საზოგადოება

ვის და რატომ სჭირდებოდა ბუბა კიკაბიძის სახელი ბიზნესში

№4

ავტორი: ეკატერინე პატარაია 16:00 30.01, 2023 წელი

ბუბა კიკაბიძე
დაკოპირებულია

„სიკვდილი რა არი, რო? რაღაცის დანამატი. გინდა, 100 წელი გიცოცხლია…“ „არა, მე არ მეშინია მაგის. მორჩა კინო!..“ – ამბობდა მსახიობი და მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ეს მისი დღიურებია, ძალიან საინტერესო, ამოუწურავი და მართალი, რომელსაც ასე დავარქვი – „უკანასკნელი მეფაიტონე, ემშვიდობება თბილისს“.

მომღერლის კარიერა 1959 წლიდან დაიწყო. მისი თაობის ბიჭები ქუჩაში, სადარბაზოებში გროვდებოდნენ და გიტარით ხელში ლამაზ სიმღერებს მღეროდნენ ხოლმე. ერთხელ მეგობარმა სამედიცინო ინსტიტუტში თვითმოქმედი ანსამბლის რეპეტიციებზე მოსასმენად წაიყვანა. ბიჭს მიკროფონის დანახვაზე ჭკუა გადაეკეტა და მისი ხელში დაჭერის სურვილი გაუჩნდა. მისი დედა, მანანა ბაგრატიონი კარგი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა. საახლობლოში ძია ჯანოს – ჯანო ბაგრატიონის პირველი ჯაზორკესტრი ხომ განთქმული იყო, სადაც ბუბას დედა, ქალბატონი მანანაც მღეროდა. ჯანოს უმცროსი და, ნატო კი ამ ორკესტრში საცეკვაო ნომრებს ასრულებდა. მართალია, თვითონ კულისებში გაიზარდა და სიმღერა მისთვის უცხო ხილი არ იყო, მაგრამ მომღერლობაზე სერიოზულად არასოდეს უფიქრია. ყველაზე მეტად ხატვა იზიდავდა, თუმცა საამისო ნიჭით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. იმ დღიდან, როცა მეგობარმა სამედიცინო ინსტიტუტში წაიყვანა, ქუჩაში აღარავის უნახავს. პირველად პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში იმღერა, სადაც ბიძაშვილის, უმცროსი ჯანო ბაგრატიონის ნაცვლად მოხვდა. მაშინ, ჯანო ავად გახდა. მოსკოვში სტუდენტურ ფესტივალზე უნდა წასულიყო და სთხოვა, მისი მაგივრობა ბუბას გაეწია. მოსკოვში წასვლა მეგობრის ნათხოვარი პიჯაკითა და შარვლით მოუწია. მას მერე ესტრადაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. უცხო ენების ინსტიტუტში ჩაბარებაც შემთხვევითი იყო. მერე ძია ჯანომ ფილარმონიის ორკესტრ „რეროში“ მიიყვანა, მაგრამ ხრინწიანი ხმა დაუწუნეს. თუმცა, შემდეგ სწორედ ფილარმონიის საბჭოდან, სადაც ხმა დაუწუნეს, დაურეკეს და სთხოვეს მის ჯგუფს რუსეთში წაჰყოლოდა იმ პირობით, რომ იგი სხვა გვარით გამოვიდოდა. ეს ამბავი დირექციას არ უნდა გაეგო. მაშინ დედამ ურჩია ბაგრატიონების გვარით გამოსულიყო. პირველი გასტროლიც მოსკოვში შედგა, სადაც აფიშებზე ვახტანგ ბაგრატიონი ეწერა. იქიდან რომ დაბრუნდა, ინსტიტუტიდან უკვე გარიცხული იყო. მალე ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „დიელოში“ გადავიდა და მასთან ერთად მოიარა საზღვარგარეთის ბევრი ქვეყანა, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. იმ პერიოდში ლივერპულში ახალგამოჩენილმა „ბითლზმა“ განაპირობა ის, რომ საქართველოშიც შეიქმნა მსგავსი ჯგუფი, რომელსაც „ორერა“ ეწოდა. მაშინ „ორერას“ ხელმძღვანელი რობერტ ბარძიმაშვილი იყო. ანსამბლი თავიდან შვიდი წევრისგან შედგებოდა. „ორერამ“ ქართულ ესტრადაში გადატრიალება მოახდინა. ბუბას პირველი სიმღერა არ ახსენდება, მაგრამ ახსოვს, რომელმა სიმღერამ გადაწყვიტა მისი „ორერაში“ და საერთოდ, ესტრადაზე ყოფნა. ეს იყო ცაბაძის „უკანასკნელი მეფაიტონე“. მიხვდა, რომ სწორედ ამ ჟანრში უნდა ემღერა.

აკრძალული ბუბა

„ერთი ასეთი რუსული ფილმი იყო – „ოლგა და კონსტანტინე“, კაცსა და ქალზე. ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობდი. ჩემი პარტნიორი ცნობილი მსახიობი ქალი იყო, რომელიც არ მომწონდა და რეჟისორს ვუთხარი – ვინც გინდა ის აიყვანე ჩემს როლზე, მასთან ერთად ვერ ვითამაშებ-მეთქი. სხვა მსახიობი აიყვანა. ერთხელაც, ოდესაში უნდა წავსულიყავი კონცერტებზე. დამირეკეს და მითხრეს: ბუბა, ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ შენზე მოსკოვიდან დარეკეს და გვითხრეს, ფილარმონიაში აღარ მიიღოთო. ორი წელი არ მიმუშავია. ამ ქალს მთავრობის რომელიღაც წევრთან დიდი რომანი ჰქონია, ლამაზი ქალი იყო. თურმე რეჟისორს უთქვამს მისთვის, ბუბამ შენთან ერთად თამაშზე უარი თქვაო. მაშინ ფილმებში რომ არ მეთამაშა, შიმშილით მოვკვდებოდი. მერე ახალი კულტურის მინისტრი დანიშნეს. დამირეკეს და ბოდიში მომიხადეს.

ჩემი სახლი

შეიძლება, მე ის ერთ-ერთი ადამიანი ვარ საქართველოში, ვინც თავისი შრომით ააშენა სახლი. ახლა 64 წლის ვარ. სულ თვითმფრინავში ვზივარ, დავიღალე, მეც აღარ შემიძლია. იცით, სად ვცხოვრობდი, რა გაჭირვება მაქვს გამოვლილი? ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ასეთი სახლი მექნებოდა, ისეთ გაჭირვებაში გავიზარდე. ყველამ კარგად იცის, რომ რვამეტრიან ოთახში, დერეფანში ვცხოვრობდი, რომელსაც სამი კარი ჰქონდა. ორი კარი ამოჭედილი იყო და მესამე – სულ ღია, რადგან ფანჯარა არ გვქონდა. ორი ლოგინი არ ეტეოდა. მერე ვცხოვრობდით 14 კვადრატულ მეტრ ოთახში, ყოფილ სამზარეულოში, ცემენტის იატაკზე. დედაჩემს არ ჰქონდა საშუალება, ხის იატაკი დაეგო. იქიდან მოყოლებული სულ ფეხები მტკივა. ვფიქრობდი, ნეტავ ოდესმე თუ მექნება სახლი-მეთქი და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ აუცილებლად ავიშენებდი. დღემდე არ მაქვს აგარაკი, მხოლოდ ეს სახლი მაქვს. სანამ შენდებოდა, ხილიანზე, სამოთახიანში ვცხოვრობდი ჩემი ოჯახით. კარგა ხანს მოვუნდით ამ სახლის აშენებას. გააჩნია ვინ როგორ უყურებს ცხოვრებას. ვთვლი, რომ ადამიანი ერთხელ მოდიხარ ამქვეყნად და კარგად უნდა იცხოვრო.

შეცდომა

ჩემი შეცდომა ის იყო, როცა თეატრში სათამაშოდ მეძახდნენ და არ წავედი. შემეშინდა. რატომღაც ვიფიქრე, თეატრი ჩემთვის არ იყო. ახლა ვნანობ. მეგონა, იმისთვის მეძახდნენ, რომ პოპულარული სახე ვიყავი, მაგრამ როგორც მერე გაირკვა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ასევე, გული მწყდება, როცა ფილმს „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ იღებდნენ, ერთ-ერთი მთავარი, გოშას როლი უნდა მეთამაშა და არ ვითამაშე. სამი თვე მირეკავდნენ. კინო ბავშვობიდან მიყვარს. პირველად, სანიშვილის ფილმში „შეხვედრა მთაში“ ვითამაშე. მეგონა, ყველა გაგიჟდებოდა – ბუბა კინოში მოვიდა და რა ბედნიერებააო, მაგრამ რამდენიმე წელი არავინ მეძახდა. ვფიქრობდი, რომ კინო ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ მერე დანელია გამოჩნდა და ჩემი კინოკარიერაც დაიწყო. მან პირველად „არ დაიდარდოში“ გადამიღო. როცა მეკითხებიან, რომელი უფრო გიყვართო, მე ვეუბნები: ესტრადა-მეთქი, რადგან ესტრადა ჩემთვის უფრო ახლობელია.

თბილისის ომი და ბუბა

აი, მაგ ამბავმა ძალიან მატკინა გული. ჩემთან რეკავდნენ სახლში, ერთ ამბავში იყვნენ, ლანძღვა-გინებაში. ერთ-ერთ ოჯახში ვახშამი ყოფილა, იქ ჩემი მეგობარი იჯდა. ერთმა ქალმა არ იცოდა, რომ ეს ადამიანი ჩემი მეგობარი იყო და უთქვამს: კასეტა მანახვეს, სადაც ბუბა კიკაბიძე დიდუბის მეტროსთან დგას, ნიღაბი უკეთია და ავტომატით ბავშვებს ხოცავსო. ჩემს მეგობარს უკითხავს: კი მაგრამ, ქალბატონო, თუ ნიღაბი ეკეთა, როგორ იცნეს, რომ ბუბა იყოო. დაჭრილმა თქვაო და ხომ იცით, კაცი სიკვდილის წინ სიმართლეს ამბობსო. წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდია. არ მეგონა, თუ ჩემზე საქართველოში ასეთ რამეს იტყოდნენ. სიმღერის მეტი არაფერი მიკეთებია. ჩემს ცხოვრებაში იარაღი ხელში არ მჭერია. ღმერთმა აპატიოს. დედაჩემმა ისე გამზარდა (მორწმუნე ქალი იყო), ერთ ლოყაში სილას რომ გაგაწნიან, მეორე მიუშვირე, ის ამით შეიძლება, მიხვდეს, რა ჩაიდინაო. მაშინ მანანა არჩვაძის წერილიც გამოქვეყნდა გაზეთში, სადაც ამტკიცებს, რომ ეს მე ვიყავი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამასაც არ მივაქციე ყურადღება. ზვიადის დედა პაპაჩემის მონათლული იყო, ზღაპრული ბუნების ქალი. ვიფიქრე, მე რომ ახლა ყველაფერ ამას ავყვე, შეიძლება, ინფარქტი მივიღო. ეტყობა, ვიღაცას აწყობდა ეს იმიტომ, რომ იქით მხარეს არ დავდექი. ძალიან განვიცადე. სახლში ამის გამო დიდი ტრაგედია იყო.

ჟაკ ბრელისა და ბუბას ბენჟამენი

თბილისში ჩამოსულს აეროპორტში, დამხვდურთა შორის, ვიღაც კაცი მიღიმოდა და ხელს მიქნევდა. შორიდან ვერ ვიცანი. რა გასაკვირია, მანამდე ხომ გაღიმებული დანელია არ მენახა. ეს იყო 1967 წელს. მას შემდეგ დავმეგობრდით. დაიწყო გადაღებები. პირველ დღეს ბეთანიაში ვიღებდით. გიამ ამოიღო დიდი ჯაყვა. „მოტორ“, დაიძახებდა და ავტომატურად იწყებდა მის ლესვას. იმდენი ლესა, რომ ფილმის დამთავრებისას მახათივით გაუწვრილა პირი. ეტყობა, ასე იოკებდა ნერვიულობას. მოპარვა მინდოდა, სახსოვრად მექნება-მეთქი, მაგრამ ვიღაცამ დამასწრო… მსოფლიო კინემატოგრაფიის 100 წლისთავზე „არ დაიდარდო“ ოქროს ფონდში შევიდა. 1970 წელს კარტახენას კინოფესტივალზე ფილმმა აიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. „არ დაიდარდო“ გადაღებულია ფრანგი მწერლის, კლოდ ტილიეს ნაწარმოების, „ბიძაჩემი ბენჟამენის“ მიხედვით. ამ ფესტივალზე ფრანგებსაც ჰქონდათ წარმოდგენილი იმავე ნაწარმოების მიხედვით შექმნილი ფილმი, საკმაოდ სუსტი იყო. ბენჟამენს ჟაკ ბრელი თამაშობდა. ჟაკ ბრელს რომ უნახავს ჩვენი ფილმი, დანელიასთვის უკითხავს, ბენჟამენი არ ჩამოვიდაო? გიამ: მოვატყუე – ჩვენი ბენჟამენიც თქვენსავით მომღერალია და ახლა ამერიკაშია გასტროლებზეო. სინამდვილეში, მე და სერგო ზაქარიაძე ამ ფესტივალზე მოსკოვმა არ გაგვიშვა. ჩემს ადგილზე დელეგაციას ერთი მსახიობი ქალი გააყოლა, რომელიც ფილმში არ თამაშობს… დანელიას ისე უყვარდა ფელინი, რომ ლამის დედის მაგივრად დაეფიცა. ფესტივალზე ფელინიც იყო და ისე მომხდარა, რომ გვერდიგვერდ ნომრებში დაუბინავებიათ. დანელია იხსენებდა: ღამე ვერ ვიძინებდი, რომ ვიცოდი, კედლის იქით ის იყო. მინდოდა, მივსულიყავი, მაგრამ ვერ ვბედავდიო. ფელინის კი ისე მოსწონებია „არ დაიდარდო”, ორჯერ ზედიზედ უნახავს. ერთ საღამოს გია დამთვრალა და შუაღამისას აუტეხია მის კარზე ბრახუნი. გამოსულა ღამისპერანგიანი ფელინი. გიას აუთვალიერ-ჩაუთვალიერებია და მდუმარედ გამობრუნებულა.

„მიმინო 2“

ეს ფილმი უნდა ყოფილიყო ქართველსა და თბილისელ რუსზე, რომელიც ევგენი ლეონოვს უნდა განესახიერებინა. ლეონოვი უნდა ყოფილიყო ისეთი ტიპი, ჯიბეში ხელის ჩაყოფას რომ ვერავინ ასწრებს, „აეროდრომი-კეპით“ რომ დადის – თბილისელი რუსი ხომ საერთოდ სხვა ნაციაა. მოსკოვიდან შემოგვითვალეს: ეგეთი რუსები არ არსებობენ და შეცვალეთო! მერე ვიღაცამ თქვა – რუსი სომხით ხომ არ ჩავანაცვლოთო. დაიწყო პოლემიკა, რატომ სომხითო? ანეკდოტებია და იმიტომ, სომხები და ქართველები ხომ სულ ეგრე ვართ: თბილისი ჩვენ ავაშენეთო, არა, ჩვენო (როგორც მე და ფრუნზიკა ვდაობთ ფილმში ბორჯომზე). ამიტომ მაშინვე ფრუნზიკ მკრტიჩიანი გაახსენდათ. ზუსტად მოარტყეს. მერე ბევრჯერ შესთავაზეს დანელიას, „მიმინოს“ გაგრძელება გადაეღო. ის კი არა, ახლაც მთავაზობენ სხვა რეჟისორები, „მიმინო-2“ გადავიღოთო. ფრუნზიკა რომ ცოცხალი იყოს, კიდევ შეიძლებოდა, მის გარეშე რა აზრი აქვს...

ბუბა და მხატვრები

არ მიყვარს, გიტარით რომ დასხდებიან სუფრასთან და მღერიან. მე შეიძლება, ამ დროს ჩუმად, ჩემთვის ბანი ვთქვა, ისე რომ ხელი არ შევუშალო ვინმეს. ჩემს სამეგობროში ყველა კარგად მღერის. სირცხვილიც არის, ხელი რომ შევუშალო. თამადობა კი კარგი ვიცი. სხვათა შორის, შეიძლება ეს მკითხველმა არ იცის, მაგრამ მე თვითონ დავიწყე სცენარების წერა და ძალიან კარგად ვწერ. რეჟისურამაც დამაინტერესა. ორი ფილმი გადავიღე. პირველმა გრანპრი მოიპოვა დობროვში საერთაშორისო კინოსფესტივალზე. ხატვაში არ გამიმართლა. სახლში კარგი მხატვრების სურათები მიკიდია. მყავს ძალიან ბევრი მხატვარი მეგობარი. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მათთან სახელოსნოში დავდივარ და ვუყურებ როგორ ხატავენ.

ბუბას სახელი

მოსკოვის ცენტრში ნამდვილად იყო ასეთი ქართული რესტორანი – „არ დაიდარდო“, საიდანაც წამოვედი. რამდენიმე კაცი ვიყავით წილში. დიდი მადლობა-მეთქი, მოვტრიალდი და წამოვედი. ვფიქრობ, რომ არ არის ეგ ჩემი საქმე. მერე მივხვდი, რომ ჩემი სახელი სჭირდებოდათ. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის დახმარებისათვის. ზოგი მატყუებს. მეც – ვითომ ვერ ვხვდები, რომ მატყუებს... აგარაკი არ მაქვს, ვერ მოვერიე ამდენს. ბევრი ხალხი მყავს გარშემო, ვისაც პური უნდა ვაჭამო. ჩემზე ბევრი რამ უთქვამთ. მაგალითად, ბუბას, ამერიკის ბანკში ანგარიში აქვს გახსნილიო... ასეთ რაღაცებს ყურს არ ვუგდებ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი