მივატოვე ქმარი და გავეკიდე ყოფილ შეყვარებულს. ისეთ დროს გამოჩნდა, როცა მეუღლე სამსახურის საქმეებზე უცხოეთში იმყოფებოდა. 

რაღაცნაირად მომინდა ძველი გრძნობის გახსენება და ავყევი ჩემს ყოფილ შეყვარებულს სატელეფონო საუბარში, ეს ყველაფერი კი ინტიმურ კავშირში გადაიზარდა, გამძაფრდა და საბოლოო ჯამში, ჩემი ქმრის ჩამოსვლის შემდეგ, სახლიდან წამოვედი.

ბავშვები უკვე დიდები იყვნენ და მამასთან დარჩენა არჩიეს. არც მე გამიგიჟებია თავი, რადგან ვიცოდი, მამასთან უკეთ იქნებოდნენ. ჩემი მეუღლე დღემდე ვერ მპატიობს, რომ ასე უეცრად მივატოვე, გამოვიხურე კარი და წავედი. სხვათა შორის, როცა ჩამოვიდა და სიტუაცია ავუხსენი, შოკში კი ჩავარდა, მაგრამ არც უყვირია და არც ისტერიკა მოუწყვია. უბრალოდ, მითხრა: შენ ჩემი ღირსი არ ყიფილხარო. ეს სიტყვები დღემდე მწარედ მახსოვს და როცა ვხედავ, ძალიან მრცხვენია.

მოკლედ, სულ რამდენიმე თვე ვიყავი ჩემს ყოფილ შეყვარებულთან და როგორც წლების წინ, ისევ მიმატოვა. მიზეზი არც კი უთქვამს, უბრალოდ, წავიდა და დაიკარგა. მე კი დავრჩი ნაქირავებ ბინაში. ძალიანაც რომ მოვინდომო, ჩემი ქმარი აღარ მიმიღებს, შვილებიც ნაწყენები არიან ჩემი საქციელის გამო. ვერ ვხვდები, რამ დამიბრმავა თვალები, როგორ ვენდე კაცს, რომელმაც ერთხელ მომატყუა, მიმატოვა და საშინლად მატკინა გული. არ ვიცი, რატომ, მაგრამ პირველი სიყვარული იყო და მის დანახვაზე, გული სხვანაირად იწყებდა ძგერას, რაღაცნაირი გრძნობა მიჩნდებოდა, თითქოს ფიზიკურად მისკენ მივილტვოდი. თუმცა, ქმართანაც არ მქონია ცუდი ინტიმური ურთიერთობა. უბრალოდ, ამოვიჩემე, ინტერესი მკლავდა და იმდენი ვქენი, სანამ ამის გამო, საკუთარი ხელით არ გავითხარე სამარე.

ახლა სოციალური ქსელით ვადევენებ თვალს ფოტოებს, სადაც ჩემი შვილები და მეუღლე ხვდებიან მხიარულად ახალ წელს, შობას, ერთმანეთს ესიყვარულებიან, ეხუტებიან... ყოფილი შეყვარებული კი, სულ ნაირ-ნაირ გოგონებთან გადაღებულ ფოტოებს დებს. მართლა ვნანობ, განვიცდი, მაგრამ თავად ავირჩიე ასეთი ცხოვრება და ვატარებ მიტოვებული, დამცირებული და შეურაცხყოფილი ქალის სტატუსს. მიჭირს იმის გააზრება, რომ ასაკში შესულს მარტო მომიწევს ცხოვრება, ვერც შვილებთან მივალ, რადგან ქმარს თვალებში ვერ ვუყურებ და არც ის არაკაცი დაბრუნდება ჩემთან, ვის გამოც ამხელა მსხვერპლი გავიღე.

ასაკიანი დედა მყავს და მან მითხრა: შვილი ხარ და არ მაქვს უფლება მოგიძულო, თუმცა, ქალი რომ კაცის გამო შვილებს დატოვებს, ის ყველაფრის ღირსიაო. ეს სიტყვები ისე მომხვდა გულზე, თითქოს დანა ჩამარტყეს. სხვათა შორის, ბავშვები და ჩემი ქმარი ხშირად მიდიან დედაჩემთან და აქცევენ ყურადღებას. მე კი ძიძად დავიწყე მუშაობა, სხვის შვილებს ვუვლი და საკუთარი შვილების ჩახუტება მენატრება. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი წლების წინ, რომ ასეთი ცხოვრება მელოდა, ასეთი წინდაუხედავი ავღმოვჩნებოდი და ვნებას ისე ავყვებოდი, ყველაზე ძვირფას ადამიანებს დავკარგავდი.

ფაქტია, რომ ასე მოხდა და დროს უკან ვერ დავაბრუნებ. ახლაც ცუდ სიზმარში მგონია თავი. თითქოს გამოვიღვიძებ და ისევ იმ ოჯახში აღმოვჩნდები, სადაც სითბოს, სიყვარულის და ერთგულების გარდა არაფერი მიგრძნია. სადაც ჩემი სახლი იყო და ამ ყველაფერზე იმის გამო ვთქვი უარი, რომ ძველმა გრძნობამ დამაბრმავა. აღარც იმ ასაკში ვარ, სხვა მამაკაცებზე ვიფიქრო. არც მინდა და არც იმ წყალში შევალ მეორედ, საიდანაც ტალახიანი ჩემივე სურვილით გამოვედი.

ნინო, 39 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი