საზოგადოება

შესწირა თუ არა მსხვერპლად დავით გველესიანმა ოჯახი ხელოვნებას და რატომ თქვა მან უარი დიდ შანსზე

№19

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 18.05, 2022 წელი

დავით გველესიანი
დაკოპირებულია

მუსიკოსი დათო გველესიანი დღემდე მრავალფეროვანი და საინტერესო გზით მოვიდა. მან გულწრფელად გვიამბო საკუთარი თავგადასავალი – ბავშვობიდან დღემდე.

დათო გველესიანი: ძალიან ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, სამყაროს შესახებ ყველაფერი მაინტერესებდა, მიყვარდა მუსიკა და მის მიმართ დიდ ინტერესს ვავლენდი. სამი წლის მივსულვარ ფორტეპიანოსთან და მელოდია ამიწყვია. ექვსი წლის ვიყავი, როცა ფორტეპიანოს პედაგოგთან მიმიყვანეს და შვიდი წლისამ მუსიკალურ სკოლაში რომ ჩავაბარე, პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს. 8 წლის რომ გავხდი, დედამ არტოს ბაღში მიმიყვანა და ანსამბლ „მირანგულაში“ ათი წელი ვმღეროდი. იქ ქართული-ხალხური სიმღერა განსაკუთრებულად შეგვაყვარეს. 16 წლის ვიყავი, როდესაც მეცნიერებათა აკადემიის ახლად ჩამოყალიბებულ ანსამბლ „ფაზისში“ მიმიღეს. იქ გოგი დოლიძე მღეროდა და სწორედ, იქიდან დაიწყო ჩემი და გოგის მეგობრობა. სულ ერთად ვიყავით, სულით მონათესავეები გავხდით. გოგიმ ძალიან შემაყვარა სოლო და ქალაქური სიმღერები. მანამდე უფრო ხალხური და კლასიკა იყო ჩემი ინტერესის საგანი.

– ძალიან ცელქი და მშობლებისთვის თავსატეხი ბიჭი ყოფილხართ.

– სამწუხაროდ, ხშირად აკითხავდნენ ხოლმე ჩემი გალახული, ვითომ, მაგარი ბიჭების მშობლები ჩემებს. მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასე იყო.

– „ავტორიტეტობის“ მიმართ არ გქონდათ ინტერესი?

– მამაჩემი გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც ვაჟკაცი ადამიანი. მისი ვაჟკაცობის შესახებ რომ მოვყვეთ, ერთი წიგნი არ გვეყოფა. მისი „ავტორიტეტიდან“ და ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, სულ მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან „შავები“ და მთავაზობდნენ, „ავტორიტეტი“ გავმხდარიყავი. მაგრამ იმდენად ძლიერად იყო ჩემში ფესვგადგმული მუსიკის სიყვარული, რომ ამან გადამძლია. დედამაც დამსვა და სერიოზულად მელაპარაკა. დღესაც მახსოვს მისი ცრემლმორეული თვალები. მითხრა, ძალიან გთხოვ, შენ მაინც ნუ მატარებ „კურორტებზე“, სადაც როგორც წესი, დამნაშავეები არიანო. ალბათ, მაშინ მოხდა ჩემში გარდატეხა. თან მამა მეგობრობდა ისეთ ადამიანებთან, როგორებიც არიან მიშიკო შენგელია, ოთარ რამიშვილი, ჯემალ ჭკუასელი – ისინი ჩვენ ძალიან ხშირად გვსტუმრობდნენ. მე მათ გარემოცვაში გავიზარდე და ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.

– თქვით, მე არ ვიწყებდი ჩხუბსო, მაგრამ გოგოების გამო მაინც არ ჩხუბობდით?

– უი, გოგოების გამო ძალიან ხშირად ვჩხუბობდი. ჩემი კლასელი გოგონებისთვის ძმასავით ვიყავი, ჩემი იმედი ჰქონდათ და თუ ვინმე აწყენინებდათ, დათოს კლასელი ვარო, ეტყოდნენ. ტრაბახივით გამომდის, არ მსიამოვნებს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ასე იყო. გოგოს დაჩაგვრას ვერ ვიტანდი, მაშინვე ტვინში მასხამდა. ვერც იმას ვიტანდი, როცა სუსტს ჩაგრავდნენ და ამის გამოც ძალიან ხშირად მომსვლია ჩხუბი. ისეთ ხალხთან მიწევდა დაპირისპირება, ვისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა არ იყო კარგი, რადგან გარკვეულ „ავტორიტეტებს“ წარმოადგენდნენ, მაგრამ ასე ხდებოდა.

– როგორ გახდა თქვენთვის პრიორიტეტული მუსიკა და კლასიკური მიმართულება?

– სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავაბარე და პარალელურად, ანსამბლ „ფაზისში“ ვმღეროდი. საქართველოს კულტურის დღეებზე უნგრეთში წავედით და იქ რამდენიმე მუსიკოსმა ჩემზე ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრება განსაზღვრეს. რომ დავბრუნდი, მშობლები გახარებულები დამხვდნენ და მითხრეს, „თბილღვინოს“ სათავო ოფისში გენერალური დირექტორი გეპატიჟება, კაბინეტიანი ადგილი აქვს შენთვისო. მე საპასუხოდ განვაცხადე, რომ კონსერვატორიაში ვაბარებდი. მშობლები ერთი თვე არ მელაპარაკებოდნენ – ეს გაგიჟდაო (იცინის). რომ ვაბარებდი, დედა – ოღონდ მაგას ნუ მაყურებინებო, ვლადივოსტოკში წავიდა ბიძაშვილთან. მე მატერიალისტი არასდროს ვყოფილვარ. თუ ბევრი ფული მქონდა, ბევრს დავხარჯავდი, მაგრამ თუ ცოტა მქონდა, ცოტა მეყოფოდა. ამიტომ, უკან არ დამიხევია და კონსერვატორიაში ჩავაბარე.

რაც ყველაზე მთავარია, 22 წლის ვიყავი, როცა ანზორ ერქომაიშვილმა მიმიღო ანსამბლ „რუსთავში“, მაშინ, როცა ჰამლეტ გონაშვილი ერთი წლის გარდაცვლილი იყო. იქ მოხვედრა ჩემი სანუკვარი ოცნება იყო. ჰამლეტ გონაშვილი ბავშვობიდან ჩემი კუმირი გახლდათ და წარმოიდგინეთ მისი რეპერტუარის შესრულება ჩემთვის რამხელა პატივი იქნებოდა.

– ოჯახი როდის შექმენით?

– ეს ცოტა მტკივნეული თემაა ჩემთვის. პირველი ქორწინება კონსერვატორიის პერიოდში იყო.

– მაშინ პატარა ანდრიას დატოვება მოგიწიათ...

– კი, დედასთან მოგვიწია ანდრიას დატოვება, მაშინ, დაახლოებით, ათი თვის იყო. იტალიაში ორი წელი ვისწავლე, თუმცა პერიოდულად ჩამოვდიოდი ხოლმე. მაშინ პროფესიონალურად წინ წავედი, მოსმენებზე „სივები“ მქონდა გაგზავნილი სხვადასხვა თეატრში და ბევრგან მელოდნენ, მაგრამ ამ დროს დედა მირეკავს და მეუბნება, აქ ძალიან რთული პერიოდია, უშუქობა, უწყლობა, რიგები, ტალონები და უშენოდ ვერ შევძლებთ ამ მდგომარეობასთან გამკლავებასო. ანდრია დედაჩემთან და მამაჩემთან იყო თბილისში. წარმოიდგინეთ, ერთ კვირაში უდიდესი ტენორი, ფრანკო კორელი უნდა ჩამოსულიყო, მისი მეგობარი ჩემი უფროსი მეგობარი გახლდათ, დამპირდა, რომ შემახვედრებდა და მისგან კონსულტაციას მივიღებდი. ამ დროს დედა მეუბნება, თუ შეგიძლია, ყველაფერი მიატოვე და ჩამოდი, ჩვენ ვეღარ ვუმკლავდებითო. მეორე დღესვე ავიღე ბილეთები და საქართველოში დავბრუნდი.

– მაშინ მარტო თქვენ დაბრუნდით, ქალბატონი თეა არა?

– ყველა ადამიანს თავის გადაწყვეტილება აქვს. ის თვლიდა, რომ საოპერო სამყაროსთვის იყო გაჩენილი და მას ვერ უღალატებდა. სადღაც მართალიც იყო, ძალიან დიდი მონაცემები ჰქონდა. მეც არ მქონდა ცუდი მონაცემები, მაგრამ ასე ვარჩიე. მე შევთავაზე, რომ ისიც აქ ყოფილიყო და შვილისთვის ერთად გვეპატრონა, მაგრამ ის მაინც იტალიაში წავიდა. ჩავთვალე, რომ ოჯახი აღარ იყო, ყველაფერს თავის სახელი დავარქვი და მე და ანდრიას დედა ერთმანეთს დავშორდით. მეგობრობით კი დღესაც ვმეგობრობთ.

– შემდეგ მეორე ოჯახი შექმენით.

– ჩემი მეუღლე – თამილა დვალიშვილი, მის აჭარა იყო, ძალიან კარგი მუსიკოსი, რომელმაც მუსიკალური წითელ დიპლომზე დაამთავრა. მას ძალიან კარგი და მრავალფეროვანი განათლება აქვს. ჩვენ ოცი წელი ვიყავით ერთად და გვყავს 23 წლის ნიკოლოზი, რომელიც ძალიან კარგი პროგრამისტია. 16 წლიდან წერს ელექტრონულ მუსიკას და უკვე საკმაოდ ცნობილი დიჯეია. მისი ალბომი ახლა იტალიაში გამოდის. მუსიკალური ნიჭიერებით ჩემს შვილებში ის ყველაზე ძლიერია. ანდრიას ძალიან ძლიერი ვოკალური მონაცემები აქვს და ამასთან, არაჩვეულებრივი არტისტია. ნიკოლოზს ხმა არ აქვს, მაგრამ ძალიან ძლიერი მუსიკოსია, ცოტა ჩემს თავს მახსენებს. ანდრია ხუთი წლის იყო, როცა სიმღერა დაიწყო. მანამდე გოგი დოლიძე იყო ჩემთან მოსული და ვუთხარი, გოგი, მგონი, დავიღუპეთ, ანდრიას სმენა არ აქვს-მეთქი. გოგიმ გასინჯა და რა არ აქვს, აცადეთ ეს რომ სიმღერას დაიწყებს, მერე ვეღარ გააჩერებთო და მართალი აღმოჩნდა (იცინის). რაც შეეხება ანის, ჩემს მესამე შვილს, უნიჭიერესი მხატვარია, ეს სპეციალისტების შეფასებაა და არა ჩემი. არქიტექტურას სწავლობს და ძალიან უყვარს თავის საქმე. როგორც ლანდშაფტის დიზაინერს, უკვე ბევრი და კარგი პროექტი აქვს გაკეთებული.

– მეორე მეუღლის შესახებ ისეთი სიამაყით საუბრობდით, კითხვა გამიჩნდა – რატომ დასრულდა ეს ურთიერთობა?

– ამაზე საუბარი არ შემიძლია. ეს საკითხი ჩემთვის დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. აქ უფრო ჩემი პრობლემაა, მისგან – არავითარი. იდეალური ადამიანია. ვაღიარებ, რომ ჩემი ბრალია. მე ვარ დაფშტვენილი ხელოვანი (იცინის). როგორ გითხრათ?! ამ ცხოვრებაში რა რატომ ხდება, ამას მხოლოდ წლების შემდეგ ვიგებთ. ხანდახან უნდა გაგიჟდეს ხელოვანი, რომ რაღაც შექმნას. გარკვეული თავისუფლება არის საჭირო, ვიდრე რუტინაში ჩაძირვა. ჩემმა მეგობარმა მითხრა, როგორც ხელოვანს, შენ მეტი თავისუფლება გჭირდებოდაო. მე ძალიან პასუხისმგებლობიანი ვარ. ოჯახის მიმართაც ასეთი ვიყავი, ბოლომდე მასზე ვიყავი გადართული, არაფერი მოაკლდეს-მეთქი და ინდივიდუალურ ხელოვნებას, ფაქტობრივად, გამოვეთიშე. მერე ბევრი სიმღერაც დავწერე, პროფესიონალურადაც გავიზარდე.

– იმისთვის, რომ ხელოვანი განვითარდეს, მსხვერპლია საჭირო და ის შესაძლოა, ოჯახიც აღმოჩნდეს?

– ოჯახის მიმართ ასეთი პასუხისმგებლიანი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, უფრო არ გამიჭირდებოდა, ორივეს ერთად შევძლებდი. თუმცა, უფრო ზუსტად ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს. კონკრეტული პასუხი ნამდვილად არ მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი