საზოგადოება

ვახტანგ მეგრელიშვილი: რაც არ ვიცი, რაც ჩემთვის გაუგებარია, ეს ყველაფერი არის ღმერთი

№2

ავტორი: ეთო ხურციძე 22:00 17.01, 2022 წელი

ვახტანგ მეგრელიშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ვახტანგ მეგრელიშვილთან 👇

სახელი: ვახტანგი.

გვარი: მეგრელიშვილი.

პროფესია: პოლიტიკოსი.

– ბავშვობა...

– მიჭირს მოგონებების ერთმანეთთან შედარება და იმის მიხედვით გამორჩევა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია. იყო ტრაგედიები, ოჯახის წევრების გარდაცვალება, ასევე ბევრი ბავშვური ბედნიერების წუთები, როგორიცაა დაბადების დღეები, ჩემპიონატებში გამარჯვება და ასე შემდეგ. ყველაფერი იყო ჩემს ბავშვობაში – კარგიც და ცუდიც, თუმცა ყველაზე მკაფიოდ მახსოვს, როცა სკოლა დავამთავრე და 17 წლისამ დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება.

– მშობლების როლი...

– უდიდესია ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროფესიის არჩევისას. ადამიანისთვის ყველაფერი ოჯახია და ჩემს შემთხვევაშიც, ის მორალური ელემენტების ჩანერგვა და რასაც დღეს წარმოვადგენ, ჩემი მშობლების დიდი დამსახურებაა.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– კონკრეტული პროფესია თავად არ მქონდა არჩეული, ჩემს მშობლებს სურდათ, რომ ექიმი გამოვსულიყავი და მეც არ შევეწინააღმდეგე. მარტივად დავთანხმდი მათ არჩევანს, როგორც ჩანს, მეც მომწონდა და ამიტომაც. შესაბამისად, ჩემი პროფესია მშობლების არჩევანმა განაპირობა. ბავშვობიდან ისეთი განცდა მქონდა, ექიმი უნდა ვყოფილიყავი და სხვა შესაძლებლობები არც განმიხილავს.

– პოლიტიკა...

– პოლიტიკურ ცხოვრებაში 1999 წლიდან ჩავერთე, როცა პირველად დავიწყე პარლამენტში მუშაობა, როგორც თანაშემწემ. თუმცა პოლიტიკა უშუალოდ ჩემს ცხოვრებაში 2003 წლიდან გაჩნდა, ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გავხდი.

– ჩემი მეტსახელი...

– იმ პერიოდში, გვარებით მიმართავდნენ ხოლმე ერთმანეთს და აქედან გამომდინარე, „მეგრელას“ მეძახდნენ.

– ადამიანში ვაფასებ...

– გულწრფელობას – ყველაზე ღირებულ თვისებად მიმაჩნია. ადამიანი, რომელიც გულწრფელია, ნამდვილად დასაფასებელია.

– წარმატებული ადამიანი არის...

– წარმატებული ადამიანი შეიძლება, ბევრი თვისებით ხასიათდებოდეს. წარმატებული შეიძლება, იყო სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, გყავდეს ძალიან კარგი ოჯახი, ბევრი კარგი მეგობარი, გქონდეს კარგი კარიერა, რეპუტაცია, დაგროვებული კაპიტალი და ასე შემდეგ. ბევრი ფაქტორია ისეთი, რომელიც ჩვენში გარკვეულ ღირებულებებს წარმოადგენს, თუმცა მათი დაბალანსება ყოველთვის არ გამოდის. ისეთი ადამიანია წარმატებული, რომელსაც შეუძლია ამ ბალანსის საუკეთესოდ დაჭერა.

– მწამს...

– ბევრი რამის მწამს. ვერ ვიცხოვრებდით, რაღაცების რომ არ გვჯეროდეს. შესაბამისად, მილიონი რამის მწამს.

– ვრისკავ...

– ჩემს ცხოვრებას თუ გადავხედავ, ბევრჯერ მიმიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც რისკს დავარქმევ. ხშირად მქონია კარიერული ცვლილებები, რაც ერთგვარი რისკია.

– მაკვირვებს...

– ხანდახან სილამაზე, ხანდახან ადამიანების სიბრიყვე... ნიჭიერება მაკვირვებს ყველაზე მეტად – აღმაფრთოვანებელი და ნამდვილად საკვირველია რამაა.

– ვერიდები...

– ტყუილის თქმას. ძალიან არ მიყვარს ტყუილი.

– ბედისწერა...

– არ ვიცი, რა არის და სიმართლე გითხრათ, არც მჯერა მისი არსებობის. მგონია, ჩვენს მომავალს თავად ვქმნით და საკუთარი ქცევებით განვაპირობებთ. ამის უფრო მჯერა, ვიდრე იმის, რომ ბედისწერა არსებობს და სადღაც რაღაც დაწერილია.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– რაც არ ვიცი, რაც ჩემთვის გაუგებარია, რაზედაც წარმოდგენა არ მაქვს, რისი აღქმაც არ შემიძლია – ეს ყველაფერი არის ღმერთი.

– სიყვარული არის...

– არ ვიცი, რთული აღსაწერი ამბავია. რა გრძნობაც მშობლებს აქვს შვილის მიმართ ან შეყვარებულს, საყვარელი ადამიანის მიმართ, ამ ყველაფრის კომბინაციაა სიყვარული სხვადასხვა რაკურსით.

– როცა პირველად შემიყვარდა...

– რთული გასახსენებელია. ბებია მიყვარდა პირველად.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– არაფერი განსაკუთრებული არ არსებობს, რასაც ადამიანს ვერ ვაპატიებ. არ არსებობს უპატიებელი რამეები, რადგან რაღაც მომენტში ყველაფრის პატიება შეიძლება. მე არ ვარ ღმერთი, ვიღაცები რომ განვსაჯო, შესაბამისად, ჩემი საპატიებელი ბევრს არაფერი სჭირს და ეგ პრობლემაც არ მაწუხებს.

– მაბედნიერებს...

– როცა პასუხისმგებლობებს შევასრულებ და ამ ტვირთს ჩამოვიხსნი, აი, ეს შეგრძნება მაბედნიერებს.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– საინტერესო ადამიანების და მათთან ურთიერთობის. ზოგადად, დღეს ისეთი დეპრესიულია საზოგადოება, რომ ალბათ, საინტერესო ადამიანები საჯარო სივრცეში არ ჩანან. ისინი არსებობენ, უბრალოდ, საჯარო სივრცეა ისე მოწყობილი, რომ არაფერი საინტერესო არ ხდება ან შეიძლება, ეს ჩემი პრობლემაა.

– მარტოობის განცდა...

– არ მქონია, რადგან არ მიწევს მარტო ყოფნა. არც მარტოობასთან მაქვს პრობლემა და არც ხალხმრავლობასთან, უბრალოდ, ფიზიკურად არ მიწევს ხოლმე მარტო ყოფნა, არ მეძლევა ამის შესაძლებლობა.

– სიცოცხლე არ ღირს...

– სიყვარულის გარეშე.

– რთული პერიოდი...

– ადამიანის ცხოვრება ციკლურია, ხან რთული პერიოდი აქვს, ხან – კარგი. ყველა ადამიანს აქვს რთული პერიოდი და მათ შორის მეც მქონია. თავისი ტექნიკური სირთულით დღევანდელ ყოფას აღვიქვამ რთულად. აქ არ ვგულისხმობ ადამიანურ ტრაგედიებს ან რაიმე მსგავსს, ტექნიკურ ცხოვრებაზე მაქვს საუბარი.

ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს. პირიქით, მიყვარს და როცა საჭიროდ ვთვლი, უპრობლემოდ ვიხდი ბოდიშს. გავიარე უკვე ის პერიოდი, როცა ბოდიში სიამაყესთან ასოცირდებოდა. მივხვდი, ძალიან სასარგებლოა ბოდიშის მოხდა, თუ ამას გულწრფელად აკეთებ. როცა ეს გავიაზრე, იმ მომენტიდან აღარ მიჭირს მობოდიშება.

– შემშურებია...

– ხშირად შემშურებია. არ ვიცი, რამდენად არსებობს თეთრი და შავი შური, მე პირადად ჩვეულებრივად მშურს ხოლმე, მაგალითად; ადამიანის ისეთი უნარების, რომელიც რატომღაც არ დამყვა.

– სამაგიეროს გადახდა...

– არ მახსოვს, რომ მეცადოს, დამეგეგმოს და ასე შემდეგ. შეიძლება, ეს პასუხი საკუთარი თავის კარგად წარმოჩინების ამბავია, მაგრამ მართლა არ მახსენდება მსგავსი რამ. ღმერთს მივანდობ ხოლმე, ჩემზე უკეთესად მან იცის.

– მაკომპლექსებს...

– რომ შეიძლება, რაღაც სიტუაციებში არაადეკვატური ვიყო. ყველა ადამიანს ჰქონია შემთხვევა, როცა რაღაც მომენტში შესაფერისად არ მოქცეულა. ეს რაღაცნაირად უსიამოვნო განცდაა და შესაბამისად, ამის კომპლექსი მაქვს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ბუნებრიობა შევინარჩუნო.

– ვიტყუები...

– ზოგადად არ მიყვარს ტყუილი, მაგრამ მარტივი ტყუილების თქმა, ალბათ, ყველა ადამიანს უწევს. ვიტყუები, როცა მინდა, ვინმეს არ ვაწყენინო. მაგალითად, როცა მეპატიჟებიან, თუმცა წასვლა მეზარება და რაღაცების მოგონება მიწევს. ესეც ტყუილია და არ არის სწორი, მაგრამ საკუთარ თავს ასეთი ტყუილების თქმის უფლებას ვაძლევ.

– ვნანობ...

– ბიტკოინები რომ არ ვიყიდე თავის დროზე (იცინის). სხვა მხრივ ისეთი არაფერი მაქვს სანანებელი. ზოგადად ვფიქრობ, აზრი არ აქვს სინანულს, მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მაგრამ ყველაფერი ხომ აღიარების ფარგლებშია, სინანული იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რაღაცას გადაჰყვები, უბრალოდ, აღიარებ და მერე რაღაცებს სხვანაირად გააკეთებ.

– არასოდეს დამავიწყდება...

– ჩემი შვილების დაბადება არ დამავიწყდება არასოდეს. ბევრი დაუვიწყარი მომენტი მქონია ცხოვრებაში, რომელთა გამოყოფაც გამიჭირდება.

– თავისუფლება არის...

– მაქსიმალური პასუხისმგებლობა საყვარელ ადამიანებზე და საყვარელ საქმეზე. ამ პასუხისმგებლობას როცა იღებ, მერე თავისუფლება ავტომატურად მოდის, ვალდებულებებისგან თავისუფლდები. თავისუფალი ხარ მაშინ, როცა შენი არჩევანი გაქვს გაკეთებული.

– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

– ჩემს საქმეზე, ანუ პოლიტიკაზე. პოლიტიკა კიდევ პირდაპირ კავშირშია ადამიანებთან, შესაბამისად გამოდის, რომ ადამიანებზე ვფიქრობ.

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ფსიქოდემიური სოკო რომ შევჭამე შემცვალა, ბევრად უკეთესი ადამიანი გამხადა.

– ჩემი მიზანია...

– გამარჯვება.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– არ მაქვს რჩევა, რომელიც სულ მახსოვს, სულ არაფერი მახსოვს ხოლმე. ავტორიტეტები არ მყავს, რომელთა ნათქვამს, უბრალოდ, იმის გამო გავითვალისწინებ, რომ კარგი რჩევაა. ზოგადად, არა რჩევას, არამედ იმას ვითვალისწინებ, რასაც ვიგებ. ვიღაცამ უნდა ამიხსნას, ასე რატომ ჯობს, რომ გავიგო და მერე გავითვალისწინებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი