საზოგადოება

როგორ ცხოვრობდა გოგი ქავთარაძე გემის კაპიტანივით

№53

ავტორი: ეკა პატარაია 12:00 05.01, 2021 წელი

გოგი ქავთარაძე
დაკოპირებულია

გოგი ქავთარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. აღარ ჩამოვთვლი მის როლებს, დადგმებს თეატრსა თუ კინოში. ის შეუერთდა თავისი თაობის უდიდეს მსახიობებს, რომლის მსგავსნი აღარ განმეორდებიან. დღეს გოგი ქავთარაძეს, მხიარულ, შყვარებულ ბიჭს „ქორწილიდან“ და „ჩარი რამადან“ ახლოდან გაგაცნობთ.       

ჩემი გარიჟრაჟი
...ერთხელ, მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი, შინიდან მოვიპარე მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“. აკრძალული წიგნი იყო. მასწავლებელმა დამინახა, წამართვა და მერე მშობლები დაიბარა. ეს ძალიან საშიში იყო, მით უმეტეს, რომ ტყვეობაში ნამყოფი მამა ყოველ წუთს ელოდა გადასახლებას. იმჯერად გადარჩა. მამა მწერალი და მთარგმნელი იყო. მახსოვს, მწერალთა კავშირში გადაღებული ერთი ფოტო. რამდენიმე კაცს სახე ჰქონდა ამოფხეკილი – ისინი რეპრესირებული იყვნენ. მახსოვს, დედაჩემის მამა, დავით ბარბაქაძე, მნათე იყო. ეკლესიაში დავყავდი ქუთაისში. მახსოვს ის სუნი, ეკლესიაში რომ იდგა. რომ წამოვიზარდე, მერეც დავდიოდი ეკლესიაში, ხანდახან მორიგეები რომ გამომიჭერდნენ, ვიტყოდი: სპექტაკლისთვის მჭირდება და იმიტომ ვესწრები წირვას-მეთქი. ძალიან მოუსვენარი და ფანტაზიორიც გახლდით, მაგრამ ძნელი გასაზრდელი არ ვყოფილვარ. ხანდახან დედა სამსახურიდან რომ მოვიდოდა, იატაკს მოპრიალებულს დავახვედრებდი (წყარო - for.ge). თბილისში, კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდით. სულ ქუჩისკენ მიმიწევდა გული, ქუჩაში მყავდა ახლობლები. 15 წლისაც არ ვიყავი, მამამ ჯიბეში სიგარეტი მიპოვა. მშვიდად მითხრა, – ეს არ ვარგაო. ნელ-ნელა გადავაგდე სიგარეტი. კარგად მახსოვს, პირველად რომ გამოვთვერი. სასადილოში შევედით, კატლეტები ვჭამეთ და დავლიეთ. მერე ჩემმა მეგობარმა, ჯემალ იმნაძემ მიმიყვანა თავის სახლში. დამაწვინა. ყველაფერი ტრიალებდა. მამამისის სიტყვებიც მახსოვს: ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ასე ვიყავი მეცაო.

ჩემი დილა
თეატრის გარდა არც არაფერზე მიოცნებია. სკოლაში დრამწრე გვქონდა. ჩვენი ხელმძღვანელი რეზო ესაძე იყო – იმავდროულად, ჩვენი ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი. მან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. შემდეგში, უკვე მოწიფულობაში, ასევე, დიდი გავლენა ჰქონდა რობერტ სტურუას. სკოლა რომ დავამთავრე, მოსკოვში წავედი. სხვათა შორის, იმ წელს მოსკოვში, „ვგიკში“ რეზო ესაძეც აბარებდა – გამოცდების ნახვა ჰქონდა დაგეგმილი, მერე მოვემზადებიო. ბედად, მიხეილ რომმა შეამჩნია და ჩაირიცხა. ეს დიდი სიხარული იყო. მე კი სტაჟი არ მქონდა და გამოცდებზე გასვლის უფლება არ მომცეს. ჩამოვედი და მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა სცენის თანამშრომლად. ეს ნიშნავს მასობრივ სცენებში დამხმარე შემადგენლობაში ყოფნას. ბედნიერი ვიყავი, ვუყურებდი მარჯანიშვილის თეატრის კორიფეებს. შალვა ღამბაშიძის გარდა, ყველას მოვესწარი. რეჟისორობაზე ვოცნებობდი, ამიტომ საკუთარი ინიციატივით გავხდი რეჟისორის თანაშემწის თანაშემწე. ვიჯექი და ვიწერდი ყველაფერს. ერთ მშვენიერ დღეს, მაშინაც, როგორც ყოველთვის, თეატრს უჭირდა, დირექტორი აკაკი დვალიშვილი იყო. გამოაკრეს განცხადება: ყველა შტატგარეშე თანამშრომელი და შტატიან სცენის თანამშრომელთა ნაწილი გათავისუფლებულია თეატრიდანო. მე შტატგარეშე ვიყავი, ამდენად, კითხვაც არ მჭირდებოდა, ვიცოდი, გათავისუფლებული ვიყავი. ეს დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის. რამდენიმე დღის მერე ქუჩაში შემხვდა აწ განსვენებული ბონდო გოგინავა, – თეატრში რატომ არ მოდიხარო... გათავისუფლებული ვარ-მეთქი. შედი და ბრძანება წაიკითხეო. მივედი. გამოკრულია: სცენის შტატგარეშე თანამშრომელი გიორგი ქავთარაძე ჩარიცხულ იქნას შტატში სცენის თანამშრომლად და დაევალოს რეჟისორის თანაშემწის ფუნქციაცო. ამაზე დიდად სასიხარულო ჩემს ცხოვრებაში მერე არაფერი მომხდარა. 1962 წელს ჩავირიცხე თეატრალურ ინსტიტუტში და თუმანიშვილის სტუდენტი გავხდი. ერთ დღეს ისევ ბონდო გოგინავა შემხვდა, გილოცავო. „მე ვხედავ მზეს” განაწილდა და შენ სოსოიას როლი მოგცესო. რაც დაწერა ნოდარ დუმბაძემ, ყველაფერი ვითამაშე, გარდა ზურიკელას როლისა. მერე კი, როცა რეჟისორი გავხდი, ყველა მისი ნაწარმოები დავდგი, მათ შორის, 4 სპექტაკლი საზღვარგარეთ.
ერთ დღეს კარზე ზარი დაირეკა. გავაღე – რობიკო სტურუა დგას. მცირე სცენაზე ვდგამ სპექტაკლს „ვახშმობის წინ“ და წაიკითხე, მინდა გათამაშოო. ასე აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრში. დაიწყო ჩემი და რობიკოს დიდი მეგობრობა. სადიპლომო სპექტაკლი რუსთაველის თეატრში დავდგი. სერგო ზაქარიაძე მყავდა მთავარ როლში... ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ „ქორწილში“ მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით – ასე მიგქონდა ყვავილებიო. ამ ფილმით დაიწყო ჩემი კინოკარიერა.

ჩემი შუადღე
კულტურის მინისტრმა, ოთარ თაქთაქიშვილმა დამიბარა. მივედი. მითხრა: ბათუმში მთავარ რეჟისორად ხომ არ წახვიდოდიო. მართლა მეუბნებით, ბატონო ოთარ-მეთქი? რა, არასერიოზული კაცი ვარო?! თუ ამას მანდობთ, წავალ-მეთქი. 29 წლისა უკვე ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი ვიყავი. ეს იყო საუკეთესო წლები... ახლა რომ გადის მარჯანიშვილში „გიორგი მაზნიაშვილი“, ამ შინაარსის სპექტაკლი იყო. დამიბარეს – უნდა გააჩეროო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა. სხვა მითითება არასოდეს მქონია.
გულისტკენა რა მახსოვს? ალბათ, ის, რომ ბათუმიდან რუსთაველის თეატრში დაბრუნებულმა „რომეო და ჯულიეტა“ დავდგი. თეატრი გასტროლზე მიდიოდა მოსკოვში და ეს სპექტაკლი არ წაიღეს. ძალიან მეწყინა. თუმანიშვილი სულ ამას მეუბნებოდა: შენ რომ მეოთხე კურსზე „სტუმარ-მასპინძელი“ დადგი, მსგავსი არაფერი დაგიდგამსო! მერე იყო ქუთაისის თეატრის მთავარი რეჟისორობა და დირექტორობა. ქუთაისიდან სოხუმში გადავედი. იური კაკულიამ და მე ადგილები გავცვალეთ. მერე 7 წელი რუსული თეატრის ხელმძღვანელი ვიყავი თბილისში. მერე რუსთავის თეატრს ვხელმძღვანელობდი. მოკლედ, ვიცხოვრე, როგორც გემის კაპიტანმა – მოგზაურობაში. სოხუმში ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. დედა კი 1989 წლის 9 აპრილს გარდამეცვალა – მაშინ მოსკოვში სტალინის როლში მიღებდნენ. სასტუმროში მივედი და მომახალა ერთმა: თბილისიდან დარეკეს, დედა გარდაგეცვალათო. რა უნდა მექნა. დილამდე თბილისში ვერ წამოვიდოდი. სულ ერთი გადაღება მქონდა დარჩენილი. რეჟისორმა – რა ვქნათ, სამძიმარს გიცხადებთ, მერე გავაგრძელოთო. ვუთხარი: არა, საღამოს მოვალ და გადავიღოთ-მეთქი. ძალიან გაუკვირდათ. დილით პირველ რეისზე ამიღეს ბილეთი. აეროპორტში ყური მოვკარი, ორი კაცი ერთმანეთს ეკითხებოდა, – მსხვერპლი დიდიაო? მაშინ გავიგე, რა მოხდა თბილისში. გავქვავდი რაღაცნაირად. ჩამოვედი და მგლოვიარე კაცს აეროპორტში კაციშვილი არ დამხვდა.
ვისოცკი
ვლადიმერი ჩემზე ორი წლით უფროსი იყო. 26-27 წლისა იქნებოდა, როცა გავიცანი. რთული ხასიათისა იყო. მიუხედავად ამისა, უცებ დავძმაკაცდით. ჩვენს დაახლოებაში სასმელმაც დიდი როლი შეასრულა, უარს არასოდეს ვამბობდით. არ იფიქროთ, მარტო სასმელში იყო საქმე. ჩვენ სუფრასთან ვსაუბრობდით, ლექსებს ვკითხულობდით. ვალოდია მღეროდა... ხშირად ამბობდა, პოეტი ვარ, გული მტკივა, რომ ამას ვერავინ ხვდება. მხოლოდ სიმღერების ავტორად მიმიჩნევენო. გულნაკლული წავიდა ამ ქვეყნიდან. შემდეგ დაიწყო დიდი მეგობრობა რუსთაველისა და ტაგანკის თეატრებისა. ტაგანკის თეატრს მაშინ მსოფლიოში იცნობდნენ, ამიტომ მისი თბილისში ჩამოსვლა მართლა მოვლენა იყო. ქართულად, გულითადად დავხვდით. გადავწყვიტე, ერთ დღეს სიურპრიზი მომეწყო. სუფრაზე მოვატანინე რუსული „სელიოდკა“, ახალი ჩაცივებული ლუდი და არაყი, მოხარშული ცხელ-ცხელი კარტოფილი. სტუმრები გაგიჟდნენ სიხარულით. ერთი წლის შემდეგ ჩვენ ჩავედით საგასტროლოდ მოსკოვში. ახლა ვისოცკიმ მოგვიწყო სიურპრიზი. სპექტაკლის შემდეგ ნამდვილი ქართული სუფრა გაგვიშალა საცივით, ხაჭაპურით და ქართული ღვინით. იმ ღამით გადაღება ჰქონდა, განზე გამიხმო – ლხინში ვერ დავრჩები და არ გეწყინოსო. მხოლოდ თითო სირჩა კონიაკი დავლიეთ. ახლაც მახსოვს, კუთხეში ვისხედით, დიდხანს ვილაპარაკეთ. ერთხელ მითხრა, პოპულარობა ისეთი რამეა, ყველა ვერ უძლებს, ალბათ, ვერც მე გავუძლებო.
ჩემი საღამო
სამწუხაროა, რომ სოფელი არ მაქვს. ჯერ მამამ გაყიდა სახლი სოფლად, მერე დედულეთშიც გაყიდეს. მიყვარს ზესტაფონის რაიონი. სოხუმის თეატრის გასტროლები იყო ზესტაფონში. დახურვაზე მოულოდნელად მომანიჭეს ზესტაფონის საპატიო მოქალაქის წოდება. სიტყვა მომცეს. ვთქვი: ამ დარბაზში 20-მდე კაცი მაინც არის, ჩემგან თუ კაცი დადგებოდა, რომ არ ეგონათ და ახლა საპატიო მოქალაქე გავხდი-მეთქი. მართალია, არასერიოზული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდიო, – იყვირეს დარბაზიდან.
ეს, თქვენ გგონიათ, რომ დილაზე, შუადღესა და საღამოზე ვსაუბრობთ. ჩემთვის სულერთია. როგორიც წლების წინ ვიყავი, ისეთი ვარ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი