საზოგადოება

ვინ მიიწვია ლადო ათანელი მადრიდის სამეფო თეატრში დედოფალსა და მსოფლიოს უდიდეს ვარსკვლავებთან ერთად და როდის ამოიფრქვა მის მეუღლეში მიძინებული ვულკანი

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 27.09, 2021 წელი

ლადო ათანელი
დაკოპირებულია

საკუთარი ცხოვრების გზაზე, ღვთისგან ბოძებულ ნიჭსა და დაუღალავი შრომით მიღწეულ დიდ წარმატებებზე ლადო ათანელი გვესაუბრება – პირველი ბარიტონი, მომღერალი, რომელიც საქართველოს ღირსეულად წარადგენს საერთაშორისო ასპარეზზე.

ლადო ათანელი: მამა მომღერალი იყო, ის ხალხური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი გახლდათ. ჩვენი გვარის წარმომადგენელი ყველა მამაკაცი ძალიან კარგად მღერის, თუმცა პროფესიონალი მომღერალი არავინ გამხდარა. მე მათი გენი გამომყვა და ამას ჩემი შრომისმოყვარეობაც დაემატა. ძალიან წესიერ ოჯახში ვიზრდებოდი და ბავშვობიდანვე საოცრად პასუხისმგებლობიანი გახლავართ, იმავდროულად, კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ და ეს თვისებები ძალიან დამეხმარა წარმატების მიღწევაში.

– დღეს, როგორც მომღერალს, საოცნებო კარიერა გაქვთ, მაგრამ თავის დროზე, თურმე, ისტორიკოსობისთვის ემზადებოდით...

– უფრო სწორად, აღმოსავლეთმცოდნეობაზე მინდოდა უნივერსიტეტში ჩაბარება. სამი გამოცდა ჩავაბარე და მერე წამოვედი. ჩემმა შემდგომმა პედაგოგმა გადამიბირა ვოკალური განათლებისკენ. ისე, ბავშვობიდან ვმღეროდი. მამა გვაიძულებდა მე და ჩემს უფროს დას, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ჩვენ გვეზარებოდა, ვჯიუტობდით, მაგრამ მამის მკაცრი შემოტევის შემდეგ, მაინც ყველა შეხვედრასა და ღონისძიებაზე ვმღეროდით. ჩემი და სწავლობდა მუსიკალურ სასწავლებელში და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, მის ერთ-ერთ გაკვეთილს დავესწარი. მისმა პედაგოგმა, ბატონმა ჯემალ ლორთქიფანიძემ შემომთავაზა, მეც მემღერა. მითხრა, შენს დაიკოს კარგი ხმა აქვს და დიდი ალბათობით, შენც გექნებაო. ვიმღერე და მითხრა: ოო, კარგი ბარიტონი გაქვს, მოდი, ვიმეცადინოთ და კონსერვატორიაში ჩააბარე, ისწავლი და მერე მთელ მსოფლიოს შემოივლიო. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ეს სიტყვები იმდენად არარეალური მომეჩვენა, გამეცინა და იუმორის დონეზე დავტოვე. თუმცა, ორი წლის შემდეგ, სწავლა რომ დავამთავრე, მაესტროს მივაკითხე და ვოკალური ხელოვნების სწავლას შევუდექი.

– თქვენი დებიუტი ჯუზეპე ვერდის ოპერა იყო და კრიტიკოსებისგან ძალიან კარგი შეფასება დაგიმსახურებიათ.

– ეს საოცარი დღე იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ჩემი პირველი ფართომასშტაბიანი პროფესიონალური გამოსვლა 1989 წლის პირველ ივლისს შედგა. სპექტაკლს, რომელსაც ჩვენი უსაყვარლესი საოპერო თეატრის სცენაზე უდიდესი მაესტრო ჯანსუღ კახიძე დირიჟორობდა, პროფესიონალებისა და კრიტიკოსების მხრიდან საოცარი გამოხმაურება მოჰყვა. მახსოვს, რენატოს დიდი არიის დამთავრების შემდეგ ისეთი ოვაციები იყო, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივად გასტანა, რომ არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ჩემი მონაცემების გათვალისწინებით, უფროსმა კოლეგებმა ძალიან დიდი მომავალი მიწინასწარმეტყველეს. კრიტიკოსები ამბობდნენ, თავს ისე გრძნობს, თითქოს სცენაზეა დაბადებული და გაზრდილიო. ზუსტად ამ კომპლიმენტის შემდეგ ვიგრძენი, რომ ეს იყო ის, რისთვისაც გავჩნდი ამქვეყნად და ბუნებრივია, ამ საქმის ერთგული დავრჩი.

– ამ ერთგულების გზაზე, თქვენი თანამგზავრი გახდა მეუღლე, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს წარმატებაში.

– მე და მანანა კონსერვატორიაში შევხვდით ერთმანეთს, როგორც თანამშრომლები და რამდენიმე წელიწადში ოჯახი შევქმენით. ასეთი ბედნიერება წარმოუდგენლად მიმაჩნდა და მადლობა ღმერთს ამ წყალობისთვის.

– ძალიან რომანტიკული ყოფილხართ – ჯვრისწერის დღეს, გარეთ თოვლი იყო და თქვენ მას გვირილები აჩუქეთ...

– ეს იყო 1993 წლის 27 ნოემბერი. ვკითხე, რას ისურვებდი-მეთქი და მიპასუხა, ძალიან მიყვარს გვირილებიო. თქვენ წარმოიდგინეთ, აღმოვაჩინე ადამიანი, რომელიც დამეხმარა მისი სურვილის შესრულებაში. მანანას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა და როდესაც გვირილები დაინახა, მგონი, თავიდან შევუყვარდი (იცინის).

– მეუღლემ ბევრი გაიღო თქვენთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს მიღწევები...

– მანანა არაჩვეულებრივი სტუდენტი იყო, შემდგომში კი – პროფესიონალი სოლისტი-შემსრულებელი და კონცერტმეისტერი. თუმცა, იყო პერიოდი, როცა აქტიურობის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ჩემი გამოჩენის შემდეგ, დიდი სტიმული მიეცა. მასში ცოტა მიძინებულმა პროფესიულმა ჟინმა გაიღვიძა და ჩვენი თანამშრომლობის დროს ვულკანივით ამოიფრქვა. ჩემს მეუღლეს განსაკუთრებული ინსტინქტი და გემოვნება აქვს. მე, როგორც ქიზიყელი, ვეჯიუტები ხოლმე მის ალღოს, მაგრამ უკვე ისე მივეჩვიე, რომ არასდროს ცდება, ახლა, როცა რამის თქმას დააპირებს, ვეუბნები, გაჩერდი, არ თქვა, მეშინია-მეთქი (იცინის). ჩვენი თანამშრომლობა 1992 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მე სამი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი ვარ. აქედან ორჯერ მე და მანანამ ერთად გავიმარჯვეთ. რთულია სიტყვებით გადმოვცე მისი უსაზღვრო ამაგი ჩემი, უფრო სწორად, ჩვენი შემოქმედებასადმი. რომ არა მანანა, ვერ წარმომიდგენია, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება.

– მანვე შექმნა თქვენი მოღვაწეობის ამსახველი ძვირფასი არქივი, თუმცა დიდი მსხვერპლის და რისკის ფასად – ტრავმაც მიუღია თვალზე...

– როგორც იცით, გადაღება ყველა თეატრში აკრძალულია. ამიტომ, მანანა ჩემს ყველა პრემიერას ძალიან დიდი რისკის ფასად იღებდა. ყველა მნიშვნელოვანი სპექტაკლის ჩანაწერი მაქვს და შეიძლება, ერთადერთი, პლასიდო დომინგო მჯობდეს არქივის სიმდიდრით (იცინის). „ლა სკალაში“, „კოვერტგარდენში“, შვეიცარიაში, ციურიხში, მადრიდში რამდენჯერმე გამოიჭირეს. ნიუ-იორკში ისე ოსტატურად იდებდა პატარა კამერას ქურქის საყელოში, რომ გადარჩა. სხვა შემთხვევებშიც შეუნიშნავთ, მაგრამ როდესაც გაიგეს ვისი მეუღლე იყო, გაფრთხილებით შემოფარგლულან. ამ პროცესში თვალის პრობლემაც შეექმნა. საქმე ისაა, რომ მე ძალიან დიდი გამოსხივება მაქვს და ამდენი ხანი რომ მიყურებდა, თვალი დაუზიანდა (იცინის). რეალურად, ბუნებრივია, რომ გადაღებისას ძალიან დაძაბული იყო. პირველ ეტაპზე ხელის მოძრაობის გამო ცოტა ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ მერე ისე დახვეწა ტექნიკა, კადრების ნახვის შემდეგ, ბევრს ტელევიზიის გადაღებული ეგონა. ამ პროცესში ხელი, მხარი, თვალი – ყველაფერი ძალიან ეძაბება, ამას დაუმატეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და ნერვიულობა იმის გამო, რომ ვინმეს თვალში არ მოხვედროდა. მოკლედ, ეს დაძაბულობა თვალზე გადავიდა და სამწუხაროდ, სერიოზული ჩაქცევა დაემართა.

– 30 წელზე მეტია, პროფესიონალურ სცენაზე დგახართ და კრიტიკოსები საოცარი ეპითეტებით გამკობენ: „ოქროს ყელი საქართველოდან“, ასკარატიან ბრილინტსაც შეგადარეს და თქვენი ხმის სიძლიერე 355 ცხენის ძალას გაუტოლეს. რას მოჰყვა ასეთი შეფასებები?

– 1996 წელს, გერმანიაში მეტად რთულ კონკურსში გავიმარჯვე და მას შემდეგ ასე მომიხსენიებენ – „ოქროს ყელი საქართველოდან“. 2000 წელს საოცრად ტრიუმფალური გასტროლი მქონდა პარიზში და „ბასტილიის ოპერაში“ ჩემი დებიუტის შემდეგ კრიტიკოსებმა ჩემი მონაცემები ასკარატიან ბრილიანტს შეადარეს. ბერლინის „დოიჩე ოპერაში“, სადაც განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ, ამაღელვებელი გასტროლის შემდეგ ჟურნალისტმა მკითხა, რას შევადაროთ თქვენი ხმის სიძლიერეო და ვინაიდან იმ პერიოდში, „მერსედესმა“ მაჩუქა ავტომობილი, რომელსაც 355 ცხენის ძალა ჰქონდა, ვუპასუხე, მგონი, ჩემი ავტომობილის ცხენისძალისოდენი სიძლიერის ხმა მაქვს-მეთქი. აქედან წამოვიდა ეს შედარება (იცინის).

– მსოფლიო საოპერო ვარსკვლავებს შორის საპატიო ადგილი გიჭირავთ. არა მხოლოდ კოლეგიალური, მეგობრული ურთიერთობები გაკავშირებთ ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა მაგალითად, პლასიდო დომინგო. როგორ დაიწყო ეს ურთიერთობა?

– იყო პერიოდი, როდესაც ძალიან დიდი მელომანების ვიდეოჩანაწერებს ვნათხოვრობდი ხოლმე და მათ შორის ერთ-ერთი პლასიდო დომინგოს ჩანაწერები იყო. მოვლენები ისე განვითარდა, რომ სულ რაღაც ათი წლის შემდეგ, მე პლასიდო დომინგოს გვერდით უნდა ჩამეწერა პონკიელის „ჯოკონდა“ უდიდესი ინგლისური ფირმისთვის EM კლასისთვის. კონცერტი სხვა არის, მაგრამ როდესაც ჩემი შემოქმედება პლასიდოს შემოქმედებასთან ერთად იწერება კომპაქტდისკზე, ეს სამუდამოდ რჩება. პლასიდო დომინგოსთვის ჩემი ჩანაწერი პირველად რომ მოუწოდებიათ, ის ბარნაბას როლის შემსრულებელს ეძებდა, როგორც თვითონ აღნიშნავს, უთქვამს: ეს არის ნამდვილად შესაფერისი ხმა ამ როლისთვისო. მასთან დუეტის ჩაწერის წინ ძალიან ვღელავდი, მაგრამ იმდენად უშუალო და თბილი პიროვნება აღმოჩნდა, ღელვა სულ დამავიწყა. პლასიდო იყო ლოს-ანჯელესისა და ვაშინგტონის თეატრის დირექტორი და ყოველ სეზონზე მეპატიჟებოდა ამ თეატრებში. საოცარი პიროვნებაა, ბედნიერებაა მისნაირ ბუმბერაზ ადამიანთან ურთიერთობა პროფესიონალურად და მეგობრობა – თავისთავად. ამაზე რამდენიმე წლით ადრე ვერც კი ვიოცნებებდი. მეუბნებოდა, ლადო, შენ ყოველ დღე სანთელს უნდა უნთებდე ღმერთს იმისთვის, რომ ასეთი ხმა მოგცაო. ვაშინგტონში უდიდეს ღონისძიებებს აწყობდა და ყოველთვის მეპატიჟებოდა. სამოცდაათი წლის იუბილეზე, რომელსაც დედოფალიც ესწრებოდა მადრიდის სამეფო თეატრში, დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს 12 ვარსკვლავთან ერთად, მეც ვიყავი და ჩემი მეუღლეც, რადგან ჩვენ ოჯახებით ვახლობლობთ. პლასიდოს სახით უდიდესი მეგობარი მყავს და ბედნიერი ვარ ამის გამო.

– ასეთ ადამიანებთან ერთად ვარსკვლავობა, ასპარეზად მსოფლიოს საოცნებო სცენები, საოცრად ყურისმომჭრელად ჟღერს. რა შრომაა ამის უკან?

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ვიწვალე, ვუმადლი უფალს განსაკუთრებული ტემბრის ხმისათვის, რომელიც უდიდესი შრომით დავხვეწე. სცენაზე ყოველი გასვლის წინ ვგრძნობდი, რომ მე ქართველი ვარ, ჩემი საქართველო ბეჭებზე ხელს მადებს და მკარნახობს, მიდი ლადო! – ეს დიდი სტიმულია.

– საქართველოს სიყვარულმა და მეუღლის მონდომებამ დაგაბრუნათ საქართველოში...

– დიახ. ყველა წამყვან თეატრში ვმღეროდი პრემიერებს, სეზონებს ვხურავდი. საოცნებო მიზნები და მისწრაფებები აღარ იყო, თვითმფრინავი რომ მაქსიმალურ სიმაღლეს განავითარებს და მერე მშვიდად მიფრინავს ღრუბლებს ზემოთ, მსგავს მოცემულობაში ვიყავი. 25 წელი მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობდით და დადგა ეტაპი, როცა სიმშვიდე მოგვენატრა. ჩემი მეუღლის სურვილი იყო, საქართველოში დავბრუნებულიყავით და აქედან გაგვეგრძელებინა მოღვაწეობა. გადავწყვიტეთ, უფრო მეტად აქტიურები ვყოფილიყავით ჩვენი სამშობლოსათვის და ამასთან ერთად, დავმტკბარიყავით ახლობლებითა და მშობლიური ბუნებით. ახლა საგურამოში ვიმყოფებით. ულამაზესი სახლი და ბაღი გვაქვს. ძალიან მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ვარ, ამიტომ ჩვენს ბაღში ქვას ვერ ნახავთ ზედმეტს. მხოლოდ კარიერაზეა ორიენტირებული და სახლში ნათურას ვერ გამოცვლისო – ეს ჩემზე არ არის ნათქვამი, ოჯახში ყველაფერს ვაკეთებ. ეზოში უამრავი ხეხილი გავახარე, მანანამ ულამაზესი ყვავილები გააშენა და ბედნიერები ვართ, ყველას უხარია ჩვენთან სტუმრობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი