საზოგადოება

ვინ იყო ქართველი, ვინც ბოროდინოს ბრძოლის ველზე დაიღუპა და რამდენჯერ გადაარჩინა მან არმია განადგურებას

№37

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 21.09, 2022 წელი

ალექსანდრე ქუთაისოვი
დაკოპირებულია

გენერლებიდან 1812 წლის ბოროდინოს ველზე ბრძოლისას მხოლოდ ერთი ქართველი დაიღუპა. ეს გახლდათ გენერალ-მაიორი, გრაფი ქუთაისოვი, რომელსაც ორ დღეში 28 წელი უნდა შესრულებოდა.

ალექსანდრე ქუთაისოვი გახლდათ იმპერატორ პავლე პეტრეს ძის ფავორიტის, ივანე ქუთაისოვის ვაჟი. ივანეს პეტერბურგში და სამეფო კარზე მოხვედრის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს.

ერთ-ერთი ვერსიით, ქუთაისის (აქედან მოდის გვარი ქუთაისოვი) თურქთაგან გათავისუფლებისას გენერალ ტოტლებენის ოფიცრებმა სამი თურქი ყმაწვილი დაიხსნეს ტყვეობიდან. ბავშვები ქართველები იყვნენ, მაგრამ თურქებმა სამივეს წინადაცვეთა ჩაუტარეს, ამიტომაც მიიჩნიეს თურქებად. ბიჭები პეტერბურგში წამოიყვანეს. მათგან ცოცხალი მხოლოდ ივანე გადარჩა. მისი ნამდვილი გვარი კიკიანი იყო.

პატარა ივანე ტახტის მემკვიდრის, პავლე პეტრეს ძის მსახურად გაამწესეს. მან მალე მოიპოვა მომავალი იმპერატორის კეთილგანწყობა და ლაქიობით დაწყებული კარიერა ობერ-შტალმეისტერის რანგში და გრაფის ტიტულით დაასრულა. 1799 წლის 22 თებერვალს იმპერატორმა პავლემ ჯერ ბარონობა უბოძა, მალე კი გრაფად აკურთხა.

მონარქის გულუხვობა მხოლოდ ტიტულებით არ შემოფარგლულა და მალე გრაფი ქუთაისოვი იმპერიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. ამას ხელი შეუწყო სარფიანმა ქორწინებამაც და 1800 წლისთვის ივან პავლოვიჩი უზარმაზარ ქონებას და 50 000 ჰექტარზე მეტ მიწას ფლობდა.

მისი შვილი-ალექსანდრე – ნიჭიერი ყმაწვილი აღმოჩნდა. საუბრობდა ექვს ენაზე, წერდა ლექსებს, კარგად ხატავდა და სამხედრო კარიერაც სწრაფად გაიკეთა. 1799 წლის 26 იანვარს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1801 წელს ალექსანდრე ქუთაისოვი შეიყვანეს სამხედრო კომისიაში, რომელსაც გრაფი არაყჩეევი ხელმძღვანელობდა. მას უნდა გამოესახა არმიის რეფორმის გზები. ალექსანდრე ივანეს ძის მონაწილეობით შეიქმნა საარტილერიო მიწოდების ინტეგრირებული სისტემა, იარაღის ერთიანი წარმოებიდან დაწყებული გამოთვლების მომზადებით დამთავრებული.

1903 წლიდან ალექსანდრე ქუთაისოვი მე-2 საარტილერიო პოლკში შეიყვანეს, რომელსაც მისი ბიძა, დიმიტრი პეტროვიჩ რეზვოი მეთაურობდა. 1805 წლის ბოლოსკენ გენერალ ესსენის კორპუსის მეორე საარტილერიო პოლკთან ერთად მონაწილეობდა ავსტრიის ლაშქრობაში, როგორც საარტილერიო პოლკის ხელმძღვანელი. 1806 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1806-1807 წლების კამპანიაში, გენერალ ბუკსგევდენის კორპუსის შემადგენლობაში ყოფნისას, გოლიმინთან მიიღო საბრძოლო ნათლობა. გრაფი ქუთაისოვი შესანიშნავი მეთაური აღმოჩნდა. იგი მშვიდად და თავდაჯერებულად მართავდა საარტილერიო ცეცხლს.

ნაპოლეონის ეპოქაში არტილერია ხშირად წყვეტდა ბრძოლის შედეგს. საარტილერიო დანყოფების მეთაურებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. ალექსანდრე ქუთაისოვი გახლდათ მეთაური და ადმინისტრატორი, რომლის ნიჭი აღიარეს, როგორც რუსებმა, ისე ფრანგებმა.

1805-1807 წლების კამპანიებმა ალექსანდრე ივანეს ძეს მოუტანა არა მხოლოდ წოდებები და ჯილდოები, არამედ დიდი ავტორიტეტი როგორც ოფიცრებს, ასევე რიგით ჯარისკაცებს შორის.

1806-1807 წლებში პრეისიშ-ეილაუსთან ბრძოლისას ქუთაისოვი მარჯვენა ფლანგის არტილერიას ხელმძღვანელობდა. მოწინააღმდეგის პოზიციების დათვალიერებისას მან აღმოაჩინა, რომ მტრის ძირითადი დარტყმის მოსალოდნელ მონაკვეთზე რუსების არტილერია შეტევას ვერ გაუძლებდა. მაშინ, საკუთარი რისკის ფასად, ახალგაზრდა გრაფმა რამდენიმე ბატარეა მიაშველა მარცხენა ფლანგს და როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ ამან გადაარჩინა რუსთა არმია. ამ დამსახურებისთვის გენერალ-მაიორ ქუთაისოვს წმიდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენი უბოძეს. იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა კი მის მამას ივანე კიკიან-ქუთაისოვს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენი შვილი რუსეთის არმიის ღირსეული წარმომადგენელია, არმიას უყვარს იგი…“

ძალიან მალე, კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი ქუთაისოვმა – 1808 წელს, ფრიდლანდთან ბრძოლისას, პრაქტიკულად ახალგაზრდა გენერლის სიმამაცემ გადაარჩინა რუსთა მთელი არტილერია და ამისთვის ალმასებით მორთული ოქროს დაშნაც დაიმსახურა, წარწერით – „სიმამაცისთვის“.

გრაფი ქუთაისოვის ძალისხმევითვე ხდებოდა საარტილერიო შეიარაღების სისტემის შემუშავება. ასეთი წარმატება ბევრს თავბრუს დაახვევდა, თუმცა ახალგაზრდა გრაფმა გადაწყვიტა, რომ მისი ცოდნა დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა და 1810- 1811 წლებში სამხედრო ხელოვნების დასაუფლებლად ჯერ ვენაში, შემდეგ კი პარიზში ჩავიდა.

ალექსანდრემ 1810 წლის მეორე ნახევარი საფრანგეთში გაატარა, მუშაობდა ბიბლიოთეკებში, უსმენდა პარიზის უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორების ლექციებს, საღამოობით ესაუბრებოდა ფრანგ არტილერიის ოფიცრებს, აფასებდა მომავალი მტრის ორგანიზაციასა და ტაქტიკას.

ბოროდინოს ბრძოლისას გრაფი ქუთაისოვი პირველი არმიის არტილერიის უფროსი იყო. სახელგანთქმული მიხაილ კუტუზოვი არ თაკილობდა ახალგაზრდა გენერალთან თათბირს და მის რჩევებს მხედველობაში იღებდა. მარცხენა ფლანგზე შექმნილი საგანგაშო ვითარების გამო, ფელდმარშალმა ალექსანდრე გენერალ ერმოლოვთან ერთად მიავლინა ვითარების შესასწავლად, გზად გენერლებმა შეამჩნიეს, რომ მტერს ცენტრი გაერღვია და რუსთა ბატარეას დაპატრონებოდა. ორივე გენერალი დაკარგული სიმაგრის დასაბრუნებელ „რაევსკის“ ბატარეებთან ბრძოლაში ჩაერთო. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, გრაფმა გენერალ პასკევიჩს ხელი ჩამოართვა და უკან დასახევად გამზადებულ ქვეით ჯარისკაცებს ხიშტით ბრძოლაში წინ გაუძღვა. უკან მხოლოდ მისი გასისხლიანებული ცხენი დაბრუნდა. რუსული არმიისთვის ეს დიდი დანაკლისი იყო, რადგან მხოლოდ მან იცოდა მთელი ფრონტის არტილერიის ზუსტი განლაგება და მანევრებსაც ის ხელმძღვანელობდა… სამწუხაროდ, მისი გვამი ვერ იპოვეს.

მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი მფარველები სწყალობდნენ, ალექსანდრე ქუთაისოვმა ყველაფერს საკუთარი ნიჭითა და სიმამაცით მიაღწია. ამის დასტურად ფელდმარშალ კუტუზოვის სიტყვებიც კმარა: „… ბოროდინოს ბრძოლა გაცილებით სხვაგვარად წარიმართებოდა გრაფი ქუთაისოვი ცოცხალი რომ ყოფილიყო…“

გამოყენებული მასალების წყარო: mematiane.ge; ალექსანდრე ქუთაისოვი – გენერალ-მაიორი // ისტორიული მემკვიდრეობა-ჟურნალი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი