რომელ ქართველს მიიჩნევდა რუსეთის ეკლესია „დიდ სვეტად“ და როგორ გადაურჩა ის მძიმე სენს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00 13.12
მიტროპოლიტი ტრიფონი (ერისკაცობაში ბორის თურქესტანოვი) დაიბადა მოსკოვში 1861 წელს. მამამისი, პეტრე თურქესტანოვი (1830-1891 წლები), ძველ ქართველ თავადთა პირდაპირი შთამომავალი იყო. მისი წინაპარი, ბორის პანკრატის ძე თურქესტანიშვილი, რუსეთში პეტრე პირველის მეფობის დროს ჩავიდა. მომავალი მღვდელმთავრის დედა – ბარბარე ალექსანდრეს ასული ნარიშკინა თავადის ქალი იყო.
ყმაწვილობაში ბორისი მძიმედ დაავადდა. ექიმები გამოჯანმრთელების იმედს არ იძლეოდნენ. სასოწარკვეთილი დედა წმიდა მოწამე ტრიფონის სახელობის ეკლესიაში დადიოდა, ლოცულობდა და შვილის განკურნებას ევედრებოდა. მან წმიდა ტრიფონს აღუთქვა, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში ვაჟიშვილს მას მიუძღვნიდა და თუ ბერობის ღირსი გახდებოდა, სახელად ტრიფონი ეწოდებოდა.
როგორც კი მისი შვილი გამოჯანმრთელდა, დედამ ოპტინის უდაბნოში წაიყვანა, შესაგებებლად გამოსულმა ბერმა მოულოდნელად იქვე მდგომ ხალხს მიმართა: „გზა მიეცით, მღვდელმთავარი მოდის“.
ბორისმა 1887 წელს მიიღო მშობლებისგან დალოცვა და ოპტინის უდაბნოში ბერ ამბროსისთან მორჩილად დადგა, მანვე აკურთხა მონაზვნობაზე.
1891 წელს ბორისი ბერად აღიკვეცა ტრიფონის სახელით – აღსრულდა დედისეული აღთქმა. სულ მალე მამა ტრიფონი ბერ-დიაკვნად, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად იქნა ხელდასხმული.
ბერი ამბროსის კურთხევით ტრიფონმა სწავლა დაიწყო მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. სწავლის პერიოდში ის პატიმართა გადასაგზავნ ციხეში მსახურობდა.
1891 წელს მამა ტრიფონმა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა აკადემია და დაიცვა დისერტაცია თემაზე „ძველქრისტიანი და ოპიტნელი ბერები“.
მან ხუთი უცხო ენა იცოდა: ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული და ინგლისური.
1895-1901 წლებში მამა ტრიფონი მოსკოვის სასულიერო აკადემიის ზედამხედველი, შემდეგ კი მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. 1901 წელს ის დმიტროვსკის ეპისკოპოსად, მოსკოვის ეპარქიის ქორეპისკოპოსად იკურთხა და ამ თანამდებობაზე 15 წელიწადი მსახურობდა.
მქადაგებლობის გასაოცარი ნიჭის გამო, მორწმუნე მრევლმა მას „მოსკოვის ოქროპირი“ უწოდა.
პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ეპისკოპოსი ტრიფონი მოქმედ არმიაში მსახურობდა. პოლონეთის ფრონტზე კონტუზია მიიღო და იძულებული გახდა მოსკოვში დაბრუნებულიყო.
1916 წლიდან ის აღარ არის მოქმედი ეპისკოპოსი და ნოვო-იერუსალიმის აღდგომის მონასტერში მოღვაწეობს. 1917 წელს ფრონტიდან ისევ ამ მონასტერში დაბრუნდა.
1918 წლიდან მეუფე ტრიფონი მოსკოვში ცხოვრობდა და აღარ მონაწილეობდა ეკლესიის ადმინისტრაციულ საქმეებში. მასთან განუწყვეტლივ მოედინებოდა ადამიანთა უწყვეტი ნაკადი სულიერ თუ ცხოვრებისეულ საკითხებზე რჩევის მისაღებად. მორწმუნე მრევლი მას პატივს სცემდა, როგორც დიდებულ მღვდელმთავარს, ჩინებულ მქადაგებელსა და მადლმოსილ მოღვაწე ბერს. მისი რჩევები, არცთუ იშვიათად, გადამწყვეტი იყო არათუ მხოლოდ მისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილებისათვის, არამედ რევოლუციის შემდგომი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც.
პატრიარქი ტიხონი მისდამი დიდი პატივისცემით იყო გამსჭვალული, მასთან ერთად ხშირად მსახურობდა და 1923 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. რუსეთის ეკლესია ამ ორ საეკლესიო მოღვაწეს ორ „დიდ სვეტად“ მიიჩნევს, რომლებიც მძიმე დროებაში განამტკიცებდნენ რუსეთის ეკლესიას.
1825 წელს, პატრიარქ ტიხონის გარდაცვალების შემდეგ, მთვარაეპისკოპოს ტრიფონის მოღვაწეობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ფორმალურად პენსიონერად მიიჩნეოდა, თუმცა რუსეთის მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი ჭეშმარიტი სულიერი წინამძღოლი იყო. მისი ეპისკოპოსად მსახურების 30 წლისთავთან დაკავშირებით აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.
მეუფე ტრიფონის სიტყვა მათთვის, ვინც რუსეთის ცხოვრების 1920-1930-იანი წლების საშინელებების დროს ჭეშმარიტი რწმენა შეინარჩუნა, კანონი იყო. ხალხს სწამდა, რომ მისი ბაგეებით თვით უფალი ღაღადებდა. მხატვარი პავლე კორინი, რომელმაც ნატურიდან შექმნა მიტროპოლიტ ტრიფონის პორტრეტი, იგონებდა, რომ მრავალი სასულიერო პირის პორტრეტი სწორედ მეუფე ტრიფონის დამსახურებით შემორჩა ისტორიას. სასულიერო პირები, რომელთაც მხატვარი სახლში იწვევდა, პორტრეტის შექმნაზე მხოლოდ მას შემდეგ თანხმდებოდნენ, როცა შეიტყობდნენ, რომ ეს ყველასგან პატივცემული მეუფე ტრიფონის ლოცვა-კურთხევით ხდებოდა.
გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მიტროპოლიტმა ტრიფონმა დაწერა სამადლობელო აკათისტო (დაუჯდომელი) – „გმადლობ, შენ ღმერთო, ყველაფრისთვის“.
მიტროპოლიტი ტრიფონი გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალულია მოსკოვის ვვედენსკის სასაფლაოზე. მისი სამარე დღემდე წარმოადგენს მილიონობით რუსი მართლმადიდებლის სათაყვანებელ ადგილს.
გამოყენებული მასალების წყარო: ქუთათელაძე ზურაბ. ტრიფონ თურქესტანოვი (1861-1934) : რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან