საზოგადოება

როგორია ბექა ნათელაშვილის და ნატალი თოდაძის სიყვარულის ისტორია და როგორი მამამთილი აღმოჩნდა შალვა ნათელაშვილი

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 27.06, 2022 წელი

ბექა ნათელაშვილი
დაკოპირებულია

სულ რამდენიმე დღის წინ შალვა ნათელაშვილის ვაჟმა – ბექა ნათელაშვილმა, საყვარელ გოგონას ხელი სთხოვა და ამ მომენტის ამსახველი რომანტიკული კადრები სოციალურ ქსელში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ბექას რჩეული ნატალი თოდაძეა – მოდელი და ინგლისურის ფილოლოგი.

ნატალი თოდაძე: ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა. ბექა მთელი კვირა საკმაოდ უცნაურად იქცეოდა, ცოტა ყურადღებასაც მაკლებდა და ახლა კარგად ვხვდები მიზეზს (იცინის). იმ დღეს განსაკუთრებული გეგმები არ გვქონია, უბრალოდ, ოთხი მეგობარი ვაპირებდით დრო ერთად გაგვეტარებინა. მე მართვის მოწმობა მაქვს ახალი აღებული და ჩვენი მეგობარი, რომელიც ჩვენთან ერთად იყო მანქანაში და რომელმაც იმ დღეს, ასევე, ხელი სთხოვა ჩვენს მეგობარს, მეუბნება, მაინტერესებს, როგორ ატარებ მანქანას და მოდი, საჭესთან დაჯექიო. თვითონ ადგა და მე „მაიძულა“ დავმჯდარიყავი (იცინის). დანიშნულების ადგილამდე რომ მივედით, გადავიდა, კარი შიგნიდან გააღო და სანამ ჩვენ მანქანიდან გადმოვედით, უცებ ვხედავთ, ისიც და ბექაც, დაჩოქილები დგანან ჩვენ წინაშე. არც მე და არც ჩემმა მეგობარმა, არ ვიცოდით, თუ რამე ასეთს აპირებდნენ და შოკში ვიყავით (იცინის). ყველა ჩემი მეგობარი, ბექა იცნობდა თუ არა, იქ იყო. თურმე, წინასწარ დაკონტაქტებია თითოეულ მათგანს და ყველა ერთად დაგვხვდა.

– როგორი ემოციები გქონდა, როცა გააანალიზე, რა ხდებოდა?

– ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო იყო. თუმცა, ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ქორწილი და ურთიერთობის გაოფიციალურების გეგმა ახლო მომავლისთვის არ გვქონია. დინებას მივყვებოდით და თავს ბედნიერად ვგრძნობდით. ამის გარეშეც ყველაფერი იდეალურად იყო. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ხელის თხოვნამ ჩვენს ურთიერთობას უფრო მეტი ხიბლი შესძინა. ბექა და მისი ოჯახი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მათთან კიდევ უფრო დაახლოება ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა.

– ბექას მამას, შალვა ნათელაშვილს ეკრანიდან ყველა იცნობს. სანამ პირადად გაიცნობდი, როგორი მოლოდინი გქონდა?

– ბექა იმდენად ახლოს არის ჩემს შეხედულებებთან, გაცნობიდან ძალიან მალე ჩემში იმდენად დიდი ნდობა დაიმსახურა, რომ შეუძლებელი იყო, მის მშობლებზეც უზომოდ კარგი წარმოდგენა არ შემქმნოდა. საყვარელი ადამიანის მშობლის გაცნობის პროცესს თან რომ ნერვიულობა ახლავს, ეს ძალიან ბუნებრივი მგონია. ალბათ, ამ დროს ყველა ნერვიულობს და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. თუმცა, ბატონი შალვა არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემთვის იმის მაგალითია, რომ ყოველთვის უნდა იფიქრო მომავალზე და წინ თამამი ნაბიჯებით იარო. ის ძალიან მეგობრული, მხიარული, ხალისიანი და თბილი ადამიანია, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს. საერთოდ, ბექას მშობლები ძალიან მეგობრულები არიან და კარგად ესმით შვილის. ამიტომ მგონია, რომ ჩვენც ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება.

– ქალბატონი ბელა საკმაოდ თბილი ადამიანი ჩანს. ასეთი აღმოჩნდა რეალურადაც?

– ქალბატონი ბელა იმაზე უფრო თბილია, ვიდრე ეკრანებზე ჩანს და იმაზე მეტად საყვარელია, ვიდრე ხალხს ჰგონია. ერთი ნახვით შეგაყვარებს თავს.

– შენი და ბექას სიყვარულის ისტორია როგორია?

– ჩვენი ისტორია 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო, მაგრამ ერთმანეთი უფრო ადრე გავიცანით, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. თავიდან განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ჩვენს ურთიერთობას ასეთი გაგრძელება მოჰყვებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ერთმანეთის არსებობას საერთო მეგობრების წრეში გადაკვეთა გვახსენებდა და ამასობაში, ვიგრძენით, რომ ჩვენს შორის სიყვარული წარმოიშვა.

– პირველი ვინ გამოტყდა სიყვარულში?

– ინიციატივას არ გავურბოდი, მაგრამ სიყვარულის ახსნა ბექამ დამასწრო (იცინის).

– ხელი ძალიან რომანტიკულად გთხოვა, სიყვარული როგორ აგიხსნა?

– სხვათა შორის, განსაკუთრებულად რომანტიკულად – არა. უბრალოდ მითხრა, მიყვარხარო და ეს იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო, რომ მთელი საღამო გალამაზდა და თავისთავად გახდა რომანტიკული.

– ბექა ოჯახიდან და შემდეგ, უკვე მისი აქტიურობებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ნაცნობია, მაგრამ შენ როგორს იცნობ, რა თვისებების გამო შეგიყვარდა?

– ბექა უზომოდ გულწრფელი, მზრუნველი და უშუალოა. ყოველთვის ისეთია, როგორიც არის, არასდროს თამაშობს და ამ თვისების გამო, მასთან ურთიერთობა ძალიან მიადვილდებოდა. ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ალბათ, ამ მიზეზების გამო შემიყვარდა ძალიან.

– მის პოლიტიკურ საქმიანობაზე რას ფიქრობ?

– ბექა ისეთი გულწრფელი და სამართლიანი ახალგაზრდაა, როგორებიც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, მე ასე ვფიქრობ.

– რომანტიკულია?

– კი, ძალიან რომანტიკულია, მე – უფრო მხიარული. ერთხელ, მეგონა, ქუთაისში მივდიოდით ჩვენს მეგობართან რამდენიმე დღით. მითხრა, თბილი ტანსაცმელი წამოიღეო, მაგრამ არ დავეჭვებულვარ, რადგან საკმაოდ ციოდა. ჩავედით ქუთაისში და მეუბნება, ლინკი გამოგიგზავნე მეილზე და ნახეო. გავხსენი და ქუთაისი-პრაღის ბილეთები იყო. თურმე, პრაღაში მივდიოდით სამოგზაუროდ. ორი კვირით ადრე პასპორტი გამომართვა, თითქოს რაღაცის შესავსებად და მერე მივხვდი, სინამდვილეში რისთვის სჭირდებოდა (იცინის). მსგავსი სიურპრიზების მოწყობა მას ძალიან კარგად გამოსდის, თუმცა მეც ვცდილობ.

– შენ შესახებ მოვყვეთ, სად სწავლობ, რა ინტერესები გაქვს?

– 23 წლის ვარ. შავი ზღვის უნივერსიტეტში ვსწავლობ ინგლისურ ფილოლოგიაზე და პარალელურად, სამოდელო სფეროში ვარ დაკავებული. 2018 წელს „მის საქართველოზეც“ ვმონაწილეობდი, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და „მის ელეგანტურობის“ ნომინაციაში გავიმარჯვე. ახლა სხვადასხვა ბრენდებთან ვთანამშრომლობ და სტუდენტურ ცხოვრებას სამოდელო კარიერას ვუთავსებ. მთავარ პროფესიად ინგლისური ფილოლოგია ავირჩიე, რადგან უცხო ენები მიყვარს. ინგლისურთან ერთად თურქულ ენასაც ვფლობ. დედა თურქულის ფილოლოგია და მისი დამსახურებით გამიადვილდა ამ ენის შესწავლა. რაღაც პერიოდი მოსწავლეებიც მყავდა და სტუდენტობის პარალელურად, თურქულს ვასწავლიდი. მინდა, მომავალში სინქრონული თარგმნის სპეციალისტი ვიყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი