საზოგადოება

ვინ იყო პირველი ქართველი ქალი, ვინც პირველი მსოფლიო ომი გადაიღო და რას ჰყვება ის თავის დღიურებში

№21

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 01.06, 2021 წელი

ნინო ჯორჯაძე
დაკოპირებულია

ნინო ჯორჯაძე პირველი ქართველი ფოტოგრაფი ქალია, რომელმაც ომის ისტორია შექმნა. მან განათლება შვეიცარიაში, ავსტრიასა და საფრანგეთში მიიღო. ფოტოგრაფია არასდროს უსწავლია, თუმცა ყველა მისი კადრი სრულყოფილია.

ნინო ჯორჯაძე ომის დაწყებისთანავე „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წევრი გახდა და როგორც მედდა, ომში წავიდა. მის სახელს უკავშირდება პირველი მსოფლიო ომის გენიალური ფოტომატიანის შექმნა.

1910 წელს ზაქარია ჯორჯაძისა და თამარ ბაგრატიონ-მუხრანელის ქალიშვილი გემით ბათუმიდან მარსელში მიემგზავრება ფრანგული ენის დასახვეწად. უკვე დამთავრებული აქვს ვენის კონსერვატორია და სორბონის უნივერსიტეტი პარიზში – ფორტეპიანოს განხრით. გზად, ბათუმიდან მარსელამდე, დღიურს წერს.

„ნელ-ნელა ვშორდებით ბათუმის ლამაზ ნაპირს. მარსელში მივცურავ. ქარისგან ალივლივებული ლურჯი ტალღები მზის მხიარულ სხივებს ირეკლავს. რაღაც თევზები მოჰყვებიან გემს მხიარული ყვინთვით. დელფინები არიან. მთელი დღეები გემბანზე ვართ. ცოტას ვსაუბრობთ. დიდი, ლურჯი ზღვის ცქერით ვტკბებით“.

ბათუმი-მარსელის მოგზაურობიდან 4 წლის შემდეგ, ნინოს დღიურში შავი ზღვით დაწყებული ლამაზი მოგზაურობის ამბებს ომის საშინელი ისტორიები ჩაანაცვლებს. ნინოს კავკასიის ფრონტზე მიაქვს ძმის, გიორგი ჯორჯაძის მიერ ნაჩუქარი „კოდაკის“ ფოტოაპარატი და ომში ნანახს ფოტოსერიებად იღებს.

ნინო ჯორჯაძე პირველი ქართველი ფოტოგრაფი ქალია, რომელმაც დღიურებში და ფოტოებზე ასახა პირველი მსოფლიო ომის სამხედრო მოქმედებები, დევნილთა და მეომართა ტიპაჟები, ისტორიული პირები, ფრონტის ყოველდღიური ამბები, ქალაქების ხედები, რეგიონები და ომით დაზარალებულ დევნილთა გადაადგილება. მან 300-ზე მეტი ფოტო გადაიღო.

ეს ისტორია ასე იწყება:

„ვაპირებ ომის თეატრზედ გამგზავრებას. დღეს გრაფინიამ... „წითელი ჯვრის“ რაზმთან ერთად სარიყამიშში გამგზავრება შემომთავაზა. თუმცა ეს შემოთავაზება სრულიად მოულოდნელი გახლდათ, მაინც დავთანხმდი. ჩაბარგება ორ საათში მომიხდა. რაზმი სასწრაფოდ გადიოდა. სწრაფად ჩავლაგდით და, როგორც იქნა, სადგურში ვართ. მივემგზავრებით ექვსი ექიმი და ექვსი მოწყალების დაი“.

და უმძიმესი სურათებით გრძელდება:

„24 დეკემბერი. დღე სავსეა შთაბეჭდილებებით. რაც უფრო ახლო ვართ სარიყამიშთან, მით უფრო მეტი კაცისა და ცხენის გვამი გვხვდება გზაზე. ყოველ ვერსზე მცველ-გუშაგები დგანან... პირად წევს ლამაზი კაცი, ალბათ, სირიელი. მის ნაცრისფერ თვალებში ჩარჩენილია რაღაც გამოუთქმელობა, ეტყობა, ეს ყოველი მას საშინელ სიზმრად ეჩვენებოდა. ზედა ტუჩი აწეული აქვს. ალბათ, ისე, როგორც იმ წამს, როდესაც ტყვია მისწვდა და ასევე დარჩა. მოუჩანს მწკრივი დიდი კბილებისა“.

ნინო დარდობს, რომ მორგში 12 კვირის დაუკრძალავი გვამები ასვენია, მესაფლავეები არ ჰყოფნით და უმსგავსობას, ბარბაროსობას უწოდებს, როცა დაღუპულებს მისაგებელს არ მიაგებენ. ირონიულად აღწერს ხელმწიფის მოლოდინს სამედიცინო პუნქტში, რომელიც სტუმრის დასახვედრად მორეცხეს და გაწმინდეს. საწოლებს ახალი ზეწრები და საბნები გადააფარეს. დაჭრილები და ავადმყოფები სხვაგან გადაიყვანეს, რომ სიმართლე მიეჩქმალათ – „როგორი დაცინვაა! სურთ წესრიგით მოიწონონ თავი, უფროსობის თვალში გაიბრწყინონ, მაგრამ გეგმა ჩაუფლავდათ. ხელმწიფემ შეიტყო, რომ პუნქტზე დაჭრილები არ იყვნენ და შენობაში ფეხიც არ შემოუდგამს“.

ნინო მოწყალების დების საერთო გასაჭირზეც წერს ხშირად, დღეებზე, როცა ღამის გასათევად ცივი, გაუთბობელი ყაზარმების იატაკს სთავაზობენ. იქ ძილსა და გაყინვას კი „თურქული ტყვიის წვიმაში მოყოლა სჯობს“.

სწუხს, რომ მატარებლების ნაკლებობის გამო დაჭრილთა დიდი რაოდენობა იყრის თავს. ყაზარმებში მძიმე ჰაერია, ქრება ლამპები – ასეთ მდგომარეობაში მუშაობა კი ძნელია. მთელი დღეები გადასახვევად დადის. დაჭრილები 14 ადგილას წვანან. სავსეა კლუბები, გიმნაზიები. საკრებულოს დარბაზში თივაა გაფენილი და ყველგან დაჭრილები წვანან.

დარბეული სახლის ეზოში პატრონებისგან მიტოვებულ ქათმებს იჭერენ მოწყალების დები და სათლში წვნიანს ხარშავენ. ბულიონი ისეთი გემრიელი არასდროს მომჩვენებია, საღამოს დაჭრილებსაც ვახვრეპინეთო, – იხსენებს ნინო.

იხსენებს მოძღვარს, რომელიც მეურნეობას განაგებდა და სალაროსთან წვდომას ბოროტად იყენებდა. საღამოობით მორჩილებასა და სიყვარულზე ქადაგებდა, შემდეგ კი შუაღამემდე მოწყალების დებთან ჩამოჯდებოდა ხოლმე, რის გამოც საერთოდ აეკრძალა დათა საცხოვრებელში შესვლა.

„სადგურზე ყველგან წვანან ფარაჯებს ქვეშ მოკუნტული ჯარისკაცები. ზოგი ამბობს, რომ რამდენიმე დღეა, არაფერი უჭამია“.

„ვერ დავივიწყებ ჯარისკაცს, რომელმაც ბრძოლის დროს მოირბინა ჩემთან: თვალანთებულს, გამოხედვაში უძევს შეურყეველი რწმენა, „ჩქარა გადამიხვიე, დაიკო, უნდა მივბრუნდე“. ფერდი ნაჩქარევად შევუხვიე, დასწვდა შაშხანას და შეერთო ბრძოლას. გაუგებარია, მაგრამ გრძნობ, რომ მას კავშირი აქვს რაღაც დიადთან… დიადი რამეა ბრძოლა! ადამიანი წარმოსდგება მთელი თავისი სულის სილამაზითა და სიდიადით! უარჰყოფს ყოველგვარ პირადს რაღაც დიადისათვის…“

1915 წელს ნინო ჯორჯაძე გამოჩენილი მამაცობისათვის მე-4 ხარისხის წმიდა გიორგის მედლით დაჯილდოვდა. მისი ნამუშევრები ფასდაუდებელია ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში.

ნინო ჯორჯაძე 1917 წელს დაბრუნდა ფრონტიდან. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლიდან, ხელისუფლებისგან დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. ნინოს ძმა ამ პერიოდის რეპრესიებს შეეწირა.

გამოყენებული მასალების წყარო: „რადიო თავისუფლება“, „ბათუმელები“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი