როგორ უხსნის თემურ კილაძე სიყვარულს მეუღლეს ყოველდღე და რატომ თვლიდნენ მას რთულ ბავშვად
ავტორი: ქეთი მოდებაძე 13:00

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, თემურ კილაძის ცხოვრება თეატრს საკმაოდ პატარა ასაკში დაუკავშირდა და ეს კავშირი დღემდე მჭიდროა. ჩვენი ინტერვიუდან მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი მსახიობის შესახებ ბევრ საინტერესო ისტორიას შეიტყობთ.
თემურ კილაძე: ამას წინათ, ჩემს სკოლის დროინდელ შეფასების ფურცელს წავაწყდი. არ ვიცი, დღეს აქვთ თუ არა ასეთი, მაგრამ ჩვენ დროს, კლასიდან-კლასში რომ გადადიოდი, ამ ფურცელზე გიწერდნენ ნიშნებს და გახასიათებდნენ, თუ როგორი მოსწავლე იყავი. 5-ები არა, მაგრამ ნორმალური ქულები მყავდა. დაწყებით კლასში მეწერა „ნიჭიერია“. შემდეგ – „ნიჭიერი, მაგრამ ცელქი“, ცოტა უფრო მაღალ კლასში – „ნიჭიერი, მაგრამ ეტყობა, მშობლები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ“, ამას მოჰყვა „ნიჭიერი, მაგრამ მშობლებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვს“, მერე ნიჭიერი საერთოდ ამოაგდეს და „რთული ბავშვით“ ჩაანაცვლეს.
სირთულე იმაში გამოიხატებოდა, რომ მეც, როგორც ყველა ბავშვს, გართობა და თამაში მიყვარდა. ფეხბურთი იმდენად მიტაცებდა, შემეძლო, დილიდან-საღამომდე მეთამაშა, თუ ამის საშუალება მომეცემოდა. საქმე ის იყო, რომ ორივე მშობელი მუშაობდა, საღამომდე არ იყვნენ სახლში და გახანგრძლივებულს რომ დავასრულებდი ან თუ მოვახერხებდი ცოტა ადრე გამოპარვას, მაშინვე მოედანს მივაშურებდი ფეხბურთის სათამაშოდ. ვფიქრობდი, რომ მერე მეცადინეობასაც მოვასწრებდი ხოლმე, მაგრამ დიდად არ გამომდიოდა (იცინის).
მამა ძალიან მკაცრი იყო. განსაკუთრებით ჩემ მიმართ, ბიჭს უფრო მკაცრად მზრდიდა, ჩემი და ბეჯითი გოგო იყო, კარგად სწავლობდა და არ სჭირდებოდა ზედმეტი სიმკაცრე. მამა გვიან მოდიოდა სამსახურიდან და მის მოსვლამდე დედა დაძინების ნებას არ მაძლევდა, მაინც გაგაღვიძებს, რომ გაკვეთილები ჩაიბაროსო. რას ჩავაბარებდი, როცა არაფერი ვიცოდი. მამა მათემატიკაში სუსტი იყო, განათლებით ისტორიკოსი გახლდათ, მაგრამ რა თქმა უნდა, მთხოვდა, რომ ეს საგანიც კარგად მესწავლა. ყოველდღე მაძლევდა სავარჯიშოებს, რომელიც უნდა შემესრულებინა. მე ასეთი რამ მოვიფიქრე, ორი წიგნი მქონდა, ერთი სავარჯიშოებისთვის, მეორე – ჩემთვის, საიდუმლოდ, პასუხებისთვის. მამა პირველიდან რომ მომცემდა დავალებას შესასრულებლად, მე მეორეში პასუხს ვნახავდი და იმ პასუხის მისაღებად ვიგონებდი მოქმედებებს. მამა პასუხს შეხედავდა, ნახავდა რომ სწორი იყო და საქმე გაკეთებული იყო.
– წლის ბოლოს შეფასებებს რომ ნახულობდა?
– რაღაცას ვახერხებდი, რომ სამიანზე გამექაჩა. ასე, უბრალოდ, ზედმეტ დატვირთვას ვირიდებდი, თორემ რაღაცას ვაკეთებდი კიდეც (იცინის).
მეათე კლასში რომ გადავდიოდი, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ღამის სკოლაში გამამწესეს, მიზეზით – ძალიან რთული ბავშვიაო. პლეხანოვზე მუსკომედიის თეატრის გვერდით იყო ეს სკოლა. ეს ის დროა, როცა მე უკვე თეატრით ვარ გატაცებული.
კარგ უბანში ვცხოვრობდით. ბავშვები მილიონ გასართობს ვიგონებდით. ერთ-ერთი იყო „გრუზავიკზე“ სცენის მოწყობა და სპექტაკლების დადგმა. ყველაფერი უბნიდან დაიწყო.
მერე, რაღაც პერიოდი, მამა პედაგოგი იყო პიონერთა ბანაკში. მე იმ პიონერთა ბანაკშიც იმიტომ მოვხვდი, რომ სხვაგან არ გამიშვებდნენ. ჩემს დას ყველგან უშვებდნენ, მე კი მეთვალყურეობის გარეშე – არსად. დღემდე არ ვიცი, რას ვაშავებდი, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ცელქი ბავშვი ვიყავი. სხვათა შორის, თავზე არაერთი „შრამი“ მაქვს, ერთხელ დავითვალეთ, 32 თუ 36 იყო, ზუსტად არ მახსოვს. უამრავჯერ გავიტეხე, ხან პატარა ჭრილობა იყო, ხან – დიდი, ხან დავეცემოდი, ხან რაღაც მომხვდებოდა.
– და, ამის მიუხედავად, ფიქრობთ, რომ არ იყავით ცელქი?
– ვის არ აქვს ასეთი „შრამები“. კი, ცოტა შარიანი ვიყავი (იცინის). მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი და პიონერთა ბანაკშიც ძალით წამიყვანეს. ეს, რა თქმა უნდა, არ მომწონდა, მაგრამ იქაც მოვძებნე კარგი გასართობი. სკტეჩებში დამაკავეს და მერე მამაჩემს უთხრეს, ამ ბავშვს რაღაც ნიჭი აქვს და მიიყვანე თეატრალურზეო. მე ფეხბურთზე მინდოდა შესვლა, მაგრამ მამამ არაფრით არ გამიშვა. არადა, ძალიან მიყვარდა თამაში, ამბობდნენ, რომ ნორმალურად ვთამაშობდი. რა აღარ გავაკეთე, ერთი კვირა ხუთებზე სწავლაც მოვინდომე და ხუთებზე არა, მაგრამ წელში გამართულ ოთხებზე ვსწავლობდი, თუმცა, ტყუილად გამიცდა ის დრო, მამა მაინც ვერ დავითანხმე (იცინის).
ერთ დღესაც, მოსწავლეთა თეატრში მიმიყვანა. საბავშვო სპექტაკლებში ჩამრთეს და იმ დროიდან სერიოზულად დავფიქრდით ამაზე. იქიდან უკვე ინსტიტუტში წავედი, მაგრამ პირველ წელს ვერ ჩავაბარე. მერე ჯარმა მომიწია. იქიდან რომ დავბრუნდი, აღარ ვაპირებდი კიდევ ცდას, რადგან მაშინ სულ იმას ამბობდნენ, ამ სფეროში თუ ვინმე არ გყავს, გამორიცხულია, მიგიღონო. თან, კონკურსი ძალიან დიდი იყო. რადგან ნაცნობიც არ მყავდა, ცოტა გული ამიცრუვდა, მაგრამ მერე გავერკვიე, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, სპეციალური პროგრამითაც მოვემზადე და ჩავაბარე. ცოტა სითამამე მაკლდა. სანამ გამოცდები დაიწყებოდა, კონსულტაციებზე რომ დავდიოდით, მხატვრულ კითხვაზე მინდოდა გასვლა, მაგრამ მერიდებოდა, ვერაფრით ვბედავდი და ერთი რამ გადავწყვიტე: ჩემმა ოჯახმა ბინა შეიცვალა და ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ ახალ სახლში ვცხოვრობდით, კორპუსში. გადავწყვიტე, მეზობლებთან, რომლებსაც ჯერ არ ვიცნობდი, შევსულიყავი და ლექსი წამეკითხა. მივუკაკუნე ერთს და ვუთხარი, თქვენი მეზობელი ვარ და მინდა, ლექსი წაგიკითხოთ-მეთქი. კაცი კინაღამ დაეცა (იცინის). დაბრძანდით-მეთქი, ვეუბნები, საკუთარ სახლში და დავიწყე ვაჟა-ფშაველას კითხვა. ზის, მისმენს და ხმას ვერ იღებს. როგორია-მეთქი, ბოლოს ვკითხე. არა უშავსო. სად ცხოვრობო, დაბლა-მეთქი, მშობლებიო? მშობლებს წავუკითხე, მაგრამ მინდოდა, უცხოს მოესმინა-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ მან, მგონი, ჩემი მშობლები სხვა მიზნით იკითხა (იცინის). რადგან პირველი გადავლახე, მერე მთელი მეზობლები დავიარე და ყველას წავუკითხე ლექსი. არ ვიცი, ისინი რას ფიქრობდნენ ჩემზე, ეს ჩემმდე არ მოსულა, მაგრამ მე კომპლექსი მომეხსნა, უფრო თამამი გავხდი. მერე უკვე მოეწონათ ჩემი წაკითხული ლექსი გამოცდამდეც, გამოცდაზეც და მივხვდი, რომ ინტერესი გაჩნდა ჩემ მიმართ. ასე ამიყვანეს ჯგუფში. გიზო ჟორდანიასთან ვსწავლობდი. ის ჩვენთვის მეორე მამა იყო.
ადრე რეჟისორები სტუდენტურ სპექტაკლებზე მოდიოდნენ ახალგაზრდა მსახიობების გასაცნობად. მაშინ თემურ ჩხეიძე იყო მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი, მან ჩვენი სპექტაკლები ნახა და ხუთი ადამიანი წამოგვიყვანა მარჯანიშვილის თეატრში. ასე გავხდი ამ თეატრის მსახიობი.
– ახლა თქვენს მეუღლესთან - ციცინო კობიაშვილთან შეხვედრის ისტორია გავიხსენოთ...
– თვალი ოხერია, ყველაფერს ამჩნევს. ერთხელაც შევამჩნიე მშვენიერი ქართული იერის გოგო და მომეწონა. თურმე, მასაც შევუმჩნევივარ და ინტერესი გასჩენია ჩემ მიმართ. არც მე ვიცოდი, რომ მასაც ჰქონდა ინტერესი და არც მან იცოდა, რომ მე მქონდა მის მიმართ, თუმცა, ინსტიტუტში ხშირად ვხვდებოდით და მისახვედრი იყო, რომ ერთმანეთი მოგვწონდა. ასე ნელ-ნელა დავახლოვდით და მერე გამოვუტყდით კიდეც ერთმანეთს.
– თქვენი მეუღლე იხსენებდა, თქვენ მიერ მისდამი სიყვარულის გამოხატვის ორიგინალურ მომენტს, როცა ყველგან ერთი და იგივე წარწერა ხვდებოდა – „ციცინო, მიყვარხარ“... როგორც ვიცი, სხვა რომანტიკული ისტორიებიც იყო.
– რაღაცაზე ვიჩხუბეთ. სერიოზული ჩხუბი გამოვიდა, არცერთმა დავთმეთ. რამდენიმე დღე გავიდა, სახლში არ მოვდიოდი. მეგონა, დამთავრდა და ყოველდღე, რომ ვფიქრობდი, მომეშვებოდა, პირიქით ხდებოდა, ძალიან მიჭირდა მის გარეშე. სახლში მივედი, არ დამხვდა და ყველგან, რასაც შეიძლებოდა შეხებოდა, პატარა წერილები დავუტოვე, ყველა ასე მთავრდებოდა „მე შენ მიყვარხარ“. კარადაში, აბაზანაში, იქ, აქ და ბოლოს ბალიშის ქვეშ – ყველგან წერილები დახვდა. მე ამას არ ვესწრებოდი, მაგრამ თურმე, ბალიშის ქვეშაც რომ ნახა, იქ უკვე „გატყდა“, დარწმუნდა, რომ მიყვარდა.
ადრე, ახალგაზრდები რომ ვიყავით, ხშირად დავდიოდით საქეიფოდ. არცერთ ქალს არ მოსწონს, რომ სვამ. ცუდი ხასიათი არ მქონდა, მაგრამ კვირაში რამდენჯერმე უკვე აღარ არის კარგი (იცინის). ჰოდა, გამოსავალი მქონდა ნაპოვნი, დილით თუ გამთენიისას, რა დროსაც არ უნდა მოვსულიყავი სახლში, ერთი ცალი ვარდი მომქონდა მისთვის ყოველთვის და საწოლთან ვუდებდი. მაშინ მარტო ბაზარში თუ იყიდდი ვარდს, ასე ხელმისაწვდომი არ იყო და ერთხელ მეკითხება, კი მაგრამ, სად შოულობ ამ ვარდებსო?! არ ვეუბნებოდი, მაგრამ არ მომეშვა და ბოლოს ვუთხარი, რომ ან სკვერში დავინახავდი ან სადმე ბაღში, მოვწყვეტდი ერთ ცალს და მისთვის მომქონდა. იმ დღის შემდეგ ამ ვარდმა ფასი დაკარგა (იცინის). მერე ჩემი შვილსაც ვურჩიე, თუ რამე სიკეთეს გააკეთებ, ისე გააკეთე, რომ არ იცოდნენ, ამას როგორ ახერხებ, თორემ ფასი აღარ ექნება-მეთქი (იცინის).
ახლა ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე ვეუბნები, მე შენ მიყვარხარ-მეთქი, ის მეუბნება, მეცო. ამაზე ვბრაზდები, მე ამხელა წინადადებას გეუბნები და შენ – მხოლოდ ერთ სიტყვას, ეს რა არის-მეთქი?! (იცინის)
– როგორ შეხვდით თქვენი შვილის, ჯაბა კილაძის გადაწყვეტილებას, როდესაც მან თქვენი გზა აირჩია?
– მე და ციცინო ვფიქრობდით, საით უნდა წასულიყო. მსახიობობის სურვილს მაინცდამაინც ვერ ვატყობდით, სპექტაკლებზეც არ მოდიოდა ხოლმე. თითქოს თეატრით არ იყო გატაცებული. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენებოდა. ციცინოს სანათესაოს მეტი წილი იურისტები იყვნენ და მათი იმედი გვქონდა, ჯაბასაც ვესაუბრეთ ამაზე და თითქოს, არ იყო წინააღმდეგი, მაგრამ ერთ დღესაც, გამოაცხადა, რომ იურისტობა არ აინტერესებდა და მსახიობობა მოინდომა. მსახიობის პროფესია არ ფასდება ისე, რამდენ შრომასაც მოითხოვს, მით უმეტეს ამ დროში, ვფიქრობდი, რომ უნდა ეწვალა და ვერ მიეღო ის, რაც სურდა, მაგრამ რადგან ასე მოინდომა, წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. მეგობრებს ვთხოვეთ, ენახათ, რა შეეძლო, რადგან საკუთარი შვილის შეფასება რთულია. გვითხრეს, ღირსო და ასე დაიწყო ყველაფერი.
მის სპექტაკლზე როცა მივდივარ, მერე ვამჩნევ, იმდენად მოჭიმული და დაძაბული ვარ, ბოლოსკენ მთელი სხეული მტკივა. თითქოს მე ვჩანვარ და არ მინდა, ზედმეტი სუნთქვით, მოძრაობით ან ჩახველებით ხელი შევუშალო. თავიდან ბოლომდე მასთან ერთად ვარ, მაგრამ მერე, რომ იწყებს, ვეშვები, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ კარგი მსახიობია. ყველა როლის შემდეგ იზრდება, წინ მიდის და მგონია, რომ დაუძლეველი არაფერი აქვს, არცერთ ჟანრში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან