საზოგადოება

ვინ ემუქრებოდა შუბლის გახვრეტით მიშა მესხს

№14

ავტორი: ეკა პატარაია 14:00 14.04, 2021 წელი

მიშა მესხი
დაკოპირებულია

მუქარის წერილი

1961 წლის 30 მარტს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა საწვრთნელი ბაზის კარზე დარაჯმა ჭიკარტით მიკრული კონვერტი აღმოაჩინა.

კონვერტში წერილი იდო და კუთხური ასოებით ქართულ ენაზე ეწერა: „მიხეილ მესხს“. წერილი ადრესატს მიუტანეს, რომელშიც ეწერა: „მესხო, ელოდე სიკვდილს! სულ მალე ისე გაგიხვრეტ შუბლს, როგორც შენი „ვოლგის“ „პაკრიშკები“ გავხვრიტე“.

მიხეილ მესხმა წერილი გვერდზე მიაგდო და ხელი ჩაიქნია, რადგან ხუმრობად ჩათვალა. თუმცა, „დინამოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ამ მუქარაზე სერიოზული რეაგირება მოახდინა და ბაზაზე მილიცია გამოიძახა. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ დიღმის საწვრთნელ ბაზას უამრავი მაღალჩინოსანი მილიციელი მიაწყდა. ამ კოჰორტას კი სათავეში იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-მაიორი ივანე ღარიბაშვილი ედგა.

თბილისის „დინამო“ ერის სიამაყე იყო, მიხეილ მესხი კი – საყოველთაო კერპი და მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა ერის ღალატი იქნებოდა. სწორედ, ასე აღიქმებოდა ეს მუქარის წერილი და ღარიბაშვილიც ამიტომ მივიდა ბაზაზე. მუქარის წერილი ექსპერტიზაზე წაიღეს. თავად მიხეილ მესხს კი საგულდაგულოდ გამოჰკითხეს ყველაფერი და მან დაადასტურა, რომ წინა დღით მისი ავტომობილის ოთხივე საბურავი დახვრეტილი დახვდა და ოთხივე გამოცვალა. გამომძიებლებმა მესხის ავტომობილი და დახვრეტილი საბურავებიც შეამოწმეს და ინტენსიური გამოძიება დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ.....

სერიული მკვლელის ისტორია

სამი წლის შემდეგ ყაზანში მივლინებულმა სპეცჯგუფმა ვლადიმერ იონესიანი დააპატიმრა. ის პირველ საბჭოთა სერიულ მკვლელადაა მიჩნეული. 5 სასტიკი მკვლელობის ჩამდენი იონესიანი ემუქრებოდა მიხეილ მესხს სასტიკი მკვლელობით და მანვე გაუხვრიტა დიდ ქართველ ფეხბურთელს „ვოლგის“ საბურავები. იონესიანმა ეს ფაქტი დაკითხვაზე აღიარა და ასე ახსნა:

„მამაჩემი 1960 წელს დააპატიმრეს და ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, უარყოფითი გავლენა მოახდინა.

სწორედ ამან გამიმრუდა ფსიქიკა და მკვლელი გამხადა. მიზეზი კი ის იყო, რომ მამაჩემს კამათი მოუვიდა მესხის ქართველ ფანთან და ჩხუბის დროს იმ კაცს ქვა ჩაარტყა თავში და მძიმე დაზიანება მიაყენა, რის გამოც მამა ციხეში ჩასვეს. ამის მერე გადავწყვიტე მესხის მოკვლა და ჯერ მისი მანქანა დავაზიანე და შემდეგ მუქარის წერილი გავუგზავნე, თუმცა მუქარის ასრულება ვერ შევძელი. მიმაჩნია, რომ მაგარი მომღერალი ვარ და სათანადოდ არ დამაფასეს. ამიტომ გავბოროტდი და თანაც, სამუშაო რომ არ მქონდა, ძარცვასა და მკვლელობას მივყავი ხელი...“ 12 იანვარს დაპატიმრებული იონესიანი სულ რაღაც 13 დღის მერე, 31 იანვარს დახვრიტეს.

50 მილიონი – მესხის სანაცვლოდ

„პირველად ვნახე ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდა”, – თქვა მიხეილ მესხზე არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველმა სიმეონემ საბჭოთა კავშირის ნაკრებთან თამაშის შემდეგ.

პირველი ევროპული გუნდი, რომელთანაც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებმა საკუთარ მოედანზე წააგო, საბჭოთა კავშირის ნაკრები იყო.. მის შემადგენლობაში მესხი და სლავა მეტრეველი ბრწყინავდნენ... მათ „რივერ პლეიტის“ სტადიონ „მონუმენტალზე“ მისული 110 000 არგენტინელი ქომაგი საუცხოო თამაშით გააოცეს და მატჩის შემდეგ ოვაციაც დაიმსახურეს.

მატჩის წინ ადგილობრივი პრესა, ფეხბურთელები, მწვრთნელები დიდი ანგარიშით გამარჯვებაში დარწმუნებულნი იყვნენ. 4:1 – ჟესტიკულაციით ანიშნა ტელეკამერის წინ მომავალი მატჩის ანგარიში ერთ-ერთმა არგენტინელმა ფორვარდმა. მისმა თანაგუნდელმა მცველმა ერთი აწეული თითი ჩააწევინა – ჩვენზე ცუდად ფიქრობ, ამ ერთსაც არ გავუშვებთო. პატარა ბიჭებმა კი, რომლებიც საბჭოთა ფეხბურთელებს დასდევდნენ, ხუთივე თითი გაშალეს – 5:0! მასპინძლების მოურიდებელმა თავდაჯერებამ საბჭოური გუნდი სერიოზულად „დაქოქა“ და მთავარ მწვრთნელ გავრილ კაჩალინს ამოცანა გაუიოლა – მოთამაშეებისთვის მომავალი მატჩისთვის დამატებითი განწყობის შექმნა საჭირო აღარ იყო. მაყურებელი ფეხბურთზე მიდიოდა და შოუზე მოხვდა. ის, რასაც ფლანგებზე (განსაკუთრებით – მარცხენაზე) საბჭოთა „შოუმენები“ აკეთებდნენ, მრავლისმნახველ არგენტინელებს მანამდე არ ენახათ.

„მესხი“ თანამგზავრია“ (წყარო: sportal.ge). ის სიმეონესთვის კოშმარად იქცა. საოცრად სწრაფი, ეშმაკურ დრიბლინგს ფლობს და ძალიან სახიფათოა“, - გაოცებული იყო არგენტინელი ჟურნალისტი. „მესხი საუცხოოდ თამაშობდა. მან თავისი მეურვე სიმეონე დაქანცა. ის ყველაზე მეტად იყო „დამნაშავე“ ორ გოლში, რომელმაც რუსებს მოაგებინა“, - წერდა პოპულარული „ელ გრაფიკო“. მატჩის შემდეგ წამყვანი არგენტინული კლუბების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ საბჭოელების მარცხენა გარემარბში 50 მილიონ პესოს გადაიხდიდნენ. საბჭოთა გარემარბების საოცარმა თამაშმა ადგილობრივ პუბლიკას განწყობა შეუცვალა. მესხი-მეტრეველის თითოეულ მოქმედებას ყიჟინა და ტაში მოსდევდა.

როგორც კი მსაჯმა საფინალოდ ჩასტვინა, ექსპანსიური ქომაგების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ფეხბურთელებს „ეკვეთა“. მეტრეველს, რომელიც მოედანზე ცოტა ხნით შეფერხდა, მაისური გახადეს და სასუვენირო ნაკუწებად აქციეს. მესხმა თავისი საფირმო დრიბლინგი მატჩის შემდეგაც „გამოიყენა“ და გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ოსტატურად მიიმალა.

რამაზ ურუშაძე: „1963 წელია, საბჭოთა კავშირის ნაკრებში არ გამომიძახეს?! იტალიას ვხვდებით მოსკოვის „ლუჟნიკის“ შესანიშნავ სტადიონზე. თამაშის წინა საღამოს ჩვენი და ნაკრების წევრები, მიშა მესხი და სლავა მეტრეველი მეუბნებიან:

„რამაზ, ხვალ შენ დაიცავ ნაკრების კარს!“

„უყურეთ ახლა ამათ, – ვფიქრობ გულში, – კაცო, მაცალეთ ამ ტკბილი სიზმრიდან გამოსვლა!“

„ხვალ შენ დაიცავ კარს!“ – ისევ გამიმეორეს ეს ოთხი სანუკვარი და ჯადოსნური სიტყვა.

მოდი და დაიჯერე! მოდი და სიზმარი ნუ გეგონება! – მე, ლანჩხუთელმა ჭაბუკმა, უნდა დავიცვა სსრკ ნაკრების კარი. სსრკ-ის ღირსება, თანაც როდის? როდესაც ნაკრების ძირითადი მეკარე ლეგენდა, მსოფლიოს მეკარეების ეტალონი ლევ იაშინია.

– თქვენ რა იცით? – თითქოს გამოვედი სიზმრიდან, – არა, არა და არა! არ მჯერა.

– მაშინ ასე, – ამბობს მიშა მესხი, – თუ ხვალ შენ ითამაშებ, ერთ ბოცა „ადესას“ იკისრებ სამშობლოში. თუ არა, ჩვენ შამპანურში „გაბანავებთ“. თამაშის დღეს, 12 საათზე ბესკოვმა კარში მართლაც მე დამაფიქსირა. კარგი ყოფილა, როცა სიზმარ-ცხადში ხარ. ის თამაში 2:0 მოვიგეთ. თუ გავითვალისწინებთ, რა მრისხანე მეტოქესთან მოვიგეთ და თან „მშრალად“, ლოგიკური დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ, რომ „ცუდად“ არ მითამაშია, როგორც დებიუტანტს. ყოველივე ამას ამაგრებს გასახდელში დიდი ლევ იაშინის სიტყვები ხელის ჩამორთმევის შემდეგ: „მალადეც, რამაზ, მალადეც რამაზ პავლოვიჩ!“ ეს სიტყვები მთელ ჩემს კარიერას გადასწონიდა. რჩებოდა პირობა – „ადესა“, რომელიც გურიაში „იშოვება“, ოღონდ ერთი ბოცა კი არა, 11 ბოცა ჩამოვუტანე მიშა მესხს (ის ხომ 11 ნომერი იყო)“.

გივი სიხარულიძე: „მაშინ საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო გადარეული იყო მიშა მესხის თამაშით. მეც მისი გულანთებული ფანი გახლდით, ოღონდ „შორიდან“. თბილისელ კოლორიტთან, მაგარ დამრტყმელ, შესანიშნავ პიროვნებასთან ამირან დუმბაძესთან ვმეგობრობდი და მის გვერდით თავი მძლეთამძლედ მიმაჩნდა. სწორედ, ამირანმა გამაცნო მიშა. ფეხბურთის „მეფე“ საკმაოდ ნასვამი აღმოჩნდა (ს. ჩაგელიშვილი) რა დასამალია და სიმთვრალეში „ზომიერი“ ახირება იცოდა. იმ ასაკში ვარ, კარგად ჩაცმასა და კუნთების დემონსტრირებას რომ ახდენენ ბიჭები. ტანზე ლამაზად მომდგარი კოსტიუმის ჯიბეში აკურატულად დაუთოებულ-დაკეცილი ცხვირსახოცი მიდევს და სწორედ, ამ აქსესუარს დაადგა თვალი სათაყვანო ფეხბურთელმა.

– ეს რა „ბაბოჩკაა“? – მანიშნებს ცხვირსახოცზე. უხერხულად შევიშმუშნე. იღბლად ვიღაც ნაცნობმა დამიძახა და დროებით დავშორდი ამირანს და მესხს. სულ რაღაც ხუთ წუთში მოვბრუნდი. ამირანს უკვე მოუსწრია ჩემი დახასიათება და მიშა შედარებით რბილ ხასიათზე დამხვდა:

– მეგობარო, ხომ არაფერი გეწყინა ჩემგან? – მეკითხება მეგობრულად.

– მეწყინაო?.. რას ჰქვია, მე თქვენგან რაიმე მეწყინოს, ბატონო მიხეილ. თქვენ ხომ ნებისმიერი ადამიანისთვის საამაყო და საფიცარი ბრძანდებით.

გაცნობის „მეორე ტაიმი“ რესტორანში გაგრძელდა.“

გიორგი შხვაცაბაია: „სწორუპოვარი ბომბარდირი და მაყურებლის „კერპი“ მიშა მესხი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ. ერთ დღეს მე და ბორია სიჭინავამ შინ მივაკითხეთ. მიშას სახლი მშენებლობის სტადიაშია, მაგრამ ეზოში აუზი უკვე მოუსწრიათ, ოღონდ წყალი ჯერ არ ჩაუსხამთ. მესხს სუფრა და დროსტარება ფეხბურთზე არანაკლებ უყვარდა. გაიშალა სუფრა ეზოში. დაიწყო ტრადიციული სადღეგრძელოები ტრადიციული „ჭინჭილით“. ბუნებრივია, ერთი სფეროს წარმომადგენლები სუფრაზე პროფესიულ თემაზე საუბრობენ. ბორია და მიშა მაგრად გაერთნენ. იხსენებენ განვლილი მატჩების ეპიზოდებს, როგორ გაექცა ბორიას „იქაური“ მოწინააღმდეგე... როგორ მოატყუა მესხმა „დამჭერი“ დოყლაპია თავისი თავბრუდამხვევი ფინტებით. არც ერთი ჩემს საქმიანობას არ შეხებია.

– აუზი? – ვთქვი მოულოდნელად.

– რა აუზი? – გაიკვირვა მიშამ.

– რა და შენ ხომ მაგარი ხარ? – შევუბრუნე კითხვა.

– რა უნდა ამ კაცს? – ბორისს გადახედა მესხმა. ბორიამ მხრები აიჩეჩა. სუფრას სხვა სპორტსმენებიც უსხდნენ და ვერაფერს მიხვდნენ.

– ხომ მაგარი ხარ, ძმაო, მოედანზე? – არ ვიხევ უკან, – მოდი, ერთი ერთზე ვითამაშოთ, ოღონდ... აუზში. ნაძლევი 50 მანეთზე იყოს. ვინც მოიგებს, ბიჭიც ისაა. მიზანდასახული და ჯიუტი მიშა „ანკესზე“ წამოეგო და გამოწვევა მიიღო. გავიხადეთ შარვლები და პატარა საცურაო აუზში ვეკვეთეთ ერთმანეთს. ტანთ მაღალი ვარ და დაცვაში ვაჯობე. ვერაფრით ბურთი ვერ გამიტანა. მხოლოდ მე მოვახერხე მესხის „კარში“ ერთი ბურთის „შეგზავნა“ და მოწმე მსაჯმა უყოყმანოდ დააფიქსირა ჩემი მოგება. „რაც შენს მოედანზე თქვა, ჩემი აუზიც არ დაგავიწყდეს-მეთქი!“ – შევძახე და ქეიფიც გახურდა. ეგრეც ნუ მიყურებთ, მიშა მესხისთვის „აუზში“ მომიგია, მააშ!“

გურამ ჩომახიძე: „მისი უბნელი ვიყავი და ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩემზე 6 წლით უფროსი იყო, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავით, მიშას დეიდაშვილ ზურა პაპიძესთან ვმეგობრობდი. ის მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი პიროვნება გახლდათ, თავმდაბალი და კეთილი, მეზობლებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე გადაყოლილი კაცი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი. მერე დიღომში გადავიდა, მაგრამ უბანში მოდიოდა, ბიჭებთან ერთად ჩამოჯდებოდა და ისევე უბრალო იყო, როგორც ბავშვობაში. საერთოდ არ შეცვლილა. ამიტომაც გვიყვარდა, რომ ჩვენი მეგობარი კაცი მწვერვალებს შეეჭიდა და ცხვირი ერთხელაც არ აუწევია. განსაკუთრებით მოჭიდავე ჯემალ შენგელიასთან მეგობრობდა, თავად მიშაც ხომ ჭიდაობდა და ამიტომაც იყო ფიზიკურად ძლიერი. რამე რომ მოხდებოდა, უკან არ იხევდა, ჩხუბში ძალიან მაგარი იყო, სხვათა შორის, რისკიანიც. დიღმის სახლში აუზი ჰქონდა და მეორე სართულიდან ხტებოდა. ყველას ეხმარებოდა, ფული თუ ჰქონდა – მატერიალურადაც, სიძუნწეს ვერ იტანდა. ხომ იცით, „ნახალოვკა“ რა პრობლემური უბანი იყო. მიშას ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, მილიციიდან ბევრი უბნელი გაუთავისუფლებია. მაშინ ბევრი ოცნებობდა მთავრობაში მოხვედრაზე ან შემოსავლიან სამსახურზე. კარიერის შემდეგ მიშას რა სამსახური არ შესთავაზეს, მათ შორის, ძალიან დიდი თანამდებობებიც. მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა, რადგან სულით ფეხბურთელს ისევ ამ სფეროში დარჩენა სურდა. საფეხბურთო სკოლის აშენება გადაწყვიტა, რადგან უნდოდა, ქართული ფეხბურთისთვის შემტევი, ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარი თაობები გაეზარდა. ასე დაარსდა „ავაზა“, სადაც მიშასთან ვმუშაობდი...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი