საზოგადოება

ვანო იანტბელიძე: ჩემთვის ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვეს: მართალ კაცს ვაწყენინეთო

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.11, 2021 წელი

ვანო იანტბელიძე
დაკოპირებულია

თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე ახლახან საპატიო ჯილდოს - მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენის მფლობელი გახდა. ეს მისთვის პირველი ნამდვილად არა, მაგრამ განსაკუთრებით ძვირფასი ჯილდოა.

ვანო იანტბელიძე: ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მედლები და ჯილდოები არ მაკლია და თითოეული მათგანი ძალიან მახარებს, მაგრამ ეს ორდენი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, როგორც თელავის საპატიო მოქალაქისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ მეფე ერეკლე მეორის სამეფო ორდენი მე უნდა მიმეღო.

– წარსული გავიხსენოთ – როდის გადაწყვიტეთ მსახიობობა?

– მე სკოლა სამტრედიაში დავამთავრე, სადაც დიდი თეატრალური სკოლა გვქონდა – „მოსწავლეთა თეატრი“, რომელსაც ბიძინა კიკაჩეიშვილი და დარეჯან ჩაჩუა ხელმძღვანელობდნენ. სკოლაში სწავლის პარალელურად, მეც მოვხვდი მათ წრეში. ბავშვობიდან ვოცნებობდი არტისტობაზე, გუნდში ვმღეროდი, ლექსებს ვყვებოდი და ამ თვალსაზრისით, გამორჩეული ბავშვი ვიყავი. ჯერ ეპიზოდური როლი მომცეს, შემდეგ – მთავარი. ქალბატონმა დარეჯანმა ძალიან ბევრი გვასწავლა და მერე, როცა თეატრალურ ინსტიტუტში მივედი, ჩემი თანატოლები რასაც აკეთებდნენ, არ მომწონდა, ვგრძნობდი, რომ მე ბევრად წინ ვიყავი. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, ატესტატი ჯერ არ მქონდა აღებული. მერე, ერთი წლით, თელავის თეატრში აღმოვჩნდი, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდა და ეს სამტრედიელი კაცი ყველაზე დიდი კახელი გავხდი (იცინის).

– თეატრალური სამყარო ცნობილია ინტრიგებით, ეს თქვენც გამოსცადეთ საკუთარ თავზე?

– ყველასთან ბოდიში, მაგრამ მე მგონია, რომ ინტრიგას აწყობს უნიჭო არტისტი და რეჟისორი. უნიჭოს შურს ნიჭიერის და იწყებს ინტრიგების ხლართვას. მე, როგორც მსახიობს, არ მიგრძნია ეს თემა. როცა თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი, იმ პერიოდში მქონდა ტკივილები. მაშინ ხელისუფლება შეიცვალა, სააკაშვილის ხელისუფლება სანამ მოვიდოდა, მთხოვდნენ დეპუტატი გავმხდარიყავი, უარი ვუთხარი. მერე ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ხალხი გადაიბირეს და მე თეატრის ხელმძღვანელის პოზიციიდან წამოვედი და დღემდე არტისტი ვარ. კიდევ კარგი, რომ ხელმძღვანელი არ ვარ. ის ტკივილი და უსიამოვნებები, რომელიც მაშინ მივიღე, არაფრად ღირდა. მაშინ მე თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი და თელავის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან ვმეგობრობდი, მთელი ცხოვრება ერთად მოვდიოდით, ვძმაკაცობდით და მე არ ვიყავი ის კაცი, რომელიც მეორე დღეს მათ ლანძღვას დაიწყებდა იმისთვის, რომ დეპუტატი გავმხდარიყავი. დაპირებების მიუხედავად, უარი ვთქვი – არ შემიძლია-მეთქი. მერე ეს მთავრობა რომ მოვიდა, ვინც მე მეხვეწებოდა, ის გახდა თელავის გამგებელი და დაიწყო ინტრიგები. სხვათა შორის, გამათავისულეს, ძალიან ბევრი მანერვიულეს, მაგრამ პირველი შემთხვევა იყო, რომ ბოდიში მოიხადეს ტელევიზიით ჩემ მიმართ. ეს ორი წლის შემდეგ მოხდა. განაცხადეს, გული ვატკინეთო, რადგან ტყუილები დამაბრალეს და თავიდან დამნიშნეს ხელმძღვანელად. მაშინ ვფიქრობდი, რომ ჩემს პრესტიჟს აღვიდგენდი, შინაგან ტკივილს დავიცხრობდი და მერე ისევ წამოვიდოდი ამ პოზიციიდან. თუმცა, მერე ჩემმა არაკეთილისმსურველებმა, რაღაც ისეთები გააკეთეს, გადაიდო ჩემი დანიშვნა და მერე უკვე მე აღარ მინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. თუმცა ჩემთვის ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვეს, მართალ კაცს ვაწყენინეთო.

– ბობოქარი პროფესიული გზა გაიარეთ და თურმე, არც ისე გაკლიათ ხიფათები.

– მართლა საოცარი ამბავია, მაგრამ ვამბობ ხოლმე, როცა ღმერთი ჩემთან არის, ვინ რა უნდა დამაკლოს-მეთქი?! მანქანა, მატარებელი, თვითმფრინავი – ყველა საშუალებით მოვყოლილვარ ავარიაში. აი, მატარებელში იყო ყველაზე მაგარი ამბავი. თბილისიდან მივდიოდი სახლში. მამაჩემის მხარეში, ქართლის სოფელში გადავწყვიტე ჩამოსვლა, მაგრამ არ გაჩერდა მატარებელი. საბუდარელი ჭაბუკი გამახსენდა და გადავწყვიტე მისთვის მიმებაძა (იცინის). მეც ჩამოწიე შესაბამისი სახელური და გავაჩერე მატარებელი. მატარებელმა შეატორმუზა, ჩანთებიც გადმოცვივდა თაროებიდან და რომ მეგონა გაჩერდა, გავაღე კარი და გადავხტი. თურმე რა გაჩერდა, ისევ მიჰქრის. არ ვიცი რამდენი სალტო გავაკეთე, მაგრამ კიდევ კარგი, ნახშირი იყო დაყრილი სადგურთან ახლოს და დილით მიპოვეს ნახშირის ქურდებმა. წამიყვანეს, გამკერეს, გამბინტეს და გადავრჩი.

– მატარებელში თუ თქვენ იქნებოდით დამნაშავე, არ მეგონა.

– იქ იყო თუ იყო ჩემი ბრალი, სამაგიეროდ, ჩემი ბრალი არ იყო დახრჩობა. ჩემი ბიძაშვილი ჩამოვიდა ჩვენთან, მე მასზე უფროსი ვიყავი და მისი გახარება მინდოდა. ზღვაზე წავიყვანე ქობულეთში. სასწაულად ღელავდა წყალი და შემეშინდა ბავშვი არ დამხრჩვალიყო, ამიტომ ნაპირზე დავსვი. პლაჟზე მხოლოდ რამდენიმე ქალი იჯდა, საუბრობდნენ და ქსოვდნენ. ორი პატარა ბიჭი ცურავდა ტალღებში დელფინებივით. მიკვირდა, როგორ არ ეშინიათ ამ ბავშვებს, მე ვერ შევდივარ ამხელა ტალღებში-მეთქი. ამის გაფიქრება იყო და უცებ ერთი ამოხტა ტალღებიდან და ტირილი დაიწყო, იხრჩობა, იხრჩობაო. ვერ გეტყვით, რომ გმირობის ჩადენა მინდოდა, მაგრამ ინსტინქტურად შევვარდი წყალში. უცებ ძლიერმა ტალღამ დამარტყა და როგორც კი თავი ამოვყავი, ვხედავ, რომ ამ ბავშვმაც ამოყო თავი ჩემს წინ. მაშინვე თმაში წავავლე ხელი. მგონია, რომ გადავარჩენ, მაგრამ მატრიალებს წყალი და მაშვებინებს ხელს. ძალიან ბევრი ვიწვალე, მაგრამ ბოლოს შევძელი ნაპირისკენ წამეყვანა, ამ დროს წყალმა უკან დაიხია, ნაპირიდან დაინახეს, მოცვივდნენ და გაიყვანეს. მე რომ ნაბეგვი და დაღლილ-გაუბედურებული ვიყავი, ეს არ გახსენებიათ. წამიღო ამ წყალმა უკან და მაბურთავა. ვკვდები რა, საშინელება ყოფილა, რომ აზროვნებ და აცნობიერებ, რომ კვდები. თან ჩემს ბიძაშვილზე ვფიქრობ, რა ეშველება, როგორ წავა სახლში-მეთქი (იცინის). გამწარებული ვიყავი და ბოლოს ოთხით გამოვაღწიე ნაპირამდე, მერე დამინახეს და ამომიყვანეს. ასე გადავურჩი დახრჩობასაც. თუმცა, ეს წლების წინანდელი ახალგაზრდული ამბებია. ახლა უფრო დაკვირვებული და წინდახედული გავხდი. ვცდილობ მაინც. თუმცა ახლაც ვტყუვდები ხოლმე, მაგალითად, ადამიანებთან მიმართებაში. კარგს რომ მეტყვიან, მგონია, რომ ამას წრფელი გულით აკეთებენ. მერე ასე არ აღმოჩნდება და ამაზე გული მტკივა, მაგრამ ასეთებს ყურადღებას აღარ ვაქცევ. ვცდილობ, არ დავიმახსოვრო. კარგი თვისება აღმოვაჩინე ჩემს თავში, ასეთ მომენტებს ვივიწყებ. შემიძლია, წყენა მოვჭრა და გადავაგდო. სხვების არასწორ საქციელებს გულს არ ვაკარებ. არასწორ ადამიანებს ვკარგავ, მაგრამ გულში ბოღმასა და სამაგიეროს გადახდის წყურვილს არ ვიტოვებ. ღმერთს მივანდობ.

– ოჯახი და სიყვარული – თქვენი პირველი ოჯახი დაინგრა, მაგრამ ლამაზი ისტორია ხომ დარჩა...

– ნამდვილად. ოჯახი დიდი სიყვარულით შევქმენი. მაგრამ მერე ცხოვრებაში ხდება ისეთი რამეები, რაც ბევრ რამეს ცვლის. ჩამოსული კაცი ვიყავი, ეკონომიურად არ მილხინდა და ეტყობა, ამან რაღაცებზე იმოქმედა. ჩვენი ოჯახი დაიშალა, მაგრამ დიდი თავმოყვარეობა მქონდა და თითქმის წელიწადზე მეტი არავინ იცოდა, რომ ჩვენ გაცილებულები ვიყავით და ცალ-ცალკე ვცხოვრობდით. მერე ჩემი ყოფილი მეუღლე გათხოვდა და მაშინ გაიგეს, რომ ეს ამბავი მოხდა. დიდი ტკივილი მივიღე, დაიწყო ჭორაობა, როგორც ხდება ხოლმე. პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი დამრჩა. მერე მეორედ დავქორწინდი, რომელთანაც ქალიშვილი შემეძინა, ღმერთმა დიდხანს ბედნიერი მიმყოფოს. მეორე მეუღლე – მანანა, დიაბეტით იყო დაავადებული და მთელი ჩემი ენერგია მის გამოჯანმრთელებას მივუძღვენი. სხვას არაფერს დავეძებდი. მერე გადავწყვიტე, რომ ბედნიერი ყოფილიყო, დედა გამხდარიყო და ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. ყოველდღე ექიმებთან დამყავდა და ასე დაიბადა ჩემი ულამაზესი თამთა. თუმცა ავადმყოფობებმა თავისი ქნა და თამთა ექვსი წლის იყო, როცა მეუღლე გარდამეცვალა. მე და თამთას საოცარი მამაშვილობა გვქონდა და მერე ჩვენს ცხოვრებაში ფიქრია გამოჩნდა და დიდი მადლობა უფალს ამისთვის. მან გაზარდა ჩემი თამთა და დღეს თამთა ბედნიერია ფიქრიას არსებობის გამო. ფიქრიამ გამიჩინა კიდევ ერთი შვილი – ერეკლე. დღეს ის 25 წლის ვაჟკაცია და ბრიუსელში მუშაობს, ევროპარლამენტში. დღესდღეობით ასე ვართ, თვალი არ გვეცეს (იცინის).

პირველ შვილთან ურთიერთობა ჩემი დიდი ტკივილია. ამაზე საუბარი არ მიყვარს. შვილი და სიძე მიყვარს, პატივს ვცემ, შვილიშვილები განსაკუთრებით კარგები არიან, მაგრამ თვითონ მოინდომეს ასე იცხოვრონ. ჩვენ არ გვაქვს ხშირი ურთიერთობა, მაგრამ როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება. მთავარია, კარგად არიან და ჩემს შვილებს ერთმანეთი უყვართ.

– მებრძოლი ადამიანი ჩანხართ, ცხოვრება ბევრჯერ დაგიწყიათ თავიდან, არ დანებდით.

– ძალიან ტრავმირებული ვარ. იოლად მტკენენ გულს, მაგრამ მერე ვჯობნი ამ ტკივილს. მე ვთვლი, რომ უფალთან ვარ პირდაპირ ხაზზე და მან იცის ჩემი სიმართლე. მისი მჯერა და ვფიქრობ, რომ უპატიებელი არაფერი ჩამიდენია. ხელზე პატრიარქის ნაჩუქარი ფსკვნილი მიკეთია და მეამაყება. უცოდველი არავინაა, მაგრამ მთელი ცხოვრება ვცდილობ, მეტ-ნაკლებად სწორად ვიცხოვრო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი