საზოგადოება

ვინ იყო პირველი ქართველი მეცნიერი, ვინც ურთულეს და პრესტიჟულ სამეცნიერო დარგს მოჰკიდა ხელი და რისთვის აგროვებდა ის ამერიკაში ყველაფერს ქართულს

№12

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 29.03, 2023 წელი

შოთა ვაშაკიძე
დაკოპირებულია

ფიზიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი შოთა ვაშაკიძე დაიბადა 1950 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, მეცნიერ-ფიზიკოსის, ივანე ვაშაკიძისა და ეთერ დუღაშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო რუსეთში, ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში.

მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, ასევე თეორიული ფიზიკის კათედრაზე. მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

ქართველ ფიზიკოსს სისტემატურად იწვევდნენ უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. იგი საქმიანობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მერილენდის უნივერსიტეტში; გახლდათ იტალიაში, ფრასკატის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი; მოღვაწეობდა გერმანიაში მაღალი ენერგიის ფიზიკის ჯგუფში, ასევე, ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში.

1993 წლიდან შოთა ვაშაკიძე ატარებდა სამეცნიერო კვლევებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან კვლევით ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტებში გამოყენებითი მათემატიკისა და ნაწილაკთა ფიზიკის მიმართულებით. იყო AT&T ბელის ლაბორატორიების წამყვანი მეცნიერიმუშაკი.

შოთა ვაშაკიძეს ეკუთვნის გამოკვლევები ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა სუპერგრავიტაცია. ის პირველი ქართველი მეცნიერი იყო, ვინც ამ ურთულეს და პრესტიჟულ სამეცნიერო დარგს მოჰკიდა ხელი. შოთა ვაშაკიძე გამოკვლევებში დიდი დოზით იყენებდა კომპიუტერული გამოთვლების მეთოდებს, რაც მაშინ უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო.

პარალელურად, იგი ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. შოთა ვაშაკიძე იყო ამერიკის შეერთებული შტატების ქართველთა სათვისტომოს საერთაშორისო ასოციაცია „კვალის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი; ასევე, „ამერიკაში საქართველოს ასოციაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრი – განათლების გამგეობის დირექტორი; „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „კვალის“ მიზანი იყო თანამშრომლობის პროექტების დანერგვის გზით, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ქართველთა სათვისტომოს საქართველოსთან დაკავშირება. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა განათლებაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, განხორციელდა სტუდენტებისა და მაძიებლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა სტუდენტებმა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღეს განათლება.

შოთა ვაშაკიძეს მიენიჭა რათგერსის უნივერსიტეტის წარმოების მართვის მაგისტრის ხარისხი.

ქართული მწერლობის სტიმულირების მიზნით, „კვალის“ ეგიდით, 2002 წელს პირველად ჩატარდა კონკურსი პროზასა და დრამატურგიაში, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიებით, ნაწარმოებები გამოიცა კრებულის სახით და განთავსდა ინტერნეტში.

2003 წელს, ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით, „კვალის“ მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საგანმანათლებლო-ინფორმაციული ცენტრი, რომელიც მოწყობილი და აღჭურვილი იყო ამერიკული სტანდარტებით. ცენტრს ჰქონდა კომპიუტერული ქსელი, რომელიც ინტერნეტში იყო ჩართული სწრაფი გამოყოფილი ხაზით. ცენტრისთვის ამერიკის შეერთებული შტატებიდან საგანგებოდ ჩამოიტანეს ბიბლიოთეკა და ასევე, მოიწვიეს პროფესორ- მასწავლებლები.

2003 წელი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ქართველი მეცნიერის ცხოვრებაში. ის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამ წელს ის, ასევე, წარდგენილი იყო რობერტ ფ.კენედის საერთაშორისო პრემიაზე და ბოლოს, შესრულდა მისი დიდი ხნის მიზანი – შოთა ვაშაკიძის თაოსნობით, 2003 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს კულტურის დღეები ჩატარდა.

შოთა ვაშაკიძემ ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა პირველი ინგლისურ-ქართული ინტერნეტ-ლექსიკონი და თანამშრომლობის პროექტების დანერგვის მიზნით, ჩაატარა განათლების, მეცნიერებისა და მედიცინის საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, შოთა ვაშაკიძემ მიზნად დაისახა ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ემიგრაციის მასალების მოძიება, ერთად თავმოყრა და დაბინავება. მან 1985 წლიდან დაიწყო კოლექციის შეგროვება, რომელმაც 3 ტონას მიაღწია.

2014 წელს ისტორიული არქივი, რომელიც მოიცავს ქართული ემიგრაციის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, პუბლიკაციებსა და წიგნებს, „კვალისა“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ერთობლივი მონდომების შედეგად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის საარქივო ფონდში განთავსდა.

შოთა ვაშაკიძის ცხოვრების მეგზური, სკოლის მერხიდან გახლდათ ნანა ლეგრანი, რომელიც ყველა პროექტის განხორციელებისას მხარში ედგა მეუღლეს.

შოთა ვაშაკიძის შთამომავლობა დღეს წარმატებულად მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ ივიწყებენ საქართველოს. მისი ვაჟი – ივანე, უზრუნველყოფის ინდუსტრიაში მაღალი ტექნოლოგიების და პროგრამული საინჟინრო პროგრამების დირექტორია. ქალიშვილი – ნია, ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტის კონსულტანტად მუშაობს. ნიას მეუღლე – მარკ პერი კი არის ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატი. ის სამი წელი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე იყო.

გამოყენებული მასალების წყარო: mcm.ge; emigrantebi.weebly.com; საქართველო: ენციკლოპედია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი