სპორტი

ბერდია ფურცელაძე: ქართველ გოგონებთან არ მაქვს კონტაქტი, მაგრამ ხმები მომდის, რომ ძალიან გარყვნილებაა

№11

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 24.03, 2021 წელი

ბერიდია ფურცელაძე
დაკოპირებულია

ბოდიბილდერი ბერდია ფურცელაძე ოცი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს და წარმატებული კარიერა აქვს. სპორტული აქტივობა ფეხბურთით დაიწყო, თუმცა ოცნებაზე უარის თქმა მოუწია და გზა სხვა მიმართულებით გააგრძელა.

ბერდია ფურცელაძე: მამა გურჯაანის „ალაზნის“ პრეზიდენტი იყო. აქედან გამომდინარე, მეც ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე ფეხბურთის თამაში და 16 წლამდე სპორტის ამ სახეობაში ვიყავი. 11 წლის ასაკში საფრანგეთში გადმოვედით საცხოვრებლად და აქაც გავაგრძელე თამაში, ფეხბურთში ძალიან დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ფეხზე სერიოზული ტრავმა მივიღე და ექიმმა თამაში ამიკრძალა. ძალიან გამიჭირდა ამ აზრთან შეგუება. ფეხბურთის სკოლაში რომ მიგიღონ, სერიოზული ტესტები უნდა ჩააბარო. 1 200 ბავშვიდან მხოლოდ 12 აიყვანეს და მათ შორის მეც ვიყავი. არჩევნის წინაშე დავდექი – სკოლა ან ფეხბურთი. ერთ-ერთზე უნდა ვკონცენტრირებულიყავი. ისე მიყვარდა სპორტი, რომ ფეხბურთის გამო ყველაფერი დავთმე, მაგრამ უკვე ტრავმამ მაიძულა, ფეხბურთისთვის დამენებებინა თავი. ძალიან რთული აღმოჩნდა საკუთარ ოცნებაზე უარის თქმა. სტრასბურგშიც ვიყავი ექიმთან, რომელმაც ზიდანს გაუკეთა ოპერაცია. მითხრა, პროფესიონალი რომ იყო, გეტყოდი, გააგრძელე, სანამ ფეხი „გაგიქაჩავს“, მაგრამ რადგან კარიერას ახლა იწყებ, თუ გააგრძელებ, შეიძლება, ერთ თვეში „დაგასტოპოს“, შეიძლება, ერთ წელში და თუ „დაგასტოპებს“, შეიძლება, დაინვალიდდეო. ამიტომ სხვა გზა აღარ იყო.

– ბოდიბილდინგით ამის შემდეგ დაინტერესდი?

– რეაბილიტაციისა და სპორტის სიყვარულის გამო, ცურვასა და ფიტნეს კლუბში დავიწყე სიარული. უცებ ჩამითრია ფიტნესმა, ბევრს ვკითხულობდი, ლეგენდა სპორტსმენების ვიდეოებს ვუყურებდი, ვკითხულობდი, ვვარჯიშობდი. ერთ-ერთ დარბაზში უფროსმა – ყოფილმა ბოდიბილდერმა მითხრა: ბერდო, შეჯიბრებაზე გამოსვლით არ ხარ დაინტერესებულიო? მე ჩემთვის ვვარჯიშობდი და ეს შემოთავაზება მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ დავთანხმდი და გავედი შეჯიბრებაზე. ისე მოხდა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი ავიღე.

– პირველივე მცდელობაზე?

– დიახ და ეს ქართული და კავკასიური გენეტიკის დამსახურება მგონია. ქართველებს მაგარი ჯიში გვაქვს. ამ სპორტში ძალიან ბევრს ნიშნავს გენეტიკა. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი კარგად წავიდა. პირველ შეჯიბრებაში ათასზე მეტი ათლეტი იღებდა მონაწილეობას და ტოპოთხეულში რომ მოვხვდი, ჩემი მწვრთნელიც კი გაგიჟდა. თან, სპორტის ამ სახეობაში წლების განმავლობაში უნდა იასპარეზო, ჟიურის თავი დაამახსოვრო, ცნობილი გახდე და შემდეგ გაქვს შანსი. იქ ბიჭები იყვნენ, რომლებიც 10-15 წელი გამოდიოდნენ ამ შეჯიბრებაზე და მე გადავასწარი (იცინის). თუმცა, წარმატების მიღმა დიდი შრომა დევს. ეს სპორტი არანორმალურ ნებისყოფას მოითხოვს, მაგრამ შედეგად ფიზიკურად და სულიერად სრულყოფილი ადამიანი ხდები.

– ამის შემდეგ როგორ აეწყო შენი კარიერა?

– მეოთხე ადგილზე რომ გავედი, სოციალურ ქსელებში უამრავმა ადამიანმა მომწერა. უნდოდათ, მათი ტრენერი გავმხდარიყავი, რაზეც მანამდე არ მიფიქრია. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ იმდენმა მომწერა, შეწუხებული ვიყავი. ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი, რატომაც არა-მეთქი და გადავწყვიტე ამ საქმით დავკავებულიყავი. 2015 წელს ავიღე ლიცენზია და პერსონალური ტრენერი გავხდი. ყველანაირი კლიენტი მყავს – სპორტსმენები, რომლებიც შეჯიბრებისთვის ემზადებიან თუ უბრალოდ, სპორტული ცხოვრების მოყვარულები. შეჯიბრებაზე რომ გამოდიხარ, ცნობილი ხდები და შენზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ ბევრი კლიენტი მყავს.

– პირადად აღარ გაქვს ასპარეზობის სურვილი?

– როცა ტოპექვსეულში შედიხარ, ლიცენზია გაქვს და მაშინ გახვალ შეჯიბრებაზე, როცა გინდა. თუ წელიწადში ოცი შეჯიბრებაა, შენ შეგიძლია, მათგან საუკეთესო ამოარჩიო და მასში ჩაერთო. ეს უკვე ჩემი ცხოვრების სტილია და მე მთელი წელი ფორმაში ვარ, თუმცა პანდემიის გამო ახლა ეს ყველაფერი დაპაუზებულია.

– ქართულად გამართულად ლაპარაკობ, თუმცა დიდი ხანია, საფრანგეთში ცხოვრობ.

– ოცი წელია, საფრანგეთში ვცხოვრობ, მაგრამ მაგარი პატრიოტი ვარ. კვირას არ ვტოვებ ისე, რომ ეკლესიაში არ წავიდე. აქ, ნიცაში, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიაა. მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე ქართული დამავიწყდეს. არ მესმის, როგორ არ რცხვენიათ ხოლმე, სამშობლოდან რამდენიმე წლის წასულები რომ ამბობენ, ქართული დაგვავიწყდაო.

– დაქორწინებული არ ხარ. მითხარი, ძალიან დიდი პატრიოტი ვარო. ქართველზე აპირებ დაქორწინებას?

– გულით მინდა, რომ ჩემი მეორე ნახევარი მართლმადიდებელი ქართველი იყოს. სიმართლე თუ გაინტერესებთ, ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ძველი ქართული გაგება მაქვს. შვილები რომ მეყოლება, პირველი ათი წელი მინდა, საქართველოში აღვზარდო მართლმადიდებლური წესით, ჩოხითა და ასე შემდეგ. მინდა, ნამდვილ ქართველებად გავზარდო. სამწუხაროდ, აქ ძალიან არიან გადაჯიშებული. ბავშვებმა სკოლაში ხომ უნდა იარონ? ბოდიში და ბავშვებს რომ ასწავლი, ორი კაცის და ორი ქალის ერთად ყოფნა ნორმალურიაო, რაღაზე უნდა ველაპარაკო?!

– მაგრამ ოცი წელია, საქართველოში არ ცხოვრობ და როგორ წარმოგიდგენია ქართველ გოგოსთან ოჯახის შექმნა?

– ახლა 31 წლის ვარ. ჩემს თავს ცოლის მოსაყვანად მაქსიმუმი ვადა 31 წლამდე მივეცი. მინდა, მანდ ჩამოვიდე, შეიძლება, ექვსი თვითაც და კარგი ქართველი გოგო გავიცნო.

– როგორი გოგო უნდა იყოს შენს გვერდით?

– პირველ რიგში, მართლმადიდებელი, ტრადიციების მოყვარული. ბევრს ჰგონია, რომ აუცილებლად სპორტსმენი გოგო მინდა. რა თქმა უნდა, სანამ გაიცნობ, პირველ რიგში, ადამიანის გარეგნობა გიზიდავს, მაგრამ მერე უნდა გაუგო, გრძნობა უნდა გაჩნდეს.

– რა ტრადიციებია შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

– შეიძლება, ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ძველ ქართულ სკოლაში ვარ დარჩენილი. ქართველი დედა, ხომ იცით როგორია, ძლიერი და მაგარი ქალი, როგორებიც ჩვენი დედები და ბებიები არიან. თუ დაქალებთან გასვლა უნდა, განა ავუკრძალავ, მაგრამ მინდა, ჩემს ხელში ვინც იქნება, იმ გოგომ თავი პრინცესასავით იგრძნოს. გაგება უნდა გვქონდეს – მინდა, ერთმანეთისთვის ყველაფერი ვიყოთ, ესაა ჩემთვის საუკეთესო ურთიერთობა. ვერ წარმომიდგენია, ცოლი სამსახურში მყავდეს და ბავშვები ძიძას დაუტოვოს, რაც თანამედროვეობის მახასიათებელია. თუ თავის პროფესიაში წარმატებულია, მე ხელს შევუწყობ, მაგრამ პირველ რიგში მაგარი დედა უნდა იყოს.

– შენ როგორი მეოჯახე იქნები?

– დედაჩემი სულ მეუბნება, შენ მაგარი ქმარი იქნებიო. შეყვარებულები მყოლია და გოგოს არაფერს ვაკლებ. ჩემს ხელში ბედნიერია, თავს დაცულად გრძნობს. რესტორანია თუ გართობა, ყველაფერი აქვთ, მაგრამ ასეთი ტრადიციული რომ ვარ, მაინც სულ შიში აქვთ. არჩევანზე რომ მიდგეს საქმე, იციან რომ ქართველს ავირჩევ და ეშინიათ, არ მივატოვო. აქ რომ გოგოსთან მაქვს ურთიერთობა, ძალიან გულწრფელი ვარ, თუ სერიოზული მინდა, პირდაპირ ვეუბნები და თუ არასერიოზული, ამასაც თავიდანვე ვამბობ. თუ აწყობთ – აწყობთ, თუ არადა, ღმერთმა კარგად ამყოფოთ…

– გოგოების მოსახიბლად შენი ფიზიკური მონაცემები თუ გამოგიყენებია?

– ქუჩაში ან პლაჟზე კარგი ტანის ადამიანი ყველას მოსწონს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან ლამაზ გოგოს უფრო ცოტა ბიჭი „აბამს“, ვიდრე ისე რა გოგოს. იმიტომ, რომ ბევრს ეშინია მასთან მისვლა. ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ეს ძალიან ბევრ გოგოს იზიდავს, მაგრამ ბევრს აშინებს კიდეც. ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებში მწერენ, ეს ნამდვილად შენ ხარ?! მეცინება ხოლმე და ვფიქრობ, არა მამაჩემი-მეთქი (იცინის).

– თუ მამაც სპორტსმენი იყო, ისიც კარგ ფორმაში იქნებოდა.

– პაპა გურჯაანში გამგებელი იყო, მამა – გურჯაანის „ალაზნის“ დირექტორი. კანონიერი ქურდი პაატა ჩლაიძე თუ გაგიგიათ, ჩემი ნათლიაა. ძალიან ახლობლები ვიყავით. ის ჩვენი ოჯახის წევრი იყო. სამწუხაროდ, ძალიან პატარა ვიყავი, როცა მოკლეს. მამაჩემისა და პაპის გარშემო სულ ეგეთი ხალხი ტრიალებდა, მათ წრეში ვარ გაზრდილი, მათნაირი კაცური გაგება კი მაქვს, მაგრამ მე ყოველთვის სპორტში ვიყავი, ჩემი ინტერესები აქეთ იყო. წეღანაც რომ ვთქვი, ძველი ქართული გაგება მაქვს-მეთქი, ხომ ხვდებით, როგორმა ხალხმა გამზარდა?!

– შენს ფიზიკურ ძალას „რინგს“ მიღმა არ იყენებ?

– სიმაღლეში 187 ვარ, წონით 100 კილოგრამი. რომ ამბობენ, დიდები და ძლიერები ძალიან კეთილები არიანო, მართალია. ძალიან კეთილი ვარ, მაგრამ მაგარი „დარტყმულიც“ (იცინის). ერთხელ მეგობართან ერთად გერმანიაში ვიყავი დისკოთეკაზე. ორი გოგო წავიყვანე და მეგობარს ვუთხარი, ერთი ჩემთანაა, მეორე შენთან-მეთქი. ღამის ორი საათია და ჩემი მეგობარი გაქრა იმ გოგოსთან ერთად, მეგონა, თავის საქმეს აკეთებდა. მაგრამ უცებ მოდის კანკალით და მეუბნება: ბერდო, წამო ჩხუბიაო. გავედი დისკოთეკის წინ და ხუთი ტიპი დგას. თავიდან დიდგულზე იყვნენ, მაგრამ რომ დავერიე, ერთმანეთზე დავაწყვე ყველა (იცინის). თუმცა, მარტო „ფიზიკა“ არაფერს ნიშნავს, ეს ჩემი მეგობარიც კარგი მოხეული იყო, თუმცა ძალიან შეეშინდა. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან კეთილი ვარ – ჩხუბს პირველი არასდროს ვიწყებ, კაცური კაცი ასე არ იქცევა, მაგრამ თუ ვინმემ რამე დამიწყო, უბედური ის – ზედ გადავუვლი.

– ქართველ ახალგაზრდებზე რას ფიქრობ?

– აქ ორი ქართველი ძმაკაცი მყავს, ისინი ჩემთვის ყველაფერი არიან, მაგრამ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა ბიჭებთან კონტაქტი არ მაქვს. სიმართლე რომ ვთქვა, ქართველ გოგონებთანაც არ მაქვს კონტაქტი, მაგრამ ოჯახისგან და ნაცნობებიდან ხმები მომდის. ამბობენ, რომ ძალიან გარყვნილებაა, თუმცა არ ვიცი, მართალია თუ ტყუილი.

– მაგრამ მაინც გჯერა, რომ შესაძლებელია კარგი გოგოს პოვნა?

– რა თქმა უნდა, კარგი და ცუდი ყველგანაა. ძალიან მორწმუნე ვარ და სულ ვიმეორებ, ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება. მე იმედი მაქვს, რომ ქართული ოჯახი მექნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი