საზოგადოება

რომელი ქართული ოჯახი მიიპატიჟა ნაპოლეონ მესამემ პარიზში საცხოვრებლად და როგორ გახდა სალომე დადიანი „პრინცესა სალომე მიურატი“

№38

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 28.09, 2022 წელი

სალომე დადიანი
დაკოპირებულია

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, რუსულ სასაფლაოზე, ქართველი თავადაზნაურების უამრავ საფლავს შეხვდებით. მათ შორის არის სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანისა და ეკატერინე დადიანის ქალიშვილის – სალომე დადიანი-მიურატის საფლავიც.

სალომე დადიანი 1848 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა ზუგდიდში და 1913 წლის 23 ივლისს პარიზში გარდაიცვალა. მისი ცხოვრება საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

1857 წელს სალომე ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც სამეგრელოს მართვის სადავეები რუსეთის იმპერიამ იგდო ხელთ, რასაც შედეგად, ათიოდე წლის შემდეგ, სამთავროს ოფიციალური გაუქმება მოჰყვა.

სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომელმაც უფროსი ვაჟის, ნიკოს, მეურვის სტატუსით, ეს პროვინცია ოთხი წლის განმავლობაში მართა, ოჯახთან ერთად სამეგრელოდან გაემგზავრა და ჯერ სანკტ-პეტერბურგში დასახლდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, ცხოვრება გერმანიაში გაეგრძელებინა.

მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ მესამის ოჯახის მიწვევით, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა შვილებთან ერთად საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. სალომე, ნიკო და ანდრია დადიანები ფრანგი არისტოკრატების წრეში ტრიალებდნენ. მათ მალევე გაიცნეს საიმპერატორო ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები. მათ შორის იყო აშილ მიურატი. აშილი იმ დროს ნაპოლეონ მესამის სამხედრო ატაშე გახლდათ.

1868 წელს 20 წლის სალომე დადიანი ცოლად გაჰყვა პრინც აშილ შარლ ნაპოლეონ მიურატს. მათი ქორწინება პარიზში წლის მოვლენად აღიარეს. კათოლიკურ საქორწინო ცერემონიალს ტიუილრის სასახლის კარის ეკლესიაში თავად საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ მესამე და დედოფალი ეჟენი დე მონტიჟო ესწრებოდნენ.

ახალშეუღლებულ წყვილს საფრანგეთის იმპერატორმა პარიზში მონსოს ბაღის მახლობლად მდებარე პერეირასის სასახლე უყიდა და ერთი მილიონი ფრანკი აჩუქა. ახალდაქორწინებულებმა მდიდრული საჩუქრები რუსეთის ხელმწიფისგანაც მიიღეს.

1873 წელს, ნაპოლეონ მესამის გარდაცვალების შემდეგ, დადიან–მიურატის ოჯახი სამეგრელოში წამოვიდა და ზუგდიდში, დადიანების საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ლამაზ ხის სასახლეში დასახლდნენ. სალომე „პრინცესა სალომე მიურატად“ იწოდებოდა.

აშილმა სოფელ სალხინოსა და ჭკადუაშში დასვლეთ საქართველოს ერთ–ერთი პირველი მსხვილი რაციონალურ-კაპიტალური ტიპის სანიმუშო მეურნეობა მოაწყო. მან სამეგრელოში ვაზის რამდენიმე ფრანგული ჯიში შემოიტანა და, ამასთან ერთად, სამეგრელოს ადგილობრივი სახელგანთქმული ჯიშის, ოჯალეშის, სისტემატური კულტივირებაც დაიწყო, რომელიც იმ დროს კომერციული მიზნით აღარ იწარმოებოდა და გადაშენების გზაზე იდგა.

აშილი მართლაც შესანიშნავ ღვინოებს ამზადებდა და ევროპაშიც წარმატებით გაჰქონდა. წლების განმავლობაში მისი მეურნეობა თანდათან ფართოვდებოდა და სამეგრელოს სოფლებში დაფნის ვრცელ პლანტაციებსაც მოიცავდა.

მიურატი თავმდაბლობითა და უბრალოებით ქართველ ხალხს ძალიან ხიბლავდა. ის გლეხებთან ერთად დღედაღამ ბარავდა, თოხნიდა და მოსავალს უვლიდა, მათთან ერთად ნადირობდა, ყველანაირად ცდილობდა, მოსახლეობის დაბალი ფენის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, აარსებდა სკოლებსა და აფთიაქებს, გაჰყავდა გზები, გულუხვად აჯილდოებდა ღარიბ ოჯახებს.

სალომე დადიანისა და აშილ მიურატის დამსახურებაა, რომ ზუგდიდის მაზრის სამღვდელოებას მიეცა უფლება, გაეხსნა ქალთა ორკლასიანი სასწავლო დაწესებულება, რომელსაც მათ სამი წლის ვადით დაუთმეს ერთ-ერთი თავისი სახლი.

1895 წელს აშილ მიურატი გარდაიცვალა. დაკრძალეს სოფელ ჭკადუაშის კათოლიკური ეკლესიის ბაღში.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ სალომე ღირსეულად განაგრძობდა ოჯახის ტრადიციებს და მოვლა-პატრონობას არ აკლებდა მეუღლესთან ერთად შექმნილ დოვლათს.

მეოცე საუკუნის 10-იან წლებში სალხინოს მეურნეობას სათავეში უკვე სალომეს ვაჟი ედგა, რომელმაც მეურნეობა კიდევ უფრო გააფართოვა.

სალომე დადიანის ძმებს, ნიკოსა და ანდრიას, მემკვიდრეები არ დარჩენიათ, ამიტომ, დადიანების მემკვიდრეობა სალომეს შთამომავლობას გადაეცა.

აშილს და სალომეს სამი შვილი ჰყავდათ: ლუსიენ შარლ დავითი, ნაპოლეონ ლუი აშილი და ანტუანეტა კატერინა (ბებე).

1913 წელს სალომე დადიანმა თავისი ქონება უმცროს ქალიშვილს, ანტუანეტა კატერინას დაუმტკიცა, რომელსაც ბებეს ეძახდნენ. თვითონ კი სამკურნალოდ საფრანგეთში გაემგზავრა.

იგი გარდაიცვალა 1913 წლის 10 ივლისს.

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ საქართველოში ამ ამბავმა უხმაუროდ ჩაიარა... არც ნეკროლოგი, არც სამძიმარი, ქართულ პრესას არც ერთი სიტყვით არ გამოუხატავს წუხილი მის გარდაცვალების შესახებ.

გამოყენებული მასალების წყაროები: ბურუსი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ენციკლოპედია; „ვიკიპედია“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი