საზოგადოება

როგორ ცვლის ბარიატრიული ქირურგია ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ და რა მძიმე შედეგებამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ჭარბმა წონამ

№21

ავტორი: ქეთი მოდებაძე 13:22 26.05, 2023 წელი

რატი ტურაშვილი
დაკოპირებულია

ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით მედიცინაში, წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკუთარ თავზე მუდმივ რეჟიმში მუშაობას და თანამედროვე პროცესებისთვის ფეხის აწყობას. სწორედ ასეთ პროფესიონალთა რიცხვს მიეკუთვნება ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა, მრავალმხრივ განვითარებული ექიმი – ზოგადი ქირურგი, ბარიატრიული ქირურგი, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ონკო-ქირურგი რატი ტურაშვილი, რომელიც საკუთარი წარმატების გზასა და ბარიატრიულ ქირურგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე თავად გვესაუბრა.

– ბატონო რატი, რა გზა გაიარეთ პრაქტიკოს ექიმობამდე?

რატი ტურაშვილი: უნივერსიტეტი 2011 წელს დავამთავრე და 2012-2014 წლებში ვიმყოფებოდი ბელორუსიაში, ქალაქ მინსკში, სადაც გავიარე დოპლომისშემდგომი განათლების კურსი ზოგად ქირურგიაში, იქიდან დაბრუნების შემდეგ გავხდი სერტიფიცირებული ექიმი და 2015 წლიდან დავიწყე დამოუკიდებელი საქმიანობა. 2016 წელს გავიარე სუბსპეციალობის კურსი თორაკალურ ქირურგიაში, გავხდი გულმკერდის ქირურგი, 2017 წელს გავიარე ენდოსკოპიის კურსი და ვაკეთებ ენდოსკოპიურ პროცედურებსაც. 2018-2019 წლებში გავიარე რეზიდენტურის შემოკლებული კურსი ბავშვთა ქირურგიაში და გავხდი ლიცენზირებული ბავშვთა ქირურგი. 2020–2021 წლებში კი ონკოქირურგიის კურსი გავიარე. რაც შეეხება ჩემი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ეს არის ბარიატრიული ქირურგია, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ონკოქირურგია და ზოგადი ქირურგია. ამჟამად ვმუშაობ რამდენიმე კლინიკაში ხელმძღვანელ პოზიციებზე („ჰელსიკორის“ ურგენტული განყოფილების ხელმძღვანელი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბარიატრიული ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი. შ.პ.ს „ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა“, ქ.თელავი, ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ენდოსკოპიური სამსახურის ხელმძღვანელი, თორაკალისტი, ბარიატრიული ქირურგიის ფუძემდებელი კახეთის რეგიონში, ასევე მინიინვაზიური ონკოლოგიური ქირურგიის ფუძემდებელი კახეთის რეგიონში).

– რა არის ბარიატრიული ქირურგია?

– ბარიატრიული ქირურგია ქირურგიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც იწარმოება პათოლოგიური სიმსუქნის სამკურნალოდ, იმავდროულად, ბარიატრიულ ქირურგიაში გაერთიანდა შეძენილი დიაბეტი ტიპი 2–ის მკურნალობაც, ჩვენ მიერ წარმოებული ოპერაციებით, ფაქტობრივად, 90 პროცენტზე მეტ შემთხვევაში ეს დაავადება განკურნებულია ყოველგვარი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე. ბარიატრია ძალიან საინტერესო და სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, მუდმივ რეჟიმში ხდება ინფორმაციის განახლება და იცვლება მიდგომები.

– მორბიდული სიმსუქნე და მისი მკურნალობა...

– მორბიდული სიმსუქნე ჩამოყალიბებულია, როგორც დაავადება. ეს ორგანიზმისთვის საშიში მდგომარეობაა, რადგან აზიანებს მრავალ ორგანოთა სისტემას და მიიჩნევა, რომ დაახლოებით, 12–ჯერ ზრდის სიკვდილის რისკს. რაც შეეხება მის მკურნალობას, რა თქმა უნდა, თავდაპირველად იწყება თერაპიული კუთხით მისი კორეგირება, მაგრამ როცა პაციენტი არის ენდოკრინოლოგის ხანგრძლივი მეთვალყურეობის ქვეშ და მრავალჯერ აქვს ნაცადი დიეტა და ვერ იღებს სასურველ შედეგს, ასეთ დროს უკვე ხდება ქირურგიული ჩარევა, ეს ერთადერთი საშუალებაა, რაც იძლევა გარანტირებულ წონის კლებას და მიღებული შედეგის შენარჩუნებას, რაც ასეთი ტიპის პაციენტებისთვის ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარია. ეს ნიშნავს მორბიდულ სიმსუქნესთან ასოცირებული ბევრი თანმხლები დაავადებისგან განკურნებას, ფსიქოლოგიურად და სოციალურად მათ გააქტიურებას.

– რა ხანგრძლივობისაა ოპერაციისთვის მოსამზადებელი პერიოდი?

– პაციენტის მოსამზადებლად, ძირითადად, პირველი ვიზიტიდან 1 თვიდან თვე-ნახევრამდეა საჭირო, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, შესაძლოა, ამ ოპერაციას ხანგრძლივი მომზადება დასჭირდეს. როდესაც პაციენტს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ თუ არა ბარიატრიული ქირურგია, მისი სიცოცხლის ხარისხი ვერ გაუმჯობესდება და მას აქვს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ნაადრევი ინსულტი, ინფარქტი და ასე შემდეგ, ასეთ პაციენტებში 100 პროცენტით ვიღებთ შედეგს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას და მხარდაჭერას. დიდ უმრავლესობას აქვს მძიმე ფსიქოსოციალური და ემოციური ფონი, მაგრამ როდესაც ისინი ბოლომდე არიან ჩვენთან ერთად, აქვთ მოტივაცია და სჯერათ უკეთესი მომავლის, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია და ოპერაციაც და პოსტოპერაციული რეაბილიტაციაც ყოველთვის წარმატებით მიდის.

– ოპერაციის წარმოების რა განსხვავებული მექანიზმები არსებობს?

– ოპერაციების წარმოება, ძირითადად, ორი მექანიზმით ხდება. ერთია, როდესაც მცირდება კუჭის მოცულობა – საკმაოდ გავრცელებული ოპერაციაა. ეს არის რესტრიქციული ტიპის ოპერაცია: ხდება კუჭის 80 პროცენტის მოცილება, ამიტომ კუჭი, როგორც მოცულობითი ორგანო, გადაიქცევა ერთგვარ მილად და პაციენტი ვერ იღებს დიდი რაოდენობის საკვებს. ასეთი ტიპის ოპერაციები ხელს უწყობს წონის კლებას და მის შემდგომში შენარჩუნებას. მეორე ტიპის ოპერაციებია, ეგრეთ წოდებული, რესტრიქციულ–მალაფსტროქციული ტიპის ოპერაციები, როდესაც ხდება კუჭის მოცულობის შემცირებაც და ნაწლავის გამოთიშვაც, ამ ოპერაციის დროს კუჭი იკვეება და რჩება დაახლოებით 80 მილილიტრის მოცულობის, ასევე დასაწყისიდან გამოვთიშავთ დაახლოებით 2 მეტრი სიგრძის წვრილ ნაწლავს და ხდება კუჭისა და წვრილი ნაწლავის მიერთება. ადამიანი ამ შემთხვევაშიც ვერ იღებს დიდი რაოდენობის საკვებს და ამასთან ერთად, მიღებული მცირე რაოდენობის საკვებიც არ იწოვება. ზუსტად ეს უდევს საფუძვლად უფრო ხანგრძლივ და სტაბილურ კლებას, ამასთანავე, ასეთ პაციენტებს უფრო მეტი კვებითი კომფორტი აქვთ.

– ასაკობრივი ზღვარი როგორია?

– მსოფლიო მონაცემებით, ეს ოპერაციები 16-დან 70 წლამდე პაციენტებში კეთდება. მაგრამ ბოლო კონფერენციებზე გაჟღერდა მოსაზრებები, რომ ამ ოპერაციას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. თუმცა, ჩვენი ქვეყნის რეალობაში ჯერ არსებობს ეს ზღვარი.

– ნებისმიერი წარმატებული ადამიანის უკან დგას ოჯახი, რომლის მხარდაჭერაც შეუფასებელია, გაგვაცანით ოჯახი...

– მეუღლე – ლიკა თათარაშვილი, პროფესიით, ასევე, ექიმია. გვყავს სამი შვილი: ხუთი წლის მერი, ოთხი წლის მარიამი და სამი წლის სულიკო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი